07 ივლისი 2017 - 23:11

აშშ და ჩრდილოეთ კორეა ერთმანეთს ღიად ემუქრებიან. არსებობს თუ არა ბირთვული ომის საფრთხე?

ბოლო თვეების განმავლობაში, სიტუაცია კორეის ნახევარკუნძულის ირგვლივ უკიდურესად დაიძაბა. ჩრდილოეთ კორეამ მთელი რიგი სარაკეტო ცდების შემდეგ 4 ივლისს ახალი ტიპის რაკეტა გამოსცადა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ვაშინგტონზე იერიშსაც მიიტანს. თავის მხრივ, ამერიკელებმა თქვეს, რომ ფხენიანის მიმართ "სტრატეგიული თმენის" ეპოქა დასრულდა და "გარკვეული პასუხი" აუცილებელია. 6 ივლისს, გაეროში აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ფხენიანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.  

როგორ უნდა გავარკვიოთ ბირთვული ომის საფრთხე რეალურია თუ არა?

ბირთვული იარაღის გამოყენებით კონფლიქტის შესაძლებლობა იზრდება ისეთ ზესახელმწიფოებს შორის ურთიერთობის გამწვავებისას, რომლებსაც ასეთი იარაღი აქვთ. ექსპერტები თვლიან, რომ ცივი ომის შემდეგ ასეთი კონფლიქტის ყველაზე რეალური საფრთხე მაშინ შეიქმნა, როდესაც რუსეთმა ყირიმი მიიერთა და უკრაინის აღმოსავლეთში საიდუმლო სამხედრო ოპერაციების ჩატარება დაიწყო. ამ დროს მოსკოვი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების ველში აღმოჩნდა. თუმცა, იმავდროულად მოსკოვს არ აქვს საბჭოთა კავშირის (სსრკ) რესურსები, კერძოდ მოკავშირეები და ინდუსტრია, რომელსაც შეიარაღების მასობრივი წარმოების უზრუნველყოფა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ რუსეთის დემოგრაფიული პრობლემებიც აქვს, დაბერებული მოსახლეობა, რომლისგანაც მრავამილიონიან არმიას ვერ შექმნი.

ასეთ დროს, ბირთვული იარაღი მნიშვნელოვანი საგარეოპოლიტიკური ინსტრუმენტი ხდება. მაგრამ იმისთვის რომ ამ ინსტრუმენტმა იმუშაოს, დასვლეთმა უნდა დაიჯეროს, რომ გარკვეულ ვითარებაში კრემლი მზად იქნება "ღილაკზე” ხელისდასაჭერად. სწორედ ამ მიზნით ჩნდება ხოლმე რიტორიკაში ბირთვულ საფრთხეზე მინიშნებები.

მაგალითად, ვლადიმერ პუტინმა ყირიმის მიერთების მომენტში განაცხდა, რომ მზადაა სარაკეტო ძალები მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანოს. ასე მოიქცევა შესაბამის ვითარებაში აშშ-ც და სხვა ქვეყანაც, რომელსაც მსგავსი არსენალი გააჩნია და მხარეებს შეეშინდებათ ხელიდან გაუშვან რაკეტის გაშვების მომენტი. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი ტექნიკური შეცდომა შეიძლება კატასტროფით დასრულდეს.

ბირთვული შეტაკების საფრთხე რომელ ქვეყნებს შორის უფრო რეალურია?

თეორიულად, ასეთი საშიშროება არსებობს როგორც აშშ-ს და ჩრდილოეთ კორეას, ასევე აშშ-ს და რუსეთს და ინდოეთს და პაკისტანს შორის. თუკი ზემოთხსენებული ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეულ ესკალაციას გამოვრიცხავთ, რაც ბირთვული სახელმწიფოების დაპირისპირების შემთხვევაში შესაძლებელია, კონფლიქტის ინიციატორი შეიძლება მხოლოდ ისეთი ლიდერი გახდეს, რომელსაც ეგრეთ წოდებული ზეფასეულობები აქვს, ანუ ის, ვისთვისაც საკუთარი ხალხის გადარჩენაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ არსებობს და ვინც არავისთან შეთანხმების ვალდებულებით არ არის შეზღუდული.     

ასეთ დროს ურთიერთშეკავების დოქტრინა აღარ მუშაობს, რადგან ასეთ ლიდერს არ ეშინია იმის, რომ მის ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. ამ კრიტერიუმებს ყველაზე მეტად ჩრდილოკორეელი მმართველი კიმ ჩენ ინი აკმაყოფილებს.

რამდენ ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი?

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების (Non-Proliferation Treaty, NPT) თანახმად, ატომური იარაღი კანონიერად მხოლოდ 5 სახელმწიფოს აქვს. ესენი არიან აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი. ბირთვული იარაღი აქვთ ინდოეთს, პაკისტანს და ჩრდილოეთ კორეას, რომლებმაც ის ამ შეთანხმების გვერდის ავლით მიიღეს, მაგრამ არ უარყოფენ რომ აქვთ. ისრაელი არ ადასტურებს, მაგრამ არც უარყოფს, რომ აქვს ბირთვული იარაღი.  

სხვა სახელმწიფოების, მაგალითად ირანის მიმართ, არსებობს მხოლოდ ეჭვი, რომ ის ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (მაგატე) ფუნქციაა NPT-ის მონიტორინგი. არსებობს მაგალითად შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ 1970-იან წლებში შეძლო ატომური ბომბის შექმნა, მაგრამ მოგვიანებით ქვეყანამ ნებაყოფლობით თქვა უარი ბირთვულ იარაღზე.  

მართალია, რომ თუკი ორ ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი, მისი გამოყენების შანსი მცირდება?

ბირთვული შეკავების მთელი თეორია აგებულია სწორედ იმაზე, რომ ბირთვული კონფლიქტის შემთხვევაში გარანტირებული ურთიერთგანადგურება გარდაუვალია. თანაც, ლაპარაკი საპასუხო დარტყმაზეც არ არის, არამედ საპასუხო-შემხვედრზე. უფრო ზუსტად, ქვეყნისთვის, რომელსაც უტევენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნია თავისი რაკეტები მანამდე გაუშვას, ვიდრე მოწინააღმდეგის საბრძოლო ნაღმები მის ტერიტორიაზე დაიწყებს აფეთქებას.     

თუმცა რთულია იმის მტკიცება, რომ საპასუხო-შემხვედრი დარტყმა არსებითად ამცირებს ბირთვული ომის ალბათობას. კრიზისულ სიტუციაში რაკეტის გაშვებაზე გადაწყვეტილება წამებშია მისაღები, მანამდე, ვიდრე მოწინააღმდეგის ქობინები გასაშვებად გამზადებულ რაკეტებს გაანადგურებენ. ეს კი საგრძნობლად ზრდის შეცდომის დაშვების ალბათობას, რასაც გარდაუვლად მოჰყვება გლობალური კატასტროფა.

რა შეუძლია ყველაზე თანამედროვე ქობინს?

თანამედროვე ბირთვული ქობინების სიმძლავრე 150-დან 550 კილოტონამდეა. 1 კილოტონის სიმძლავრის აფეთქების ენერგია უდრის ათასი ტონა ტროტილის აფეთქების ენერგიას. ატომური ბომბების სიმძლავრე, რომლებმაც ჰიროსიმა და ნაგასაკი გაანდაგურა, დაახლოებით 20 კილოტონას შეადგენდა. სპეციალისტების გათვლით, 550 კილოტონის სიმძლავრის საბრძოლო მასალის აფეთქების შემთხვევში, ეპიცენტრიდან 5 კილომეტრის რადიუსში ყველა ნაგებობა ფაქტობრივად სრულად განადგურდება და სხვადასხვა ხარისხის ნგრევა იქნება 30 კილომეტრის რადიუსში.

ბირთვული ზამთარი რას ნიშნავს?

მდგომარეობა, რომელიც მოსალოდნელია დედამიწაზე ბირთვული ომის შემთხვევაში. ატომური აფეთქებების შედეგად ჰაერში გამოტყორცნილი კვამლი და მტვერი არ აძლევს საშუალებას მზის სხივებს მიაღწიონ დედამიწის ზედაპირამდე, რაც ტემპერატურის მკვეთრ დაცემას იწვევს. ამის გამო მოსალოდნელია სიცოცხლის სრული მოსპობა. ეს ჰიპოთეზა დეტალურად ახსნეს ამერიკელმა მეცნიერებმა 1983 წლის სტატიაში. ეს არის ყველაზე ცნობილი, მაგრამ არა ერთადერთი თეორია ბირთვული ომის შედეგების შესახებ.    

აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეტაკება მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს?

არა. იმისათვის, რომ კონფლიქტს მესამე მსოფლიო ომი ეწოდოს, ის გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ასეთი მასშტაბის ომი ვერ იქნება კორეაში. როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი ისეთი მაღალია, როგორც ამ ორ ქვეყანას შორის, პროცესს შესაძლოა ეწოდოს ბირთვული ომის რისკი, მაგრამ არა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი. ბირთვული ომის შემთხვევაშიც, გლობალური შედეგის მასშტაბი, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენი ბირთვული ქობინი იქნება გამოყენებული დროის მცირე მონაკვეთში, ასევე მხარეთა მოკავშირეების რაოდენობაზე. ჩრდილოეთ კორეას კი მოკავშირე ფაქტობრივად არ ჰყავს.

დედამიწაზე უამრავი ატომური ცდა ტარდება, მაგრამ ამ აფეთქებებს ჯერ არ მოჰყოლია "ბირთვული ზამთარი". ასეთი იარაღის გამოყენება დედამიწის იმ ნაწილის მოსახლეობისთვის, რომელთა გეოგრაფიაც ხვდება უშუალოდ სამიზნეებს შორის, კატასტროფაა, მაგრამ გლობალური ბირთვული ომი, იარაღის ტექნოლოგიური განვითარების ამ ეტაპზე, თითქმის წარმოუდგენელია, რადგან არსებული ბირთვული არსენალის უმეტესობა, დიდი ალბათობით მათ ამოქმედებამდე განადგურდება.

სხვა თემები