12 სექტემბერი 2017 - 20:25

საქართველოში ქალის მუსლიმური ტანსაცმელი აქტუალური გახდა. რატომ?

ევროპულ ქვეყნებში, ქალის მუსლიმურ სამოსზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებულ ყველა დისკუსიაში ორი მთავარი არგუმენტი ფიგურირებს: ქალების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა. მაგრამ არსებობს მესამე არგუმენტიც - კულტურული მიუღებლობა, რომელსაც ევროპულ ქვეყნებში კონსერვატიული ელექტორატი იზიარებს. ბოლო დროს, ტურიზმის განვითარებისა და სავიზო პოლიტიკის ლიბერალიზაციის შედეგად, საქართველოში ბევრი სტუმარი ჩამოდის მუსლიმური ქვეყნებიდან. თბილისშიც და რეგიონებშიც მუსლიმურ ტანსაცმელში გამოწყობილ ქალებს ხშირად შეხვდებით. საქართველოსთვის ეს ახალი ტენდენციაა და მოქალაქეების ნაწილში უკმაყოფილებას იწვევს.

რა არის ფარანჯა და რით განსხვავდება ის ჰიჯაბისგან?



ფარანჯა - ისლამური სამოსია. კლასიკური ანუ შუააზიური ფარანჯა გრძელი მოსასხამია ტყუილი სახელოებით, რომელიც მთელ სხეულს ფარავს, გარდა სახისა. სახეს, როგორც წესი, იფარავენ ცხენის ბეწვის ბადით, რომლის მოხსნაც შეიძლება.
      
ფარანჯას ჰგავს ბურკაც, მაგრამ ეს სხვა მუსლიმური ტანსაცმელია. ბურკა - ფართო ქსოვილია, რომელიც ქალს მთლიანად, სახის ჩათვლით ფარავს, მაგრამ თვალების გასწვრივ ჭრილია, რომელზეც ბადეა გადაჭიმული.

ბურკინს ბურკასთან კავშირი არ აქვს. ჯერ ერთი, ბურკინი სახეს არ ფარავს და მეორეც, ეს ტანსაცმელია და არა უბრალოდ ქსოვილი. ის საცურაო კოსტიუმია, რომლის მიზანიც ქალების სხეულის ფორმების დაფარვაა.

მუსლიმური ქალის სამოსიდან გავრცელებულია ასევე ჩადრი - მსუბუქი, ჩვეულებრივ მუქი ფერის მოსასხამი, რომელიც ქალს ასევე თავიდან ბოლომდე ფარავს. თავად ჩადრი სახეს არ ფარავს, ამისთვის დამატებით ქსოვილს და სპეციალურ თავსაფარს, ნიქაბს იყენებენ, რომელიც მალავს ქალის თმას და სახეს და ჭრილი რჩება მხოლოდ თვალების გასწვრივ.

ევროპაში, სხვადასხვა ტიპის მუსლიმურ თავსაბურავს ჰიჯაბს უწოდებენ. ეს არასწორია, რადგან ჰიჯაბი - ქალის ნებისმიერი სამოსია, რომელიც შარიათის ნორმებს შეესაბამება. ჰიჯაბმა უნდა დაფაროს ქალის თმა და სხეული მთლიანად, შეიძლება მხოლოდ სახის, ხელის მტევნების და ფეხის ტერფების გამოჩენა. ეს შეიძლება იყოს მოსასხამი, გრძელსახელოიანი კოფტა ან გრძელი ქვედაკაბა.

ფარანჯა ყველა მუსლიმმა ქალმა უნდა ატაროს?

არა. მორწმუნე მუსლიმ ქალებს უცხო კაცების თანდასწრებით უნდა ეცვათ ჰიჯაბი, რომელიც სხეულს და თმას ფარავს (სხვათა შორის პლაჟზე ბურკინის ტარება აუცილებელია, რადგან ეს არის ფაქტობრივად ჰიჯაბის საცურაო კოსტიუმის ვარიანტი).

არის ქვეყნები, სადაც ჰიჯაბის ტარება ყველა ქალისთვის სავალდებულოა, მიუხედავად მათი აღმსარებლობისა. ეს ქვეყნებია ირანი და საუდის არაბეთი. სეკულარულ ქვეყნებში ასეთი ვალდებულება ქალებს არ აქვთ. მაგალითად, თურქეთში ბოლო დრომდე ქალებს ეკრძალებოდათ კიდეც სახელმწიფო დაწესებულებებში ჰიჯაბით გამოჩენა. მაგრამ დღეს, თურქეთმა ეს აკრძალვა შეასუსტა, ამიტომ ჰიჯაბიანი ქალები საჯარო დაწესებულებებში ჩნდებიან.

ყურანში ჰიჯაბის შესახებ რამე წერია?

დიახ. ის, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდნენ მორწმუნე მუსლიმი ქალები, ამის შესახებ ყურანის ძირითადად ორ აიაში (31-ე და 59-ე აია) ანუ ლექსში წერია. ერთ-ერთში ნათქვამია, რომ ქალებმა მზერა ქვემოთ უნდა მიაპყრონ და ქსოვილით დაფარონ მკერდის ამონაჭერი. იქვე წერია, რომ მუსლიმმა ქალებმა თავიანთი სილამაზე არავის არ უნდა აჩვენონ, გარდა ნათესავებისა და დაახლოებული ადამიანების მცირერიცხოვანი წრისა, ლაპარაკია მაგალითად მოახლეებზე და ბავშვებზე. მეორე ლექსში ნათქვამია, რომ მორწმუნე ქალები აუცილებლად უნდა შეიმოსონ მოსასხამით, რადგან მათ ასე უფრო იოლად ამოიცნობენ, გაარჩევენ მონებისა და მეძავებისგან და არ შეურაცხყოფენ.    

რატომ ატარებენ ქალები ფარანჯას?

ეს მხოლოდ ისლამის ნორმებთან არ არის დაკავშირებული. ზოგჯერ, ასეთი დახურული ტანსაცმლის ტარებას კულტურული თავისებურებები განაპირობებს. ფარანჯა დაკავშირებულია ქალის კარჩაკეტილობასთან, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ჯერ კიდევ ისლამის გაჩენამდე იყო გავრცელებული. ტრადიციას ადგილობრივი მორალური და ეთიკური ნორმები განსაზღვრავდა, რომლებიც სიბრძნისა და სულიერი სიწმინდის პრინციპებთან იყო დაკავშირებული. კარჩაკეტილობა გავრცელებული იყო ქალაქის ელიტებში, მათ შორის იუდეველებშიც და ქრისტიანებშიც, ახლა ასე ინდუისტების უმაღლესი კასტები ცხოვრობენ.

ისლამის გაჩენასთან ერთად, ტრადიციამ რელიგიური დასაბუთება შეიძინა და მასობრივად გავრცელდა საზოგადოების ფართო ფენებში. მუსლიმურმა ნორმებმა ფარანჯას და მსგავსი ტიპი ქალის ტანსაცმელს დამატებითი ლეგიტიმაცია შესძინა, მიუხედავად იმისა, რომ უცხო კაცების თანდასწრებით სახის დაფარვის შესახებ მკაცრ მუსლიმურ კანონებშიც კი არაფერია ნათქვამი. ისლამის მოთხოვნების “გაზვიადება” ამ სამოსის კულტურულ ფესვებზე მიუთითებს.

ფარანჯა ქალის ნებას არ თრგუნავს?

რთული სათქმელია. ერთი მხრივ, მოსასხამები, რომლებიც სხეულს ფარავს, ქალს დანარჩენი საზოგადოებისგან იზოლირებულად წარმოაჩენს, ეს მათი კარჩაკეტილობის სიმბოლოა. ფარანჯის ან ბურკის ტარებას, ჩვეულებრივ, ისლამის ყველაზე კონსერვატიული ფორმების მიმდევრები მოითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ საზოგადოებაში ქალის როლი ოჯახზე ზრუნვით შემოიფარგლება. ასეთ საზოგადოებებში, ქალებს მართლაც შეიძლება აიძულებდნენ ფარანჯის ან ბურკის ტარებას, თანაც ხშირად ინიციატორები უფროსი ქალები არიან ხოლმე.      

ზოგიერთ ქვეყანაში, ქუჩაში ტრადიციული სამოსის გარეშე გამოჩენა, ქალის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშია. ასეთ ვითარებაში ნებაყოფლობით არჩევანზე ლაპარაკი რთულია. 

მაგრამ მეორე მხრივ, ბევრი მუსლიმი ქალი ამ ტანსაცმელს საკუთარი სურვილით ატარებს, რაც გამომდინარეობს მათი ღრმა რელიგიური შეხედულებებიდან. გარდა ამისა, თავის დროზე ფარანჯა მდიდარი ოჯახების წარმომადგენელი ქალების სამოსად მიიჩნეოდა, ანუ გარკვეული თვალსაზრისით, სიმდიდრის და გავლენის სიმბოლო იყო.    

მით უფრო შეუძლებელია ასე ცალსახად ჰიჯაბზე ლაპარაკი. თანამედროვე დასავლურ ქვეყნებში, ჰიჯაბს არა უუფლებო, დათრგუნული ქალები, არამედ, როგორც წესი, ამ სახელმწიფოების მოქალაქეები ატარებენ. ისინი ხაზგასმით აცხადებენ, რომ ჰიჯაბის ტარება მათი სურვილი და არჩევანია. ასეთი ქალებისთვის ჰიჯაბი - თვითიდენტიფიკაციის და თავისუფლების, მათ შორის სწორედ იმ გამოხატვის თავისუფლების საშუალებაა, რომელსაც დასავლეთში ქალთა უფლებების დამცველები უჭერენ მხარს.

ისლამურ ქვეყნებში მსგავსი ტანსაცმლის წინააღმდეგ მოძრაობა არსებობს?

დიახ. მაგალითად შარშან ირანში, სოციალურ ქსელებში დაიწყო მოძრაობა “ჩემი საიდუმლო თავისუფლება” (My Stealthy Freedom), რომლის ინიციატორი ლონდონში მცხოვრები ირანელი ქალი მასიჰ ალინეჯადი გახდა. მოძრაობის მხარდამჭერები ჰიჯაბის სავალდებულო ტარებას აპროტესტებენ და ინტერნეტში ავრცელებენ ფოტოებს თავსაფრის გარეშე, თანამედროვე ტასაცმელში და მაკიაჟით. მოძრაობის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, მისი მხარდამჭერები მილიონ ადამიანს აჭარბებენ. სოქსელებში პოპულარულია ასევე ირანელი კაცების მოძრაობა, რომლებიც ცოლების მხარდასაჭერად ჰიჯაბებს იცვამენ.

რომელ დასავლურ ქვეყნებში აკრძალეს ფარანჯის ტარება?

აკრძალვა, ბოლომდე სწორი ფორმულირება არ არის. დასავლეთის ქვეყნებში მუსლიმურ ტანსაცმელზე შეზღუდვების დაწესება აქტუალური ტერორიზმის გააქტიურების ფონზე და უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების აუცილებლობიდან გამომდინარე გახდა. მიუხედავად ამისა, ყველა მსგავს შეზღუდვას მოჰყვება აქტიური დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სეკულარიზმის პრინციპის აღმსარებლობის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებასთან შეთავსება.

მაგალითად, საფრანგეთში ფარანჯა არ აუკრძალავთ. ამ და სხვა რელიგიური სამოსით გამოჩენა იკრძალება ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებში. ლაპარაკია ზოგიერთი ტანსაცმლით გამოჩენის შეზღუდვაზე გარკვეულ სივრცეებში, რომელსაც საერო სახელმწიფო “თავისად” მიიჩნევს. გარდა ამისა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საფრანგეთში აიკრძალა, საზოგადოებრივ ადგილებში ისეთი სამოსის ტარება, რომელიც სახეს და სხეულს ფარავს.

ივლისში, ნორვეგიის ხელისუფლებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მუსლიმ ქალებსა და ბავშვებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში ნიქაბისა და ფარანჯის ტარება ეკრძალებათ. კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც ადგილობრივ პარტიათა უმრავლესობა ემხრობა, ისლამური სამოსის ტარება სრულად იკრძალება საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებსა და ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში. შეზღუდვა, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ამოქმედდება.

მარტში, ევროპულმა სასამართლომ, გარკვეული დათქმებით, დამსაქმებლებს სამსახურში რელიგიური ტანსაცმლის ტარების აკრძალვის უფლება მისცა. სასამართლო გარჩევა დაიწყო მაშინ, როდესაც საფრანგეთსა და ბელგიაში ორი მუსლიმი ქალი სამსახურიდან ჰიჯაბის ტარების გამო დაითხოვეს.

2017 წლის აპრილში, ბუნდესტაგმა კანონი მიიღო, რომელიც სახელმწიფო უწყებებში მომუშავეთათვის, სამუშაო დროს ნიქაბის ან ბურკის ტარების აკრძალვას ითვალისწინებს. ახალი ზომები ეხება სახელმწიფო მოხელეებს, მოსამართლეებსა და სამხედროებს. მანამდე, 2016 წლის დეკემბერში გერმანიის კანცლერმა მერკელმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში ნიქაბისა და ბურკის ტარების აკრძალვას.

მუსლიმური ტანსაცმლის ტარებაზე შეზღუდვები მოქმედებს ასევე ავსტრიაში, ბელგიაში, ბულგარეთში.

მსგავსი შეზღუდვები მხოლოდ ევროპულ ქვეყნებში არ მოქმედებს.

2017 წლის იანვარში, მაროკოს ხელისუფლებამ ქვეყანაში ფარანჯის წარმოება და გაყიდვა აკრძალა და ეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებებით ახსნა. ხელისუფლების განცხადებით, ტერორისტები და რიგითი კრიმინალები თავდასხმების დროს ხშირად იყნებდნენ ფარანჯას, რომლის ყიდვაც 4-5 დოლარად შეიძლებოდა.

1 ივნისს, ერაყის  არმიამ, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსგან" გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მოსულში, რამადანის დღესასწაულის პერიოდში, ბურკისა და ნიქაბის ტარება აკრძალა. მოსულის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ამ შეზღუდვის წყალობით, თვითმკვლელი-ტერორისტები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქალის სამოსში გამოჩენას ვერ შეძლებენ.   

სკოლაში, მოსწავლე გოგოებს ჰიჯაბის ტარება ეკრძალებათ ტაჯიკეთშიც. თუმცა მათ ეკრძალებათ ასევე მინი და ძალიან ვიწრო ქვედაკაბების ტარებაც, ერთზე მეტი საყურე და მკვეთრი მაკიაჟი.

კომენტარები ()

სხვა თემები