12 ივლისი 2017 - 19:17

ტრამპის შვილმა რუს ადვოკატთან შეხვედრა აღიარა. რატომ არის ეს ამბავი მნიშვნელოვანი?

უმცროსი და უფროსი ტრამპები

უმცროსი და უფროსი ტრამპები

ბოლო რამდენიმე დღეა, საერთაშორისო ამბების მთავარი თემა ამერიკის პრეზიდენტის შვილის, უმცროსი დონალდ ტრამპის რუს იურისტთან კავშირის განხილვაა. მოსკოვის ამერიკულ არჩევნებში შესაძლო ჩარევის ფაქტს აშშ-ის კონგრესი და გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს. ამერიკული საზოგადოების ნაწილი დარწმუნებულია, რომ კრემლი ტრამპს გამარჯვებაში დაეხმარა და ამას ამერიკული პოლიტიკისთვის ცუდ და საგანგაშო სიახლედ მიიჩნევს. პრეზიდენტად არჩევის დღიდან დონალდ ტრამპი უარყოფს ბრალდებებს, რომ რუსეთთან კავშირები ჰქონდა. უშუალოდ პრეზიდენტის კონტაქტებზე ამერიკულმა პრესამ ჯერ ვერაფერი გაარკვია, თუმცა ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა დონეზე რუსებთან კავშირი დაუდასტურდათ ან არ უარყვიათ ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრებს. ამ მოვლენების რიგში უმცროსი დონალდ ტრამპის და რუსი იურისტის შეხვედრა ბოლო ამბავია.

რა მოხდა?

The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია აშშ-ის პრეზიდენტის შვილის, უმცროსი დონალდ ტრამპის რუს ადვოკატთან ნატალია ვესელნიცკაიასთან შეხვედრაზე. მასალაში ნათქვამია, და უმცროსმა ტრამპმაც ეს აღიარა, რომ ვესელნიცკაია მას ჰილარი კლინტონზე კომპრომატის განხილვას სთავაზობდა. გაზეთის წყაროების მტკიცებით, შეხვედრას ესწრებოდნენ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი და პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი. შეხვედრის ორგანიზატორი კი კომუნიკაციების სპეციალისტი რობ გოლდსტოუნი იყო, რომელიც მომღერლ ემინ აგალაროვთან მუშაობს. გამოცემა ამტკიცებს, რომ უმცროსმა ტრამპა იცოდა იმის შესახებ, რომ კომპრომატის წყარო კრემლი იყო.

უმცროსი დონალდ ტრამპი რუს ადვოკატს 2016 წლის 9 ივნისს შეხვდა

შეხვედრას, რომელიც ნიუ-ორკში გაიმართა, ტრამპის შვილის გარდა ესწრებოდნენ პოლ მანაფორტი, რომელიც იმ დროს მილიარდერის კამპანიას ხელმძღვანელობდა და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი. The New York Times-ი წერს, რომ თავად ტრამპმა ამ შეხვედრის შესახებ არაფერი იცოდა. პრეზიდენტის შვილმა გაზეთს დაუდასტურა, რომ შეხვედრა მართლაც იყო. უმცროსი ტრამპის თქმით, ის მანამდე გააფრთხილეს, რომ ვიღაც რუს ადვოკატს ჰილარი კლინტონის მაკომრომეტირებელი ცნობები ჰქონდა, თუმცა სინამდვილეში ვესელნიცკაიას არანაირი მასალები არ აღმოაჩნდა.   

შეხვედრამდე ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის ერთადერთ საპრეზიდენტო კანდიდატად იქცა. ამ დროს, დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელების ელექტრონული მიმოწერის გატეხვაზე, რაშიც ამერიკული სპეცსამსახურები კრემლს ადანაშაულებენ, ჯერ ცნობილი არ იყო.

შეხვედრა მომღერალ ემინ აგალაროვის თხოვნით გაიმართა

ის რომ ნატალია ვესელნიცკაიას კლინტონთან დაკავშირებული რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა, უმცროს დონალდ ტრამპს კომუნიკაციების ბრიტანელმა სპეციალისტმა რობ გოლდსტოუნმა უამბო. გოლდსტოუნი Crocus Group-ის მფლობელის არას აგალაროვის შვილთან ემინ აგალაროვთან მუშაობს (აგალაროვი აზერბაიჯანის პრეზიდენტის სიძე იყო).

უფროსი აგალაროვი ტრამპებს იცნობს. მომავალ პრეზიდენტთან ერთად მან 2013 წელს მოსკოვში კონკურსი “მის სამყარო” მოაწყო, ხოლო უმცროსს ტრამპთან ერთად სამშენებლო ბიზნესში აპირებდა თანამშრომლობას, მაგრამ შეთანხმება ჩაიშალა.

გოლდსტოუნი ამბობს, რომ ემინ აგალაროვს ვესელნიცკაიას დახმარება სურდა და უმცროს ტრამპთან შეხვედრის ორგანიზება სთხოვა. რა ურთიერთობა აქვთ აგალაროვს და ვესელნიცკაიას უცნობია.

შეხვედრის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ ადვოკატს კლინტონზე არანაირი კომპრომატი არ ჰქონდა

უმცროსი დონალდ ტრამპიც და რობ გოლდსტოუნიც ამტკიცებენ, რომ ვესელნიცკაიამ თავიდან ლაპრაკი დაიწყო დემოკრატების წინასაარჩევნო კამპანიაში უკანონო შემოწირულობებზე, მაგრამ ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ წარმოადგინა. The New York Times-სთან კომენტარში გოლდსტოუნი ამბობს, რომ ქალი “სისულელეებს ლაპარაკობდა”, შემდეგ კი “მაგნიტსკის სიის” განხილვაზე გადავიდა. ვესელნიცკაიაც უარყოფს, რომ საუბარი კლინტონის კომპრომატს ეხებოდა.

The New York Times-ი ვარაუდობს, რომ სინამდვილეში შეხვედრას სხვა შინაარსი ჰქონდა

გაზეთის რამდენიმე წყარო ერთდროულად აცხადებს, რომ წერილში, რომელიც გოლდსტოუნმა უმცროს დონალდ ტრამპს გადაუგზავნა, პირდაპირ წერია, რომ რუსი ადვოკატი მზადაა მას კლინტონზე კომპრომატი გადასცეს. ის თითქოს რუსეთის მთავრობამ მოიპოვა იმისთვის, რომ მილიარდერს არჩევნებში დახმარებოდა. მიიღეს თუ არა საბოლოოდ ტრამპებმა ეს დოკუმენტები, გაზეთმა ვერ დაადგინა.

რატომ არის ეს ამბავი ჩვენთვის მნიშვნელოვანი?

ტრამპის პრეზიდენტობის დასაწყისში, მოსკოვის მიმართ გაკეთებული კეთილგანწყობილი განცხადებები საქართველოში ქმნიდა ეჭვს რომ აშშ-ის პოლიტიკა ჩვენ მიმართ შეიძლებოდა შეცვლილიყო და ვაშინგტონის მოსკოვთან დაახლოების პოლიტიკა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დააზიანებდა. მოგვიანებით, შფოთის გრადუსი საგრძნობლად შემცირდა.

თბილისის და ვაშინგტონის ურთიერთობაში პოზიტიური დინამიკის არსებობა საქართველოს პრემიერმინისტრის აშშ-ში ვიზიტმა და დონალდ ტრამპთან შეხვედრამაც დაადასტურა. ივლისის ბოლოს თბილისში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსიც ჩამოდის.

მიუხედავად ამისა, ექსპერტულ დონეზე მაინც გამოითქმება შიში, რომ ტრამპის ადმინისტრაციის საქართველოსადმი მხარდაჭერა მყიფეა და რომ ის შეიცვლება მოსკოვის სურვილის და თეთრ სახლზე მისი ზეწოლის შემთხვევაში. ამ ვარაუდს ის ამერიკელი ანალიტიკოსები გამოთქვამენ, რომლებსაც ტრამპის და პუტინის არასასურველ კავშირებში ეჭვი არ ეპარებათ. უმცროსი დონალდ ტრამპის და რუსი ადვოკატის შეხვედრის ისტორია ამ ექსპერტთა ეჭვებს მხოლოდ ამყარებს.

სხვა თემები