24 ოქტომბერი 2017 - 00:31

მილიარდერი პოპულისტი. ვინ არის ჩეხეთის ახალი პრემიერმინისტრი?

ანდრეი ბაბიში

ჩეხეთის ახალი პრემიერმინისტრი, სავარადუდოდ, ანდრეი ბაბიში გახდება. მილიარდერი ბაბიში ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი და პოპულისტური "უკმაყოფილო მოქალაქეთა პარტიის" დამფუძნებელია. 20 და 21 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ბაბიშის პარტიამ პირველი ადგილი დაიკავა ხმათა თითქმის 30%-ით, წარსულში ქვეყნის ყველაზე მსხვილმა "სოციალ-დემოკრატების" პარტიამ კი ხმების მხოლოდ 7% მიიღო. 

ჩეხი ტრამპი და ბერლუსკონი

ანდრეი ბაბიში ჩეხეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. Forbes-ის წლევანდელი მონაცემებით, მისი ქონება 4,1 მილიარდი დოლარია. მას ეკუთვნის დიდი ჩეხური კომპანია Agrofert-ი - აგროქიმიური კომპლექსი, რომელიც დაახლოებით 200-მდე ევროპულ ფირმას აერთიანებს. ანდრეი ბაბიშის აქტივებს შორის არის მსხვილი მედიაჰოლდინგი Mafra Media Group-ი და ცნობილი ფრანგული რესტორანი.

ბაბიშს ხშირად "ჩეხ ტრამპს" უწოდებენ, ძირითადად იმის გამო, რომ პოლიტიკაში ბიზნესიდან მივიდა და 2011 წელს პოპულისტური მოძრაობა ANO დააფუძნა, რაც ჩეხურად ნიშნავს "დიახ"-ს, ხოლო აბრევიატურა იშიფრება, როგორც "უკმაყოფილო მოქალაქეთა მოძრაობა". იმავდროულად, ბაბიში ხშირად აკრიტიკებდა ევროკავშირის მიგრაციულ პოლიტიკას და ცნობილია არაპოლიტკორექტული გამონათქვამებით. აშშ-ის საარჩევნო კამპანიის დროს ის აცხადებდა, რომ ამერიკისთვის იდეალური პრეზიდენტი არა დონალდ ტრამპი, არამედ ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი იქნებოდა. ბაბიშის კიდევ ერთი მეტსახელი - "ბაბისკონი" - იტალიის პრემიერმინისტრთან, ბერლუსკონისთან მის მსგავსებას უკავშირდება.

პოპულისტი

ბაბიში ჩეხეთის ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის წინააღმდეგია. კერძოდ, ის ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროზე გადასვლას და აპირებს ბრძოლას ბრიუსელის საიმიგრაციო პოლიტიკასთან, განსაკუთრებით მუსლიმი დევნილების განსახლების თემაზე. იმავდროულად, ის აცხადებს, რომ ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში წევრობის მომხრეა. The New York Times-ი წერს, რომ პოლიტიკოსის პოზიცია ბევრ საკითხზე ბუნდოვანია. ის აცხადებდა, რომ მზადაა მოსკოვთან დაახლოებისთვის და ანტირუსულ სანქციებს აპროტესტებდა.

პირველივე საპარლამენტო არჩევნებში ბაბიშმა მეორე ადგილი დაიკავა. 2013 წლის არჩევნების შედეგებით კი მილიარდერი მთავრობის წევრი გახდა, კერძოდ ფინანსთა მინისტრი და ვიცეპრემიერი. 2014 წელს ANO-მ რამდენიმე მანდატი ევროპარლამენტშიც მოიპოვა. ბაბიშმა სოციალ-დემოკრატი პრემიერმინისტრის, ბოჰუსლავ სობოტკას კაბინეტში 2017 წლის გაზაფხულამდე იმუშავა, ვიდრე გადასახადების დამალვასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო თანამდებობის დატოვება არ მოუხდა.

საბჭოთა უშიშროების აგენტი

მოწინააღმდეგეები ბაბიშს საბჭოთა უშიშროების (КГБ) აგენტს უწოდებენ. არსებობს ასევე ვერსია, რომლის თანახმად, ის ჩეხოსლოვაკიის უშიშროების კომიტეტის StB-ის ინფორმატორი და თანამშრომელი იყო. ბაბიშის ბიზნეს-წარმატებებს ხშირად ძველი, 1980-იან წლებში შეძენილი კავშირებით ხსნიან, ასევე მოგვიანებით გაჩენილი ნაცნობებით, კერძოდ 2001 წლიდან ბაბიშს ჩეხეთის მოქმედ პრეზიდენტთან, მილოშ ზემანთან დაახლოებულ ადამიანს უწოდებენ. 2017 წელს, გადასახადების დამალვასთან და ევროკავშირის სუბსიდიების მითვისებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს ბაბიში პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 

პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა უკვე განაცხადა, რომ მზადაა ბაბიშს პრემიერმინისტრის თანამდებობა შესთავაზოს. მაგრამ მარტო ბაბიშის ANO მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. ბევრი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ANO-სთან კოალიციურ შეთანხმებაზე უარს იტყვიან მანამ, სანამ ამ პარტიის ლიდერი ბაბიში იქნება, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს. The Guardian-ის ცნობით, ANO-ს პარტნიორები კოალიციაში შეიძლება გახდეს "კომუნისტური პარტია" ან მემარჯვენე "თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია", რომელმაც არჩევენებში ხმათა 10%-ზე მეტი მიიღო. ჩეხეთის კონსტიტუციით, კოალიციური მოლაპარაკებებისთვის 30-დღიანი ვადა არსებობს.

კომენტარები ()

სხვა თემები