26 სექტემბერი 2017 - 17:19

რეფერენდუმის შედეგების გამო ერაყი ქურთისტანს სამხედრო ოპერაციით ემუქრება. მთავარი

ერბილი, ერაყი

ერაყის ქურთისტანში დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმი ჩატარდა. მონაწილეთა აქტივობამ 80% მიაღწია. წინასწარი ინფორმაციით, ბაღდადისგან დამოუკიდებლობას მხარი 72%-მა დაუჭირა. რეფერენდუმი არამხოლოდ ქურთისტანში, არამედ იმ სადავო ტერიტორიებზეც ჩატარდა, რომლებიც ქურთებს თავისად მიაჩნიათ და "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის დროს დაიკავეს. ამ ტერიტორიებზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, ქურთების ხელში აღმოჩნდა ერაყის ნავთობის მარაგების დაახლოებით მესამედი. ბაღდადი რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს და სამხედრო ოპერაციით იმუქრება.

ერაყელმა ქურთებმა ფაქტობრივი დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვეს

ტერიტორია, რომელზეც ქურთები ცხოვრობდნენ, პირველი მსოფლიო ომის შედეგებით, თურქეთმა, ერაყმა და სირიამ გაიყვეს. ერაყში, ქურთების ავტონომიური რეგიონი 1970 წელს შეიქმნა. რეგიონში სამი პროვინცია (ერაყის ქურთისტანის ისტორიული ტერიტორიების დაახლოებით ნახევარი) გაერთიანდა. ავტონომიის მიღმა დარჩა კირკუკი - ნავთობით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროვინცია ერაყში. მიუხედავად ამისა, ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგები აღმოჩნდა.

1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში, სადამ ჰუსეინი ქურთულ რაიონებში არაბიზაციის პოლიტიკას აწარმოებდა. მათ შორის, ქურთების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღსაც იყენებდნენ, ასობით ათასი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. 1991 წელს, გაეროს უშიშროების საბჭომ, ერაყის ჩრდილოეთში ქურთული რაიონები უსაფრთხოების ზონად გამოაცხადა, რითაც ტერიტორია ფაქტობრივად გამოიყვანა ერაყის იურისდიქციიდან.

ჰუსეინის დამხობის შემდეგ ერაყის ქურთისტანი დეიურე ბაღდადის კონტროლს დაექვემდებარა. დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად ქურთებს პოლიტიკური და ფინანსური რესურსები არ ჰყოფნიდათ. გარდა ამისა, მათ სურდათ არამხოლოდ სამი პროვინციის, არამედ ერაყის კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიის შენარჩუნებაც, რომელსაც თავისად მიიჩნევდნენ. 2000-იან წლებში, ერაყის ქურთისტანის დედაქალაქი ერბილი და ბაღდადი უშედეგოდ ცდილობდნენ ამ საკითხზე კომპრომისის მიღწევას.

ერბილმა და ბაღდადმა ნავთობის გამო იჩხუბეს

ბოლო კონფლიქტი ბაღდადს და ერბილს შორის ნავთობის შემოსავლების ნიადაგზე გაჩნდა. ქურთები ბაღდადს დღეში სულ ცოტა 250 ათას ბარელ ნავთობს აწვდიდნენ, სანაცვლოდ კი ერაყის ბიუჯეტის 17%-ს იღებდნენ. 2014 წელს, ბაღდადმა ქურთებს ნავთობის მიწოდების გაზრდა მოსთხოვა და როდესაც ეს არ მოხდა, დაფინანსება შეუმცირა. გარდა ამისა, ბაღდადმა ქურთები უცხოური ნავთობკომპანიების გადაბირებაში და ერაყის ცენტრალური ხელისუფლების გვერდის ავლით, მათთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. არსებული შეფასებით, ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაახლოებით 45 მილიარდი ბარელის ნავთობის მარაგებია, რაც ერაყის ნავთობის მთლიანი მარაგების მესამედია.

კონფლიქტის დროს ისლამური სახელმწიფო გამოჩნდა

ღია დაპირისპირებისგან მხარეები "ისლამური სახელმწიფოს" გამოჩენამ იხსნა. 2014 წლის ზაფხულში, ტერორისტებმა დაიკავეს მოსულის მიმდებარე ტერიტორიები და კირკუკს მიუახლოვდნენ. ტერორისტებთან ბრძოლაში ქურთული სამხედრო შენაერთები ერაყელებზე ეფექტიანები აღმოჩდნენ და იმავდროულად, ყველა სადავო ტერიტორია და პირველ რიგში კირკუკი დაიკავეს. მათ ამ პოზიციის გამოყენება დამოუკიდებლობის საკითხისთვის გადაწყვეტეს. როგორც კი ერაყის ჩრდილოეთით საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, ქურთებმა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განაცხადეს, მათ შორის სადავო ტერიტორიებზეც.

ერაყისგან დამოუკიდებლობას ქურთების 72%-მა დაუჭირა მხარი

რეფერენდუმის ჩატარება დამოუკიდებლობის გამოცხადებას არ ნიშნავს. ქურთებისთვის, ის ბაღდადთან დიალოგში ზეწოლის მორიგი ბერკეტია, მაგრამ რეფერენდუმის შემდეგ, ერაყის მთავრობა ქურთებთან ყოველგვარ დიალოგზე უარს ამბობს. ბაღდადი კონფლიქტის ძალისმიერ გადაწყვეტასაც არ გამორიცხავს.

რეფერენდუმის წინა დღეს, ერაყის ხელისუფლებამ ერბილს მოსთხოვა, ყველა სასაზღვრო ტერმინალსა და აეროპორტებზე კონტროლი მისთვის გადაეცა. ბაღდადის თხოვნით, ერაყის ქურთისტანთან საჰაერო სივრცე დახურა ირანმა. თურქეთი ქურთებს ეკონომიკური სანქციებით და მათ შორის იმ მილსადენის გადაკეტვით დაემქურა, რომლითაც ქურთული ნავთობი ექსპორტზე გადის. ერაყმა, თურქეთმა და ირანმა ქურთების საზღვრებთან სამხედრო სწავლებები დაიწყეს.

რეფერენდუმი გააპროტესტა სირიამაც, თუმცა დამასკოს თავისი პრობლემებიც საკმარისად აქვს და მეზობელი ქვეყნის საქმეში ღიად ჩარევისთვის არ სცალია.

რუსეთი ერაყის ქურთისტანში ინვესტორებს შორის პირველ ადგილზეა. მოსკოვს აწყობს ერბილთან ურთიერთობა ბაღდადის გვერდის ავლით, თუმცა ამის გამო ერაყთან ჩხუბი, სადაც ასევე მუშაობენ რუსული ენერგეტიკული კომპანიები, მის ინტერესებს არ
შეესაბამება, თუმცა კრემლს რეფერენდუმის იდეა ღიად არ გაუკრიტიკებია.

ქურთისტანის დამოუკიდებლობა რეგიონში სახიფათო პრეცედენტს შექმნის

ერაყელი ქურთების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება, შეიძლება ერაყის დაშლის დასაწყისი გახდეს. ეს ფაქტი სახიფათო პრეცედენტია ასევე სირიისთვის, ირანისთვის და თურქეთისთვის, სადაც დიდი ქურთული თემები ცხოვრობენ. იმ დროს, როდესაც ბაღდადი ქურთებთან რეფერენდუმის განხილვაზე უარს ამბობს, მოვლენების განვითარება მომავალში დიდწილად გარე მოთამაშეებზე იქნება დამოკიდებული. აშშ, ევროკავშირი და გაერო ბოლო წუთამდე ცდილობდნენ დარწმუნებინათ ქურთები, რომ რეფერენდუმი კარგი იდეა არ არის და რომ ეს  "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაზე ცუდად აისახებოდა.

კომენტარები ()

სხვა თემები