10 იანვარი 2020 - 13:28

ავსტრალიაში სტიქიას მილიარდზე მეტი ცხოველი შეეწირა. რატომ გაჭიანურდა ხანძარი?

ტყის ხანძარი

ფოტო: Shutterstock.com

2019 წლის ოქტომბრიდან დღემდე ავსტრალიის ტყეებში ხანძარი არ ცხრება. სპეციალისტთა შეფასებით, კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, ეს ყველაზე ძლიერი ხანძარია. ცეცხლისგან დაზიანებული ფართობის მოცულობა 10,7 მილიონი ჰექტარია, რაც პორტუგალიისა და სამხრეთ კორეის ტერიტორიას უტოლდება. 3-თვიანი ხანძრის შედეგად წარმოქმნილმა კვამლმა კი ჩილესა და არგენტინას მიაღწია (ამ ქვეყნებს ავსტრალიის სანაპიროსგან 10 ათასი კილომეტრი აშორებს). სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში ხანძრის ფართობი გაიზრდება. მეტეოროლოგების ვარაუდით, 10 და 11 იანვარს ავსტრალიაში ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს. ამასთან დაკავშირებით ახალი სამხრეთ უელსის, ვიქტორიისა და სამხრეთ ავსტრალიის შტატების მოსახლეობას ხელისუფლებამ რისკის ზონის დატოვებისკენ მოუწოდა. ეს გაფრთხილება ვრცელდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამა თუ იმ რეგიონში სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადებული არ არის.

რამდენია ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი?

ხანძრების სეზონის დაწყებიდან ცეცხლს დაახლოებით 6 ათასი ნაგებობა შეეწირა, მათ შორის 2,2 ათასი საცხოვრებელი სახლია. ხანძარს 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ეკონომიკური ზარალის ზუსტი თანხა სპეციალისტებს ჯერ არ დაუთვლიათ. თუმცა Moodyʼs-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ის რეკორდულ თანხას - 4,4 ავსტრალიურ დოლარს (3,1 მილიარდი აშშ დოლარი) გადააჭარბებს. 2009 წლის ხანძრების შედეგად მწვანე კონტინენტს სწორედ ამ მოცულობის ზარალი მიადგა. ამავადროულად, შექმნილი სიტუაცია ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. ანალიტიკოსები საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდასა და ეკონომიკის ყველა სფეროში პროდუქტიულობის შემცირებასაც არ გამორიცხავენ. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს ხანძრის კვამლისგან მუშა პერსონალის თვითშეგრძნების გაუარესება. სადაზღვევო კომპანიებმა უკვე მიიღეს მოთხოვნითი სარჩელები, რამაც 644 მილიონი დოლარი შეადგინა.

რატომ გახანგრძლივდა ხანძარი?  

ავსტრალიის ტყეებში ხანძრები ყოველწლიურად ჩნდება. თუმცა, როგორც წესი, დაზიანებული ტერიტორიის საერთო ფართობი სეზონზე რამდენიმე ასეულ ათას ჰექტარს არ აღემატება. ახლანდელი ხანძარი ასეთი ძლიერი იმიტომ აღმოჩნდა, რომ 2019 წელი მეტეოდაკვირვების ისტორიაში ყველაზე მშრალი და ცხელია. საშუალო დღიურმა ტემპერატურამ კონტინენტზე 30,7 გრადუსი ცელსიუსი შეადგინა, რაც ნორმას 2,1 გრადუსით აღემატება. გარდა ამისა, ავსტრალიაში ნალექების რაოდენობამ 277 მილიმეტრი შეადგინა, რაც ჩვეულებრივზე 40%-ით ნაკლებია. ავსტრალიელი მეტეოროლოგები ასეთ უჩვეულო სიცხეს ინდოეთის ოკეანის დიპოლის დადებით ფაზას უკავშირებენ. სპეციალისტები ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ კლიმატის გლობალურ ცვლილებაზეც ამახვილებენ ყურადღებას.

გამოიწვია თუ არა ხანძარმა ფაუნის კატასტროფა?

სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერთა გაანგარიშებით, ამჟამინდელი ხანძრების შედეგად ავსტრალიაში მილიარდზე მეტი ძუძუმწოვარი, ფრინველი და რეპტილია დაიღუპა. ველური ბუნების მსოფლიო ფონდის შეფასებით კი, ეს მაჩვენებელი 1,25 მილიარდია. ყველაზე მეტად ახალ სამხრეთ უელსში მობინადრე ცხოველები დაზარალდნენ. სწორედ ამ შტატში 800 მილიონამდე ცოცხალი არსება დაიღუპა. მათ შორის, კოალების პოპულაციის 30%-ი. ხანძარმა მოიცვა კუნძულ კენგურუს მესამედი, სადაც ავსტრალიის ყველაზე ცნობილი პარკები და ნაკრძალებია. გვალვის გამო ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში რამდენიმე ათასი გარეული აქლემი დაეხოცა. წყურვილისგან შეწუხებულმა ცხოველებმა წყლის ძებნა დაიწყეს და ამ პროცესში სოფლების ადგილობრივ მცხოვრებლებს თავს ესხმოდნენ.

ვინ მონაწილეობს ავსტრალიის ხანძართან ბრძოლის კამპანიაში?

ავსტრალიელმა და მსოფლიოში სხვადასხვა სფეროს ცნობილმა ადამიანებმა სოციალური ქსელების თავიანთ გვერდებზე თანხის გადარიცხვის შესახებ მოწოდებები გაავრცელეს. თითოეულმა მათგანმა 500 ათასი დოლარი გაიღო. ამ ადამიანებს შორის არიან მსახიობები - ლეონარდო დი კაპრიო, ჰიუ ჯეკმანი და ნიკოლ კიდმანი, მომღერალი Pink-ი და ჯგუფი Metallica.

ავსტრალიაში პოპულარულმა, კომედიური ჟანრის მსახიობმა სელესტა ბარბერმა „ფეისბუკზე“ თანხის შეგროვების შესახებ განაცხადა. რამდენიმე კვირაში მან 48 მილიონი ავსტრალიური დოლარის შეგროვება შეძლო. The Click Crew ჯგუფის სტრიმერებმა კი გამართეს 36-საათიანი სტრიმ-მარათონი, რომლის დროსაც 220 ათასი დოლარი შეაგროვეს. პორნომოდელმა კეილინ უორდმა 1 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა. ვინც ავსტრალიის ხანძრის დასახმარებლად 10 დოლარს მაინც გადარიცხავდა და შესაბამის მტკიცებულებას წარადგენდა, მსახიობი თავისი შიშველი ფოტოს გაგზავნას შეჰპირდა.

აშშ-მ და კანადამ ავსტრალიის ტყეებში გაჩენილ ხანძართან გასამკლავებლად 100 მეხანძრე უკვე გაგზავნეს, უახლოეს მომავალში კი დამატებით 140-ის გაგზავნა იგეგმება. მალაიზიის ხელისუფლებამ კი ავსტრალიაში 65 ადამიანის გაგზავნის შესახებ მზადყოფნა გამოთქვა.

Australian Open-ი დახურულ კორტებზე ჩატარდება?

შესაძლოა, ასეც მოხდეს. ჯერ კიდევ ნოემბერში, ხანძრის გამო რალიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპი გადაიდო. ამის მიზეზი ის იყო, რომ რბოლის მარშრუტი ცეცხლწაკიდებულ ტერიტორიებზე გადიოდა. სხვადასხვა ქალაქში შეიცვალა ნაციონალური ჩემპიონატების ჩატარების თარიღი კრიკეტში, ბეისბოლში, ფეხბურთში, რამდენიმე დიდი მუსიკალური ფესტივალი კი გადაიდო. ძლიერი კვამლის გამო ქალაქ კანბერაში ეროვნული გალერეა დაიხურა, გადაიდო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან დაგეგმილი ღონისძიებები. 

ხანძარი შესაძლოა აისახოს ავსტრალიაში დაგეგმილ ყველაზე ცნობილ სპორტულ შეჯიბრებაზეც. ჩოგბურთის ტურნირი Australian Open-ი 20 იანვარს უნდა დაიწყოს. ორგანიზატორთა განცხადებით, განიხილება სპორტული ღონისძიების დახურულ კორტებზე ჩატარების ვერსიაც, თუ ძლიერი კვამლის გამო ღია მოედნებზე თამაში შეუძლებელი გახდა.

სხვა თემები