19 აგვისტო 2020 - 11:36

რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის ტესტების შესახებ

ფოტო: Shutterstock.com

ბოლო დროს მთელ მსოფლიოში ჩნდება სულ უფრო მეტი ტესტი, რომლითაც ორგანიზმში SARS-CoV-2-ის  არსებობის დადგენაა შესაძლებელი. ივლისის ბოლოსთვის უკვე 270-ზე მეტი სახეობის ტესტი არსებობდა. ყველა მათგანი შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს. პირველი სწრაფ და PCR ტესტებს  მოიცავს. ორივე მათგანი ტესტირების მომენტში ადამიანის ორგანიზმში ვირუსის არსებობას ადგენს და მიუთითებს იმაზე, რომ ის შეიძლება ინფექციის პოტენციური წყარო იყოს. მეორე არის ტესტი ანტისხეულებზე, რომელიც განსაზღვრავს იყო თუ არა  წარსულში ესა თუ ის პირი ახალი კორონავირუსით ინფიცირებული. COVID-19-ის ტესტირების სხვადასხვა მეთოდთან დაკავშირებულ ყველა ძირითად კითხვაზე პასუხი Deutsche Welle-მ  მოიძია.

PCR ტესტი ინფექციის არსებობას მოცემულ მომენტში ადგენს

არის თუ არა ადამიანი ამჟამად ახალი კორონავირუსით დაავადებული და შეუძლია თუ არა მას სხვების ინფიცირება, ამის დადგენა ძირითადად PCR ტესტით ხდება. ის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდის გამოყენებით ტარდება. PCR-ის ალტერნატივა შეიძლება იყოს ტესტი, რომელიც დნმ-ის იზოთერმული ამპლიფიკაციის მეთოდს (ქრომოსომული დნმ-ის სექციების დამატებითი ასლების შექმნა) ეფუძნება. ეს უკანასკნელიც PCR ტესტის მსგავსად ფუნქციონირებს. 

ზემოთ ხსენებულ ორივე შემთხვევაში ბამბის ჩხირით ყელიდან ნერწყვის ან ფილტვებიდან ნახველის ნიმუშს იღებენ. ამის შემდეგ გენეტიკური მასალისგან ერთ გენს აცალკევებენ, ამრავლებენ და მისი ასლების რაოდენობას მრავალგზის ზრდიან. მომდევნო ეტაპზე კი გარკვეული ბიოქიმიური რეაქციით, რომელსაც აგაროზული ელექტროფორეზი ეწოდება, გენეტიკურ მასალაში ვირუსის არსებობა განისაზღვრება.

თუ ნიმუშში ვირუსი არ აღმოჩნდა, ეს ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ინფიცირებული არ არის. ვირუსის დადგენა სხეულის სხვა ნაწილებშიც არის შესაძლებელი. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში, რომელთაც COVID-19 უკვე გადაიტანეს, PCR ტესტი შეიძლება მოგვიანებით კვლავ პოზიტიური იყოს. ბერლინის კლინიკა Charite-ის ვირუსოლოგი ქრისტიან დროსტენი ამ მეთოდს  აკვარიუმში ოქროს თევზის ბადით დაჭერას ადარებს. თუ ბადე ცარიელია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აკვარიუმში თევზი არ არის.

ექსპრეს-ტესტი:15 წუთში შედეგი ცნობილია 

კორონავირუსის სწრაფი ტესტების რამდენიმე სახეობა არსებობს. ზოგიერთი მწარმოებლის მტკიცებით, ისინი სიმარტივით ორსულობის ტესტს ჰგავს, თუმცა ეს ასე სულაც არ არის. კორონავირუსის სწრაფი ტესტების უმრავლესობა მცირე პორტატულ მოწყობილობას საჭიროებს, რათა ნიმუში ვირუსის გამოსავლენად მომზადდეს. ამისათვის კი ფლუორესცენტული ფერმენტის იმუნოანეზის ჩატარებაა საჭირო. ასე რომ, სახლის პირობებში ამ ტესტის გაკეთება შეუძლებელია. 

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ექსპრეს-ტესტისთვის დამატებითი მოწყობილობები საჭირო არ არის, ისინი თავისუფალ ბაზარზე ჯერ კიდევ არ იყიდება. ამით აიხსნება ის, რომ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, SARS-CoV-2– ით ინფიცირების შემთხვევაში, აუცილებელია, მოქალაქემ ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალურ განყოფილებაში განაცხადოს. ასე რომ, სწრაფი ტესტის გაკეთება მხოლოდ ექიმის თანდასწრებით არის დაშვებული. 

ზოგადად, ისინი PCR მეთოდის გამოყენებით ტარდება - პაციენტის ყელიდან ბამბის ჩხირით ნერწყვის ნიმუშს იღებენ. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ სწრაფი ტესტის შედეგი 15 წუთშია ცნობილია. თუმცა ის ყოველთვის ზუსტი არ არის.

სწრაფი ტესტები გრიპის ტესტსაც მოიცავს. ამ შემთხვევაშიც პრინციპი იგივეა. თუმცა ისინი იმდენად ეფექტიანი არ არის და ვირუსის მხოლოდ ყოველი მეორე მატარებლის იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა.

ტესტი ანტისხეულებზე წარსულში გადატანილ ინფექციას ადგენს

სეროლოგიური ანალიზი სისხლში ანტისხეულების არსებობას განსაზღვრავს. მათ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში იმუნური სისტემა გამოიმუშავებს. სეროლოგიური ანალიზის ჩასატარებლად აუცილებელია სისხლის ნიმუშის აღება. მას შემდეგ ლაბორატორიული კვლევა უტარდება. ასევე არსებობს ანტისხეულების სწრაფი ტესტი, რომელიც იმავე პრინციპით კეთდება, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ექიმის თანდასწრებით. 

სეროლოგიური ანალიზის დროს პაციენტის სისხლის წვეთს იღებენ, სპეციალურ კონტეინერში ათავსებენ და რეაგენტს ურევენ. თუ ნიმუში სხვა ფრად შეიღება, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი უკვე ავად იყო და იმუნიტეტი განუვითარდა. თუმცა შედეგი ყოველთვის ზუსტი არ არის. ტესტის შემქმნელები იმასაც ამბობენ, რომ მათ, ვისაც დადებითი პასუხი დაუფიქსირდა, შესაძლოა, სხვა კორონავირუსული ინფექცია გადაიტანეს და არა COVID-19.

ვის უნდა ჩაუტარდეს ტესტი? 

ტესტები, რომლებიც მოცემულ მომენტში ვირუსის გამოსავლენად ტარდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ხელს უწყობენ ინფექციის ჯაჭვის დადგენას, ვირუსის მატარებელთან კონტაქტის მქონე პირების მოძიებას, მათ კარანტინში განთავსებასა და ინფექციის გავრცელების არეალის შეზღუდვას.

უპირველეს ყოვლისა, სეროლოგიური ტესტები ეპიდემიოლოგებისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს შესაძლებელს ხდის დაადგინდეს, რამდენმა ადამიანმა გადაიტანა უკვე ვირუსი უსიმპტომოდ და პოპულაციური იმუნიტეტი როდის შეიძლება ჩამოყალიბდეს.

ყოველივე ზემოთქმული პოლიტიკოსებს ეხმარება პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვები სწორად შეარბილონ. გარდა ამისა, ამ ტესტების საშუალებით შესაძლებელია იმის გაგებაც, თუ რამდენად ეფექტიანია ვაქცინა.

ტესტირების მიმართულებით რა სტრატეგია აქვს სხვადასხვა ქვეყანას? 

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის ტესტებისადმი განსხვავებული მიდგომაა. ეს დამოკიდებულია ტესტებისა და ლაბორატორიების ხელმისაწვდომობაზე, ჯანდაცვის სისტემის რესურსებსა და ეპიდემიის საფრთხისადმი თავდაპირველ მიდგომაზე


მაგალითად, სამხრეთ კორეამ, რომელმაც 2002 წელს SARS-ის ეპიდემია გადაიტანა, სისტემატურად და სიმპტომების არსებობა-არ არსებობის მიუხედავად, ახალ კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება ჩაატარა. ეს ხდებოდა იმ პერიოდშიც კი, როდესაც COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა შედარებით დაბალი იყო.

გერმანიაში, მისი მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის გათვალისწინებით, ტესტირება მასობრივად ტარდება. თუმცა უპირველეს ყოვლისა, ეს ეხებათ იმ ადამიანებს, ვისაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდა ან ესა თუ ის სიმპტომი აქვს.

1-ლი აგვისტოდან, გერმანიის ყველა მცხოვრებს, რომელიც საზღვარგარეთიდან სახლში ბრუნდება, 72 საათის განმავლობაში ახალ კორონავირუსულ ინფექციაზე ტესტის ჩატარება შეუძლია იმ შემთხვევაშიც კი, თუ საამისოდ არანაირ სიმპტომი არ აქვს. ანალიზი შეიძლება გაკეთდეს აეროპორტებში, მატარებლის სადგურებსა და კერძო სამედიცინო პრაქტიკის პირობებში. ხარჯებს (მათ შორის, განმეორებითი ტესტის საჭიროების შემთხვევაში) სახელმწიფო დაფარავს. 


სხვა ქვეყნები, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე, მასობრივ ტესტირებას ახლა ნერგავენ. აფრიკის ქვეყნებში კი ტესტირება საერთოდ არ ტარდება.

სხვა თემები