27 ივლისი 2019 - 19:23

ვის უქმნის საფრთხეს Facebook-ის კრიპტოვალუტა?

ფოტო: Shutterstock.com

Facebook -მა შექმნა საკუთარი კრიპტოვალუტა ლიბრა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება საერთაშორისო ფულადი გადარიცხვები და ონლაინშოპინგი. თუმცა ამ იდეაში ბევრმა გარკვეული საფრთხეები დაინახა. რა არის ლიბრა? გაუწევს თუ არა ის ბანკებს კონკურენციას და ჩაანაცვლებს თუ არა Facebook-ის კრიპტოვალუტა სახელმწიფო ვალუტას?

რა საფრთხეს ქმნის ლიბრა?

Facebook-ის მიერ საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას თეთრი სახლის ადმინისტრაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა. ვაშინგტონში პრობლემას ხედავენ იმაში, რომ ასეთი ტიპის ახალი გადარიცხვის საშუალება, შესაძლოა, უკანონო ოპერაციებისა და ტრანზაქციების შესასრულებლად გამოიყენონ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ფულის გათეთრება, ტრეფიკინგი და ტერორიზმის დაფინანსება. 

ივლისის შუა რიცხვებში, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა, სხვა კრიპტოვალუტებთან ერთად, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს.

ვინ არიან ლიბრას პოტენციური მომხმარებლები?

Facebook-ის 2,5 მილიარდი მომხმარებელი. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ უკვე გააფრთხილა Facebook-ი, რომ ინტერნეტ-გიგანტმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რასაც სხვა ფინანსური ინსტიტუტები მიმართავენ. თუმცა ამ დავალების შესრულება Facebook-ისთვის არც თუ ისე მარტივი იქნება. ინტერნეტ-გიგანტს ბევრი ღონისძიების გატარება მოუწევს, მაგრამ თეთრი სახლის მხრიდან „მწვანე შუქის ანთება“ იოლი არ იქნება.

უფრო ადრე აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის უფროსმა ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ მას ბევრი კითხვა ჰქონდა ლიბრასთან დაკავშირებით. მან ილაპარაკა პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასა და აშშ-ის ფინანსურ სტაბილურობაზე. ეს კითხვები დღეს კიდევ უფრო მწვავედ დგას, იმ ფონზე, როდესაც Facebook-ს დაახლოებით 2,5 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. თეორიულად  თითოეულ მათგანს შეუძლია დაიწყოს ახალი კრიპტოვალუტის გამოყენება.

ლიბრას მეშვეობით საერთაშორისო გადარიცხვების წარმოება შესაძლებელი იქნება?

იდეის ავტორები გეგმავენ, რომ პირველ ეტაპზე ლიბრა ფულადი გადარიცხვებისთვის (სხვადასხვა ვალუტაში) იქნეს გამოყენებული. ასეთი ფორმით ახალი კრიპტოვალუტა კონკურენციას გაუწევს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა Moneygram-ი და Western Union-ი, რომელთა სარგებლობისთვისაც არსებობს დამატებითი გადასახადი, რადგან შუამავალ ბანკებს საერთაშორისო გადარიცხვებისთვის საკმაოდ მაღალი საკომისიოები აქვთ დაწესებული. Facebook-ში აღნიშნავენ, რომ ახალი კრიპტოვალუტა საფინანსო ბაზრებს ღარიბი რეგიონების მცხოვრებთათვისაც ხელმისაწვდომს გახდის.

ფულადი გადარიცხვები ლიბრას მეშვეობით შესაძლებელი იქნება WhatsUp-ითა და Messenger-ით. ასევე თუ ახალი კრიპტოვალუტის მომხმარებლის პროფილი მის საბანკო ანგარიშზე იქნება მიბმული, ლიბრას კონვერტაცია ნებისმიერ ვალუტაში საკუთარი სმარტფონითაც შესაძლებელი გახდება. 

პერსპექტივაში ლიბრა გადახდის უნივერსალური საშუალება უნდა გახდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი კრიპტოვალუტის მეშვეობით ადამიანები სასურველ ნივთებს ან მომსახურებას ონლაინ რეჟიმში შეიძენენ. ამ მიზნით Facebook-მა ხელშეკრულებები გააფორმა 28 მსხვილ კომპანიასთან, რომლებიც დაკავშირებულია ელექტრონულ გადახდებთან. მათ შორის არიან Visa, Mastercard-ი, Paypal-ი, Vodafone და Ebay.

Facebook-ი კრედიტების გაცემასაც დაიწყებს?

Facebook-ის გეგმის მიხედვით, ლიბრა სტაბილური ელექტრონული ვალუტა უნდა გახდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გაცვლითი კურსი დაკავშირებული იქნება ტრადიციულ ვალუტებთან, უფრო ზუსტად - ევროსა და დოლართან. ასეთი გზით ელექტრონული ვალუტა რეალური ვალუტის რეზერვებითა და აქტივებით გამყარდება.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სულ ასე არ იქნება. „დღეს ამბობენ, რომ ლიბრა ასი პროცენტით იქნება გამყარებული, მაგრამ ლოგიკურია, რაღაც დროის შემდეგ ეს მაჩვენებელი ორმოცდაათამდე შემცირდება და ამ დროს მათ დაკრედიტების მძლავრი მექანიზმი გაუჩნდებათ“, - აცხადებს დოქტორი ჰენდრიკ ლებერი, ერთ-ერთი გერმანული კომპანიის ფინანსური მენეჯერი.

კლასიკურ ფინანსურ სისტემაში დაკრედიტებაზე მონოპოლია აქვთ ბანკებს. მათ შეუძლიათ გასცენ სესხები, რომლებიც რეალური ფულადი რეზერვებით მხოლოდ ნაწილობრივ არის უზრუნველყოფილი. ექსპეტების განმარტებით, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ბანკები ფულს ჰაერიდან გამოიმუშავებენ.

დონალდ ტრამპმა ივლისის შუა რიცხვებში Twitter-ზე დაწერა, რომ კრიპტოვალუტის შემქმნელებსაც დასჭირდებათ საბანკო ლიცენზიის აღება. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ ისეთ კომპანიას, როგორიცაა Facebook-ი, ფინანსურ ბიზნესში შესვლა სურს, მან უნდა დააკმაყოფილოს ყველა ის პირობა, რომლებსაც ბანკები ითვალისწინებენ.

ლიბრა სახელმწიფო ვალუტის რეალური ალტერნატივაა?

კრიპტოვალუტის თემა საერთაშორისო განხილვის საგანია. ამ საკითხზე ისაუბრეს საფრანგეთში, 17 ივლისს გამართულ G7-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე. გერმანულმა Bild-მა კი გამოაქვეყნა გერმანიის ფინანსთა მინისტრის გამოსვლიდან ამონარიდი, რომელშიც ის ამბობს, რომ გერმანიის ხელისუფლება ცენტრალურ ბანკთან ერთად ცდილობს გაანალიზოს, რა გზით შეიძლება სახელმწიფო ვალუტის ალტერნატივის შექმნის საფრთხის თავიდან არიდება. 

Facebook-ის გეგმას საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროებიც კრიტიკულად აფასებენ. „ჩვენ ვაპირებთ დეტალურად შევისწავლოთ, სრულდება თუ არა ყველა მოქმედი წესი და საჭირო გახდება თუ არა მათი შეცვლა სამომავლოდ, რათა საერთაშორისო ფინანსური სისტემის სტაბილურობა უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა დიდი შვიდეულის შეხვედრაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა ოლაფ შოლცმა.

კრიპტოვალუტა ბანკების ბატონობის დასასრულის დასაწყისია?

კრიპტოვალუტის შექმნა თავის ტკივილს უჩენს არა მხოლოდ ფინანსურ მარეგულირებლებს, არამედ თავად ბანკებსაც. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სამომავლოდ ისეთი ინტერნეტ-გიგანტებიც, როგორიცაა Amazon-ი, Alibaba ან Google, თავიანთ კრიპტოვალუტას გამოუშვებენ. ამ ფონზე ჩნდება კითხვა: რა როლი ექნებათ ამ თამაშში ბანკებს?

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის დროებითი წარმომადგენელი ბურჰარდ ბალცი გაზეთ Börsen-Zeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ახალი კრიპტოვალუტა თავის კონკურენტებს საგრძნობლად დაასუსტებს და შეზღუდავს. „ ჩვენ გვინდა ზუსტად ვიცოდეთ, რა მოუვათ გადახდის ტრადიციულ საშუალებებსა და ბანკებს, თუ მომავალში გადარიცხვები მათი გვერდის ავლით განხორციელდება. გადარიცხვებიდან მიღებული საკომისიოები ხომ ბანკებისა და გადარიცხვის სერვისის მქონე სხვა დაწესებულებებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - აცხადებს ბალცი.

აშშ-ისა და წამყვანი ევროპული ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები Facebook-ის ახალ კრიპტოვალუტას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ. ამ ყველაფრის საკუთარი ახსნა აქვთ თავად ინტერნეტ-გიგანტის მესვეურებსაც, რომლებიც ლიბრას დადებით მხარეებზე აპელირებენ. ვნებათა ღელვის ფონზე ერთი რამ ცხადია, ამ ეტაპზე Facebook-ის ახალ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით უფრო მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე - პასუხი.

სხვა თემები