06 ნოემბერი 2017 - 18:27

საუდის არაბეთში 11 პრინცი და ათობით მოქმედი და ყოფილი ჩინოსანი დააპატიმრეს. რა ხდება?

5 ნომბერს, საუდის არაბეთში თერთმეტი პრინცი, ოთხი მოქმედი მინისტრი და ათობით ყოფილი მინისტრი დააპატიმრეს. დაკავებულების ზუსტი რაოდენობა, ისევე როგორც სახელები, უცნობია. მაგრამ, პრესა ამტკიცებს, რომ მათ შორის ერთ-ერთი, მსოფლიოს უმდიდრესი კაცი ალ ვალიდ ბინ ტალალია. ბიზნესმენი Citigroup-ის თანამფლობელია და საუდის არაბეთისთვის არატიპური ლიბერალური შეხედულებებით გამოირჩევა. არსებული ინფორმაციით, დაპატიმრებები კორუფციასთან მასშტაბური ბრძოლის ფარგლებში მოხდა, რომელსაც სათავეში უდგას ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანი. იმავე დღეს, საუდის არაბეთში ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ კიდევ ერთი პრინცი და რამდენიმე მაღალჩინოსანი. ამ მოვლენების ფონზე, პირველად 2015 წლის შემდეგ, Brent-ის ნავთობის ფასმა, ბარელზე 62 დოლარს გადააჭარბა.

პრინცები რისთვის დააპატიმრეს?

საუდის არაბეთის დაპატიმრებულ პრინცებს ბრალი წუყენეს მექრთამეობის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, ფულის გათეთრების და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის. ამ ცნობას Reuters-ი საუდელ ჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა სააგენტომ ოფიციალურად ინფორმაციის გადამოწმება ვერ შეძლო.

დაპატიმრების სერიამდე რამდენიმე საათით ადრე, მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზის ბრძანებით ანტიკორუფციული კომიტეტი შეიქმნა, რომელსაც ტახტის მემკვიდრე, მეფის შვილი, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ჩაუდგა სათავეში. მეფემ ნაციონალური ტელევიზიის ეთერით მიმართა მოსახლეობას და აღნიშნა, რომ "კანონი დასჯის ყველას, ვინც ხელი ახლო საზოგადოების ფულს, არ დაიცვა ის ან მოიპარა ან ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება და გავლენა". 

The New York Times-ის ინფორმაციით, ერ-რიადში სასტუმრო Ritz Carlton-ის მთელი პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ სწორედ ამ სასტუმროში გეგმავენ დაპატიმრებული პრინცების და ჩინოსნების განთავსებას. გაზეთი ასევე წერს, რომ დედაქალაქის აეროპორტი დაიხურა კერძო თვითმფრინავებისთვის, როგორც ჩანს იმიტომ, რომ საუდის ხელისუფლებას სურს ხელი შეუშალოს სხვა შესაძლო ბრალდებულების ქვეყნიდან გაქცევას.  

დაპატიმრებების პარალელურად, თანამდებობიდან გადააყენეს ქვეყნის ნაციონალური გვარდიის ხელმძღვანელი - წინა მეფის, აბდალას შვილი მიტები, რომელიც ერთ-ერთია იმ ადამიანთა ვიწრო წრეში, ვინც ტახტის მემკვიდრის, მუჰამედის გავლენას არ ექვემდებარებოდა.

ვინ არის ალ ვალიდ ბინ ტალალი?

Forbes-ის მონაცემებით, 62 წლის პრინცის, ალ ვალიდ ბინ ტალალის ქონება დაახლოებით 19 მილიარდი დოლარია. გამოცემის მიერ შედგენილი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ის 45-ე ადგილზეა. ის საუდის არაბეთის პირველი მეფის შვილიშვილი და ყველა შემდეგი მეფეების ძმისშვილია. ბინ ტალალმა დააფუძნა საინვესტიციო კომპანია Kingdom Holding Company, რომელსაც დღემდე ფლობს და მართავს.

პრინცი, ფინანსური კორპორაციის Citigroup-ის უმსხვილესი აქციონერია, მას ეკუთვნის ასევე სიდიდით მეორე წილი მედიაკომპანიაში 21st Century Fox. ბინ ტალალმა იყიდა დონალდ ტრამპისგან საკონტროლო პაკეტი ნიუ-იორკის სასტუმროში Plaza Hotel-ი, თუმცა 2015 წელს, მან Twitter-ზე ტრამპის პოლიტიკური კარიერა კრიტიკულად შეაფასა და მომავალ პრეზიდენტს "არამხოლოდ რესპუბლიკური პარტიის, არამედ მთელი ამერიკის სირცხვილი" უწოდა. იმავდროულად, მან ტრამპს ურჩია ჩამოშორებოდა საპრეზიდენტო რბოლას, რომელსაც ის "ვერასდროს მოიგებდა". პასუხად, ტრამპმა განაცხადა, რომ პრინცს უნდა "ამერიკელი პოლიტიკოსები მამამისის ფულებით აკონტროლოს".

პრინცს საუდის არაბეთისთვის უჩვეულოდ ლიბერალური შეხედულებები აქვს, კერძოდ ჯერ კიდევ შესაბამისი სახელმწიფო რეფორმის დაწყებამდე, მას ნათქვამი აქვს, რომ ქალებს აუცილებლად უნდა მისცენ ავტომანქანის ტარების უფლება. ის აფინანსებდა იმ გოგოს განათლებას, რომელიც პირველი საუდელი ქალი-ავიაპილოტი გახდა და აცხადებდა, რომ მხარს უჭერს ქალების გამოჩენას საუდის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. იმავდროულად, პრინცი ამბობდა, რომ მზადაა თავისი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებაზე დახარჯოს.

The New York Times-ი წერს, რომ ჯერ კიდევ ოქტომბერში ბინ ტალალმა ინტერვიუ მისცა დასავლურ მედიას კრიპტოვალუტებზე და ნავთობის სახელმწიფო კომპანიის Aramco-ს შესაძლო ნაწილობრივ პრივატიზაციაზე.  The Guardian-ის ექსპერტმა თქვა, რომ თუ პრინცი მართლაც დაპატიმრებულია, ამ ფაქტს შოკის ეფექტი ექნება არამხოლოდ საუდის არაბეთის, არამედ საერთაშორისო ბიზნეს-საზოგადოებაშიც.
 
2015 წელს 13 ივნისის სტიქიამდე სამი დღით ადრე ბინ ტალალი თბილისსაც სტუმრობდა, შემდეგ კი საქართველოსთვის 300 ათასი დოლარი გამოყო.

ვინ არის მუჰამედ ბინ სალმანი, რომელმაც პრინცი დააპატიმრა?

მეფე სალმანის 32 წლის შვილი, საუდის არაბეთისთვის უჩვეულოდ ახალგაზრდა მემკვიდრეა. ბოლო 40 წლის განმავლობაში, არცერთი საუდელი მეფე, რომელმაც ტახტი დაიკავა, 60 წელზე ახალგაზრდა არ ყოფილა. დღევანდელი ტიტული მუჰამედმა ამ ზაფხულში მიიღო. ტიტული მასზე მუჰამედ ბინ ნაიფისგან, მეფე სალმანის 57 წლის ძმისშვილისგან გადავიდა. 

სალმანის გადაწყვეტილებას საუდის ხელისუფლების გაახალგაზრდავების მცდელობით ხსნიან. ამ ქვეყნის მოქალაქეთა 70% 30 წელზე ახალგაზრდაა. ნავთობის ფასის არასტაბილურობის და ახლო აღმოსავლეთში ზოგადი პოლიტიკური რყევების ფონზე, მმართველ დინასტიას მოსახლეობის მეტი კეთილგანწყობის მოპოვება სურს. მუჰამედის მემკვიდრედ გამოცხადებაც, სავარაუდოდ, ამ მიზნის ნაწილია. საუდის არაბეთის ულტრაკონსერვატიულობის ფონზე, მუჰამედიც შედარებით ლიბერალურ პოლიტიკოსად მიჩნევა, მაგრამ ასეთად ახასიათებდნენ ამ ქვეყნის თითქმის ყველა ახალ მეფეს და ტახტის მემკვიდრეს. პრინცმა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს და ეკონომიკის საქმეთა საბჭოს ხელმძღვანელობს, რამდენიმე რეფორმა უკვე ჩაატარა. მაგალითად, საუდის რელიგიურმა პოლიციამ ადამიანების დაპატიმრების უფლება დაკარგა; კრონპრინცი არის ასევე ინიციატორი სამთავრობო გართობათა დეპარტამენტის შექმნისა, რომელიც პატარა დოზებით ნერგავს საუდურ საზოგადოებაში დასავლური კულტურის ელემენტებს.         

მუჰამედის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია - "ხედვა 2030" - საუდის არაბეთის ეკონომიკის დივერსიფიკაციის მასშტაბური პროგრამა, რომელიც ამ ქვეყნის ნავთობზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ისახავს მიზნად. მისი ერთ-ერთი მთავარი ელემენტი მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობ-კორპორაციის Aramco-ს ნაწილობრივი პრივატიზაციაა. ამ კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელიც მუჰამედია. კომპანიის 5%-ის ბირჟაზე გატანა 2018 წელს იგეგმება, რის შემდეგაც, Aramco, სავარაუდოდ, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანია ოფიციალურად გახდება.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მუჰამედი ტიპური საუდელი კონსერვატორია. კერძოდ, თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობის  დროს მან მეზობლებთან აგრესიული ურთიერთქმედების მომხრე სტრატეგის რეპუტაცია შეიძინა. მიჩნეულია, რომ ბინ სალმანის ამოცანაა რეგიონში ირანის გავლენის გავრცელებისთვის ხელის შეშლა; სწორედ ამით ახსნეს 2015 წელს საუდის არაბეთის ჩარევა იემენის კონფლიქტში, რასაც დიდი რაოდენობით მსხვერპლი და ახალო აღმოსავლეთში საუდელების მთელი რიგი სხვა ქმედებებიც მოჰყვა, კერძოდ კატართან გაჭიანურებული დიპლომატიური კონფლიქტიც. 2017 წლის მაისში მუჰამედმა განაცხადა, რომ ირანთან დიალოგი "შეუძლებელია".

და ახლა რა მოხდება?

მოხდარის შესახებ ყველაზე გავრცელებული ვერსია ის არის, რომ მუჰამედ ბინ სალმანი ქვეყანაში ძალაუფლების სრულად საკუთარ ხელში კონცენტრირებას ცდილობს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრინცი დაპატიმრებებს მიმართავს. 2017 წლის ივნისის შემდეგ, მედიაში ჩნდება ცნობები იმის შესახებ, რომ წინა კრონპრინცი მუჰამედ ბინ ნაიფი თავის სასახლეში შინაპატიმრობაშია (საუდის ხელისუფლების წარმომადგენლები ოფიციალურად ამ ცნობას არ ადასტურებენ); გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ შეზღუდულია სხვა უფროსი პრინცების გადაადგილების თავისუფლება. სექტემბერში გავრცელდა ცნობა, მუსლიმური სასულიერო წრეების რამდენიმე ცნობილი წარმომადგენლის დაპატიმრების შესახებ.

პრინც მიტების ნაციონალური გვარდიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, საუდის არაბეთში არსებული ყველა შეიარაღებული ძალა ტახტის მემკვიდრის, მუჰამედის კონტროლქვეშ აღმოჩნდა, რომელიც იმავდროულად თავდაცვის მინისტრიცაა. 

კომენტარები ()

სხვა თემები