07 დეკემბერი 2019 - 18:19

ვის ემართება ფილტვის კიბო? მხოლოდ მწეველებს?

ფოტო: Shutterstock.com

ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სიკვდილობის 94%-ს არაგადამდები დაავადებები იწვევს,  საერთო სიკვდილიანობის 14%-ი კი ონკოლოგიურ დაავადებებზე მოდის. მას გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების შემდეგ (საერთო სიკვდილიანობის 69%-ი) მეორე ადგილი უჭირავს. კიბოს პოპულაციური რეგისტრის (საქართველოში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა) მონაცემებით, ქალებში კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობა ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნეა, კაცებში კი - ფილტვის კიბო, რომელსაც სიკვდილიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს. ანალოგიური სიტუაციაა მთელ მსოფლიოში. ამას ადასტურებს ისიც, რომ 2018 წელს ფილტვის კიბომ ონკოლოგიური დაავადებების ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მხრივ მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა.

ფილტვის კიბო პანიკურად მაშინებს. რა ვქნა?

მოწევა არ დაიწყოთ ან შეწყვიტეთ, თუ უკვე მწეველი ხართ. ფილტვის კიბოს გამომწვევი ძირითადი ფაქტორი სწორედ მოწევაა. ამ დაავადების შემთხვევების 90%-ი სიგარეტს უკავშირდება. მაგალითად, ადამიანს, რომელიც 40 წლის განმავლობაში დღეში 1 კოლოფ სიგარეტს ეწეოდა, ფილტვის კიბოს რისკი 20-ჯერ მაღალი აქვს, ვიდრე არამწეველს. თუმცა არსებობს სხვა რისკ-ფაქტორებიც. მაგალითად, აზბესტი. მასთან მუდმივი კონტაქტი აქვთ შესაბამისი დაწესებულებების თანამშრომლებს, მათი ოჯახის წევრებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთი საწარმოების მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამ მხრივ საშიშია სახლის სახურავის მასალა ფიქალიც (შიფერი - გერმ.Schiefer), რომელიც აზბესტურ მტვერს გამოყოფს. მასზე მუშაობისას აუცილებელია სპეციალური ტანსაცმლისა და აღჭურვილობის გამოყენება, მნიშვნელოვანია მისი სწორად უტილიზებაც. ფიქალის ნამტვრევები მეურნეობაში აღარ უნდა გამოიყენოთ.

დღეში თუ მხოლოდ ერთ ღერ სიგარეტს მოვწევ, ფილტვის კიბოს რისკი შემცირდება? 

ფილტვის კიბოს განვითარების რისკი ნამდვილად არის დამოკიდებული მოწეული სიგარეტის რაოდენობაზე. შესაბამისად, ამ დაავადების ალბათობა პირდაპირპროპორციულად შემცირდება. თუმცა დღეში 1-დან 5 ღერამდე სიგარეტის მოწევა გულის იშემიური დაავადებისა და ინსულტის რისკს რამდენჯერმე ზრდის. ამიტომ, თუ თქვენ სიგარეტის რაოდენობას ყოველდღიურად ამცირებთ, უმჯობესია, მასზე საერთოდ უარი თქვათ.

პასიურ მწეველებს ფილტვის კიბო ემართებათ? 

დიახ, თამბაქოს ბოლი მათზეც მოქმედებს. 2017 წლის მეტაანალიზმა აჩვენა, რომ მწეველი კაცების ცოლებში ფილტვის კიბოს რისკი 27%-ით იზრდება. ზოგიერთი შეფასებით, ამ დაავადების შემთხვევების 17%-ის მიზეზი ხანგრძლივი პასიური მწეველობაა (ბავშვობისა და მოზარდობის ასაკი).

ფილტვის კიბოს გამოსავლენად, რა გამოკვლევა ჩავიტარო?

გამოკვლევა უნდა ჩაიტაროთ, თუ თქვენ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებით. სკრინინგის ოქროს შუალედია დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფია. ის საშუალებას იძლევა გულ-მკერდი სხვადასხვა რაკურსით გადაიღოთ და ამით საერთო სურათი შეიქმნას. ეს თქვენ დაგეხმარებათ, ფილტვის კიბო ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინოთ. რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის რეკომენდებულია ყოველწლიური გამოკვლევის ჩატარება. ფლუოროგრაფიას (ერთი რაკურსიდან გადაღებული რენტგენის ფოტო) არ შეუძლია დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩანაცვლება, ამიტომაც სკრინინგისთვის ის რეკომენდებული არ არის.

სკრინინგის შედეგად ფილტვის კიბო დამიდგინდა. რა ვქნა? 

დიაგნოზის დასაზუსტებლად ექიმი ბიოფსიას დაგინიშნავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საეჭვო უბნიდან ქსოვილის მცირე ნიმუშს აიღებენ, რათა ის მიკროსკოპში დაათვალიერონ. ხანდახან ამ ეტაპზე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ადამიანს ფილტვის კიბო არ აქვს: გამაგრება კეთილთვისებიანი სიმსივნეა ან გადატანილი ფილტვის ინფექციის შედეგად დატოვებული ნაიარევი.

ბიოფსიასთან ერთად ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მოლეკულურ-გენეტიკური ტესტირება, რომელიც სპეციალისტს სიმსივნის მუტაციისა და ბიომარკერების განსაზღვრაში ეხმარება. მუტაციის ზოგიერთ სახეობას შეუძლია უჯრედების უკონტროლო დაყოფა. სწორედ ამიტომ არის საჭირო და აუცილებელია მისი შესწავლა. ეს საშუალებას იძლევა თერაპიის საუკეთესო ვარიანტი შეირჩეს - მიზნობრივი პრეპარატები ან იმუნოთერაპია დაინიშნოს. ფილტვის კიბოს მკურნალობა შესაძლებელია დაავადების ყველა ეტაპზე, მათ შორის მესამე და მეოთხე სტადიაზე.

როგორ მუშაობს მიზნობრივი პრეპარატები და იმუნოთერაპია? 

დღეისათვის არსებობს ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას იძლევა მკურნალობა სიმსივნის ტიპის მიხედვით (მაგალითად, ზოგს კონკრეტული მუტაცია აქვს) შეირჩეს და მიზნობრივი პრეპარატები ფილტვის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენონ. ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, ასეთი წამლები მხოლოდ კიბოს უჯრედებზე მოქმედებს - მათ ზრდასა და გავრცელებას ბლოკავს. 

ექიმი იმუნოთერაპიას მიმართავს იმისათვის, რომ ადამიანის იმუნურმა სისტემამ კიბოს უჯრედების ამოცნობა და მათი განადგურება თავად შეძლოს. ამ მეთოდის მოსალოდნელი ეფექტიანობა სპეციალისტმა კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში ბიომარკერ D-L1-ის მეშვეობით უნდა განსაზღვროს. ეს კი მხოლოდ ბიოფსიით არის შესაძლებელი. თუ ბიომარკერი სიმსივნის 50%-ზე მეტ კიბოს უჯრედშია, ექიმს შეუძლია მკურნალობის კურსი მხოლოდ იმუნოთერაპიის მეშვეობით განაგრძოს.

ფილტვის კიბო იკურნება? 

მკურნალობის კურსის წარმატების განსასაზღვრად, ექიმები ყველაზე ხშირად სიცოცხლის ხუთწლიან ხანგრძლივობაზე საუბრობენ. ფილტვისა და სხვა ორგანოების კიბოს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი დაავადების ტიპსა (ფილტვის კიბოს 20-ზე მეტი მოლეკულური ქვეტიპი არსებობს) და სტადიაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ყველაზე გავრცელებულია მცირეუჯრედული ფილტვის კიბო, რომლის შემთხვევაშიც სიცოცხლის ხუთწლიანი ხანგრძლივობა ყველა სტადიაზე დაახლოებით 23%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დაავადების მქონე 100 პაციენტიდან 23-ი მკურნალობის წყალობით, სულ ცოტა, 5 წელს იცოცხლებს. თუ კიბო ფილტვის გარდა სხვა ორგანოებზე არ არის გავრცელებული, ეს მაჩვენებელი 60%-ია.

სხვა თემები