19 აგვისტო 2021 - 11:26

იწვევს თუ არა COVID-19-ის ვაქცინა უნაყოფობასა და მუცლის მოშლას? მორიგი მითები აცრის შესახებ 

ფოტო: Facebook

Covid-19- ის ვაქცინების შესახებ ყალბი და მცდარი ინფორმაციები ონლაინ სივრცეში ისევ აქტუალურია. ამჯერად დეზინფორმატორები იმის შესახებ ალაპარაკდნენ, რომ აცრა უნაყოფობასა და ფეხმძიმე ქალებში მუცლის მოშლას იწვევს. აღნიშნული საკითხი გარკვეულმა ჯგუფებმა აიტაცეს, მიუხედავად იმისა, რომ ის მტკიცებულებებით გამყარებული სულაც არ არის. თავდაპირველად, ექიმები ფეხმძიმე ქალებისთვის აცრის რეკომენდაციისას უკიდურესად ფრთხილობდნენ. უფრო მეტიც, სპეციალისტები ორსულებს ვაქცინაციისგან თავის შეკავებას ურჩევდნენ. თუმცა დღეისათვის დაგროვილი სანდო მტკიცებულებებისა და მრავალფეროვანი ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული მიდგომა შეიცვალა და ფეხმძიმე ქალებში ვაქცინაცია აქტიურად არის წახალისებული (ვინაიდან თავად Covid-19 ორსულობას ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს). BBC- მ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისადმი წაყენებული რამდენიმე პრეტენზია განიხილა და წარმოადგინა არგუმენტები,

მართალია თუ არა, რომ კვლევების მიხედვით, ვაქცინა საკვერცხეებში გროვდება? არა, ეს სიცრუეა! 

ეს თეორია იაპონიის მარეგულირებლის წინაშე წარდგენილი კვლევის არასწორად წაკითხვასა და გაგებას ემყარება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ვირთხებს ვაქცინის გაცილებით მაღალი დოზა (1,333 - ჯერ მეტი) შეუყვანეს, ვიდრე- ადამიანებს. 

ზემოთ ხსენებული კვლევის მიხედვით, ინექციიდან 48 საათის შემდეგ, მთლიანი დოზის მხოლოდ 0,1% -ი დარჩა ცდისპირი ცხოველების საკვერცხეებში. ვაქცინის გაცილებით მეტი წილი დაფიქსირდა ინექციის ადგილზე, რაც ადამიანების შემთხვევაში მხარია: ერთი საათის შემდეგ - 53% -ი, 48 საათის შემდეგ- 25% -ი. შემდეგი ორგანო, სადაც პრეპარატის მნიშვნელოვანი ნაწილი აკუმულირდა, იყო ღვიძლი (სწორედ ის მონაწილეობს ნარჩენებისგან სისხლის გაწმენდაში): 48 საათის შემდეგ - 16% -ი. 

აღნიშნული კვლევის ფარგლებში, ვაქცინა ცდისპირი ცხოველების ორგანიზმში შეიყვანეს ცხიმის ბუშტუკით, რომელიც ვირუსის გენეტიკურ მასალას შეიცავდა და ორგანიზმის იმუნურ სისტემას ამოქმედებისკენ უბიძგებდა. ადამიანებმა, რომლებმაც ამ დეზინფორმაციის გავრცელებას შეუწყვეს ხელი, აქცენტი გააკეთეს იმ მაჩვენებელზე, რაც რეალურად საკვერცხეებში ცხიმის კონცენტრაციას ასახავდა. ეს ციფრი აცრიდან 48 საათის განმავლობაში გაიზარდა, რადგანაც ვაქცინამ ინექციის ადგილიდან მთელ ორგანიზმში გავრცელება დაიწყო. თუმცა რაც მთავარია, არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომ ის ვირუსის გენეტიკურ მასალას კვლავ შეიცავდა. რა მოხდა 48 საათის შემდეგ, ამის შესახებ არაფერი ვიცით, რადგან კვლევის ლიმიტი სწორედ დროის ეს მონაკვეთი იყო. 

მართალია თუ არა, რომ კვლევის მიხედვით, ვაქცინა მუცლის მოშლას იწვევს? არა, ეს სიცრუეა! 

აცრების მონიტორინგის სქემაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოსა (MHRA) და აშშ-ს ვაქცინის გვერდითი ანგარიშგების სისტემის (VAERS) მონაცემებსაც შეიცავს, მუცლის მოშლის შესახებ რამდენიმე ინფორმაცია დაფიქსირდა. როგორც ცნობილია, ვაქცინაციის თანმდევი სიმპტომებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დატოვება აქ ნებისმიერ პირს შეუძლია. თუმცა ამ მეთოდს ყველა არ მიმართავს. ასე რომ, ეს არის ნებაყოფლობითი მონაცემთა ბაზა, სადაც, სამწუხაროდ, მუცლის მოშლის ფაქტები ნამდვილად დაფიქსირდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიზეზი ვაქცინა იყო. 

კვლევის მიხედვით, აცრილ ადამიანებში მუცლის მოშლის შემთხვევების ამსახველი მონაცემები ამ სიტუაციაში მოსალოდნელ მაჩვენებელს შეესაბამება და ის 12,5% -ს შეადგენს. ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის რეპროდუქციული იმუნოლოგი დოქტორი ვიქტორია მეილი ამბობს, რომ ანგარიშგების ეს სისტემები ძალიან კარგია ვაქცინის ისეთი გვერდითი ეფექტების გამოსავლენად, რაც, როგორც წესი, მთლიან მოსახლეობაში იშვიათია. მაგალითად, თუ როგორ იყო იშვიათ შემთხვევებში ასტრაზენეკას ვაქცინასთან სისხლის შედედების სპეციფიკური ტიპი დაკავშირებული. ამიტომაც სპეციალისტების განმარტებით, თუ აცრილ ადამიანებში მოულოდნელად უჩვეულო სიმპტომებს შენიშნავთ, განგაშის დროა. 

თუმცა ეს სქემები არც ისე კარგად ასახავს მოსახლეობაში გავრცელებულ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა - მენსტრუაციის ცვლილებები, მუცლის მოშლა და გულის პრობლემები. ამ უკანასკნელი სიმპტომების ნახვა მონაცემთა ბაზაში სულაც არ ნიშნავს იმას, რომ განგაშის დროა, რადგან მათ თქვენ ყველა ვარიანტში შეხვდებით, აიცრებიან ადამიანები თუ არა. მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შემოვკრათ განგაშის ზარებს, თუ აცრილ ადამიანებში მუცლის მოშლის მეტი შემთხვევა დაფიქსირდება, ვიდრე - აუცრელებში. ჯერჯერობით კი ეს ასე არ არის. 

მართალია თუ არა, რომ ვაქცინას პლაცენტის დაზიანება შეუძლია? საამისოდ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს! 

მეცნიერმა მაიკლ იედენმა, რომელმაც Covid- ის შესახებ არაერთი მცდარი ინფორმაცია გაავრცელა, განაცხადა, რომ Pfizer- ისა და Moderna- ს ვაქცინებში შემავალი კორონავირუსის სპაიკ-ცილა პროტეინ სინციტინი-1-ის ანალოგიურია. პლაცენტის ჩამოყალიბებაში სწორედ ეს უკანასკნელი მონაწილეობს. იედენი სპეკულირებდა, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს შეუძლიათ, მიმდინარე ორსულობასაც შეუტიონ. ექსპერტი თვლის, რომ სწორედ ეს იყო საფუძველი მთელი იმ წარმოდგენებისა, თითქოს COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა შეიძლება უნაყოფობა გამოიწვიოს. 

რეალურად, სინციტინი -1 და კორონავირუსის სპაიკ-ცილა ზუსტად ისეთივე მსგავსია, როგორც ნებისმიერი ორი შემთხვევითი ცილა. შესაბამისად, არ არსებობს რეალური მიზეზი ვივარაუდოთ, რომ ორგანიზმს შეიძლება ისინი ერთმანეთში აერიოს. თუმცა უკვე ამ დროისთვის შეგროვდა საკმაო მტკიცებულება, რომელიც სპეციალისტებს აღნიშნული თეორიის უარყოფაში დაეხმარება. 

ამერიკელმა რეპროდუქტოლოგმა რენდი მორისმა, რომელსაც ამ შეთქმულების თეორიისთვის პასუხის გაცემა სურდა, ინვიტრო განაყოფიერების მიმართულებით თავისი პაციენტების მონიტორინგი დაიწყო. ის აკვირდებოდა, აქვს თუ არა რამე გავლენა აცრას დაფეხმძიმების შანსზე. დოქტორ მორისის კვლევაში 143 ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ აცრილები, აუცრელები და კოვიდგადატანილები. ამ კატეგორიის წარმომადგენელ ყველა ქალს ემბრიონის წარმატებული იმპლანტაციისა და ორსულობის გაგრძელების დაახლოებით მსგავსი ალბათობა აღენიშნა. ყველა სხვა თვალსაზრისითაც, პაციენტების მდგომარეობა ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა. მართალია, აღნიშნული კვლევა მცირეა, მაგრამ ის მთელ რიგ სხვა მტკიცებულებას მოიცავს - ზემოხსენებული თეორია რეალური რომ ყოფილიყო, ამ მასშტაბის მონიტორინგის პროცესშიც გამოვლინდებოდა.  

დოქტორ მორისის თქმით, მისთვის გაუგებარია, რომ ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში მსგავს ინფორმაციებს თესავენ, არ განმარტავენ, თუ რატომ თვლიან, თითქოს აცრის შედეგად წარმოქმნილ ანტისხეულებს შეუძლიათ ნაყოფიერებაზე უარყოფითად იმოქმედონ, თავად COVID-19- ით ინფიცირების შედეგად ორგანიზმის მიერ გამომუშავებულ ანტისხეულებს კი - არა. 

პრობლემა ის არის, რომ სანამ მეცნიერები საზოგადოების დასამშვიდებლად ამა თუ იმ შეთქმულების თეორიის საწინააღმდეგო არგუმენტებს მოიპოვებენ, ონლაინ სივრცეში აცრისთვის დამახასიათებელი ახალ-ახალი ვითომდა საფრთხეები ჩნდება. როგორც დოქტორმა მორისმა განმარტა, "შეთქმულების თეორიის მთავარი მახასიათებელია ის, რომ როგორც კი მას უარყოფენ, თამაშის წესები მომენტალურად იცვლება!".

სხვა თემები