14 ოქტომბერი 2019 - 19:52

რა არის ავტოკეფალია და რით განსხვავდება ის საეკლესიო ავტონომიისგან?

ავტოკეფალია

სტამბოლი, თურქეთი. კონსტანტინეპოლის პატრიარქი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური

ფოტო: Shutterstock.com

დღეისათვის 15 მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია არსებობს, აქედან 14 საყოველთაოდ არის აღიარებული. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 9 საპატრიარქო ეკლესიას შორისაა. ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიას კი, რომლის ავტოკეფალიას მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი, მათ შორის საქართველოს საპატრიარქო აღიარებს, კონსტანტინეპოლი არ ცნობს. სამაგიეროდ, მსოფლიო პატრიარქი მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, რასაც მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა.

ავტოკეფალია სუვერენიტეტს ნიშნავს?

ავტოკეფალური არის ეკლესია, რომელსაც საკუთარი თავის მართვა შეუძლია და სამოციქულო სისავსის მატარებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი ავტოკეფალური ეკლესია მეორისგან ისევე დამოუკიდებელია, როგორც ერთი მოციქული დამოუკიდებელი იყო მეორისგან და მათ ერთმანეთთან არა უფროს-უმცროსობა, არამედ ძმური ერთობა აკავშირებდათ. სწორედ ამიტომ სიტყვა „ავტოკეფალია“ თავისუფლებას გულისმხმობს. ის ითარგმნება როგორც „თვის თავი“ ანუ თავისი თავის ბატონი.

ტერმინს „ავტოკეფალია“ იყენებენ იმ ადგილობრივ ეკლესიასთან მიმართებით, რომელიც სხვა ეკლესიისგან ადმინისტრაციულად დამოუკიდებელია, თუმცა მასთან ლიტურგიკული ერთობა აქვს. ასეთი გაგება მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს. ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს ეპისკოპოსი, რომელიც პატრიარქის, არქიეპისკოპოსის ან მიტროპოლიტის ტიტულს ატარებს. 

სამოციქულო მემკვიდრეობის მადლის ქონის ერთ-ერთი ნიშანია საკუთარი მირონის (სურნელოვანი ზეთი) მოხარშვა. თუმცა ავტოკეფალიის მთავარ ნიშან-თვისებად ტერიტორიული ავტონომია ითვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტოკეფალური ეკლესიის ტერიტორიაზე, მისი თანხმობის გარეშე, სხვა ადგილობრივი ეკლესია ვერც სამოციქულო მისიას ახორციელებს და ვერც სხვა საეკლესიო საიდუმლოებებს. არც ადმინისტრაციულად და არც იერარქიულად ავტოკეფალური ეკლესია სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილად არ მიიჩნევა. 

ავტოკეფალური ეკლესიის ხელმძღვანელს არ ნიშნავენ. მას თავად ამ ეკლესიის ეპისკოპოსები (წმინდა სინოდის წევრები) ირჩევენ. ყველა შიდა საეკლესიო საქმეს ავტოკეფალური ეკლესია თავად, სხვა ეკლესიის ჩარევის გარეშე წყვეტს. ავტოკეფალურ ეკლესიას უფლება აქვს, საკუთარი წესდება იქონიოს.

რა არის დიპტიქი და ვინ არიან მისი წევრები?

ძველ ეკლესიაში დიპტიქი 2 დაფისგან შემდგარი მოსახსენიებელი იყო. ერთში ცოცხლები იწერებოდნენ, მეორეში კი - მიცვალებულები. დროთა განმავლობაში შეიქმნა საპატრიარქო დიპტიქი, სადაც ერთი პატრიარქი მოძმე პატრიარქებს ყოველთვის იხსენიებდა. 

ამჟამად მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში პირველ ადგილს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო იკავებს. ის ორ მილიონზე მეტ ადამიანს აერთიანებს. მეორე ადგილზეა ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის კანონიკური ტერიტორია აფრიკაა. ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია კი ვრცელდება სირიაში, ლიბანში, ერაყსა და ქუვეითში. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიებია ისრაელი, იორდანია და პალესტინა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დიპტიქში მეხუთე ადგილზეა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი მსოფლოში ერთ-ერთი უძველესია. დიპტიქში არიან სერბეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, ელადის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიები. 

კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დიპტიქით მე-15 ადგილზეა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რუსეთის საპატრიარქოს დიპტიქით კი - ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია.

რა განსხვავებაა ავტონომიასა და ავტოკეფალიას შორის? 

ავტოკეფალური ეკლესიის ფარგლებში მეორე ეკლესიას შეიძლება ავტონომია ჰქონდეს. ამ უკანასკნელს შეუძლია სულიერი მეთაურის არჩევა, თუმცა დედა ეკლესიასთან შეთანხმების საფუძველზე. ავტონომიის მქონე ეკლესია შიდა საკითხებს დამოუკიდებლად წყვეტს. მაგალითად, სინას მთისა და რაითის ავტონომიური ეკლესია იერუსალიმის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. მთავარეპისკოპოსის რეზიდენცია კი ქაიროში მდებარეობს. ანალოგიურია ფინეთის ავტონომიური ეკლესია, რომელიც კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ექვემდებარება. 

არსებობენ არასრული დამოუკიდებლობის მქონე ეკლესიები. ავტონომიისგან განსხვავებით, მათი დამოუკიდებლობა შეზღუდულია, თუმცა თავიანთი მეთაურის არჩევა შეუძლიათ. ამის მაგალითია ესტონეთის, ლატვიისა და მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიები.

ვინ და რატომ ანიჭებს ავტოკეფალიას? 

ამა თუ იმ ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების უფლება, თავისი საეკლესიო იურისდიქციის ფარგლებში, ნებისმიერ ეკლესიას აქვს. ეს გადაწყვეტილება მან სხვა ეკლესიებს უნდა აუწყოს და მათ თავად უნდა გადაწყვიტონ, აღიარებენ, თუ არა. მაგალითისთვის, ალექსანდრიის მართლმადიდებელ საპატრიარქოს შეუძლია ეთიოპიის ეკლესიას, თხოვნის შემთხვევაში, საეკლესიო და დოგმატური კანონების გადამოწმების შემდეგ, ავტოკეფალია მიანიჭოს და მართლმადიდებლურ საძმოში შეიყვანოს. ამის შემდეგ კონსტანტინეპოლმა და სხვა ეკლესიებმა ამ გადაწყვეტილებაზე თანხმობა უნდა განაცხადონ და ეს ეკლესია საყოველთაოდ აღიარონ. 

ავტოკეფალიის მინიჭების პირობაა ის, რომ ეკლესია უნდა აერთიანებდეს სახელმწიფოებრივად დამოუკიდებელ, ცალკე ეთნოსის წევრებს, რომელთაც საკუთარი კულტურა და ქრისტიანული ფასეულობები აქვთ, შეუძლიათ მართვა ისე, რომ მართლმადიდებლური ღირებულებები დაიცვან. ავტოკეფალიის მოპოვების მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ამ ტერიტორიაზე ქრისტიანობა მოციქულებმა იქადაგეს და არსებობს უწყვეტი სამოციქულო ჯაჭვი.

ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში მოპოვებულ უფლებამოსილებებს შორის უმთავრესია ტერიტორიული სუვერენიტეტი, გადაწყვეტილებების მიღების დამოუკიდებლობა, განკარგულებების გაცემისა და ქონების განკარგვის უფლება.

სხვა თემები