17 იანვარი 2020 - 15:30

ამ დაავადებისაგან ყოველწლიურად 400 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება. რა უნდა ვიცოდეთ მალარიის შესახებ? 

მალარია

ინფექციის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური სამუშაოები

ფოტო: Shutterstock.com

თანამედროვე მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის მალარიას წამყვანი ადგილი უჭირავს. ის ადამიანის სიცოცხლისთვის ყველაზე საშიშ დაავადებათაგან ერთ-ერთია, განსაკუთრებულ საფრთხეს კი ბავშვებს უქმნის. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად მალარიით 200 მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება. თუმცა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული ანგარიში საკმაოდ ოპტიმისტურია.

რა არის მალარია?

მალარიას Plasmodium-ის გვარის სისხლის უმარტივესი პარაზიტები იწვევს. ის ბუნებრივ პირობებში Anopheles-ის გვარის მდედრი კოღოს კბენის შედეგად ვრცელდება. ინფიცირებულ ადამიანს მაღალი ტემპერატურა და ციებ-ცხელება აღენიშნება. მალარიის პარაზიტები, პირველ რიგში, ღვიძლს აზიანებენ და სისხლში ერითროციტების რაოდენობას ამცირებენ (ანემია). საბოლოოდ კი ინფექცია სხვა ორგანოებზეც აისახება. მათ შორის ტვინზეც და შესაძლოა, ეს ყველაფერი ლეტალური შედეგით დასრულდეს. ამასთან, ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში მალარიის შედეგად, დაახლოებით 435 000 ადამიანი იღუპება, ძირითადად კი - ბავშვები.

როგორია მალარიასთან ბრძოლის შედეგები?

მალარიასთან ბრძოლაში დღეისათვის მსოფლიოში რამდენიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. 2000 წლიდან:

- იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც მალარიის ინფექციაა გავრცელებული, 106-დან 86-მდე შემცირდა;
- დაავადების შემთხვევათა რიცხვი 36%-ით შემცირდა;
- მალარიით გამოწვეული სიკვდილიანობა 60%-ით შემცირდა;

სპეციალისტების განმარტებით, ეს პროგრესი უმეტეს წილად პროფილაქტიკური ზომების შედეგია. მაგალითად, ეს არის კოღოს საწინააღმდეგო ბადეების გამოყენება, რომლებიც ინსექტიციდებით არის გაჟღენთილი. ამ მხრივ გაცილებით ეფექტიანია შესაბამისი პრეპარატების მიღება. 

„ამ უპრეცენდენტო პროგრესის მიუხედავად, მალარია ისევ ნეგატიურად აისახება მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე“, - განაცხადა ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა ვინნი მპანჯუ- შუმბუშომ. მეცნიერის თქმით, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა აფრიკაში, რადგან კონტინენტის 5 ქვეყანაში მალარიით დაავადებულთა რიცხვი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარია.

რატომ არის ეს ანგარიში მნიშვნელოვანი?

მალარიის გაქრობა თანამედროვე მეცნიერებისა და მედიცინის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იქნებოდა. დაახლოებით 40 წამყვანი ექსპერტი (ეპიდემიოლოგებით დაწყებული, ეკონომისტებით დამთავრებული) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით, ამ ანგარიშს 3 წლის განმავლობაში ამზადებდა. სპეციალისტთა ჯგუფი ცდილობდა გაეგო, არის თუ არა შესაძლებელი მალარიის აღმოფხვრა და საამისოდ რა თანხები იქნება საჭირო. 

მკვლევართა ჯგუფმა დაასკვნა, რომ ინფექციის სრულად აღმოფხვრა 2050 წლისთვის შესაძლებელია. პროექტის მონაწილე სპეციალისტების განმარტებით, ამ საშიში დაავადების დასამარცხებლად გადამწყვეტი ზომებია მისაღები.

რა რეკომენდაციებია ამ ანგარიშში?

ანგარიშის მიხედვით, ძირითადი ყურადღება უნდა გამახვილდეს ცენტრალურ აფრიკაზე (სენეგალით დაწყებული, მოზამბიკით დამთავრებული), რადგან აქ ინფიცირებულთა რიცხვი ძველებურად მაღალია და ვირუსის გავრცელების ახალი შემთხვევებიც საკმაოდ ხშირად ფიქსირდება. 2017 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მალარიის შემთხვევების თითქმის ნახევარი 5 ქვეყანაზე გადანაწილდა. ესენია: ნიგერია (25%), კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (11%), მოზამბიკი (5%), ინდოეთი (4%) და უგანდა (4%). 

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2050 წლისთვის მალარიის სრულად აღმოფხვრა მოითხოვს ინფექციასთან ბრძოლის მეთოდების უფრო ეფექტიანად გამოყენებასა და ახალი მიდგომების შემუშავებას. მეცნიერები განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ მალარიის გადამტანი კოღოს დნმ-ის შეცვლის ახალ მეთოდებზე, რაც მწერის ამ სახეობის უნაყოფობას გამოიწვევს და მას გამრავლების საშუალებას მოუსპობს ან ანოფელესს მალარიული პლაზმოიდებისადმი მდგრადობას განუვითარებს. ეს მეთოდი კოღოების ამ სახეობას მალარიისადმი იმუნიტეტს გამოუმუშავებს. 

ანგარიშში მალარიასთან ბრძოლისთვის საჭირო ფინანსური მხარეცაა შეფასებული. დღეისათის მთელ მსოფლიოში ამ დაავადებასთან ბრძოლისთვის წელიწადში დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარი იხარჯება. მეცნიერთა დასკვნით კი, ეს მაჩვენებელი 2 მილიარდით (ყოველწლიურად) უნდა გაიზარდოს, თუ მსოფლიოს მართლაც სურს, 2050 წლისთვის მალარიისგან გათავისუფლდეს. ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, რომ ეს დამატებითი ხარჯები იმ სოციალური და ეკონომიკური სარგებლით კომპენსირდება, რაც ინფიცირების ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის შემცირებას მოჰყვება.

ეს პროგნოზი რამდენად რეალურია?

ნებისმიერი ტიპის ინფექციური დაავადების გლობალური მასშტაბით აღმოფხვრა ურთულესი დავალებაა. ამის მხოლოდ ერთადერთი წარმატებული მაგალითი არსებობს - 1980 წელს მსოფლიო შავი ყვავილისგან გათავისუფლდა. ამისათვის კი კაცობრიობას დასჭირდა კოლოსალური ძალისხმევა და ეფექტიანი ვაქცინის შექმნა. თუმცა ის კაცობრიობის ისტორიაში ინფექციის გაქრობის ერთადერთ წარმატებულ მაგალითად რჩება. თუ რამდენად რთულია ეს დავალება, ამის ნათელი მაგალითია პოლიომიელიტის ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია.

შავ ყვავილთან წარმატებით გამკლავების შემდეგ ბევრი იმედოვნებდა, რომ 2000 წლისთვის პოლიომიელიტთან გამკლავებაც შესაძლებელი გახდებოდა. ეს ვერ მოხერხდა, თუმცა ინფიცირების ახალი შემთხვევები 99%-ით შემცირდა. სწორედ ეს მაჩვენებელი გახდა მთავარი დაბრკოლება. ნიგერიასა და შესაბამისად, მთელ აფრიკაში პოლიომიელიტის ინფექცია, ფაქტობრივად, აღმოფხვრილია. თუმცა სხვა ქვეყნებში, მათ შორის პაკისტანსა და ავღანეთში, ამ დაავადების ეპიდემია გრძელდება, ბავშვების ვაქცინაცია კი დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

„მალარიის აღმოფხვრა არის გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი მიმდინარე ასწლეულში და როგორც ჩანს, ჩვენ წინაშე არსებული ურთულესი გამოწვევებიდან ერთ-ერთიც“, - თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. თუმცა მისივე განმარტებით, უკვე არსებული მეთოდებით ამ შედეგის მიღწევა დაწესებულ ვადებში ვერ მოხერხდება, რადგან მათი უმრავლესობა ბოლო ასწლეულში ან უფრო ადრე შეიქმნა.

სხვა თემები