25 ივლისი 2019 - 10:30

რა ეკრძალებათ იტალიაში ტურისტებს და რა ჯარიმები ემუქრებათ მათ?

რომი

რომი, იტალია

ფოტო: Shutterstock.com

2018 წელს, ევროპას 713 მილიონი ტურისტი სტუმრობდა. ამდენ ტურისტს დედამიწის არცერთ კუთხეში არ უმოგზაურია. ამასთან, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება, როგორც გასულ წლებში, იტალია იყო. ქვეყანას 94 მილიონი ტურისტი ეწვია, რომელმაც იქ 40 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. ტურიზმზე იტალიური მშპ-ს 13% მოდის, მაგრამ ქალაქებს და კურორტებს ტურისტების გამო პრობლემებიც აქვთ. გარემოს დაბინძურების და მოსახლეობით ქალაქების გადატვირთვის გამო იტალიაში ტურისტებს შეზღუდვებს და ჯარიმებს უწესებენ.

ვენეცია. აკრძალულია ქუჩაში ყავის მოდუღება და მაისურის გარეშე სიარული

19 ივლისს ვენეციის ხელისუფლებამ გერმანელი ტურისტი წყვილი 950 ევროთი დააჯარიმა. ისინი რიალტოს ხიდთან ხელნაკეთი მადუღარათი ყავას ამზადებდნენ. გერმანელები ვენეციაში ქცევის წესების დარღვევაში დაადანაშაულეს (ამ ქალაქში აკრძალულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აალებადი ნივთიერებების გამოყენება) და ჯარიმის გადახდის შემდეგ ქალაქის დატოვება მოსთხოვეს. „აუცილებელია ვენეციის პატივისცემა. იმ ცუდად აღზრდილ ადამიანებს, რომლებიც მოდიან აქ და აკეთებენ რასაც მოისურვებენ, უნდა ესმოდეთ, რომ პოლიციას ვერ გაექცევიან, ის მათ დასჯის და გაყრის აქედან“, - განაცხადა ვენეციის მერმა ლუიჯი ბრუნიარომ.

ვენეციაში, სადაც 270 ათასი ადგილობრივი მცხოვრებია, ყოველწლიურად 25-30 მილიონამდე ტურისტი ჩადის. აქ ტურისტებისთვის იმაზე მეტი შეზღუდვაა, ვიდრე იტალიის რომელიმე სხვა ქალაქში.

ვენეციაში აკრძალულია მტრედების გამოკვება (ჯარიმა 50 ევრო), საცურაო კოსტიუმით ან მაისურის გარეშე სიარული (200 ევრო), არხებში ცურვა (450 ევრო). გარდა ამისა, 2019 წლის მაისში ვენეციის ხელისუფლებამ ქალაქში ერთი დღით ჩასული სტუმრების შესვლა ფასიანი გახდა. ვენეციაში „შესვლის ბილეთი“ მათთვის 3 ევრო ღირს.

რომი. არ შეძლება შადრევნებში ბანაობა

რომში რამდენიმე შეზღუდვაა, რომელიც ქალაქის ცენტრში ძველ შადრევნებს ეხება. აკრძალულია მათთან ახლოს ჭამა, მასში ნივთების ჩაგდება (გამონაკლისია მონეტები; თუმცა მისი შეგროვებისთვის შეიძლება დაგაჯარიმონ), შადრევნების ქანდაკებებზე ასვლა, მათთან „სიყვარულის კოშკების“ ჩამოკიდება, მასში სარეცხის გარეცხვა და შადრევნებში ცხოველებისთვის წყლის დალევა. დარღვევების გამო ჯარიმები 160 ევროდან იწყება.

გარდა ამისა, ქალაქის ხელისუფლება მრავალი წელია ებრძვის ტურისტებს, რომლებიც ზაფხულობით შადრევნებში ბანაობენ (მაგალითად, 2017 წლის აპრილიდან ივნისამდე ამის გამო სულ ცოტა 9 ადამიანი დააჯარიმეს და თითოეულმა 450-დან 550 ევრომდე გადაიხადა).

გარდა ამისა, რომის ხელისუფლება კრძალავს ეტლების და ბორბლიანი ჩემოდნების ტარებას კიბეებზე, რომლებიც ისტორიულ ძეგლებადაა აღიარებული (მაგალითად, ესპანურ კიბეზე), ასევე წყლის დალევას პატარა შადრევნებიდან მათზე ტუჩის მიდებით - ამის ნაცვლად წყალი ხელისგულიდან უნდა დალიოთ ან ავსებული ბოთლიდან. თუმცა, ჟურნალისტებს ეჭვი აქვთ, რომ ხელისუფლება სინამდვილეში ამ წესის დაცვას ვერ აკონტროლებს.

ტრიესტი. აკრძალულია ხეებზე ჰამაკის დაკიდება

გასულ კვირაში ქალაქ ტრიესტის ხელისუფლებამ 300 ევროთი დააჯარიმა 52 წლის ავსტრიელი ტურისტი, რომელიც სანაპიროზე ჰამაკში ისვენებდა. პოლიციელებმა თქვეს, რომ ავსტრიელმა ჰამაკი ორ ხეს შუა გააბა, რითაც ქალაქში მწვანე ზონებით სარგებლობის წესი დაარღვია. გარდა ამისა, ხეები ფეხითმოსიარულეთა ბილიკზე იყო განთავსებული, ამიტომ სხვა ტურისტებს მძინარე ავსტრიელისთვის გვერდის ავლა უწევდათ.

ზოგიერთებმა ჯარიმა უსამართლოდ მიიჩნიეს და ავსტრიელის მხარდასაჭერად ფლეშმობი მოაწყვეს. „ფეისბუკში“ გაჩნდა ჯგუფი სახელწოდებით „თავისუფალი ჰამაკების კოლექტივი“, რომლის წევრებიც მოქალაქეებს მოუწოდებდნენ სანაპიროზე, სადაც დაჯარიმებულ ტურისტს ეძინა, ჰამაკები ჩამოეკიდათ და თავადაც დაეძინათ. ინიციატივამ ევროპული პრესის, კერძოდ კი ბრიტანული The Guardian-ის ყურადღება მიიპყრო. თუმცა ფლეშმობი ჩაიშალა: დანიშნულ დროს სანაპიროზე არავინ მივიდა.

სარდინია. აკრძალულია პლაჟიდან ქვიშის და ნიჟარების გატანა

იტალიურ კუნძულ სარდინიაზე აჯარიმებენ ტურისტებს, რომლებიც ადგილობრივი პლაჟებიდან სამახსოვროდ ქვიშის და ნიჟარების წაღებას ცდილობენ. ამ წესს ყურადღება 2018 წლის აგვისტოში მიაქციეს, როდესაც ბრიტანელი დამსვენებელი 1000 ევროთი დააჯარიმეს (ჯარიმის მაქსიმალური თანხაა 3000 ევრო).

სარდინიის კუნძული პატარაა და პლაჟებიდან ქვიშის გატანა კუნძულის ეკოსისტემას საფრთხეს უქმნის: მხოლოდ შარშან, კუნძულზე განთავსებული კალიარის აეროპორტის თანამშრომლებმა ტურისტების ბარგში დაახლოებით ერთი ტონა ქვიშა აღმოაჩინეს. აეროპორტის თანამშრომლებმა „ფეისბუკზე“ გვერდიც კი შექმნეს, სადაც ტურისტებისთვის ჩამორთმეული ქვიშით სავსე ჭურჭლის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებენ. ჯგუფის ერთ-ერთი ადმინისტრატორის თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში მათ ათობით ტონა ბუნებრივი მასალა ამოიღეს და ყოველი ზაფხულის ბოლოს ცდილობენ მათ კუთვნილ ადგილზე დაბრუნებას.

ისკია და ლიპარი. აკრძალულია საცურაო კოსტიუმით სიარული

2018 წლის ივნისში, სიცილიასთან ახლოს მდებარე პატარა კუნძულის, ლიპარის ხელისუფლებამ, 500-ევროიანი ჯარიმა შემოიღო მათთვის, ვინც ქალაქის ცენტრში საცურაო კოსტიუმით გამოჩნდება. ორი თვის შემდეგ ნეაპოლთან მდებარე პატარა კუნძულ ისკიაზეც მსგავსი წესი ამოქმედდა - იქ ფეხსაცმლის გარეშე, საცურაო კოსტიუმში ან მაისურის გარეშე სიარული აიკრძალა. ისკიას მერმა ენცო ფერდინანდომ მიიჩნია, რომ ასეთი ქცევა კურორტის რეპუტაციას აზიანებს და შემოღო ჯარიმა 25-დან 500 ევრომდე. მანამდე ფერდინანდომ აკრძალა ასევე პირსახოცების და სხვა ნივთების გაშრობა აივნებზე, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს გადაჰყურებს. ამასთან, ასეთი შეზღუდვა ისკიაზე არამხოლოდ ტურისტებზე, არამედ კუნძულის მცხოვრებლებზეც ვრცელდება.

სხვა თემები