21 ივლისი 2020 - 11:38

როდის, როგორ და რატომ უნდა ისაუბროთ ბავშვთან სექსზე

ფოტო: Shutterstock.com

ბავშვთა განვითარების ექსპერტები, მათ შორის პედიატრები და ფსიქოლოგები, სექსუალურ განათლებას ძალზე მნიშვნელოვნად თვლიან. თუმცა ამ თემაზე საუბარი ჩვენს კულტურაში არც თუ ისე ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს ხელს უშლის როგორც ზრდასრულ პარტნიორებს შორის კომუნიკაციას, ასევე მშობელსა და შვილს შორის გარკვეულ ემოციურ ბარიერს ქმნის.

რაში ჭირდება ბავშვს ამ თემაზე საუბარი? 

ბავშვს, რომელიც მშობლებისგან თავისი სექსუალობის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ იღებს, შეუძლია საკუთარ თავს უნებურად ზიანი მიაყენოს. მაგალითად, სასქესო ორგანოს ჰიგიენის წესების დაუცველობამ, შესაძლოა, ქავილი და აღნიშნული მიდამოების გაღიზიანება გამოიწვიოს. მან მასტურბირების გარკვეული წესებიც უნდა იცოდეს, რათა საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენოს. ასე რომ, სექსუალური განათლება არა მხოლოდ ცოდნისა და მშობლებისადმი ნდობის საკითხია, არამედ ბავშვის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფაქტორია.

არის თუ არა მართებული, ადრეული ასაკიდან ბავშვთან სექსზე საუბარი?

დიახ. პირველი საუბრის დაწყებამდე, ბავშვმა მშვიდად და უფროსების განსჯის გარეშე თავისი სხეულის შესწავლა უნდა შეძლოს. მან საკუთარ ორგანიზმზე უნდა იცოდეს ყველაფერი, მათ შორის ის, რაც მუცელსა და მუხლებს შორის არის. ამ თემაზე საუბრის დაწყება სამ წლის ბავშვთანაც შეგიძლიათ. მან უნდა იცოდეს, რომ სხვადასხვა სქესის ადამიანები არსებობენ, რომ თითოეული მათგანის სხეული განსხვავებული და თავისებურად ლამაზია. ბავშვთან ერთად შეგიძლიათ წიგნებში მოცემული ლამაზი სურათები დაათვალიეროთ. სხვა ქვეყნების მაგალითმა აჩვენა, რომ ადრეულ ასაკში ამ თემაზე საუბრის დაწყება ნორმალურია, თუმცა საამისოდ გარკვეული ფორმები არსებობს.

პირველ რიგში, თემის წამოსაწევად იპოვეთ მიზეზი!

ნებისმიერ პროფესიონალზე, ფსიქოლოგზე ან მასწავლებელზე უკეთ თქვენს შვილს თავად იცნობთ. ოფიციალური ასაკის გარდა, თითოეულ ადამიანს ფსიქიკური და ემოციური ასაკი აქვს. სექსუალური განათლების ფარგლებში გარკვეული ინფორმაციის მიწოდებისას, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ თქვენი შვილის პიროვნული თავისებურებები და აღქმის უნარი. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ძირითადად ბავშვის კითხვებს დაეყრდენით. 


თუ გგონიათ, რომ ამ თემაზე სასაუბროდ ბავშვი ჯერ კიდევ არ არის მზად, ესეც სავსებით ნორმალურია. ზოგი ბავშვი თავისი სხეულითა და მისი სტრუქტურით სამი წლის ასაკში ინტერესდება, სხვა კი საკუთარი სექსუალობისადმი მოზარდობის პერიოდამდე გულგრილია. მთავარია, შეთანხმდეთ, რომ როდესაც საამისო ინტერესი და სურვილი გაჩნდება, თქვენ მის გვერდით იქნებით და მის ყველა შეკითხვას უპასუხებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, სექსზე საუბარი  ყველა ბავშვთან ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ამისთვის ზუსტად უნდა შეარჩიოთ, ამა თუ იმ ინფორმაციას რა ეტაპზე რა ფორმით მიაწვდით.

აუხსენით ბავშვს, რატომ გვაცვია ტანსაცმელი? 

მნიშვნელოვანია ბავშვს ავუხსნათ, რომ სხეულს სხვადასხვა მიზეზით ვფარავთ. ეს შეიძლება განპირობებული იყოს როგორც კულტურული და ჰიგიენური, ისე უსაფრთხოებისა და კომფორტის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ სხეულის ინტიმური ნაწილები მხოლოდ საცვლებით დაფარული ადგილები არ არის. ადამიანის ორგანიზმი მთლიანობაში ხელშეუვალია და ნებისმიერი ადამიანი მასთან შემხებლობის საზღვრებს თავად ადგენს. 


ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ესმოდეს: ოჯახის წევრების გარდა, სხვა ადამიანების გარემოცვაში ხალვათად სიარული მიღებული არ არის. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ბავშვის ინდივიდუალურ თვისებებზეა დამოკიდებული. ამიტომაც ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვს, რომელსაც სოციალური კონტექსტის განსხვავება უჭირს, ძალიან მნიშვნელოვანია, სახლში ყველამ ტანსაცმლით იაროს. ასე დაბნეულობასა და გაუგებრობას თავიდან აიცილებთ.

ფიზიკური და ემოციური ცვლილებებისადმი ბავშვი წინასწარ მოამზადეთ! 

მომავალი ცვლილებებისთვის ბავშვის მომზადებას ზოგიერთი ექსპერტი ამ პერიოდის დადგომამდე 5 წლით ადრე გვთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ექვსი-შვიდი წლის გოგოსთან მის მომავალ მენსტრუაციაზე საუბარი უკვე შესაძლებელია ან ამავე ასაკის ბიჭს შეგიძლიათ აუხსნათ, თუ როგორ წარმოიქმნება სპონტანური ერექცია და რატომ არის ეს სრულიად ნორმალური. 


თუ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე წინასწარ ისაუბრებს, მაშინ მშობელიც უკეთ მომზადებული იქნება. უმრავლეს შემთხვევაში, გარდატეხის ასაკი მოულოდნელად დგება არა მარტო ბავშვისთვის, არამედ - მშობლისთვისაც. ასე რომ, პირველი პოლუცია ან მენსტრუაცია შეიძლება ორივე მათგანისთვის ერთნაირად შოკისმომგვრელი იყოს.


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გარდატეხის ასაკისთვის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მომზადება. მათ ინფორმაციის გასათავისებლად მეტი დრო სჭირდებათ. ამ შემთხვევაში გარკვეული ჩვევების გამოსამუშავებლადაც განმეორებითი რეპეტიციებია საჭირო (მაგალითად, მენსტრუაციის დროს საფენების მოხმარება ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერექციის შემთხვევაში პენისის ზურგჩანთით დაფარვა). რაც უფრო მეტი დრო გექნებათ, მით უფრო თავდაჯერებული იქნება როგორც მშობელი, ისე - ბავშვი, როდესაც ამ უნარების პრაქტიკული გამოყენება მოუწევთ.

ყველაფერს თავისი სახელი დაარქვით! 

2010 წლის სექსუალური განათლების ევროპული სტანდარტებისა და იუნესკოს სექსუალური განათლების საერთაშორისო ტექნიკური სახელმძღვანელოს მიხედვით, აუცილებელია ისეთი მნიშვნელოვანი სიტყვების ხმარება, როგორიც არის პენისი, ვულვა, კლიტორი და სხვ. მათთვის ზედმეტსახელების შერქმევა სწორედ ამ თემაზე პირდაპირი საუბრისგან თავის არიდებაა. 


ბავშვებს, რომელთა მშობლებიც "პენისის" ან "ვაგინის" ხმამაღლა წარმოთქმისას არ წითლდებიან, თავისი სხეულის არ რცხვენიათ. ეს მიდგომა რეკომენდებულია იმიტომაც, რომ სექსუალური ძალადობის ერთგვარი პრევენციაც არის. ასეთ პირობებში გაზრდილმა ბავშვებმა იციან, თუ რა სახის შეხებაა მიუღებელი და სხვებისგან თავი როგორ უნდა დაიცვან.

თქვით სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა!

თქვენ შეგიძლიათ და უნდა ილაპარაკოთ ყველაფერზე! ბავშვებთან აკრძალული თემები უბრალოდ არ არსებობს. მას აქვს სრული უფლება, საკუთარ თავზე ყველაფერი იცოდეს იცოდეს და ყველა კითხვაზე გულწრფელი პასუხი მიიღოს. 
სექსუალურ თემებზე საუბრისას, ბავშვთან ბოლომდე გულწრფელი იყავით და ნუ დაუმალავთ სიმართლის იმ ნაწილს, რაც უხერხულობას გიქმნით. მაგალითად, ზოგიერთ მშობელს შეუძლია შვილს საკმაოდ დამაჯერებლად აუხსნას, როგორ გაჩნდა. თუმცა კითხვას „როგორ აღმოვჩნდი დაბადებამდე დედის ორგანიზმში“, იმავე მშობელმა, შესაძლოა, თავი აარიდოს. ამა თუ იმ მიზეზის გამო, თუ თქვენთვის საკუთარ თავზე საუბარი რთულია, შეგიძლიათ მას განზოგადებული ვერსია მიაწოდოთ.

არ მოგერიდოთ საპირისპირო სქესის ან სხვა გენდერული იდენტობის მქონე ბავშვთან საუბარი! 

ყველა ოჯახი განსხვავებულია. ზოგან შვილს დედა მარტო ზრდის და ამით თავს ბედნიერად გრძნობს. სადღაც მხოლოდ მამაა. ზოგიერთ ოჯახში ერთადერთი შვილი ჰყავთ, სხვაგან კი- ექვსი. სადღაც ნაშვილები ბავშვები იზრდებიან. ვიღაცას კი დისტანციური ქორწინება აქვს. არიან მშობლები ჰეტეროსექსუალები, ჰომოსექსუალები, ბისექსუალები და სხვ. 


დედას შეუძლია ერექციის შესახებ შვილს თავად მოუყვეს, ამისათვის მამა საჭირო სულაც არ არის. ანალოგიურად, მამასაც შეუძლია, თავისი გოგო მენსტრუალური ციკლისთვის ან პირველი სექსუალური გამოცდილებისთვის მოამზადოს. მაშინაც კი, თუ მშობელს ასეთი გამოცდილება არ აქვს, დღეს უკვე საკმარისი მასალა არსებობს იმისთვის, რომ საკუთარი ან საპირისპირო სქესის ანატომიის შესახებ ცოდნა გაიღრმავოს.

სხვა თემები