რა უნდა ვიცოდეთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შესახებ

მიუნხენი
ფოტო:shutterstock.com
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, წამყვანი საერთაშორისო ფორუმია. აღნიშნული შეხვედრა ყოველ წელს იმართება. გამონაკლისი არც 2020-ია. 14-16 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენცია სასტუმრო Bayerischer Hof– ში იმართება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავარიის დედაქალაქი რამდენიმე დღის განმავლობაში კვლავ საერთაშორისო დიპლომატიის ცენტრად, მაღალი რანგის პოლიტიკოსების, მეცნიერებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების თავშეყრის ადგილად იქცევა. რა არის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარი თემები? ვინ და რატომ ესწრება ამ ფორუმს?
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას მხოლოდ პრეზიდენტები და მინისტრები ესწრებიან?
სულაც არა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, როგორც წესი, მაღალი რანგის 450-ზე მეტი გადაწყვეტილების მიმღები პირი ესწრება. მათ შორის არიან სხვადასხვა სახელმწიფოს მმართველები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წამყვანი ბიზნესორგანიზაციების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ადმინისტრაციას ფორუმის კონცეფციის ფართომასშტაბიანი განხილვის მნიშვნელობა და აუცილებლობა სრულად გააზრებული აქვს. სწორედ ამიტომ დებატებში საზოგადოების ფართო სპექტრია ჩართული. დისკუსიების უმრავლესობა პირდაპირი ტრანსლაციის თანხლებით მიმდინარეობს. ამ ღონისძიებების შედეგები კი კონფერენციის ანგარიშებში ქვეყნდება.
რატომ იმართება ეს კონფერენცია?
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ქვეყნებს შორის ნდობის გაღრმავებასა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას ისახავს მიზნად. ამავდროულად, ფორუმის ფარგლებში, უსაფრთხოების მიმართულებით გამჭვირვალე და არაფორმალური დიალოგები იმართება. დღეისათვის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია არის წამყვანი ფორუმი, რომელზეც საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები განიხილება. ექსპერტების შეფასებით, ეს არის ერთგვარი „იდეების ბაზრობა“, სადაც სხვადასხვა წინადადება თუ გადაწყვეტილება განიხილება და მოსაზრებები იცვლება.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ოფიციალური და არაოფიციალური დიპლომატიური ინიციატივების განხორციელებისთვის საჭირო პლატფორმას უზრუნველყოფს. აქ განსაკუთრებული ადგილი მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა თუ საზოგადო მოღვაწეების შეხვედრასა და დიალოგს ეთმობა.
როგორც წესი, კონფერენციის მთავარი თემა უცვლელია, თუმცა ამის პარალელურად მაღალი რანგის ღონისძიებები ამა თუ იმ კონკრეტულ თემას ეძღვნება. აღნიშნული ინფორმაცია სპეციალურ ანგარიშშია მოცემული. ეს უკანასკნელი აქტუალური ციფრების კონკრეტულ მაჩვენებლებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების ანალიზს მოიცავს.
რაზე კეთდება განსაკუთრებული აქცენტი?
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ტრანსატლანტიკური და ევროპული ფესვები აქვს, თუმცა ის გლობალურ სამყაროს ასახავს. ფორუმის ხელმძღვანელები გეოგრაფიული არეალის გაფართოებასა და ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალურ ჩართულობას ცდილობენ. კონფერენციის უსაფრთხოების კონცეფცია მოიცავს არა მხოლოდ ტრადიციულ ნაციონალურ და საერთაშორისო საკითხებს, არამედ ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და უსაფრთხოების ზოგადსაკაცობრიო ასპექტებსაც.
ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების პოლიტიკა და ევროპული თავდაცვა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ამ ყველაფრის პარალელურად კი ფორუმზე უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების უფრო ფართო სპექტრი განიხილება.
რას ნიშნავს „თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა“ ?
ახალი ათასწლეულის დასაწყისიდან გლობალური უსაფრთხოების სფეროში სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება. თანამედროვე სამყარო სულ უფრო მრავალპოლარული ხდება, ამიტომაც მას სახელმწიფო ძალაუფლების პოლუსების ზრდა ახასიათებს. მისთვის ასევე ჩვეულებრივი მოვლენაა არასახელმწიფოებრივი სამხედრო დაჯგუფებების სიმრავლე და მყიფე სახელმწიფოებრივი წყობა. სწორედ ამ მოვლენებმა ინტენსიური დებატების აქტუალობა განაპირობა. შესაბამისად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასა თუ მის მსგავს შეხვედრებზე გლობალური უსაფრთხოების ახლანდელი და მომავლის არქიტექტურა განიხილება.
ამ კონტექსტში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ტრადიციული მიმართულება დღეს ისეა აქტუალური, როგორც არასდროს. ეს კონცეფცია თავდაცვის სფეროში ევროპული ქვეყნების თანამშრომლობასა და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას მოიცავს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ზემოთ ხსენებული საკითხების გარდა ეხება ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიც არის ბირთვულ და ჩვეულებრივ იარაღზე კონტროლი, ბრძოლა ტერორიზმთან, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული, სადაზვერვო თანამშრომლობა და სტრატეგიული პროგნოზები.
ვინ და როდის დააარსა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია?
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, ყოველ წელს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში ტარდება. პირველად მსგავსი ფორუმი 1963 წელს, ევალდ-ჰაინრიჰ ფონ კლაისტ-შმენცინის ინიციატივით გაიმართა. ეს უკანასკნელი კონფერენციას 1997 წლამდე ხელმძღვანელობდა. 1999-2008 წლებში ფორუმის მმართველი ჰორსტ ტელჩიკი იყო. სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს ჩაერთნენ კონფერენციაში პოლიტიკის, თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლები შუა და აღმოსავლეთ ევროპიდან, ასევე, ინდოეთიდან, იაპონიიდან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან. 2009 წლიდან კი ფორუმს ყოფილი დიპლომატი ვოლფგანგ იშინგერი მართავს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სლოგანია „მშვიდობა დიალოგის საშუალებით!“