13 აპრილი 2020 - 13:24

სად და როგორ მოვიძიო სანდო სამედიცინო ინფორმაცია პანდემიის დროს? ინსტრუქცია

ფოტო: Shutterstock.com

ხარისხიანი სამედიცინო ინფორმაციის მოძიება ნებისმიერ სიტუაციაში ძალიან კარგი უნარია. თუმცა დღეს, როდესაც ირგვლივ ამდენი საგანგაშო ახალი ამბავი ირევა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სამედიცინო გადაწყვეტილება არსებული სამეცნიერო კვლევებიდან საუკეთესოს, ექიმის გამოცდილებასა და პაციენტის ღირებულებას  უნდა ეფუძნებოდეს. ამასთანავე, როდესაც ადამიანი კარგად არის ინფორმირებული, ეს მას ეხმარება, ჯანმრთელი იყოს.

სად ვეძებო სამედიცინო ინფორმაცია ახალ კორონავირუსზე? 

ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებულ ყველა მიმართულებაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს. ამიტომაც სწორედ აქ არის ყველა სასარგებლო და აქტუალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი, როგორ უნდა მოემზადონ ქვეყნები ეპიდემიისა თუ პანდემიისთვის და როგორ უნდა წარიმართოს მკურნალობის კურსი.

ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებული ყველა სამედიცინო რეკომენდაციის ხილვა აქ შეგიძლიათ.

ეცადეთ, ინფორმაცია ინგლისურ ენაზე მოიძიოთ 

მსოფლიო სამედიცინო ენა ინგლისურია. საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციები სწორედ ამ ენაზე აქვეყნებენ თავიანთ რეკომენდაციებს, მოწინავე სამეცნიერო ჟურნალებიც მდიდარია ინგლისურენოვანი სტატიებით. გარდა ამისა, პაციენტების განათლება ინგლისურენოვან ქვეყნებში საკმაოდ მაღალია, ამიტომ სამედიცინო თემებზე ბევრი შესანიშნავი ვებგვერდი არსებობს. 
 
საბედნიეროდ, დღეს არ არის ინგლისურენოვანი სტატიების წაკითხვის პრობლემა, რადგან ამისთვის ონლაინ-ლექსიკონებიც საკმარისია. მაგალითად, Google translate-ს მთელი გვერდის თარგმნა შეუძლია.

არ გამოიყენოთ ჩვეულებრივი საძიებო სისტემა 

ამერიკული ვებგვერდი MedlinePlus-ი საშუალებას გაძლევთ თქვენთვის საინტერესო მიმართულებით იპოვოთ ის სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც ხარისხიან ვებგვერდებზეა განთავსებული. მათ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით არჩევენ. თუმცა ძირითადი მოთხოვნებია: 


-    უნდა იყოს ცნობილი ვინ და რა ფულით შექმნა ვებგვერდი. თუ ეს მითითებული არ არის, დიდია ალბათობა, რომ ავტორები ინტერესთა კონფლიქტს მალავენ. 
-    ვებგვერდის მთავარი მიზანი უნდა იყოს საგანმანათლებლო ფუნქცია. თუ აქ სპეციალური დიეტისთვის საჭირო პროდუქტები იყიდება, ავტორების მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დგება. 
-    ინფორმაცია მუდმივად უნდა ახლდებოდეს და მითითებული უნდა იყოს ბოლოს როდის გადამოწმდა. სამედიცინო ინფორმაცია ხომ ძალიან სწრაფად იცვლება. მაგალითად, 2011 წელს დაწერილი სტატია C ჰეპატიტის შესახებ 2020-ში უკვე ძალიან მოძველებულია.


ნდობის ხარისხი იზრდება, როდესაც ინფორმაციის წყარო არის მითითებული. როგორც წესი, ეს მინიშნება მთელ ტექსტშია მოცემული ან ჩამონათვალი მასალის ბოლოშია.  


ზოგიერთ ვებგვერდზე დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია Health on the Net (HON)-ის ნიშანს შეხვდებით. ეს დაწესებულება 1996 წლიდან ფუნქციონირებს. მის ნიშანს იღებენ ის ვებგვერდები, რომლებმაც სერტიფიცირება გაიარეს. ეს არ ნიშნავს, რომ მისი კრიტერიუმები ძალიან საიმედოა, მაგრამ HON -ი ზემოთ ჩამოთვლილ ძირითად პრინციპებს ვებგვერდის შეფასებისას ნამდვილად ითვალისწინებს.   


როგორი სამედიცინო ინფორმაციაც არ უნდა გაინტერესებდეთ, ყოველთვის ჯობს გამოიყენოთ არა ჩვეულებრივი საძიებო სისტემა, არამედ კონკრეტული ვებგვერდები. ასე უფრო მაღალია ალბათობა, რომ საიმედო ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიიღებთ. უფრო მეტიც, უმჯობესია ერთდროულად რამდენიმე წყარო გამოიყენოთ, რადგან ზოგიერთი მათგანი ინფორმაციას უფრო სწრაფად აახლებს, რადგან შეცდომა გამორიცხული არასდროს არის.

ენდეთ ჯანსაღ აზრს

კრიტერიუმები ყოველთვის შეიძლება სუბიექტური იყოს. მაგალითად, თუ გრძნობთ, რომ სტატიის ავტორი მკურნალობის გარკვეულ მეთოდს ძალიან აქებს და სავარაუდო ხარვეზებზე დუმს, მაშინ ეს ცუდის ნიშანია. აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას მსგავს სიტუაციაში გასარკვევად ასეთი მიდგომა აქვს: თუ რამე სიმართლის კვალობაზე ძალიან კარგად ჟღერს, დიდი ალბათობით, ეს ტყუილია. 


სპეციალისტები გვირჩევენ გარკვეულ სამედიცინო ვებგვერდებს, რომლებიც აუცილებელ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ:


•    MedlinePlus.gov
•    NHS.uk (დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ვებგვერდი)
•    UpToDate.com. ამ ვებგვერდს აქვს პაციენტებისთვის უფასო ვერსია (Beyond the Basics), ასევე ფასიანი მომსახურება როგორც ექიმებისთვის, ისე პაციენტებისთვის (The Basics — მარტივი ენით დაწერილი ძალიან მოკლე ტექსტები). 


დღეისათვის MedlinePlus-სა და NHS-ის ვებგვერდს აქვს სპეციალური მასალები ახალ კორონავირუსულ ინფექციაზე. UpToDate-მა კი ექიმებისთვის განკუთვნილ სტატიაზე საყოველთაო წვდომა დაუშვა.

თუ პასუხებს ვერ პოულობთ, ექიმებისთვის განკუთვნილი რესურსები გამოიყენეთ. თუმცა ფრთხილად იყავით!

ექიმებისთვის განკუთვნილ ვებგვერდებზე გაცილებით მეტი ინფორმაციაა, მაგრამ ისინი ბევრად რთული ენით არის დაწერილი. UpToDate-ის გარდა სამედიცინო პერსონალში დიდი პოპულარობით სარგებლობს Medscape-ი. ის უფასოა, თუმცა შეიძლება რეგისტრაცია მოგთხოვოთ. აქ ხელმისაწვდომია არა მარტო სხვადასხვა დაავადებასა თუ წამალზე არსებული ინფორმაცია, არამედ სიახლეები და სამეცნიერო სტატიები. 


თუმცა სამეცნიერო სტატიები უმჯობესია PubMed-ზე ეძებოთ. ამ ვებგვერდის მეშვეობით თქვენ გექნებათ წვდომა მედიცინისა და ბიოლოგიის სფეროში დაწერილ ყველა იმ სტატიაზე, რომლებიც რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალებში იბეჭდება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ამ მასალებს გამოქვეყნებამდე სხვა მეცნიერები ამოწმებენ. 


თუმცა ასეთი შემოწმებაც კი არ არის გარანტია, რომ სტატია ძალიან სანდოა. გახსოვდეთ, რომ მედიცინაში უკიდურესად იშვიათია შემთხვევა, როდესაც საკითხს მხოლოდ ერთი კვლევა წყვეტს: ჩვეულებრივ, გადაწყვეტილებები მიიღება რამდენიმე ან მთელი რიგი ექსპერიმენტის საფუძველზე. ამიტომაც ერთი სტატია შეიძლება უფრო ინფორმაციის გაანალიზებისთვის იყოს გამოსადეგი, ვიდრე მოქმედების სახელმძღვანელოდ. 


სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ იპოვოთ ნებისმიერი პოზიციის დამადასტურებელი სამეცნიერო სტატია, ამიტომაც ნაშრომის ხარისხის სწორი შეფასება აუცილებელია. ეს კი ცალკე უნარია, რომლის განვითარებაც ვებგვერდ Understanding Health Research -ის მეშვეობით უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ. 

რომელ ქართულენოვან წყაროს უნდა ენდოთ?

სპეციალურად კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში შეიქმნა ვებ გვერდი,  სადაც კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციიაა თავმოყრლი. აქვეა ინფორმაცია ფონდის შესახებ, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოველად შეიქმნა. 

სხვა თემები