17 ოქტომბერი 2017 - 17:13

გერმანიის შემდეგ ნაციონალისტები ავსტრიის პარლამენტშიც მოხვდნენ. რა ხდება?

ავსტრიის პარლამენტი, ვენა

ამ წლის შემოდგომის განმავლობაში, ავსტრიის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მეორეა ევროპაში, როდესაც ხმათა მნიშვნელოვანი ნაწილი ნაციონალისტურმა პარტიებმა მიიღეს. სექტემბერში, გერმანულ ბუნდესტაგში ულტრამემარჯვენე "ალტერნატივამ გერმანიისთვის" მესამე ადგილი დაიკავა. ოქტომბრის ბოლოს საპარლამენტო არჩევნებია ჩეხეთშიც, სადაც გამოკითხვების თანახმად პოპულისტური პარტია "უკმაყოფილო მოქალაქეების აქცია" ლიდერობს.

სებასტიან კურცის კონსერვატიულმა პარტიამ ხმათა 31,7% მიიღო

15 ოქტომბერს, ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პირველ ადგილზე გავიდნენ კონსერვატორები ავსტრიის სახალხო პარტიიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის კანცლერი სავარაუდოდ, ამ პარტიის 31 წლის ლიდერი სებასტიან კურცი გახდება. ავსტრიის მთავრობის დღევანდელი მეთაური კრისტიან კერნი კურცზე 20 წლით უფროსია.

კონსერვატორებმა პირველი ადგილი დაიკავეს მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში მესამე პოზიცია ეკავათ და რეიტინგებით მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და ულტრამემაჯვნე თავისუფლების პარტიას ჩამორჩებოდნენ. როდესაც გაირკვა, რომ სწორედ სებასტიან კურცი იქნებოდა "სახალხო პარტიის" კანცლერობის კანდიდატი ამან პარტიას მეტი პოპულარობა შესძინა და მისი რეიტინგი გაუზარდა.

ავსტრიაში კურცს ვუნდერკინდს უწოდებენ

wunderwuzzi - ასე უწოდებენ სახალხო პარტიის კანცლერობის კანდიდატს ავსტრიაში. მან კონსერვატიული ძალების მასშტაბური განახლების შესახებ გამოაცხადა და "ახალი სახალხო პარტიის" (ასე უწოდებენ კურცის პოლიტიკურ ძალას რეფორმის შემდეგ) საარჩევნო სიაში უპარტიო კანდიდატებიც შეიყვანა. კამპანიის დროს, კურცი, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მუდმივად ლაპარაკობდა, რომ 2016 წლის მიგრაციული კრიზისის შემდეგ, ახლოაღმოსავლელი დევნილებისთვის "ბალკანეთის გზის" ჩაკეტვა, სწორედ მისი დამსახურება იყო. გარდა ამისა, კურცი ავსტრიელ ამომრჩევლებს მუსლიმური საბავშვო ბაღების გაუქმებას დაპირდა და ბურკის ტარებაზე აკრძალვას მხარი დაუჭირა.

კონსერვატორების ეკონომიკური პროგრამაც ულტრამემარჯვენეების პოპულისტურ მოთხოვნებს იმეორებდა: გადასახადების შემცირება და ავსტრიაში "ახალი სამართლიანობის" დამყარება, რაც იმას გულისხმობდა, რომ სახელმწიფო გაწირვებული მიგრანტების ნაცვლად, ღარიბ ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარებოდა.

კურცის კაბინეტი ტრიუდოს კაბინეტს ჰგავს

ულტრამემარჯვენეებისგან განსხვავებით, კურცმა მკაფიოდ განაცხადა, რომ კონსერვატორები პროევროპულ გზას ადგანან და საერთო ჰუმანისტური ღირებულებების ერთგულები არიან. კონსერვატორების მიერ წარმოდგენილი მთავრობის კაბინეტი თავისი ინკლუზიურობით კანადაში ჯასტინ ტრიუდოს მთავრობის შემადგენლობას ჰგავს. მასში შედიან, მწვანეთა პარტიის ყოფილი წევრი, თურქი ემიგრანტების ოჯახის წარმომადგენელი ეფგანი დიონმეზი, ყოფილი სპორტსმენი, რომელიც დღეს ინვალიდის ეტლით გადაადგილდება კირა გრიუნბერგი, ფსიქოანალიტიკოსი და ვენის ებრაული თემის ყოფილი ხელმძღვანელი მარტინ ენგელბერგი. სიაში კანდიდატთა ნახევარი - ქალია.

კურცის ოპონენტები მის წინააღმდეგობრივ შეხედულებებს პოპულიზმით ხსნიან; მხარდამჭერები კი ამტკიცებენ, რომ პოლიტიკოსი ნაციონალისტური დღის წესრიგით ულტრამემრჯვენეებს ელექტორატს ართმევს.

კონსერვატორები კოალიციას, სავარაუდოდ, ულტრამემარჯვენეებთან შექმნიან

კაბინეტის ფორმირებისთვის კონსერვატორებს სხვა პოლიტიკურ ძალებთან მოუწევთ მოლაპარაკება. სახალხო პარტიამ ადრე უკვე თქვა უარი კოალიციის შექმნაზე სოციალ-დემოკრატებთან, რამაც გამოიწვია კიდეც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამიტომ, სავარაუდოდ, კონსერვატორები თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს ულტრამემარჯვენეებთან გამართავენ. თავად კურცი კოალიციის შექმნასთან დაკავშირებულ მოლპარაკებებზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, სოციალ-დემოკრატების ლიდერი კანცლერი კერნი კი აცხადებს, რომ ყველა ვარიანტის განსახილველად მზადაა.

პირველად პარტიის ისტორიაში "მწვანეები" პარლამენტს გარეთ დარჩნენ

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არამხლოდ ულტრამემეარჯვენეების გამარჯვებაა, არამედ "მწვანეების" სერიოზული მარცხიც. ავსტრიის მწვანეები, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მემარცხენე-ცენტრისტული პარტიაა ევროპაში; შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ "მემარცხენეების" წარმომადგენელმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა გაიმარჯვა. მიუხედავად ამისა, საპარლამენტო არჩევნებში, "მწვანეებმა" საარჩევნო ბარიერიც კი ვერ გადალახეს და პირველად პარტიის არსებობის პირობებში ნაციონალურ საბჭოში წარმომადგენელი არ ეყოლება. "მწვანეების" ოფიციალურმა წარმომადგენელმა კამპანიის ამგვარ შედეგს "კატასტროფა" უწოდა.

კურცი საქართველოს 2017 წლის თებერვალში სტუმრობდა

3 თებერვალს, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი, რომელიც იმავდროულად ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იყო საქართველოს ესტუმრა. ვიზიტის მიზანი რეგიონში არსებული კონფლიქტების განხილვა იყო. ავსტრიის მომავალი კანცლერი საქართველოში ყველა უმაღლესი თანამდებობის პირს შეხვდაერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგ შეხვედრას დაესწრო და სოზარ სუბართან ერთად შავშვებში დევნილებს შეხვდა.

მიხეილ ჯანელიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კურცმა რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზეც ილაპარაკა

5 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სებასტიან კურცმა გერმანულ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში და ბალკანეთის ქვეყნებში ლტოლვილთა ცენტრების გახსნას ემხრობა. ავსტრიელი პოლიტიკოსის ინიციტივას უმალ რუსეთი გამოემხაურა და გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ინიციატივა ავსტრიელმა მინისტრმა თებერვალში ქართველ პოლიტიკოსებთან განიხილა და ცენტრის გახსნა თბილისს უვიზო რეჟიმის შემოღების სანაცვლოდ შესთავაზა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო, ხოლო ავსტრიის საგარეო უწყებამ 7 მარტს განმარტა, რომ მინისტრმა ინტერვიუში საქართველო მხოლოდ მაგალითად მოიყვანა და რაიმე კონკრეტული გეგმის არსებობა უარყო.

კომენტარები ()

სხვა თემები