15 სექტემბერი 2017 - 15:47

ტერაქტი ლონდონის მეტროში. მთავარი

ლონდონი

ლონდონი

დღეს, ლონდონის მეტროს ვაგონში აფეთქება მოხდა. ადგლობრივი დროით დილის 8:20 საათზე, მეტროსადგურ "პარსონს გრინის" ხაზზე, მატარებლის ბოლო ვაგონში, რომელიც ლონდონის დასავლეთიდან ქალაქის ცენტრისკენ მიემართებოდა, ხელნაკეთი მოწყობილობა აფეთქდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამ წლის დასაწყისიდან, ეს ლონდონში მომხდარი მეოთხე ტერაქტია.
 

დილით, ლონდონის მეტროში, ვაგონში აფეთქება მოხდა

დღეს, ლონდონის მეტროს ვაგონში აფეთქება მოხდა. ადგლობრივი დროით დილის 8:20 საათზე, მეტროსადგურ "პარსონს გრინის" ხაზზე, მატარებლის ბოლო ვაგონში, რომელიც ლონდონის დასავლეთიდან ქალაქის ცენტრისკენ მიემართებოდა, ხელნაკეთი მოწყობილობა აფეთქდა, რის შემდეგაც გაჩნდა ხანძარი. მოწყობილობა გამოიყურებოდა, როგორც თეთრი პლასტიკური ვედრო, მასში საღებავის ან სამშენებლო ნაზავის მსგავი სითხით. ვაგონში ძლიერი დაკვამლიანება წარმოიქმნა. ყველა მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა.

დაშავდა 29 ადამიანი

ამის შესახებ, 15 სექტემბერს საღამოს გახდა ცნობილი. მანამდე ინფორმაცია 22 დაშავებულის შესახებ გავრცელდა. უმრავლესობა დამწვრობის დიაგნოზით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. არცერთს სიცოცხლისთვის საშიში ტრავმა არ მიუღია. არავინ დარუპულა. თვითმხილველების თქმით, აფეთქება არ იყო ძლიერი; ის მოხდა იმ დროს, როდესაც მატარებელი სადგურზე იყო გაჩერებული და ყველა კარი იყო ღია. თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდაპირველად ვერ მიხვდნენ რა მოხდა - ეს იყო აფეთქება, თუ მეტროს გაუმართაობა.

პოლიციამ საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა

პოლიცია ინციდენტს იძიებს, როგორც ტერაქტს. "პარსონს გრინზე" პოლიციელებთან და მაშველებთან ერთად მივიდნენ ლონდონის პოლიციის ანტიტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილის დათვალიერების შემდეგ სამართალდამცველებმა დაასკვნეს, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი, ხოლო დანაშაულის ინსტრუმენტი - თვითნაკეთი ბომბი.

Sky News-ის ცნობით, ბომბს საათის მექანიზმი ჰქონდა. ითქვა, რომ ნაპოვნია მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობაც, თუმცა ფაქტი ჯერ დადასტურებული არ არის.

გამოძიებაში მონაწილეობენ კონტრდაზვერვის MI5-ის სამსახურის სპეციალისტები. ინციდენტთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ანტიტერორისტული კომიტეტის სხდომა მოიწვია.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

აფეთქების ორგანიზატორი მთელი დღის განმავლობაში უცნობი იყო. არცერთ თვითმხილველს არ უთქვამს, თუ ვინ დატოვა საეჭვო ნივთი მატარებლის ვაგონში. დღის ბოლოს ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 

ამ წლის დასაწყისიდან, ეს ლონდონში მომხდარი მეოთხე ტერაქტია

2017 წლის 22 მარტს, კენტის საგრაფოში მცხოვრები ყოფილი მასწავლებელი, ვესტმინსტერის ხიდზე ადამიანების მასაში ავტომობილით შევარდა; დაიღუპა ექვსი ადამიანი, დაშავდა - 40-ზე მეტი.

3 ივნისს, ბორო-მარკეტის რაიონში, 3 ტერორისტი თეთრი მიკროავტობუსით ლონდონის ხიდზე ფეხითმოსიარულეებს დაეჯახნენ, შემდეგ კი გამვლელებს დანებით თავს დაესხნენ; დაიღუპა 8, დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი. ორივე ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

2017 წლის 19 ივნისს, ტერაქტი მოხდა ფინსბერი-პარკის რაიონში, მეჩეთთან ახლოს: სატვირთო მანქანის მძღოლი მეჩეთიდნ გამოსულ მრევლს დიდი სიჩქარით დაეჯახა; დაიღუპა ერთი ადამიანი, 11 - დაშავდა.

სხვა თემები