15 ოქტომბერი 2017 - 17:31

ყველა ლურჯ ვეშაპზე ლაპარაკობს. ეს რა არის?

14 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მაისში დაწყებული გამოძიების თანახმად, ქართულ ინტერნეტში ონლაინ თამაშის - ეგრეთ წოდებული "ლურჯი ვეშაპის" არსებობა არ დასტურდება.

"ლურჯი ვეშაპი" რა არის?

"ლურჯი ვეშაპი" ინტერნეტ თამაშია, რომელიც მოზარდებს თვითდაზიანებისკენ და თვითმკვლელობისკენ უბიძგებს. თამაში 50 დღეს გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში მონაწილეებს “დავალებებს” აძლევენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები, რომლებსაც “თამაშში” მონაწილეობა სურთ, სოციალურ ქსელებში თავის გვერდზე ტოვებენ მოთხოვნას ინსტრუქციაზე, რომელიც ლექსს ჰგავს და რომელსაც თან ახლავს შესაბამისი ჰეშთეგი. შემდეგ მათ უკავშირდებიან ვიღაც “კურატორები”, როგორც წესი, ისეთი ექაუნთებიდან, რომელთა იდენტიფიცირებაც არ შეიძლება და აძლევენ “დავალებებს”. ასევე უხსნიან წესებს, რომ ამ "თამაშის" შესახებ არავის არაფერი უთხრან და ყოველთვის შეასრულონ კურატორის ნებისმიერი დავალება; დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში მონაწილეებს თამაშიდან გარიცხვით და მძიმე შედეგებით ემუქრებიან. სულ 50 დავალებაა. ნავარაუდებია, რომ 50 დღის შემდეგ "თამაშის" მონაწილემ თავი უნდა მოიკლას. მათ, ვისაც “თამაშიდან” გასვლა უნდა, ოჯახის წევრების მიმართ ანგარიშსწორებით ემუქრებიან, მაგალითად, მათთან სახლში მისვლით და მშობლების მოკვლით.

საიდან გაჩნდა ის?

პირველად ამ ინტერნეტ-ფენომენის შესახებ, ფართოდ ცნობილი გახდა 2016 წლის მაისში, რუსულ გამოცემა “ნოვაია გაზეტაში” გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ. გაზეთი წერდა, რომ რუსულ სოციალურ ქსელში ВКонтакте არის დახურული ჯგუფები, რომლებშიც მოზარდები “თამაშის” წევრები ხდებიან, იღებენ “ინსტრუქციებს” და “დავალებებს”. "ვეშაპი" სახელწოდებაში, სავარაუდოდ ნასესხებია რუსული როკ-ჯგუფის Люмен-ის სიმღერიდან Гореть ("Огромный синий кит, Порвать не может сеть. Сдаваться или нет? Но все равно гореть!"), ხოლო 50 დავალება, რომელთაგან მონაწილემ დღეში ერთი უნდა შეასრულოს - წიგნიდან "50 დღე ჩემს თვითმკვლელობამდე". ეს არის სტეის კრამერის, იგივე ანასტასია ხოხლოვას რომანი მოზარდ გოგოზე, რომელმაც ოჯახური პრობლემების გამო თავის მოკვლა გადაწყვიტა და საკუთარ თავს 50-დღიანი ვადა მისცა, თუმცა სიუჟეტის ბოლოს პერსონაჟი თავის მოკვლას გადაიფიქრებს.

არსებობს დავალებების ტიპური სია. ისინი დაკავშირებულია თვითდაზიანების მიყენებასთან (მონაწილემ ხელზე უნდა ამოიტვიფროს f57), ვეშაპებთან (დახატოს ქაღალდზე ვეშაპი) და შიშთან (მთელი დღე უყუროს საშიშ ვიდეოებს). ზოგიერთი დავალების შესასრულებლად მოთამაშე უნდა ავიდეს მაღალსართულიანი კორპუსის სახურავზე; გაიღვიძოს დილის 4:20 საათზე, მოუსმინოს მუსიკას და ელაპარაკოს ვეშაპს და სხვა. ბოლო დავალებაა თავის მოკვლისკენ მოწოდება.

მხოლოდ რუსეთშია გავრცელებული?

“ვეშაპების” თემის მიმართ ინტერესი მკვეთრად გაიზარდა 2017 წლის დასაწყისიდან. რუსული სოცქსელების გარდა, თამაშთან დაკავშირებული ჰეშთეგები გაჩნდა Instagram-ზეც. “ვეშაპებით” თამაშზე ინფორმაციას აქტიურად ეძებდნენ მომხარებლები ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან.

მაგრამ აქვს თუ არა ამ ინტერესს პირდაპირი კავშირი თვითმკვლელობების რიცხვთან - უცნობია. წლის დასაწყისში, რუსეთში, ასეთი რამდენიმე თვითმკვლელობა დაფიქსირდა, მაგრამ "თამაშთან" მათი კავშირის შესახებ ოფიციალურად არაფერი თქმულა. თებერვალში, ყირგიზეთში ფანჯრიდან გადახტა და დაიღუპა მერვეკლასელი მოზარდი. მედიაში ვერსიებს შორის დასახელდა “თამაშიც”, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოები ამას დღემდე არ ადასტურებენ. ასევე თებერვლის დასაწყისში, რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში სისხლის სამართლის ორი საქმე აღიძრა 13 და 16 წლის გოგოების “თვითმკვლელობამდე მიყვანის” მუხლით. გამოძიებამ განახადა, რომ 16 წლის გოგოს სოციალურ ქსელში მიმოწერა ჰქონდა დაუდგენელ პირთან, რომელიც მას თანმიმდევრულ დავალებებს აძლევდა, და რომლის საბოლოო მიზანიც გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანა იყო.

გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, თითქოს "თამაშით" დაინტერესებულები არიან მოზარდები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში და ჩინეთშიც კი, მაგრამ არცერთი ასეთი შემთხვევა ოფიციალურად არ დადასტურებულა.

სოციალური ქსელები და სხვა სერვისები ცდილობენ “თამაშთან” ბრძოლას. რუსულ სოციალურ ქსელშიც და, Instagram-ზეც ყურადღებით აკვირდებიან ჰეშთეგებს, ბლოკავენ საეჭვო ექაუნთებს, მოუწოდებენ “თამაშის” წინააღმდეგ და დაინტერესებულ მომხმარებლებს ამისამართებენ ბმულებზე, რომლებზეც მხარდაჭერის სიტყვები და ფსიქოლოგიური დახმარებისთვის ტელეფონებია გამოქვეყნებული.

საქართველოში გამოძიება რატომ დაიწყო?

28 მაისს, ქართულ მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ "თამაშმა" საქართველოშიც შემოაღწია. დასახელდა მსხვერპლიც - 12 წლის გოგო, რომელიც "კურატორის" დავალებით მე-5 სართულიდან გადახტა. ის სხეულის მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმეზე დაიწყო გამოძიება.

31 მაისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, სავარაუდოდ "თამაშის" მონაწილე შვიდმა მოსწავლემ, თვითდაზიანება მიიყენა. სამართალდამცველებმა მოსწავლეები გამოკითხეს. მათი ასაკი 13-14 წელია. ბავშვებს სხეულზე ნაკაწრები აღმოაჩნდათ, რომელიც საკუთარ თავს მიაყენეს. მოსწავლეების მიერ თვითდაზიანების ფაქტი განათლების სამინისტრომაც დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ დაშავებული ბავშვები "თამაშში" მონაწილეობას უარყოფდნენ.

1 სექტემბერს, თბილისში, მოზარდი გოგო მე-13 სართულიდან გადმოხტა და დაიღუპა. "იმედთან" ინტერვიუში ოჯახი ეჭვობდა, რომ ბავშვი "ლურჯი ვეშაპის" მსხვერპლი გახდა.

მანამდე, 31 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე "ლურჯ ვეშაპთან" დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელსაც უნდა დაედგინა, იყო თუ არა ინტერნეტში გავრცელებული თამაში დაკავშირებული ქართულ ინტერნეტსივრცესთან. 14 ოქტომბერს, გამოძიების დასრულების შესახებ შსს-მ განცხადება გაავრცელა და დღეის მდგომარეობით ქართულ ინტერნეტში ეგრეთ წოდებული "ლურჯი ვეშაპის" არსებობის რეალური ფაქტი უარყო.

და მაინც, მშობელმა ასეთი საფრთხის დროს რა უნდა გააკეთოს?

არსებობს ზოგადი რეკომენდაციები მშობლებისთვის იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ რთულ სიტუაციებში. პირველ რიგში, არ არის საჭირო ბავშვის მიმოწერის, მისი პირადი დღიურის ან სოცქსელში მისი ექაუნთის ნახვა. ასეთ დროს ბევრ მშობელს უჩნდება სურვილი შეამოწმოს ყველაფერი, რისი შემოწმებაც შეიძლება. მაგრამ ეს მშობლის მიმართ მხოლოდ უნდობლობას გააჩენს და შედეგსაც არ მოიტანს. იმ შემთხვევაშიც, თუ მშობელი რაიმე შემაშფოთებელს აღმოაჩენს, ამაზე ბავშვთან ლაპარაკს აზრი არ აქვს - ეს მხოლოდ გააფუჭებს მასთან კონტაქტს. შვილის ცხოვრებაში მონაწილეობის ბევრი სხვა გზა არსებობს. საჭიროა მასთან ლაპარაკის ცოდნა და სანდო ურთიერთობების აწყობა, და არა თვალთვალი.

გავრცელებული აზრის მიუხედვად, თითქოს “სახიფათო თემებზე” ლაპარაკი სახიფათო სიტუაციებს მხოლოდ წარმოშობს - არასწორია. სინამდვილეში საქმე პირიქითაა. სპეციალისტების აზრით, საუკეთესო გზა მშობლისთვის იმის გასარკვევად, აქვს თუ არა ნერვიულობის საფუძველი - ბავშვთან გულწრფელი საუბარია, დაშინების და მუქარის გარეშე. მოზარდისთვის მნიშვნელოვანია, მშობელს ესმოდეს მისი გრძნობები, პრობლემები და ინტერესები. საპირისპირო შემთხვევაში მას მარტოობის განცდა უფრო გაუმწვავდება და გადაწყვეტს, რომ უფროსები მას ვერ გაუგებენ და მხარში არ დაუდგებიან. არც ის ვარგა, როდესაც მშობელი სრულ გულგრილობას ავლენს, იმის ხაზგასასმელად, თითქოს "რაღაც" დემონსტრაციულად არ ანერვიულებს. მთავარი, მოზარდთან საუბრისას თავშეკავება და სიმტკიცეა. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მშობელს "თემა" ანერვიულებს, მაგრამ იმავდროულად პანიკაში არ ვარდება.   
 
სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ ელაპარაკონ მოზარდს სერიოზულ თემებზე, კერძოდ იმაზე, თუ "რა არის ცხოვრება და რაშია მისი აზრი", "რა არის სიკვდილი", "რა არის მეგობრობა და სიყვარული". ბავშვებს ასეთი საკითხები შემთხვევით არ აინტერესებთ. ისინი ამ ასაკში აცნობიერებენ საკუთარ თავს და ფასეულობებს, ამიტომ მათთვის ღირებულია იცოდნენ და ესმოდეთ თუ რა არის ფასეული მათი მშობლებისთვის. მთავარია მოზარდებისთვის იმის ჩვენება, რომ ცხოვრება თავისთავად ფასეულია, რომ შეიძლება ყოველდღიური მოვლენებისგან სიამოვნების მიღება და სირთულეების გადალახვა.

ასეთი ურთიერთობების დროს უფროსებთან, მოზარდები ყველა მსგავსი გარე საფრთხისგან, მაქსიმალურად დაცულები არიან.

სხვა თემები