14 ნოემბერი 2020 - 15:10

რა არის ფიზიოთერაპია და საჭიროა თუ არა ის COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების შემდეგ

ფოტო: shutterstock.com

საბჭოთა პერიოდში სანატორიუმებსა და პოლიკლინიკებში მკურნალობის პოპულარული მეთოდი იყო მინერალური წყლები, ცხელი პარაფინი, მაგნიტი, მარილები და სხვ. ფიზიოთერაპიის ამ ფორმას მხარდაჭერა სახელმწიფო დონეზე ჰქონდა, ექიმებi მას ხშირად ნიშნავდნენ და "მკურნალობის"  ეს მეთოდი უბრალო ადამიანებს დასვენების საშუალებას აძლევდა. მე -20 საუკუნის მეორე ნახევარში დასავლეთში გამოჩნდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა, რომლის ფარგლებშიც ზემოთ ხსნებული მეთოდები მაღალი დონის სამეცნიერო კვლევებში გამოსცადეს და მათი ეფექტიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ იპოვეს. ამიტომაც მსოფლიომ ამგვარ პრაქტიკაზე უარი თქვა და დღეს უკვე ტერმინი "ფიზიოთერაპია" (ან "ფიზიკური თერაპია"- ეს ერთი და იგივეა) ნიშნავს სამედიცინო და სოციალურ დახმარებას იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ტრავმის, ამა თუ იმ დაავადების ან ასაკის გამო გადაადგილება ან სხვა ყოველდღიური ყოფითი ქმედების შესრულება არ ძალუძთ.

უფრო კონკრეტულად, რა არის ფიზიოთერაპია?

ფიზიკური თერაპია ხშირად სრულყოფილი რეაბილიტაციის მხოლოდ ნაწილია. ამ შემთხვევაში, სპეციალისტი მუშაობს არა მარტო, არამედ ნევროლოგთან, ერგოთერაპევტსა და ფსიქოლოგთან ერთად. ფიზიკური თერაპევტი პაციენტთან მისი მოძრაობის პრობლემებს განიხილავს, განსაზღვრავს იმ მიმართულებებს, რომელთა გამოსწორებაც შესაძლებელია, სასურველი შედეგის მისაღწევად კი კონკრეტულ მიზნებს ისახავს. ის ასევე ფიზიკური თერაპიის მეთოდებს ირჩევს, მკურნალობის გეგმას ადგენს, თავად მიჰყვება შემუშავებულ სტრატეგიას და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მის ეფექტიანობას აფასებს. ფიზიკური თერაპიის მიზანი ყველასთვის განსხვავებულია. ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია ისწავლოს, თუ როგორ ავიდეს მესამე სართულზე ფეხით, რადგან მის საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი არ არის, ზოგს ხელში ჭიქის დაჭერა არ შეუძლია, ვიღაცას კი საწოლიდან ეტლში დამოუკიდებლად გადასვლა.

რა მეთოდებს იყენებენ ფიზიოთერაპიაში?

სხვადასხვას. მაგალითად, კუნთებისთვის სიმტკიცისა და გამძლეობის მისაცემად რეკომენდებულია ისეთი კარგად ცნობილი ვარჯიშები, როგორიც არის სარბენ ბილიკზე სიარული და სიმძიმეების აწევა. ფიზიკურმა თერაპევტმა ამ ყველაფერს შეიძლება ფუნქციური მოძრაობები დაამატოს. ეს პაციენტის რეალური ქმედებების შესასრულებლად მომზადებას გულისხმობს (საწოლიდან წამოდგომა, ეტლიდან ავტომობილში გადასვლა). პროფესიონალს შეუძლია ვარჯიშის დროს დამხმარე საშუალებები გამოიყენოს. ეს შეიძლება იყოს ეტლი, ხელჯოხი, ყავარჯენი და სხვ. ის ასევე ასწავლის პაციენტს, თუ როგორ უნდა შეამციროს ტრავმის რისკი და შეინარჩუნოს რეგულარული ფიზიკური აქტივობა სახლში უსაფრთხოდ და ეფექტიანად. ზოგჯერ ფიზიკური თერაპია მასაჟსა და სხვა მანუალურ მეთოდებსაც მოიცავს, თუ დადასტურებულია, რომ ისინი კონკრეტული პრობლემის მოგვარების მიმართულებით ეფექტიანია.

რა პრობლემის არსებობის შემთხვევაში ინიშნება ფიზიოთერაპია?

ამის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. ფიზიკური თერაპია ინსულტის სარეაბილიტაციო პროგრამის ნაწილია. ის ასევე ინიშნება თავისა და ხერხემლის სერიოზული ტრავმის, ოპერაციის, პროთეზირებისა და ინფექციური დაავადებების შემდეგ. მაგალითად, როგორიც არის ენცეფალიტი ან COVID-19.

პირველად მესმის, რომ COVID-19-ის გადატანის შემდეგ ფიზიოთერაპიის კურსი უნდა დაინიშნოს. ეს ყველას ეხება? 

არა. თუმცა კორონავირუსული ინფექციის მძიმე ფორმით განვითარების შემთხვევაში, ადამიანს შეიძლება კუნთების სისუსტე და ფიზიკური დისბალანსი დაეწყოს. ფიზიკური ძალების აღდგენის მიზნით, პაციენტს სპეციალისტმა შეიძლება ადრეული აქტიური მობილიზაციის პროგრამა შესთავაზოს. ეს ვარჯიშები ფიზიკურ აქტივობას ზრდის და მათი შესრულება საწოლიდან წამოდგომის გარეშეც არის შესაძლებელი. პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ფიზიკური თერაპია შეიძლება ასევე მოიცავდეს ინტერვალურ, წამოჯდომით ვარჯიშებს, თუმცა გულისცემა და სისხლში ჟანგბადის დონე მუდმივად უნდა გაკონტროლდეს.

ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც პაციენტს საავადმყოფოდან გაწერენ? 

საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, აუცილებელია COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების რეაბილიტაცია რაც შეიძლება მალე დაიწყოს. ზოგჯერ ეს, შესაძლოა, პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებაშიც კი მოხდეს (თუ უკუჩვენება არ არსებობს). ამ დროს შინაგანი ორგანოები ვერტიკალურ მდგომარეობაში მუშაობას ეჩვევა და მეტია შანსი, რომ პაციენტმა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ნაკლები დრო გაატაროს. მოგვიანებით რეაბილიტაციის კურსი შეიძლება საავადმყოფოს პალატაში ან სარეაბილიტაციო ცენტრში გაგრძელდეს.

გამოდის, ფიზიკური თერაპია მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ საქმე სერიოზულად არის?

არამხოლოდ. ფიზიკურ თერაპიას სრულიად განსხვავებულ სფეროებში იყენებენ. მაგალითად, მკურნალობის ამ მეთოდს მიმართავენ ხანდაზმულ ადამიანებში მოტეხილობების პროფილაქტიკის ან მცირე სპორტული დაზიანებების დროს (დაჭიმულობა). ფიზიკური თერაპია შეიძლება საჭირო იყოს ზურგის, კისრის ან სახსრების ტკივილის დროს. პირველ რიგში, ექიმი გამოკვლევას ჩაატარებს და დარწმუნდება, რომ ადამიანს რაიმე საშიში სიმპტომი არ აქვს. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტი პაციენტს გაგზავნის ფიზიკურ თერაპევტთან, რომელიც შესაბამის ვარჯიშებს შეარჩევს.

არის თუ არა ფიზიოთერაპია ეფექტიანი ქრონიკული დაავადებების დროს? 

ყველაფერი დაავადებაზეა დამოკიდებული. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი ინდივიდუალურად ექიმთან განიხილოთ. მაგალითად, ფიზიკურ თერაპიას შეუძლია გაფანტული სკლეროზის ან ართრიტის სხვადასხვა ფორმის მქონე ადამიანებს ცხოვრების ხარისხი გაუუმჯობესოს. ფიზიკური თერაპია შეიძლება რეაბილიტაციის ნაწილი იყოს ცერებრალური დამბლის შემთხვევაშიც. მისი დახმარებით ადამიანს მოძრაობის, წონასწორობის შენარჩუნებისა და კოორდინაციის უნარები უვითარდება.

რა სიხშირითა და ხანგრძლივობით უნდა ჩაიტაროს ადამიანმა ფიზიოთერაპია, რათა სასურველ შედეგს მიაღწიოს? 

ეს დამოკიდებულია ტრავმის ან დაავადების სიმძიმეზე. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ინსულტის შემდეგ, რეაბილიტაციის პერიოდში, დღეში, სულ ცოტა, 45 წუთია ფიზიკური თერაპიისთვის რეკომენდებული. აშშ-ში კი - არანაკლებ სამი საათისა. ამავე დროს ექსპერტები თანხმდებიან, რომ ადამიანმა ფიზიკურ თერაპიაზე კვირაში, სულ ცოტა, ხუთი დღე მაინც უნდა დახარჯოს. თუ ეს პაციენტისთვის ძალიან დიდ დატვირთვას წარმოადგენს, რეკომენდებულია ვარჯიშის ხანგრძლივობის და არა სიხშირის შემცირება.

როგორ შევარჩიო ფიზიოთერაპევტი? 

მნიშვნელოვანია, რომ ფიზიოთერაპევტმა მეთოდების შერჩევისას საერთაშორისო კლინიკური სახელმძღვანელო რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედოს. ეს საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ მათ უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე კონკრეტული პრობლემის გადაჭრის მიმართულებით. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ "უნიკალური მეთოდიკის" მიმართ, რომელსაც სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია. სკეპტიკურად უნდა მიუდგეთ იმ სარეაბილიტაციო ცენტრებსაც, რომლებიც ფიზიოთერაპიის დახმარებით უკურნებელი სენისგან განკურნებას გპირდებიან. გარდა ამისა, კარგი ფიზიოთერაპევტი მხოლოდ პირადი გამოცდილების საფუძველზე გრძელვადიან პროგნოზებს არ გააკეთებს.

სხვა თემები