10 აგვისტო 2020 - 10:25

აფეთქება ბეირუთის პორტში. რა არის ამ დროისთვის ცნობილი? 

ფოტო: Shutterstock.com

4 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე ბეირუთის პორტში აფეთქება მოხდა. შემდეგ გაჩნდა ხანძარი, რასაც მცირე აფეთქებების სერია მოჰყვა და საბოლოოდ - მორიგი ძლიერი აფეთქება, რომელმაც დამანგრეველი ტალღა გამოიწვია. ეს არის ლიბანის დედაქალაქში მომხდარი მოვლენების ქრონოლოგია, რაც ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ექსპერტებმა აღადგინეს. აფეთქებამ რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რამ გამოიწვია ეს ტრაგედია და როგორია მისი შედეგები? Deutsche Welle-მ ძირითადი ფაქტები შეკრიბა.

როგორია კატასტროფის მასშტაბი?

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების ხმა მთელ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც ისმოდა. კერძოდ, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში, რომელიც ლიბანის დედაქალაქიდან 240 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სეისმოლოგების შეფასებით, აფეთქების ძალა 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრის ტოლფასი იყო. 


აფეთქების ეპიცენტრი ბეირუთის მთავარი სავაჭრო ქუჩისა და უამრავი გასართობი ადგილისგან არც თუ ისე შორს მდებარეობს. აფეთქებით გამოწვეულმა ძლიერმა ტალღამ მრავალი შენობა გაანადგურა და მიაღწია ბეირუთის აეროპორტამდეც კი, რომელიც პორტიდან 9 კილომეტრშია. შენობაში ფანჯრები ჩაილეწა. 


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, 5 აგვისტოს დილით, აფეთქების შედეგად სულ ცოტა, 100 ადამიანი დაიღუპა, 4000-ზე მეტს კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდა. თუმცა მოგვიანებით მონაცემები შეიცვალა. ლიბანის თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ დედაქალაქი კატასტროფის ზონად, 5 აგვისტო კი ლიბანში გლოვის დღედ გამოაცხადა.

რა ვითარებაა აფეთქების ადგილზე? 

ბეირუთის გუბერნატორ მარვან აბბუდის განცხადებით, აფეთქების ტალღით გამოწვეული ნგრევის შედეგად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ქალაქში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ადამიანები ნანგრევებიდან გამოჰყავთ. 


ღამით სამაშველო სამუშაოები ქალაქში ელექტროენერგიის უქონლობის გამო ვეღარ გაგრძელდა. დაუდასტურებელი მონაცემებით, ამ დროისთვის 100-მდე ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. ბეირუთის საავადმყოფოები, რომლებიც ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ისედაც გადატვირთული იყო, კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ სამედიცინო დაწესებულებებში აფეთქების შედეგად დაზარალებული ადამიანების მასობრივად გადაყვანა დაიწყეს. ”ეს არის კატასტროფა ამ სიტყვის ყველაზე პირდაპირი გაგებით”, - განაცხადა ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა ჰამად ჰასანმა.


ამავდროულად, ბევრმა ქვეყანამ ბეირუთს დახმარება შესთავაზა, მათ შორის იყო ისრაელი. ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე გალილეის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა მასად ბარჰუმმა აფეთქების შედეგად დაშავებულთა მისაღებად მზადყოფნა გამოთქვა, რაზეც მან უარი მიიღო. „მტრული სახელმწიფოსგან არანაირ დახმარებას არ ვიღებთ“, - განაცხადეს ლიბანში. სხვა ქვეყნებმა კი ბეირუთს საჭირო ტექნიკითა და აღჭურვილობით, ექსპერტებითა და  სამაშველო ძაღლებით დახმარება შესთავაზეს.

რამ გამოიწვია აფეთქება? 

ლიბანის პრემიერმინისტრმა ჰასან დიაბმა განაცხადა, რომ პორტში 2 750 ტონა კონფისკირებული ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა. ის 6 წლის განმავლობაში ნავსადგურის საწყობში სათანადო უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, საუბარია ტვირთზე, რომელიც საქართველოდან მოზამბიკისკენ მიმავალი გემით გადაჰქონდათ. თუ რატომ მოხდა ტვირთის კონფისკაცია, ამის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  


სხვა ვერსიით, ამონიუმის ნიტრატი, შესაძლოა, 2014 წელს მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ გემ Rhosus-ზე იყო კონფისკირებული. ხომალდის მფლობელი კვიპროსული კომპანია Teto Shipping-ია, მეპატრონე კი - რუსი ბიზნესმენი იგორ გრეჩუშკინი. მშრალი ტვირთი ოპერაციული წესების უხეში დარღვევების გამო დააკავეს. ლიბანის ტელეარხ LBCI-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ მოსაზრებას ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭო ემხრობა. 


ჰასან დიაბმა თანამემამულეებისადმი მიმართვის დროს პირობა დადო, რომ ამ კატასტროფაზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან. მან ტრაგედიის მიზეზები არ დაასახელა. იმავდროულად, ბეირუთის გუბერნატორმა მარვან აბბუდმა განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ქიმიური პროდუქტის არასათანადო შენახვის შესახებ ჯერ კიდევ 2014 წელს საუბრობდა. როგორც წესი, ყველა ქიმიური ნივთიერება უსაფრთხოების მკაცრი წესების დაცვით ინახება. ამ წესის თანახმად, მარილი ცეცხლთან ან სითბოს წყაროსთან ახლოს არ უნდა ინახებოდეს. ამონიუმის ნიტრატი კი არის უსუნო მარილი, რომელიც მშენებლობასა და სოფლის მეურნეობაში გამოიყენება, აგრეთვე ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამზადებლად იყენებენ.

რატომ გაჩნდა საწყობში ხანძარი?

რატომ აფეთქდა ამონიუმის ნიტრატი, ჯერჯერობით უცნობია. როდ-აილენდის უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორმა ჯიმი ოქსლეიმ AFP– ს განუცხადა, რომ ნორმალური შენახვის პირობებში და შესაბამის ტემპერატურაზე, ამონიუმის ნიტრატი ადვილად არ ალდება. მეცნიერი ვარაუდობს, რომ მოხდა აფეთქება, რამაც ამონიუმის ნიტრატის მარილების საშიში ქიმიური რეაქცია გამოიწვია. ექსპერტების აზრით, რომლებმაც ტრაგედიის ადგილიდან ვიდეო გააანალიზეს, პირველი აფეთქება და შემდგომი ხანძარი შეიძლება შედუღების აპარატის ან ანთებული საცეცხლე მოწყობილობის ნაპერწკალმა გამოიწვია. თავდაპირველად ლიბანის ხელისუფლება არ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ აფეთქება პორტში ვიღაცამ განზრახ ჩაიდინა. თუმცა ამ დროისთვის ქვეყნის პრეზიდენტი გარე ძალების ჩარევას არ გამორიცხავს.

სხვა თემები