12 ოქტომბერი 2017 - 16:53

Google-ში საჭირო ინფორმაციას ვეძებ და ვერ ვპოულობ. რა ვქნა?

ზოგჯერ საჭირო ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში სერიოზული პრობლემაა. პროცესი დამღლელია და ბევრ დროს მოითხოვს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ინფორმაციის იოლად მოძიებაში დაგეხმარებათ. 

საძიებო სისტემა რობოტია და არა ადამიანი

ბევრი მომხმარებელი საძიებო კითხვას ისე აყალიბებს, თითქოს ადამიანს მიმართავს. საძიებო სისტემები ნელ-ნელა სწავლობენ “ადამიანური” კითხვების გაგებას, მაგრამ ჯობს გაითვალისწინოთ, რომ მათთვის მთავარი - საკვანძო სიტყვებია (key words). თუ თქვენ გსურთ ახალი ამბების გაგება, მაგალითად კატალონიაზე, ნუ ჩაწერთ საძიებო სისტემაში წინადადებას “რა ხდება კატალონიაში?”, არამედ - “კატალონია ახალი ამბები” (Catalonia news).

განსაზღვრეთ საძიებო ზონა და პირდაპირ იქ ეძებეთ

ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელიც აგარიდებთ უამრავ ზედმეტ ინფორმაციას. გახსოვდეთ, რომ Google-ს სპეციალიზებული ძიებისთვის ბევრი სერვისი აქვს და მის მთავარ გვერდზე ყველა არ ჩანს. ფოტოების მოძიება ბევრმა იცის, მაგრამ ის, რომ Google-ს, მაგალითად სამეცნიერო სტატიების და პატენტების ძიება შეუძლია - ცოტამ. არ დაგავიწყდეთ, რომ საძიებო სისტემები - ერთადერთი სერვისი არ არის. არსებობს ბევრი სპეციალიზებული მომსახურება, მაგალითად, ავიაბილეთების ან სასტუმროების მოსაძებნად.

არ დაიზაროთ ხელსაწყოებში გარკვევა

ყველა საძიებო სერვისს აქვს გაფართოებული ძიების ფუნქცია. შეიძლება ძიების მოთხოვნა დროის სასურველ პერიოდზე, ასევე ქვეყნების, ენების მიხედვით და ასე შემდეგ. საჭირო ინფორმაციის სწორად და სწრაფად მოძიებისთვის, ჯობს რამდენიმე წუთი ხელსაწყოების განსაზღვრაზე დახარჯოთ.

ერთი ფრაზით მთლიანი ტექსტის პოვნა ზოგჯერ იოლია, ზოგჯერ - არა

თუ თქვენ ამ ფრაზას სისტემაში უბრალოდ მიუთითებთ, სწორი ბმულის ძებნა შეიძლება უამრავ არასწორ ბმულებს შორის მოგიწიოთ. საძიებო ფრაზა ან სიტყვა ბრჭყალებში ჩასვით, მაშინ სისტემა მხოლოდ იმ გვერდებს მოგიძებნით, სადაც თქვენთვის საჭირო ციტატაა.

გათავისუფლდით ზედმეტი ცნობებისგან

თუ ძიების დროს, ყოველთვის რაღაც უსარგებლო ბმულები გივარდებათ, მათგან გათავისუფლება შესაძლებელია. მაგალითად, ეძებთ ინფორმაციას ქალაქზე Barcelona და არ გინდათ სისტემამ მოძებნოს ბმულები ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბზე ან ტერაქტზე. ასეთ დროს თქვენი ჩანაწერი საძიებო სარკმელში ასე უნდა გამოიყურებოდეს: barcelona -club -attack. თუმცა ასეთ ამოცანასთან გამკლავება ზოგჯერ უფრო იოლადაც შეიძლება, თუ მოძებნით სიტყვებით barcelona city.

ყველაფერს ვერ “დაგუგლავთ”

ყველაფერს ვერ “დაგუგლავთ” ამიტომ თუ დამოუკიდებლად ძებნა გიჭირთ, იკითხეთ სოციალურ ქსელებში ან სპეციალიზებულ ფორუმებზე. მაგალითად, თუ ცდილობთ რაიმე ფილმის პოვნას, მაგრამ არც სახელი გახსოვთ, არც რეჟისორი, არც მსახიობები. და მხოლოდ ძალიან ბუნდოვნად გახსენდებათ სიუჟეტი ან ცალკეული სცენები, ხშირად ესეც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ვინმე დაგეხმაროთ.

კომენტარები ()

სხვა თემები