20 აპრილი 2020 - 11:32

თვითიზოლაციამ ბევრი ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. როგორ გადავლახოთ ეს პრობლემა?

ფოტო: Shutterstock.com

ყველას გვახსოვს ხუმრობა იმაზე, რომ პანდემიის შემდეგ ბევრი ოჯახი დაინგრევა. ხუმრობა ხუმრობაა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩინეთში განქორწინებების რიცხვმა იმატა. Financial Times-ის მონაცემებით, მარტის დასაწყისიდან ჩინეთის 10 დიდი ქალაქი ამ მიმართულებით არსებული სტატისტიკის ზრდაზე ალაპარაკდა. საინტერესოა, რა რეკომენდაციებს იძლევიან ფსიქოლოგები, რათა ოთხ კედელს შორის გამომწყვდეული სასიყვარულო ურთიერთობა შევინარჩუნოთ?

კამათზე მორატორიუმი გამოაცხადეთ 

ფსიქოლოგების შეფასებით, ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სახლში იძულებით ყოფნა, ფაქტობრივად, საგანგებო და საომარ მდგომარეობას ნიშნავს. ამიტომაც ამ დროს წყვილმა საკუთარი ურთიერთობის ნებისმიერი ფორმით განხილვა სამომავლოდ უნდა გადადოს. ფსიქოლოგების თქმით, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი თვითიზოლაცია უცნობია, ამიტომაც კარის მიჯახუნების დრო ახლა ნამდვილად არ არის. სტრესისა და გაურკვევლობის პირობებში სიმართლის დადგენა ხომ ისედაც შეუძლებელია. ამიტომაც ფსიქოლოგები წყვილებს ურჩევენ, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, თითქოს ეს ესაა ომიდან დაბრუნდნენ.

იპოვეთ თქვენი კუთხე

მოცემულ სიტუაციაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა მთელი დღის განმავლობაში ერთად ყოფნაა. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ურთიერთობა შეხვედრებისა და განშორებებისგან შედგება, უმჯობესია, თუ ახლაც იმავე რიტმს შეინარჩუნებთ. ფსიქოლოგების განმარტებით, ერთოთახიან ბინაშიც კი უნდა იპოვოთ საკუთარი კუთხე, რომელსაც დანარჩენი ტერიტორიისგან შირმით გადატიხრავთ, დადგამთ ტახტს და ყვავილებით მორთავთ. ეს ის ადგილია, სადაც პარტნიორები ცალ-ცალკე განთავსდებიან, მათთვის საინტერესო საქმით დაკავდებიან და პრობლემებს ერთმანეთს არ მოახვევენ თავს. აღნიშნული განცალკევება დაძაბულობას შეასუსტებს და კონფლიქტებს თავიდან აგარიდებთ.

სპორტით დაკავდით 

თვითიზოლაციაში ყოფნის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი ძალისხმევა ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისკენ მიმართოთ. ფსიქოლოგების თქმით, ეს არამხოლოდ ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი. ჰიპოდინამია დამანგრევლად მოქმედებს არა მარტო თქვენს ჯანმრთელობაზე, არამედ თქვენს პირად ურთიერთობაზეც. ფსიქოლოგების მტკიცებით, სპორტისთვის დათმობილი დღეში თითო საათი სტრესის დონეს ამცირებს. სპეციალისტების განმარტებით, თუ თქვენ ჩვეულებრივი ცხოვრების დროს სპორტულ დარბაზებს გვერდს უვლიდით, ახლა უკვე დროა ივარჯიშოთ, რადგან საგანგებო სიტუაციაში იმყოფებით.

თქვენს გარეგნობას ყურადღება მიაქციეთ

თავს მოუარეთ იმავე რეჟიმში, როგორც ამას თვითიზოლაციამდე აკეთებდით. თუ დეკორატიული კოსმეტიკის აქტიური მომხმარებელი იყავით, სტილი დღესაც შეინარჩუნეთ. ფსიქოლოგების განმარტებით, თქვენი მოუვლელი ვიზუალი შეიძლება დაძაბულობის მიზეზი გახდეს. ამან, შესაძლოა, გააღიზიანოს არა მხოლოდ თქვენი პარტნიორი (რაც სავსებით ლოგიკურია), არამედ განწყობა თავად თქვენც გაგიფუჭოთ. ამიტომაც მოუარეთ საკუთარ თავს იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ამას ჩვეულებრივ სიტუაციაში აკეთებდით./

დაიცავით ემოციური ჰიგიენა 

ეს უკვე ეხება არა თქვენს გარეგნობას, არამედ ინტერესებსა და გატაცებებს. თუ თქვენ მძიმე როკს უსმენთ, თვითიზოლაციის პირობებში უმჯობესია, უპირატესობა რამე უფრო ემოციურად ნეიტრალურ და პოზიტიური კონტენტის მატარებელ კომპოზიციებს მიანიჭოთ. ფსიქოლოგების განმარტებით, თვითიზოლაციაში მძიმე ჟანრის მუსიკასა და ფილმებს შეიძლება დამთრგუნველი ეფექტი ჰქონდეთ, მიუხედავადა იმისა, რომ ჩვეულებრივ სიტუაციაში საშინელებათა ფილმებს სრულიად უპრობლემოდ უყურებდით.

დღის განრიგი დაიცავით 

სახლში 24/7-ზე ყოფნისას თქვენ კარგავთ დროის სტრუქტურას, რომელიც ადრე გქონდათ. აქ საუბარია ერთსა და იმავე დროს ადგომაზე, სამსახურში ან უნივერსიტეტში წასვლაზე და სხვ. ახლა უკვე უნდა შეადგინოთ ახალი განრიგი, რომელიც პარტნიორის დღის წესრიგს მეტ-ნაკლებად უნდა ემთხვეოდეს. ეს შეიძლება სასიამოვნო პროცესი არ არის, მაგრამ აუცილებელი წესია, რომ თქვენ ერთსა და იმავე დროს ადგეთ, ისადილოთ და ივახშმოთ ერთად. ფსიქოლოგების თქმით, ეს თვითიზოლაციის პერიოდის ეფექტიანად გამოყენებაში დაგეხმარებათ. ამისათვის კი თქვენ ძალიან მდიდარი ონლაინ რესურსები გაქვთ. სპეციალისტების განმარტებით, თუ საკუთარი მუშაობის შედეგით კმაყოფილი იქნებით, ეს განცდა პირადი ურთიერთობის დარეგულირებაშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

მაინც არაფერი გეშველათ?

თუ მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ურთიერთობა მაინც დაგეძაბათ, ფსიქოლოგები სხვების დახმარებას გირჩევენ. მთავარია, ეს ყველაფერი ერთად აკეთოთ. სპეციალისტების რეკომენდაციით, შეგიძლიათ რამე სასარგებლო გააკეთოთ მეზობლებისთვის, ნათესავების ან საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ თუ ამას თქვენს პარტნიორთან ერთად გააკეთებთ, ეს თქვენს ურთიერთობას გაცილებით გაამყარებს, ვიდრე საერთო ვახშამი ან სერიალების ერთად ყურება.

სხვა თემები