30 ოქტომბერი 2017 - 20:21

ტრამპის რუსული კავშირების საქმის გამო დაპატიმრებები დაიწყო. მთავარი

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის გამოძების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს პოლ მანაფორტს და მის საქმიან პარტნიორს რიკ გეითს ბრალი 12 პუნქტში წაუყენა, მათ შორის აშშ-ის ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში. მანაფორტი და გეითსი სამართალდამცველებს ჩაბარდნენ. მალევე სასამართლომ მათ შინაპატიმრობა შეუფარდა. 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებენ როგორც კონგრესში, ისე გამოძიების ფედერალურ ბიუროში. სპეცპროკურორი რობერტ მიულერი ერთადერთია, რომელსაც ბრალის წაყენების უფლებამოსილება გააჩნია. როგორ დაიწყო ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი გამოძიების ისტორია და ვინ არიან ამ პოლიტიკური დრამის მთავარი მონაწილეები?

არჩევნები

მილიარდერმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა (ახლა ის უკვე აშშ-ის 45-ე პრეზიდენტია).

დონალდ ტრამპი

ვიდრე დონალდ ტრამპი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობდა და ამომრჩევლებს ხვდებოდა, ამერიკულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ტრამპის მოწინააღმდეგე დემოკრატების ელექტრონული ფოსტა გატეხეს. გაჩნდა კითხვები: ცდილობდა თუ არა კრემლი არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას და რა იცოდნენ ამის შესახებ ტრამპმა და მისმა შტაბმა? რა გააკეთა ტრამპმა იმისთვის, რომ ამ ისტორიაში მისი მონაწილეობა გამოძიების პროცესში დაემალა? 

პოლ მანაფორტი

მანაფორტი ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო მანამ, სანამ თანამდებობას დატოვებდა რუს და უკრაინელ ოლიგარქებთან მისი კავშირების გამოაშკარავების გამო. პოლ მანაფორტი ათი წლის განმავლობაში მუშაობდა უკრაინაში პოლიტიკურ კონსულტანტად. 2016 წლის აგვისტოში ის უკრაინაში პრორუსულ წრეებთან კავშირებში დაადანაშაულეს. იმავდროულად, მანაფორტი ესწრებოდა მნიშვნელოვან შეხვედრას რუს ადვოკატთან, რომელიც შესაძლოა ცდილობდა ტრამპის შტაბისთვის დემოკრატებზე საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებას.

უმცროსი დონალდ ტრამპი

ის პრეზიდენტის უფროსი შვილია. მისი როლი ამ ისტორიაში რუს იურისტთან შეხვედრაზე ყოფნით შემოიფარგლება, რომლის ორგანიზატორიც მუსიკალური პროდიუსერი იყო. შეხვედრას "ტრამპ თაუერში" ესწრებოდნენ ასევე პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი და პოლ მანაფორტი. ამ შეხვედრამ მომავალში ბევრი მოვლენა განსაზღვრა, რადგან ერთდროულად რამდენიმე კითხვა გააჩინა: შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ის ტრამპის შტაბის თანამშრომლობად უცხო ქვეყნის მთავრობასთან? რატომ დათანხმდა პრეზიდენტის შვილი ამ შეხვედრას? თავად უმცროსი ტრამპი ამტკიცებს, რომ საუბრის თემა ბავშვების გაშვილების რუსული პოლიტიკა იყო, ხოლო რუსი ადვოკატი ამტკიცებს, რომ რუსეთის მთავრობის დავალებას არ ასრულებდა. მაგრამ გამომძიებლები მუდმივად უბრუნდებიან ამ ეპიზოდს იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა ამ შეხვედრაზე სინამდვილეში.

გარდამავალი პერიოდი

ყველასთვის მოულოდნელად დონალდ ტრამპმა არჩევნებში გაიმარჯვა.
 
მაიკლ ფლინი

ყოფილი სამხედრო მაიკლ ფლინი ძალიან ცოტა ხნით უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველი და მისი ახლო გარემოცვის წევრი იყო. ის იძულებული გახდა გადამდგარიყო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ტყუოდა თავისი შეხვედრების შესახებ რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან. ფლინი პრეზიდენტის მრჩევლად არჩევნების დასრულებისთანავე დაინიშნა. ფლინი სერგეი კისლიაკს 2017 წლის დეკემბერში შეხვდა. ამერიკული პრესა წერდა, რომ ამ შეხვედრაზე რუსული სანქციების თემა განიხილებოდა, რის შესახებაც ფლინმა ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს არ შეატყობინა. კისლიაკი ამტკიცებდა, რომ არანაირი განსაკუთრებული საუბარი მაიკლ ფლინთან არ ჰქონია. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ფლინის წინააღმდეგ საქმეს იძიებს. უწყება იმის დადგენას ცდილობს, ხომ არ ცდილობდა პრეზიდენტი ამ გამოძიებისთვის ხელის შეშლას.

სერგეი კისლიაკი

კისლიაკი 2017 წლის ივლისამდე აშშ-ში რუსეთის ელჩი იყო. ამ ისტორიაში ბევრი კვალი სწორედ მასთან მიდის. მისი როლი ბუნდოვანია, მაგრამ კისლიაკი სწორედ ის ადამიანია, რომელსაც ამ ისტორიის ბევრი პერსონაჟი შეხვდა. გამომძიებლებს აინტერესებთ, რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრებს და რას განიხილავდნენ მათზე? რუსეთის ელჩი ესაუბრა ფლინს, ასევე ჯეფ სეშნს, თანაც ორივე შეხვედრას ტრამპის ადმინისტრაცია თავდაპირველად არ ადასტურებდა. რუსეთი კი აქტიურად უარყოფდა CNN-ის ცნობებს იმის შესახებ, რომ კისლიაკი მასშტაბური ჯაშუში და ჯაშუშების გადამბირებელია.

ჯეფ სეშნსი

ჯეფერსონ სეშნსი ისტორიის დასაწყისში არ ფიგურირებდა, ვიდრე ის ალაბამის შტატის სენატორი და ტრამპის ნდობით აღჭურვილი პირი იყო, მაგრამ პირველ პლანზე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც აშშ-ის გენერალურ პროკურორად დაინიშნა. ის ტრამპის ადმინისტრაციის იმ წევრებს შორისაა, რომლებიც რუსეთის ელჩს შეხვდნენ. ამ შეხვედრების ხასიათზე ბევრი არაფერია ცნობილი. FBI-ის გამოძიების პერიოდში სეშნსმა პროკურორის უფლებამოსილებები საგანგებოდ შეიჩერა, რამაც ტრამპთან მისი ურთიერთობები გააფუჭა. პრეზიდენტი მას Twitter-ზე აკრიტიკებდა. სეშნსი აცხადებდა, რომ რუსებთან მის შეთქმულებაზე ყველა ვარაუდი "ამაზრზენი ტყუილია".

პრეზიდენტობა

ნატალია ვესელნიცკაია

ვესელნიცკაია რუსი იურისტია, რომელიც ანტირუსული სანქციების წინააღმდეგ ლობისტური საქმიანობითაა დაკავებული. მას საშიში ქალის რეპუტაცია აქვს, მაგრამ არის თუ არა ის კრემლის აგენტი, უცნობია. თავად ამბობს, რომ - არა. ამ ისტორიაში მას პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, რადგან სწორედ მას შეხვდნენ უმცროსი ტრამპი, ჯარედ კუშნერი და პოლ მანაფორტი 2016 წელს. თავად ამბობს რომ შეხვედრაზე რუსეთიდან ბავშვების გაშვილების თემას განიხილავდა, მაგრამ ცნობილია, რომ ის შეხვედრის მონაწილეებს დემოკრატებზე და ჰილარი კლინტონზე კომპრომატების მიწოდებას ჰპირდებოდა.    

აგალაროვები

ვესელნიცკაიასთან შეხვედრა ვერასდროს შედგებოდა, რომ არა მამა-შვილი აგალაროვები. ემინ აგალაროვი - ცნობილი აზერბაიჯანელი პოპ-მომღერალია. ის რუსეთში ტრამპის ღონისძიების - "მის სამყაროს" ორგანიზებაში მონაწილეობდა და პრეზიდენტს პირადად იცნობს. მამამისი არას აგალაროვი მილიარდერია, რომელსაც მოსკოვში სერიოზული კავშირები და გავლენა აქვს. ემინმა უმცროსი ტრამპის ვესელნიცკაიასთან შეხვედრის ორგანიზებაში მთავარი როლი ითამაშა. ტრამპისთვის გაგზავნილ წერილში ის მიანიშნებს, რომ დემოკრატებზე ინფორმაცია აქვს, თუმცა თავად მომღერალი ამას უარყოფს. მის წერილში ასევე ნათქვამია, რომ არას აგალაროვი რუსეთის სახელმწიფო პროკურორს შეხვდა (სინამდვილეში, ასეთი თანამდებობა არ არსებობს) და მისგან ჰილარი კლინტონზე კომპრომატი მიიღო.

სალი იეიტსი

იეიტსი ასრულებდა გენერალური პროკურორის მოვალეობას მანამ, სანამ ამ თანამდებობაზე ჯეფ სეშნსი არ დანიშნეს. სწორედ მან შეატყობინა თეთრ სახლს იმის შესახებ, რომ გენერალი ფლინი რუსებთან კონტაქტებზე ყველაფერს არ ჰყვებოდა. მისი აზრით, ის რომ რუსებმა ამ შეხვედრების შესახებ იცოდნენ, თეთრმა სახლმა კი - არა, ფლინს შანტაჟისთვის მოწყვლადს ხდიდა. იეტსს ეს შეტყობინება თანამდებობის დაკარგვად დაუჯდა. პრეზიდენტმა ტრამპმა ის სხვა საქმეების გამო რამდენიმე კვირაში მოხსნა. მას შემდეგ იეიტსი ტრამპს მუდმივად აკრიტიკებს.

როდ როზენშტეინი

როზენშტეინი გენერალური პროკურორის მოადგილე ჯეფ სეშნის დანიშვნის შემდეგ გახდა. იმ პერიოდში, როდესაც სეშნსმა საკუთარი ნებით უარი თქვა დროებით გენერალურ პროკურორობაზე მის უფლებამოსილებას როზენშტეინი ასრულებდა. სწორედ მან დანიშნა სპეციალურ გამომძიებლად რობერტ მიულერი, რამაც მის რეპუტაციას თეთრ სახლში პოპულარობა ვერ შეჰმატა. სამაგიეროდ, ტრამპმა მისი სხვა რჩევა გაითვალისწინა. FBI-ის დირქტორის ჯეიმს კომის თანამდებობიდან გათავისუფლება პრეზიდენტს სწორედ როზენშტეინმა შესთავაზა.  

ჯარედ კუშნერი

დონალდ ტრამპის სიძე ივანკას ქმარია. მიუხედავად ნეპოტიზმთან დაკავშირებული ბრალდებებისა, ტრამპმა ის მაინც დანიშნა თავის უფროს მრჩევლად. გამომძიებლების ყურადღება კუშნერმა რუსებთან კონტაქტების გამო მიიპყრო. 2016 წლის ივნისში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის ესწრებოდა ნატალია ვესელნიცკაიასთან შეხვედრას. კუშნერი ასევე ხვდებოდა რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკს. არსებობს ინფორმაცია, რომ ისინი ერთმანეთს ტელეფონით ეკონტაქტებოდნენ, მაგრამ კუშნერი ამას უარყოფს. 2016 წლის დეკემბერში ის შეხვდა ელჩს, რომელზეც, როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ, მოსკოვთან საიდუმლო არხის შექმნას განიხილავდა. კუშნერი ამასაც უარყოფს, მაგრამ გამოძიებას აინტერესებს, მაშინ რატომ უარყოფდა ის ზოგადად ამ შეხვედრების ფაქტს.

ჯეი სეკულოუ

ვაშინგტონში ბევრი იურისტია, მაგრამ არავინ ისეთი წონიანი არ არის, როგორც ჯეი სეკულოუ. ის პრეზიდენტის პირადი იურისტია და ხშირად იცავს სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში თეთრ სახლს, როდესაც გამოძიების მიმდინარეობისას, რაიმე ახალი მამხილებელი ცნობა გავრცელდება.    

რობ გოლდსთოუნი

ბრიტანული ყვითელი პრესის ყოფილი ჟურნალისტი, პრეზიდენტ ტრამპთან დაახლოებულ პირად ითვლება ემინ აგალაროვთან კავშირების გამო. გოლდსთოუნი მომღერლის პროდიუსერია. სწორედ მან შეატყობინა პირველად უმცროს ტრამპს აგალაროვის მასთან შეხვედრის სურვილზე "ტრამპ თაუერში" 2016 წლის ივნისში. არსებობს გოლდსთოუნის პრეზიდენტის შვილისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც ნახსენებია ჰილარი კლინტონზე კომპრომატი და ეს წერილი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. გოლდსთოუნმა რუსეთში "მის სამყაროს" ჩატარებაშიც სერიოზული როლი ითამაშა. ამ ღონისძიების წყალობით გაიცნო მან მომავალი პრეზიდენტი.

ჯეიმს კომი

არჩევნებამდე, სულ რამდენიმე კვირით ადრე FBI-მ, რომელსაც იმ დროს ჯეიმს კომი ხელმძღვანელობდა, განაახლა გამოძიება ჰილარი კლინტონის ელექტრონული მიმოწერის საქმეზე. დემოკრატებმა ის კლინტონის დამარცხებაში დაადანაშაულეს, რესპუბლიკელებმა კი გმირად გამოაცხადეს. მაგრამ ახალმა პრეზიდენტმა ის თანამდებობიდან მოხსნა, რის შესახებაც კომიმ ტელევიზიით შეიტყო. იმ მომენტში კომი ტრამპის საარჩევნო შტაბს და რუსეთს შორის კავშირებს სწავლობდა. არსებობს ვერსია, რომ ტრამპმა ის სწორედ ამის გამო მოხსნა. კომიმ სენატს ჩვენება მისცა და სენატორებს უამბო, რომ მას პრეზიდენტის ერთგულებას სთხოვდნენ, რაზეც უარი თქვა. კომიმ განაცხადა ასევე, რომ ტრამპმა უბრძანა მას უარი ეთქვა გენერალ ფლინის საქმის გამოძიებაზე.

რობერტ მიულერი

მიულერი ის ადამიანია, რომელმაც შეიძლება პრეზიდენტ ტრამპის ბედი გადაწყვიტოს. ამ ისტორიაში არიან ფიგურანტები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ, მაგრამ ჩრდილში დგანან. რობერტ მიულერი ამ ტიპის პერსონაჟებს განეკუთვნება. ის რუსეთთან კავშირების გამოძიების სპეციალურ პროკურორად ჯეიმს კომის მოხსნის შემდეგ დანიშნეს. წარსულში მიულერიც FBI-ის დირექტორი იყო. ზოგიერთებს ეჭვი აქვთ, რომ ის არაობიექტურია. ითქვა, რომ ტრამპს მისი მოხსნაც სურდა, მაგრამ ჯერჯერობით თანამდებობაზე რჩება. მიულერის საგამოძიებო ჯგუფში 15-ზე მეტი იურისტია, თანამშრომლების რიცხვი 30-ს აჭარბებს. ის გამოძიებას ხმაურის გარეშე აწარმოებს. ბრალდებები უკვე მზადაა და უახლოეს მომავალში დაპატიმრებებს ელიან.

წყარო: BBC

სხვა თემები