26 ნოემბერი 2017 - 19:01

წყალქვეშა ნავების ყველაზე მასშტაბური ავარიები. ისტორია

არგენტინაში წყალქვეშა ნავის, "სან-ხუანის" ძებნის ოპერაცია გრძელდება. ოპერაციაში უკვე რამდენიმე ქვეყანა ჩაერთო. ნავმა, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 44 წევრი იყო, 15 ნოემბრიდან გარე სამყაროსთან კავშირი შეწყვიტა. გაუჩინარების მიზეზი უცნობია, თუმცა არგენტინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბორტზე აფეთქება მოხდა. ეს თუ დადასტურდა, ეკიპაჟის წევრებიდან რომელიმეს სიცოცხლის გადარჩენის შანსი ნულის ტოლია, "სან-ხუანი" კი იმ წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებული მასშტაბური კატასტროფების სიაში შევა, რომელთა დიდი ნაწილი არა ბრძოლის დროს, არამედ ტექნიკური დაზიანების ან ავარიის შედეგად ჩაიძირა.

ჩინური წყალქვეშა ნავი "მინ 361" (2003)



2003 წელს, სამხედრო სწავლებების დროს, მწყობრიდან გამოვიდა ჩინური წყალქვეშა ნავის "მინ 361"-ის ძრავი. ამ დროს ის ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ყვითელ ზღვაში ბოჰაივანის ყურეში იყო. ძრავის მოშლას ბორტზე ჟანგბადის მკვეთრი შემცირება მოჰყვა და ეკიპაჟის 70-ვე წევრი დაიხრჩო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთმა თავისი წყალქვეშა ნავის კატასტროფის ფაქტი გაასაჯაროვა.

რუსული წყალქვეშა ნავი "კურსკი" (2000)



2000 წელს, რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავი "კურსკი" სამხედრო-საზღვაო სწავლებების დროს, ბარენცის ზღვაში, ნორვეგიას და რუსეთს შორის აკვატორიაში ჩაიძირა, რის შემდეგაც ბორტზე ორი აფეთქება მოხდა. აფეთქება ტორპედოს ძრავის სისტემაში საწვავის გაჟონვას მოჰყვა. ბორტზე მყოფი 118 ადამიანიდან უმრავლესობა მომენტალურად დაიღუპა, 23 ადამიანმა კი ნავის უკანა ნაწილში გადასვლა მოახერხა. ისინი დახმარებას ელოდნენ, თუმცა სამაშველო ოპერაციის დაწყებიდან ერთ კვირაში უჟანგბადობით დაიღუპნენ.

საბჭოთა წყალქვეშა ნავი "K-278 კომსომოლეცი" (1989)



1989 წელს, ნორვეგიის ზღვაში, საბჭოთა წყალქვეშა ნავზე ხანძარი გაჩნდა, რამაც ცისტერნის ბალასტის სისტემა გაანადგურა და ნავმა ჩაძირვა დაიწყო. ავარიას ეკიპაჟის 69 წევრიდან 42 ადამიანი ემსხვერპლა.

საბჭოთა წყალქვეშა ნავი K-8 (1970)



1970 წელს, მოკლე ჩართვის გამო საბჭოთა წყალქვეშა ნავის ბორტზე ცეცხლის მრავალი კერა გაჩნდა, რის გამოც ნავი ჩაიძირა. კატასტროფას 52 სამხედრო მეზღვაურის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეკიპაჟის რამდენიმე წევრი გადარჩა, თუმცა მოსკოვმა ავარიის დროს გადარჩენილების რიცხვი არ გაასაჯაროვა. კატასტროფა ესპანეთის სანაპიროდან ჩრდილოეთით, ბისკაიის ყურეში მოხდა.

ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი "სკორპიონი" (1968)



99 ადამიანი დაიღუპა ამერიკული ბირთვული წყალქვეშა ნავის "სკორპიონის" ბორტზე, რომელიც 1968 წელს ატლანტის ოკეანეში, პორტუგალიის სანაპიროდან დაახლოებით 1450 კილომეტრის მოშორებით გაუჩინარდა. მისი ნაწილებო 5 თვის შემდეგ იპოვეს. კატასტროფის მიზეზი, როგორც ვარაუდოებენ, ტორპედოს აფეთქება გახდა.

საბჭოთა წყალქვეშა ნავი K-129 (1968)




საბჭოთა ელექტრო-დიზელური წყალქვეშა ნავი K-129, რომელიც ბირთვული ქობინებით იყო აღჭურვილი, 1968 წელს, ინდოეთის ოკეანეში აკვატორიის პატრულირების დროს ჩაიძირა. ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 98-ვე წევრი დაიღუპა. ნავის ნაწილები ჰავაის არქიპელაგის კუნძულ ოაჰუსგან ჩრდილოეთით ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა "ჰალიბუტმა" იპოვა. ამ ავარიის შესახებ უამრავი თეორია არსებობს, მათ შორის ის, რომ K-129 თითქოს ამერკულ ხომალდს დაეჯხა, თუმცა ვაშინგტონი ამას ყოველთვის უარყოფდა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიციალური ანგარიშის თანახმად, საბჭოთა წყალქვეშა ნავის კატასტროფის მიზეზი "ბორტზე ტრაგიკული აფეთქება" იყო.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავი "თრეშერი" (1963)



ამერიკული წყალქვეშა ნავი, მასაჩუსეტსის შტატის სანაპიროსთნ, ნახევარკუნძულ კეიპ-კოდთან 1963 წელს ჩაიძირა. კატასტროფას ეკიპაჟის 129 წევრი ემსხვერპლა. მექანიკურ ავარიას ნავის სწრაფად ჩაძირვა და აფეთქება მოჰყვა. მისი ნაწილები 2500 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.

ამერიკული წყალქვეშა ნავი SS-109 (1927)



1927 წელს, აშშ-ის წყალქვეშა ნავი SS-109 მას შემდეგ ჩაიძირა, რაც მას ნახევარკუნძულ კეიპ-კოდთან სანაპირო დაცვის ამერიკული გემი დაეჯახა. დაიღუპა 40 ადამიანი. მიუხედავად კატასტროფისა, ერთი წლის შემდეგ ნავი მწყობრში ჩადგა და მას აქტურად იყნებდნენ 1936 წლამდე, ვიდრე არ ჩამოწერეს.

წყარო: BBC 

სხვა თემები