16 აპრილი 2020 - 20:56

საიდან მოდის სააღდგომო კვერცხის შეღებვის ტრადიცია?

ფოტო: Shutterstock.com

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წითელი კვერცხის გარეშე წარმოუდგენელია. ის პასკასთან ერთად სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ნაწილია. ამიტომაც მართლმადიდებელი ქრისტიანები ვნების კვირის დიდ პარასკევს (მაცხოვრის ჯვარცმის დღეს) კვერცხს წითლად ღებავენ. რისი სიმბოლოა კვერცხი და რატომ მაინცდამაინც წითელი? საიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია? რა თეორიები არსებობს მასთან დაკავშირებით?

იმპერატორი შეცდა? 

კითხვაზე, თუ რატომ ღებავენ კვერცხს სააღდგომოდ წითლად, ცალსახა პასუხი არ არსებობს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ეს ტრადიცია მარიამ მაგდალინელთან არის დაკავშირებული. გადმოცემის თანახმად, მან გადაწყვიტა, ქრისტეს აღდგომის სასიხარულო ამბავი იმპერატორ ტიბერიუსისთვის ეცნობებინა. მმართველთან ძღვენის გარეშე მისვლა არ შეიძლებოდა, ამიტომაც ქალმა მას სიმბოლური საჩუქარი - ქათმის კვერცხი მიართვა და ახარა: ქრისტე აღდგა! მარიამ მაგდალინელის სიტყვებზე იმპერატორმა თქვა: „ეს ისევე შეუძლებელია, როგორც ამ თეთრი კვერცხების გაწითლება“. ტიბერიუსს სათქმელი დასრულებული არ ჰქონდა, კვერცხმა წითელი შეფერილობა მიიღო. 


მარიამ მაგდალინელსა და წითელი კვერცხის ტრადიციას კიდევ ერთი თქმულება უკავშირდება. ამ ვერსიის მიხედვით, ქალი ქრისტეს ჯვარცმიდან სამი დღის შემდეგ მის საფლავთან მივიდა. მარიამ მაგდალინელს თან ჰქონდა მოხარშული კვერცხებით სავსე კალათა, რათა მაცხოვრის ჯვარცმის მგლოვიარე ქალები დაეპურებინა. როდესაც ის მივიდა საფლავთან, აკლდამა ღია და ცარიელი დახვდა, კალათაში არსებული კვერცხები კი გაწითლდა.

მარიამ ღვთისმშობელი და წითელი კვერცხის ტრადიცია

ზოგიერთი დასავლეთევროპული ლეგენდის მიხედვით, წითელი კვერცხის ტრადიცია არა მარიამ მაგდალინელს, არამედ მარიამ ღვთისმშობელს უკავშირდება. ამ თქმულების თანახმად, ის წითელ პარასკევს შვილის ჯვარცმას ესწრებოდა. მას თან ჰქონდა კვერცხები. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ღვთისმშობელი ჯარისკაცებს ევედრებოდა, მის ძეს ნაკლები სისასტიკით მოპყრობოდნენ. ის კვერცხებს აწვდიდა მცველებს და როდესაც კვერცხზე ღვთისმშობლის ცრემლები ეცემოდა, ის წითლდებოდა.

მაცხოვრის საფლავი?

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ქრისტიანულ ტრადიციაში სააღდგომო კვერცხი ქრისტეს საფლავს განასახიერებს. მართალია, ის გარედან უსულოა, თუმცა ატარებს ახალ სიცოცხლეს, რომელიც მისგან იბადება. წითელი ფერი კი ჯვარცმული იესო ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლის სიმბოლოა.

კვერცხი წარმართული საგაზაფხულო დღესასწაულის სიმბოლოც იყო?

დიახ, კვერცხი წარმართულ და საგაზაფხულო დღესასწაულებსაც უკავშირდებოდა. ის ზამთრის დასრულების შემდეგ ახალი სიცოცხლის დაბადების სიმბოლო იყო. კვერცხს სხვადასხვა ფრად ღებავდნენ და ერთმანეთს ჩუქნიდნენ. კვერცხის შეღებვის ტრადიცია ქრისტიანებშიც სწორედ გაზაფხულზე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დამკვიდრდა.

კვერცხი მესოპოტამიური ტრადიციაა?

ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ჯერ კიდევ მესოპოტამიაში ადრეული ქრისტიანები კვერცხს წითლად ღებავდნენ. ეს მათთვის მაცხოვრის მიერ დაღვრილი სისხლის სიმბოლო  იყო. ამავე მოსაზრების მიხედვით, სავარაუდოდ, ეკლესიამ სწორედ აქედან აიღო ეს ტრადიცია, რომელიც დღემდე გრძელდება.

და სამეფო ოჯახი რა შუაშია? 

სააღდგომო კვერცხის შეღებვის ტრადიციად დამკვიდრებაში, შესაძლოა, თავისი წვლილი ინგლისის მეფემ ედუარდ პირველმაც შეიტანა. მან მე-13 საუკუნეში ბრძანა, 450 კვერცხი ოქროსფრად შეეღებათ და ისინი სააღდგომო საჩუქრის სახით სამეფო ოჯახის წევრებისთვის მიერთმიათ.

სხვა თემები