22 აგვისტო 2019 - 17:45

ინფარქტის სიმპტომები ქალებში და კაცებში მართლაც განსხვავებულია?

ინფარქტი

ფოტო: Shutterstock.com

გული ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოა და მასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგით სრულდება. სწორედ ამიტომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა. გულის ყველაზე რთულ დაავადებად კი მიოკარდიუმის ინფარქტი ითვლება. არადა, მისი სიმპტომების ამოცნობა უმრავლეს შემთხვევაში ადრეულ ეტაპზეა შესაძლებელი.

რა არის მიოკარდიუმის ინფარქტი?

მიოკარდიუმის ინფარქტი არის გულის კუნთოვანი ქსოვილის გარკვეული ნაწილის ნეკროზი (კვდომა). უმრავლეს შემთხვევაში ამის მიზეზად სისხლის მიმოქცევის დარღვევა სახელდება. ამ დროს გულის კუნთს სისხლი არ მიეწოდება, რასაც თავის მხრივ ჟანგბადის უკმარისობა იწვევს. კორონარული სისხლძარღვის ფუნქციის დარღვევას ძირითადად ათეროსკლეროზი, ემბოლია ან სპაზმი იწვევს. მიზეზის მიუხედავად, სისხლძარღვი იმდენად ვიწროვდება, რომ მასში სისხლის მიმოქცევა მცირდება, გულის კუნთი კი ჟანგბადის უკმარისობას განიცდის. თუ მსგავსი მდგომარეობა 15-20 წუთს გრძელდება, კუნთოვანი ქსოვილის ნაწილი შეიძლება დაიღუპოს. 

ინფარქტი ასაკოვანი კაცების დაავადებად მიიჩნევა, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის. მართალია, ის ძირითადად 50 წელს გადაცილებულ კაცებში გვხვდება, მაგრამ არც ახალგაზრდები არიან მისგან დაზღვეული. ბოლო დროს ქვედა ასაკობრივმა ზღვარმა საგრძნობლად დაიწია.

სტატისტიკური მონაცემებით, 65 წელს გადაცილებულთა 60%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია გულის შეტევა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ კაცებს 3-5-ჯერ უფრო ხშირად ემართებათ ინფარქტი, ვიდრე ქალებს. ეს იმით აიხსნება, რომ ქალის სასქესო ჰორმონები გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე გაცილებით ინტენსიურ დამცავ ზემოქმედებას ახდენს, ვიდრე - კაცის. სწორედ ამიტომ ათეროსკლეროზი ქალებში საშუალოდ 10 წლით გვიან ვითარდება, ვიდრე კაცებში და ინფარქტი ქალების შემთხვევაში მენოპაუზამდე საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. თუმცა 45 წლის შემდეგ ქალის სასქესო ჰორმონების რაოდენობა მკვეთრად მცირდება, რაც ინფარქტის რიკს ზრდის. საბოლოოდ კი 55-60 წლის ასაკში გულის შეტევის ალბათობა ორივე სქესის შემთხვევაში თანაბარია.

რა იწვევს ინფარქტს? 

ჩვენი ცხოვრების სტილი ხშირ შემთხვევაში გულ-სისხძარღვთა ჯანმრთელი სისტემის გარანტი სულაც არ არის. ამის მიზეზად მუდმივი სტრესი, არასწორი კვება და ცხოვრების მჯდომარე წესი სახელდება. თუმცა გულის იშემიური დაავადებისა და ინფარქტის რისკის ზრდას მავნე ჩვევებიც განაპირობებს: მოწევა და ალკოჰოლის ჭარბი მიღება.

გარდა ამისა, არსებობს გულის შეტევის გამომწვევი მიზეზების ვრცელი ჩამონათვალი: 
- სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე;
- შაქრიანი დიაბეტი;
- არტერიული ჰიპერტენზია;
- ჰორმონალური დარღვევა; 
- ჭარბი წონა;
- სტაფილოკოკური და სტრეფტოკოკული ინფექციები;
- პასიური მწეველობა;
- გულის რევმატიზმი; 
- ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა; 
- სტრესი, დეპრესია და ნევროზი.

რა სიმპტომები ახასიათებს გულის უკმარისობას, რაც შეიძლება ინფარქტის მიზეზი გახდეს? 

- ხვრინვა, ძილის აპნოე; 
- ფეხებისა და ხელების შეშუპება; 
- ღრძილებიდან სისხლდენა, პაროდონტოზი;
- არითმია;
- ტკივილი გულ-მკერდის მარცხენა მხარეს;
- ქოშინი, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის შემდეგ; 
- თავის ხშირი ტკივილი; 
- ღამის განმავლობაში ხშირი შარდვა;

ყოველი ეს სიმპტომი შეიძლება ორგანიზმის ინფარქტის წინა მდგომარეობაზე მიუთითებდეს.

რა სიმპტომები ახასიათებს ინფარქტს? 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები კარგი ჯანმრთელობის ფონზე ძალიან იშვიათად გვხვდება. თითქმის ყოველთვის ისეთი მწვავე დაავადება, როგორიც ინფარქტია, საკმაოდ აშკარა სიმპტომების ფონზე ვითარდება და აუცილებელია მათი ამოცნობა. ინფარქტის გამომწვევი ყველაზე მაღალი რისკფაქტორია გულის იშემიური დაავადება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, სისხლში ქოლესტერინის დონე მუდმივად აკონტროლოთ. 

ინფარქტისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებია:

- გულ-მკერდის მარცხენა არეში მწვავე ტკივილი;
- ქოშინი;
- სისუსტე, თავბრუს ხვევა, წებოვანი ოფლი;
- შიში და პანიკური შეტევა;
- გულის რიტმის დარღვევა. 

ხანდახან ავადმყოფს შეიძლება აღენიშნოს:

- გულისრევის შეგრძნება და ღებინება;
- არტერიული წნევის დაცემა; 
- სიფერმკრთალე;
- ხველება; 
- მეტყველების უნარის, მოძრაობის კოორდინაციისა და მხედველობის დაქვეითება.

ინფარქტის სიმპტომები ქალებში განსხვავებულია?

სიმპტომების უმრავლესობა ორივე სქესისთვის ერთნაირია, მაგრამ არის განსხვავებაც. ქალებში ინფარქტის ნიშნები ხშირად ატიპურ ხასიათს ატარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მდედრობით სქესს გულის არეში ინტენსიური ტკივილი შეიძლება არც აღენიშნებოდეს. ამის ნაცვლად შესაძლებელია ტკივილი დაფიქსირდეს მარცხენა ხელის, მარცხენა მხრის, ყელის ან ქვედა ყბის არეში.

რა უნდა ვქნა, თუ ინფარქტის სიმპტომი აღმოვაჩინე?

დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. იქამდე კი უნდა მიიღოთ მწოლიარე ან ნახევრად მწოლიარე პოზა. ამ დროს სიარული აკრძალულია, რადგან ეს გულზე დატვირთვის ზრდის გარდა, გონების დაკარგვის შემთხვევაში ტრავმის მიღების რისკს ზრდის.

თუ თქვენ მარტო არ ხართ, თქვენმა თანმხლებმა პირმა უნდა დაგალევინოთ წამალი, დაგამშვიდოთ, დაგაწვინოთ და ფანჯარა გამოაღოს, რათა სუფთა ჰაერი შემოვიდეს ოთახში. გახსოვდეთ, რომც მომჯობინდეთ, დაელოდეთ ექიმს.

ინფარქტის პროფილაქტიკა შესაძლებელია? 

ინფარქტის ნახევარზე მეტი შემთხვევა გულის იშემიური დაავადების ეტაპობრივი პროგრესის კულმინაციაა. ეს იმას ნიშნავს, რომ გულის იშემიური დაავადების მკურნალობა ინფარქტის რისკს ამცირებს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებების პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია კვების რეჟიმი. რაციონი უნდა შეიცავდეს ვიტამინებსა და მცენარეულ ბოჭკოებს. ამავდროულად, ცხიმიანი ხორცის მოხმარება მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. კვების რაციონი უნდა შეიცავდეს თევზის კერძს, რომლის შემადგენლობაშიც არის დიდი ოდენობით ომეგა 3. 

ინფარქტის თავიდან არიდების მეთოდებს მიეკუთვნება:

- წონაში დაკლება; 
- სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის შემცველობის კონტროლი;
- არტერიული წნევის კონტროლი;
- ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.

სხვა თემები