30 მარტი 2021 - 16:12

ყველაფერი, რაც Sinopharm-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის შესახებ უნდა იცოდეთ

ფოტო: shutterstock.com

SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოების გლობალურ მარათონში, მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად, ჩინეთიც თავიდანვე აქტიურად ჩაერთო. ამ მიმართულებით ყველაზე პერსპექტიულად სამი ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიის ნამუშევარი ითვლება. ესენია: Sinopharm-ი, Sinovac-ი და CanSino. 


ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ Sinopharm-ის მიერ წარმოებული ვაქცინის რეგულარული მიწოდების ნებართვა გასცა. ამავდროულად, მწარმოებელმა კომპანიამ პრეპარატის ეფექტიანობის შესახებ მონაცემები ოფიციალურად გამოაქვეყნა. Sinopharm-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს მაჩვენებელი 79%-ს აღწევს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფარმაცევტული პროდუქტების კონტროლის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ჩენ შიფეი მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს აცხადებდა, რომ აღნიშნული პრეპარატით აცრას მხოლოდ „მაღალი რისკის ჯგუფების" წარმომადგენლები შეძლებდნენ.

Sinopharm-ის ვაქცინის გამოსაცდელი მესამე ფაზა 10 ქვეყანაში მიმდინარეობდა 

Sinopharm-ის მიერ წარმოებული ვაქცინა ინაქტივირებულ (მკვდარ) კორონავირუსზე არის დაფუძნებული. აღნიშნულმა ფარმაცევტულიმა კომპანიამ ეს პრეპარატი უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტსა და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან თანამშრომლობით შეიმუშავა. ვირუსის ინაქტივაცია ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი  და საიმედო გზაა. სწორედ ამ ტექნოლოგიით არის შექმნილი დიფტერიის, B ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ყივანახველისა და ტეტანუსის წინააღმდეგ ასაცრელი პრეპარატები. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ვაქცინის გამოსაცდელი III ფაზა მსოფლიოს ათ ქვეყანაში ჩატარდა. მათ შორის არის: არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბაჰრეინი, პერუ, სერბეთი, მაროკო, არგენტინა, იორდანია და პაკისტანი. გამოსაცდელი პერიოდის დასრულებული შემდეგ არაბთა გაერთიანებული საემიროების შესაბამისი უწყებების განცხადებით, Sinopharm-ის ვაქცინის ეფექტიანობამ 86%-ი შეადგინა. 


როგორც უკვე აღვნიშნეთ, Sinopharm-ის მიერ წარმოებული ვაქცინის სახით ადამიანის ორგანიზმში "მოკლული" კორონავირუსის ნაწილაკები შეჰყავთ. ეს მასალა ლაბორატორიაშია გამოყვანილი და ის ორგანიზმის იმუნურ რეაქციას იწვევს. მნიშვნელოვანია და აუცილებელი გვახსოვდეს, რომ ამ პრეპარატს ადამიანის COVID-19-ით ინფიცირება არ შეუძლია. როგორც წესი, აცრის კურსი ორი დოზისგან შედგება. პრეპარატი კუნთქვეშ 21 დღის ინტერვალით შეჰყავთ. ამავდროულად, ვაქცინა ინახება ჩვეულებრივ მაცივარში 4 - 8 ° C ტემპერატურაზე.

რა გვერდითი ეფექტები ახასიათებს ამ ვაქცინას?

როგორც ნებისმიერ პრეპარატს, Sinopharm-ის მიერ წარმოებულ ვაქცინასაც შეიძლება გვერდითი ეფექტი ჰქონდეს. უკუჩვენებების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
-    ინექციის ადგილზე ტკივილი და შეშუპება; 
-    მსუბუქი ცხელება; 
-    ალერგიული რეაქცია. 
აღსანიშნავია, რომ ალერგიული რეაქციის სიხშირის მაჩვენებელმა 1 მილიონ ადამიანზე დაახლოებით 2 შემთხვევა შეადგინა. თუმცა 2020 წლის დეკემბერში Sinopharm-ის ვაქცინის გამოსაცდელი პროცესი, „სერიოზული გვერდითი ეფექტების“ გამოვლენის გამო შეჩერდა.  

ამავდროულად, 2021 წლის იანვარში ფილიპინების მთავრობამ ამ ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ გამართულ დისკუსიაზე კომენტარი გააკეთა. საქმე ეხებოდა იმ უცხოურ რეპორტაჟებს, რომლებშიც  Sinopharm-ის ვაქცინის 73 გვერდითი მოვლენა იყო ჩამოთვლილი, მათ შორის მხედველობისა და გემოს დაკარგვა, მაღალი არტერიული წნევა. ”ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია განიხილავს და შეაფასებს ყველა დოკუმენტს, 73 უკუჩვენების შემცველი ანგარიშის ჩათვლით. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ვაქცინა უსაფრთხო არ არის, ის გადაუდებელ სიტუაციაში მიღების ნებართვას ვერ მიიღებს”, - განაცხადა ქვეყნის ხელისუფლებამ.

იყენებენ თუ არა Sinopharm-ის მიერ წარმოებულ ვაქცინას ევროპაში?  

უნგრეთი იყო ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც Sinopharm-ის ვაქცინის მიღების შესახებ თანხმობა განაცხადა. 2021 წლის 16 თებერვალს უნგრეთმა ამ პრეპარატის 550 ათასი დოზა მიიღო. მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში კი ქვეყანა დამატებით Sinopharm-ის მიერ წარმოებული ვაქცინის კიდევ 5 მილიონ დოზას ელოდება. 
 

სხვა ჩინური კომპანიების წარმოებული ვაქცინები რამდენად ეფექტიანია? 

Sinovac Biotech-ის მიერ წარმოებული ვაქცინაც SARS-CoV-2-ის ინაქტივირებულ ნაწილაკს ეფუძნება. გამოსაცდელი პერიოდის მესამე ეტაპი ივლისში დაიწყო და არაერთ ქვეყანაში ჩატარდა. მათ შორის არის: ბრაზილია, ინდონეზია, ბანგლადეში და თურქეთი. პრეპარატ CoronaVac-ის ეფექტიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მწარმოებელს ჯერ არ გამოუქვეყნებია. თუმცა ბრაზილიიდან მიღებული მონაცემების თანახმად, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 78%-ს შეადგენს. ინდონეზიის ჯანდაცვის ორგანოები კი აცხადებენ, რომ ვაქცინის ეფექტურობა დაახლოებით 65%-ია. 


რაც შეეხება CanSino Biologics-ის მიერ წარმოებულ ვაქცინას, ამ პრეპარატით ძირითადად ჩინელ სამხედროებს ცრიან. ის მწარმოებელმა კომპანიამ პეკინის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით შექმნა. Ad5-nCoV ან Convidecia არის ვექტორული ვაქცინა, რომელიც მეხუთე ტიპის ადენოვირუსს ეფუძნება. ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

სხვა თემები