კატალონიას ესპანეთის ხელისუფლება ჩხრეკით და დაპატიმრებებით პასუხობს. რა ხდება?

ბარსელონა, ესპანეთი
20 სექტემბერს, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ კატალონიაში ჩხრეკები მოაწყო და 14 მაღალჩინოსანი დააკავა. კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ მადრიდმა რეგიონის ავტონომია ფაქტობრივად შეაჩერა და დაკავებულ კოლეგებს მხარდაჭერა აღუთქვა. ესპანეთის ხელისუფლება ცდილობს რეგიონის მიერ 1 ოქტომბერს დაგეგმილი დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩაშლას. ადგილობრივი ხელისუფლება არ დაემორჩილა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დაგეგმილი პლებისციტი უკანონოდ გამოაცხადა.
კატალონია ფორმალური პროცედურებით ესპანეთისგან გამოყოფას პირველად არ ცდილობს
არაფორმალური რეფერენდუმები 2009 და 2011 წლებშიც ჩატარდა. 2014 წელს, მორიგი პლებისციტის მცდელობა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაბლოკა, რის გამოც კატალონიელებმა "სამოქალაქო გამოკითხვა" ჩაატარეს. გამოკითხულთა თითქმის 81%-მა ესპანეთისგან გამოყოფას დაუჭირა მხარი.
გარდა ამისა, კატალონიის პარლამენტმა, ორჯერ - 2013 და 2015 წლებში - გამოყოფის დაწყების პროცესზე დეკლარაცია მიიღო. ორივე მცდელობა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ დაბლოკა. კატალონიის პარლამენტში უმრავლესობას დღეს დამოუკიდებლობის მხარდამჭერები შეადგენენ. 135 საპარლამენტო მანდატიდან კოალიციას "ერთად თანხმობისთვის" (Junts pel Sí) და "სახალხო ერთობის კანდიდატურას" (Candidatura d'Unitat Popular) ერთად 72 მანდატი აქვს.
ახალი რეფერენდუმი 2017 წლის 1 ოქტომბერს არის დანიშნული
ეს გადაწყვეტილება კატალონიის პარლამენტმა 6 სექტემბერს მიიღო. მეორე დღესვე, რეფერენდუმისთვის მზადება ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა. კატალონიის მთავრობამ კენჭისყრის მომზადებაზე მუშაობა მაინც დაიწყო. მადრიდი შეეცადა მზადების პროცესის შეკავებას და კატალონიას ფინანსებზე ყოველკვირეული დეტალური ანგარიშების ჩაბარება მოსთხოვა, რათა რეგიონს საბიუჯეტო თანხები რეფრენდუმზე არ დაეხარჯა. 14 სექტემბერს კატალონიამ ესპანეთის ხელისუფლებას ამ ანგარიშების მიწოდებაზე უარი უთხრა.
ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ კატალონიელების ჩხრეკა და დაკავებები დაიწყო
20 სექტემბერს, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ რეფერენდუმისთვის მზადების საქმეზე ჩხრეკა და დაკავებები დაიწყო. დააპატიმრეს კატალონიის ეკონომიკის, საგარეო საქმეთა, შრომის სამინისტროების, ასევე რეგიონის მთავრობის აპარატის სულ ცოტა 14 თანამშრომელი. სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ დაუმორჩილებლობის და საბიუჯეტო სახსრების მიტაცების ბრალდებით საქმე დაახლოებით 20 ადამიანის წინააღმდეგაა აღძრული. ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს ასევე რეფერენდუმისთვის მომზადებული 9 მილიონი ბიულეტენი (კატალონიაში 7,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს).
ჩხრეკა და დაკავებები საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს
კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ფაქტობრივად გააუქმა რეგიონში თვითმმართველობა და საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. ჩხრეკა და დაკავებები მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. იმავდროულად, არეულობების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. ადგილობრივი პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებში არ მონაწილეობს, მაგრამ არც აქციებს შლის და უსაფრთხოების დერეფნებს ქმნის. თვითგამორკვევის უფლებაზე შეტევა ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა "ბარსელონამ" გააპროტესტა.