23 თებერვალი 2020 - 19:47

რა იწვევს შარდის შეუკავებლობას

ფოტო:shutterstock.com

სტატისტიკის თანახმად, ქალების 15-60%-ს შარდის შეუკავებლობა აწუხებს. მართალია, კაცებში ეს პრობლემა შედარებით იშვიათია, თუმცა მაინც აქტუალური. სპეციალისტების განმარტებით, ამ მიმართულებით რეალური მონაცემები არ არსებობს, რადგან ბევრ ადამიანს ამ თემაზე ხამამაღლა საუბრის რცხვენია. 


ყველაზე ხშირად შარდის შეუკავებლობა აქვთ გაცხიმოვნების მქონე ადამიანებს, ფეხმძიმე, ახალნამშობიარებ და მენოპაუზის მქონე ქალებს. ეს პრობლემა აწუხებთ იმ კაცებს, რომელთაც პროსტატის დაავადება აღენიშნებათ ან ამ მიმართულებით ოპერაცია აქვთ გაკეთებული. შარდის შეუკავებლობას არც თუ ისე იშვიათად დეპრესიის, სოციალური იზოლაციის, შარდის ბუშტისა და სოკოვანი ინფექციების რისკი ახლავს.

რა იწვევს შარდის შეუკავებლობას?

სანამ მიზეზების ძიებას დაიწყებთ, უნდა გაარკვიოთ შარდის შეუკავებლობის რომელი ფორმა გაქვთ. ის შეიძლება სტრესითაც იყოს გამოწვეული. არც თუ ისე იშვიათად, ქალებს ეს პრობლემა სექსის დროს ეწყებათ. ამ დროს მუცლის ღრუში წნევა იზრდება, რის შედეგადაც მენჯის ფსკერის  ისედაც სუსტი კუნთები შარდსადენ მილს ვეღარ ხურავს და შარდი გამოიყოფა. ქალებში ყველაზე ხშირად სწორედ ამ ტიპის შეუკავებლობა აღინიშნება. კაცებში კი შარდის შეუკავებლობა ძირითადად ურეთრის სფინქტერის დაზიანების გამო იჩენს თავს. ამის მიზეზი შეიძლება პროსტატის პოსტოპერაციის პერიოდი იყოს.  


ურგენტული შეუკავებლობის დროს შარდი დიდი რაოდენობით და სწრაფად გროვდება. თუ ადამიანი ტუალეტამდე დროულად მისვლას ვერ ასწრებს, შარდი უკვე გამოყოფას იწყებს.  ურგენტული შეუკავებლობა კაცებში პროსტატის ადენომის ერთ-ერთი სიმპტომია. დაავადების ეს სახეობა შეიძლება დაფიქსირდეს ინსულტის, სპინალური ტრავმის, გაფანტული სკლეროზის, პარკინსონის დაავადებისა და შაქრიანი დიაბეტის დროს. 


შარდის შეუკავებლობის შერეული ფორმა (ზემოთ ხსენებული ორივე სახეობის სიმპტომების თანხლებით) და სხვა უფრო იშვიათი ტიპებიც არსებობს.  მაგალითად, როდესაც ადამიანი ვერ იკავებს შარდს, რადგან ტუალეტამდე დროულად მიღწევა ფიზიკურად უჭირს. 


იმისათვის, რომ გაირკვეს, შარდის შეუკავებლობის რა ფორმა აწუხებს ადამიანს, ექიმი ჯერ სიმპტომებს იკვლევს, შემდეგ კი გამოკვლევებს ნიშნავს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ხველის ტესტი (ამ დროს პაციენტი ექიმის თანდასწრებით რამდენჯერმე ახველებს და ექიმი აკვირდება, შარდის შეუკავებლობა ფიქსირდება თუ არა), შარდის ანალიზი და უროდინამიკური გამოკვლევა.

რომელ ექიმს უნდა მიმართოთ 

ზოგადი პრაქტიკის ექიმი ან თერაპევტი ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება. კაცი უროლოგთან უნდა მივიდეს, ქალი კი - უროგინეკოლოგთან, უროლოგთან ან გინეკოლოგთან. თუ შარდის შეუკავებლობა ნევროლოგიური დაავადების ფონზე მიმდინარეობს, ნეიროუროლოგს უნდა მიმართოთ. თუ ეფექტიანი შედეგის დროულად მიღწევა გსურთ, ექიმს ყოველგვარი მორიდების გარეშე თქვენი სიმპტომები დეტალურად უნდა აუხსნათ.

როგორ უნდა იმკურნალოთ

ზოგჯერ შარდის შეუკავებლობამ შეიძლება თავისით გაიაროს. მაგალითად, ქალების უმრავლესობა, რომელთაც ეს პრობლემა ფეხმძიმობის დროს დაეწყოთ, 1 წლის შუალედში გამოჯანმრთელდებიან ან სიმპტომები დროთა განმავლობაში მკვეთრად გამოკვეთილი აღარ იქნებათ. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ექიმები მკურნალობას უწევენ რეკომენდაციას. რომელი ვარიანტია უფრო ეფექტიანი, ეს შეუკავებლობის ტიპზე, მის სირთულეზე, სიმპტომებსა და პაციენტის პრიორიტეტებზეა დამოკიდებული.

რას ნიშნავს კეგელის ვარჯიში


ყველაზე ხშირად ექიმები შარდის შეუკავებლობის მქონე პაციენტებს  კეგელის ვარჯიშებს ურჩევენ, რათა მენჯის ფსკერის კუნთები გაივარჯიშონ. სპეციალისტები, შარდის შეუკავებლობის პროფილაქტიკის მიზნით, ფეხმძიმე ქალებს ანალოგიურ ფიზიკურ აქტივობას ურჩევენ. 


როდესაც ადამიანი კეგელის ვარჯიშებს აკეთებს, ის კუნთებს ჭიმავს ისე, თითქოს ნაწლავებში გაზების ან შარდის შეკავება სურს. ეს პროცესი 8-10 წამს უნდა გაგრძელდეს, შემდეგ კი კუნთები მოადუნოთ. კეგელის ვარჯიში დღეში რამდენჯერმე უნდა გააკეთოთ, შედეგს კი 4-6 კვირის შემდეგ იგრძნობთ, თუმცა რადიკალური რეზულტატის მისაღებად დაახლოებით 3 თვეა საჭირო. ვარჯიშების სწორად გასაკეთებლად კი, უმჯობესია, ფიზიკური თერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ იყოთ.

როგორ უნდა ავარჯიშოთ შარდის ბუშტი

ამ მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი ტუალეტში განრიგის მიხედვით დადის, დროთა განმავლობაში კი ინტერვალები იზრდება. თუ დროზე ადრე დაგეწყოთ შარდის ბუშტის დაცლის მოთხოვნილება, მაშინ უნდა მოითმინოთ. ამის შედეგად ადამიანს შარდვის კონტროლირების უნარი უვითარდება. ეს მეთოდი უფრო შეეფერებათ იმ ქალებს, რომელთაც შარდის შეუკავებლობის ურგენტული და შერეული ფორმა აქვთ.

სხვა არაქირურგიული მეთოდები

შარდის შეუკავებლობის მქონე პაციენტებს ექიმი ხშირად მედიკამენტებს უნიშნავს. ეს შეიძლება იყოს ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, ესტროგენი, ანტიქოლინერგული საშუალება, „ა“ ტიპის ბოტულინის ტოქსინი და სხვ.  ჭარბი წონისა და გაცხიმოვნების მქონე პაციენტებს სპეციალისტები გახდომას ურჩევენ

ზოგჯერ ექიმის რეკომენდაცია კვების რაციონის შეცვლას ითვალისწინებს. შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში მწარე და ცხარე საკვები, ციტრუსი და შოკოლადი სიტუაციის მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს. იგივე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოვნებამ, ამიტომ დღის განმავლობაში წყლის მიღება აუცილებელია. რაც შეეხება კოფეინს, ის შარდის შეუკავებლობაზე პირდაპირ არ მოქმედებს, მაგრამ თუ ნაკლები რაოდენობით მიიღებთ, შესაძლოა, შარდვის ინტენსივობა და სიხშირე შემცირდეს.

ქირურგიული ჩარევა

არსებობს არაერთი ქირურგიული მეთოდი, რომელთა მეშვეობითაც შარდის შეუკავებლობას მკურნალობენ. ისინი, ძირითადად, დიდი მასშტაბის ქირურგიულ ჩარევას არ ითვალისწინებს. ეს შეიძლება  იყოს:

- საკუთარი ქსოვილიდან სინთეტიკური სლინგის გადანერგვა. ამ მეთოდის მეშვეობით, შარდსადენი მილი უფრო სტაბილურია ცემინების, სიცილისა თუ ფიზიკური დატვირთვის დროს. 
-    ხელოვნური ურეთრის სფინქტერის იმპლანტაცია;
-    შარდის ბუშტის მოცულობის გაზრდა (აუგმენტაციური ცისტოპლასტიკა); ეს მეთოდი უკიდურეს ზომებს მიეკუთვნება. 
-    საკრალური ნეირომოდულაცია; ამ დროს ადამიანს ნერვთან ახლოს სტიმულატორს ჩაუდგამენ და ეს მოწყობილობა სიგნალს ახშობს.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ არც ერთმა მეთოდმა არ გიშველათ

ასე ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ თუ მაინც მოხდა, ერთჯერადი და მრავალჯერადი საშუალებები (საფენები ან პამპერსი) გამოიყენეთ. მათი მოხმარება შესაძლებელია მანამ, სანამ მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს. ზოგიერთ შემთხვევაში კათეტერები გამოიყენება, თუმცა ამ მეთოდს იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ სხვა ვარიანტი არ არსებობს, რადგან კათეტერი ინფექციის განვითარების საშიშროებას ქმნის.

სხვა თემები