28 აგვისტო 2021 - 12:53

ვინ არიან დაჯგუფება ISIS-K-ს წევრები, რომლებიც ქაბულის აეროპორტზე სისხლიანი თავდასხმის უკან დგანან? რას ვერ იყოფენ ისინი „თალიბანთან“? 

ფოტო: Twitter

2021 წლის 26 აგვისტოს, ქაბულის აეროპორტის წინ შეკრებილებზე თავდასხმას, სულ ცოტა, 100 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სულ მცირე, 13 ამერიკელი ჯარისკაცია. თვითმკვლელი ტერორისტის ქმედებაზე პასუხისმგებლობა  ISIS-K-მ აიღო. ეს მოხდა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთში მოქმედი ფილიალი - ISIS-K „ცდილობდა აეროპორტი თავის სამიზნედ ექცია და აშშ-სა და მოკავშირეთა ძალებს, ასევე უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეებს თავს დასხმოდა“.
 

რა არის ISIS-K?  

„ისლამური სახელმწიფო- ხორასანი“, რომელიც შემოკლებით ცნობილია როგორც ISIS-K, ISKP და ISK, „ისლამური სახელმწიფოს“ ოფიციალური ავღანური ფილიალია. ის ერაყსა და სირიაში მოქმედი, ISIS-ის  ძირითადი ხელმძღვანელობის მიერ არის აღიარებული.


ISIS-K ოფიციალურად 2015 წლის იანვარში დაარსდა. ამ დაჯგუფებამ ავღანეთის ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რამდენიმე რაიონის საკუთარ კონტროლქვეშ მოქცევა მოკლე დროში მოახერხა. ამის პარალელურად, ISIS-K-მ ავღანეთსა და პაკისტანში სისხლისმღვრელი და სასტიკი კამპანია წამოიწყო. თავისი არსებობის პირველი სამი წლის განმავლობაში ავღანეთისა და პაკისტანის ქალაქებში „ისლამური სახელმწიფო-ხორასნის“ სამიზნეები იყვნენ ამა თუ იმ უმცირესობის წარმომადგენლები. ისინი თავს ესხმოდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, სამთავრობო ინსტიტუციებსა და ა.შ. 


ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის გლობალური ტერორიზმის ინდექსის თანახმად, 2018 წლისთვის ISIS-K მთელ მსოფლიოში ყველაზე სისხლისმღვრელი ტერორისტული ორგანიზაციების ოთხეულში შევიდა. თუმცა 2019 წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში, აშშ-სა და მისი ავღანელი პარტნიორების კოალიციურ ძალებთან ბრძოლის შედეგად, დიდი ტერიტორიული და ადამიანური რესურსის დანაკარგის შემდეგ, ის ზოგიერთმა ორგანიზაციამ დამარცხებულად გამოაცხადა.

ვინ არიან ამ დაჯგუფების შემქმენელები? 

ISIS-K „პაკისტანის თალიბანის“, „ავღანური თალიბანისა“ და „უზბეკეთის ისლამური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა დააარსეს. თუმცა დროთა განმავლობაში, მათ სხვადასხვა დაჯგუფებიდან მებრძოლების გადმობირება შეძლეს. „ისლამური სახელმწიფო-ხორასნის“ ერთ -ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა სწორედ ის, რომ ამ მებრძოლებისა და მათი მეთაურების ადგილობრივი გამოცდილების გამოყენება შეუძლია. 


ISIS-K-მ ტერიტორიების კონსოლიდაცია თავდაპირველად დაიწყო ნანგარჰარის პროვინციის სამხრეთ რაიონებში, რომელიც ავღანეთ-პაკისტანის ჩრდილო- აღმოსავლეთ საზღვარსა და თორა ბორას რაიონში არსებულ „ალ – ქაიდას“ ყოფილ სიმაგრესთან ახლოს მდებარეობს. აშკარა მტკიცებულებები არსებობს იმის შესახებ, რომ აღნიშნული დაჯგუფება ფულს, რჩევასა და საწვრთნელ რესურსს ერაყსა და სირიაში არსებული „ისლამური სახელმწიფოს“ ძირითადი მმართველი საბჭოსგან იღებს. ზოგიერთი ექსპერტის განცხადებით, ეს მაჩვენებელი 100 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

რა არის ISIS-K-ს მიზანი და როგორია მისი ტაქტიკა?

ISIS-K- ს გენერალური სტრატეგია არის „ისლამური სახელმწიფოსთვის“ სამოქმედო არეალის შექმნა, რათა ამ უკანასკნელმა ე.წ. ხალიფატის საზღვრები ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში გააფართოვოს. ISIS-K მიზნად ისახავს რეგიონში უპირველესი ჯიჰადისტური ორგანიზაციის პოზიციის განმტკიცებას, ამისათვის კი გარკვეულწილად მანამდე არსებული ჯიჰადისტური ჯგუფების მემკვიდრეობის გამოყენებას ცდილობს. ეს აშკარად ჩანს დაჯგუფების შეტყობინებებიდან, რომლებიც მიმართულია როგორც ვეტერანი ჯიჰადისტი მებრძოლებისადმი, ასევე, ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდა მოსახლეობისადმი. 


თავისი გამანადგურებელი და დამანგრეველი თავდასხმებისთვის ISIS-K საკუთარი შემადგენლობის გამოცდილებასთან ერთად, სხვადასხვა ალიანსსაც იყენებს. მათი სამიზნეები ძირითადად არიან უმცირესობები (ავღანეთში- ჰაზარები), ასევე, ჟურნალისტები, ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები, უსაფრთხოების სამსახურის პერსონალი და სამთავრობო ინფრასტრუქტურა. 


ISIS-K-ს მიზანია შექმნას ქაოსი და გაურკვევლობა, რათა სხვა ჯგუფებიდან იმედგაცრუებული მებრძოლები მათ რიგებში აღმოჩნდნენ. ამავდროულად, “ისლამური სახელმწიფო - ხორასანი“ ცდილობს, რომ ეჭვი შეიტანოს ნებისმიერი მმართველი ძალის შესაძლებლობებში, უზრუნველყოს მოსახლეობის უსაფრთხოება. 

რა ურთიერთობაა ISIS-K-სა და “თალიბანს“ შორის?

ISIS-K ავღანურ „თალიბანს“ თავის სტრატეგიულ კონკურენტად მიიჩნევს. „ისლამური სახელმწიფო-ხორასნის“ წევრები ავღანელ თალიბებს უწოდებენ "ბინძურ ნაციონალისტებს", რომელთა ამბიციებიც ავღანეთის საზღვრებში მთავრობის ჩამოყალიბებას არ სცდება. ეს ეწინააღმდეგება მოძრაობა „ისლამური სახელმწიფოს“ მიზანს, რაც გლობალური ხალიფატის დამყარებას გულისხმობს. 


დაარსებიდან დღემდე ISIS-K ავღანური „თალიბანის“ წევრების გადაბირებას ცდილობს და  მთელი ქვეყნის მასშტაბით თალიბების მიერ დაკავებული პოზიციებიც სამიზნედ აქვს ქცეული. მართალია, „ისლამური სახელმწიფო- ხორასნის“ მცდელობებს გარკვეული წარმატებები მოჰყვა, მაგრამ „თალიბანმა“ თავისი პერსონალისა და პოზიციების შენარჩუნება მაინც მოახერხა. 
ამ შეტაკებებში ISIS-K-ს ძირითადად აშშ-სა და ავღანეთის საჰაერო და სახმელეთო ძალები ერთობლივად უპირისპირდებოდნენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ოპერაცია იყო კოორდინირებული და რომელი-არა. თუმცა ერთი რამ ფაქტია, რომ ISIS-K-ს მეთაურებისა თუ სხვა ადამიანური რესურსის დანაკარგის უმეტესობა სწორედ აშშ-სა და ავღანეთის იმდროინდელი ხელისუფლების ერთობლივი ოპერაციების შედეგი იყო,  განსაკუთრებით კი-  ამერიკული საჰაერო დარტყმებისა. 

რამდენად საშიშია ISIS-K უშუალოდ ავღანეთისთვის და ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოებისთვის?

ამ დროისთვის შედარებით დასუსტებული ორგანიზაცია ISIS-K-ს უშუალო მიზანი გახმაურებული თავდასხმებით “რეპუტაციის ამაღლებაა“. ამით ეს დაჯგუფება ცდილობს, გარშემომყოფებს დაანახოს, რომ ავღანეთსა და პაკისტანში ადვილად ხელწამოსაკრავი მოთამაშე სულაც არ არის. ის ნამდვილად დაინტერესებულია აშშ -სა და მის მოკავშირეებს საზღვარგარეთაც დაესხას თავს, მაგრამ რამდენად შეუძლია ISIS-K-ს დასავლეთზე პირდაპირი იერიშის მიტანა, ეს არის საკითხი, რომელმაც ამერიკის სამხედრო და სადაზვერვო საზოგადოება ორად გაჰყო


სამაგიეროდ, ISIS-K ავღანეთისთვის რომ ბევრად უფრო დიდი საფრთხეა, ამაზე კითხვის ნიშნები ნამდვილად არ არსებობს. ავღანეთის უმცირესობებისა და სამოქალაქო ინსტიტუტების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გარდა,“ხორასნელებმა“ 2021 წლის იანვარში, ავღანეთში აშშ-ს უმაღლესი წარმომადგენლის მკვლელობაც კი სცადეს


ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რა სარგებლობა მოუტანა ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების გაყვანამ ISIS-K-ს, მაგრამ ქაბულის აეროპორტზე თავდასხმამ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ ეს დაჯგუფება ცივილური სამყაროსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მოკლევადიანი პერსპექტივიდან რომ ვისმჯელოთ, სავარაუდოდ, ISIS-K ქვეყანაში პანიკისა და ქაოსის დათესვისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებს. ის მაქსიმალურად ეცდება, ავღანეთიდან გასვლის პროცესი შეაფერხოს და აჩვენოს, რომ ავღანური „თალიბანი“ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ ახერხებს. გრძელვადიანი პერსპექტივით კი,  თუ ISIS-K -მ ტერიტორიული კონტროლის გარკვეული დონეზე აღდგენა და მეტი მებრძოლის გადაბირება შეძლო, დიდი ალბათობით, ის მზად იქნება დაბრუნდეს და ეროვნულ, რეგიონულ თუ საერთაშორისო დონეზე სერიოზული საფრთხეები შექმნას. 

სხვა თემები