10 ნოემბერი 2017 - 19:17

სექსზე დამოკიდებულება - დაავადებაა? როგორ მკურნალობენ?

მედიის ცნობით, პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტეინმა და მსახიობმა კევინ სპეისიმ, რომლებსაც სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში ადანაშაულებენ, გადაწყვიტეს მკურნალობა სარეაბილიტაციო ცენტრ Meadows-ში. ამ კლინიკის სპეციფიკიდან და ბრალდებებიდან გამომდინარე, ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ვაინშტეინი და სპეისი “სექსზე დამოკიდებულებისგან” განკურნებას ცდილობენ.

სექსზე დამოკიდებულება? ასეთი რამ არსებობს?

ეს ოფიციალური ტერმინი არ არის, მაგრამ ფსიქიატრები მას იყენებენ ხოლმე. დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციაში ამ აშლილობას “მოჭარბებულ სექსუალურ ლტოლვას” უწოდებენ. ახალ რედაქციაში, რომელიც 2018 წელს გამოვა, ამ განმარტებას სავარაუდოდ, შეცვლიან “კომპულსიური სექსუალური ქცევის აშლილობით”.

რა სიმპტომები აქვს ამ აშლილობას?

ფსიქიატრს შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს აშლილობაზე, თუ ადამიანის სექსუალური ქცევა მას სერიოზულად უშლის ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაში: ასეთი სურვილის დაკმაყოფილებაზე ხარჯავს ზედმეტად დიდ დროს და ენერგიას, რის გამოც ექმნება პრობლემები მუშაობაში, სწავლაში ან პირად ურთიერთობებში. კიდევ ერთი კრიტერიუმია - თუ ადამიანს უნდა თავის გაკონტროლება, მაგრამ ვერ ახერხებს.

და როგორ უნდა გაირკვეს, რომ ეს დაავადებაა? იქნებ ადამიანს ასე ცხოვრება მოსწონს?

ზოგჯერ ექიმისთვის ამ კითხვაზე პასუხი იოლია. მაგალითად, მაშინ, როდესაც ადამიანი სექსუალურად ზედმეტად აქტიური ხდება ბიპოლარული აშლილობის დროს (ასეთი სიმპტომები ახლავს ასევე შიზოფრენიას, გონებრივ ჩამორჩენილობას, დემენციას). გარდა ამისა, ცნობილია, რომ მსგავსი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს პარკინსონისგან მკურნალობის თერაპიამ.

მაგრამ ხშირად სიტუაციაა ნაკლებად ცხადია ხოლმე, რის გამოც ფსიქიატრიის ამ მიმართულებაზე ბევრს დავობენ. ზოგიერთი ფსიქიატრი მოითხოვდა, რომ “ჰიპერსექსუალური აშლილობა” უნდა შეეტანათ ფსიქიკურ აშლილობებთან (DSM-5) დაკავშირებული დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს ამერიკულ გზამკვლევში, რომელიც 2013 წელს ამერიკულმა ფსიქიატრიულმა ასოციაციაციამ გამოსცა. მაგრამ ამ იდეას პროფესიულ წრეებში ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

ზოგჯერ ძალიან რთულია ადამიანის ასეთი ქცევის მიზეზების ახსნა, ის, თუ საიდან მოდის ის - მისი ხასიათის თავისებურებებიდან თუ აშლილობიდან. მეტიც, რთულია მკაფიო საზღვრის გავლება ნორმალურ და პათოლოგიურ ქცევებს შორის. საქმეს ისიც ართულებს, რომ, თუ “მოჭარბებულ სექსუალურ ლტოლვას” აშლილობად პროფილური ორგანიზაცია აღიარებს, ეს შეიძლება სპეკულაციის ფრონტად იქცეს. მაგალითად, ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ასეთ ტერმინს საკუთარი ქცევის გამართლებისათვის დღეს უკვე ჯანმრთელი ადამიანებიც იყენებენ.       

იმავდროულად, პრობლემა ერთმნიშვნელოვნად მოგონილიც არ არის, რადგან ფსიქიატრები პერიოდულად ხვდებიან პაციენტებს, რომელთა ცხოვრების ხარისხიც სერიოზულად უარესდება სექსთან დაკავშირებული აკვიატებული აზრების გამო. მაგრამ დღეს ექიმებს, როგორც წესი, ურჩევნიათ ის აქამდე აღწერილი აშლილობების ფარგლებში განიხილონ.

საქართველოში “სექსზე დამოკიდებულებისგან” კურნავენ?

სექსოლოგია ფსიქიატრიის ქვედარგია. ის საქართველოში საკმარისად არის განვითარებული. არსებობენ ამ დარგის სპეციალისტებიც. მაგრამ საქმე ის არის, რომ ქართველი სექსოლოგების პრაქტიკა დიდწილად ისეთი პაციენტების მკურნალობას მოიცავს, რომლებიც მათ სექსუალური ფუნქციის დაქვეითების (ფრიგიდულობა, იმპოტენცია და ა.შ.) შემთხვევაში და მისი აღდგენისთვის მიმართავენ. შემთხვევები, როდესაც პაციენტები ექიმს მიმართავენ მხოლოდ ისეთი სიმპტომისგან განკურნებისთვის, როგორიც "მოჭარბებული სექსუალური ლტოლვაა", ძალიან იშვიათია.

წყარო: Meduza

სხვა თემები