29 ნოემბერი 2017 - 19:00

როგორ დაფრინავენ ბალისტიკური რაკეტები?

ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. რაკეტის გაშვება წარმატებულად შეფასდა. კორეის ცენტრალური ტელეგრაფული სააგენტოს ცნობით, ამ რაკეტამ 4475 მეტრის სიმაღლეზე აფრენა შეძლო და გაშვების ადგილიდან 950 კილომეტრში დაეცა. გამოცდის შემდეგ, ფხენიანმა "სახელმწიფო ბირთვული ძალების" შექმნის შესახებ განაცხადა. ამ ფონზე, ფხენიანს და ვაშინგტონს შორის ბირთვული დარტყმის მიყენებაზე ურთიერთმუქარები გრძელდება. 

ბალისტიკურ რაკეტებს ასეთ სიმაღლეზე ფრენა შეუძლია?

დიახ. ბალისტიკური რაკეტები რკალზე დაფრინავენ, ამასთან მათი ძრავები მხოლოდ სტარტის დასაწყისში მუშაობს, შემდეგ ის ინერციით მიფრინავს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი რაკეტებით სროლა სამ პარამეტრს მოიცავს - გაშვების კუთხეს, აფრენის სიმაღლეს და მანძილს. რაც უფრო ბლაგვია გაშვების კუთხე, მით უფრო მაღლა აფრინდება რაკეტა და მით უფრო ახლოს დაეცემა გაშვების ადგილიდან და პირიქით.

რა საჭიროა რაკეტების ასეთ სიმაღლეზე გაშვება?

ეს აუცილებელია რაკეტების გამოცდისთვის. მაგალითად, რომელიღაც ქვეყანამ შექმნა ბალისტიკური რაკეტა, უნდა გამოსცადოს, მაგრამ ქვეყნის ტერიტორია ამისთვის ძლიან მცირეა, ხოლო მეზობლების მიმართულებით მისი გაშვება - სარისკო. სწორედ ასეთ დროს არის მნიშვნელოვანი სიმაღლე. ქვეყანა რაკეტას უშვებს მაქსიმალურად მკვეთრი ტრაექტორიით იმგვარად, რომ ის ან მისსავე ტერიტორიაზე დაეცეს ან სადმე შორიახლოს, ნეიტრალურ წყლებში. შემდეგ მიღებული მონაცემებით, სპეციალისტებს შეუძლიათ განსაზღვრონ გამოცდილი რაკეტის მოქმედების მაქსიმალური მანძილი. ასე ცდის თავის რაკეტებს ჩრდილოეთ კორეა.

ბალისტიკური რაკეტები როგორ მუშაობს?

მათი მუშაობის პრინციპი მარტივია. სტარტის წინ რაკეტის მართვის სისტემაში შეჰყავთ ფრენის პარამეტრები და მონაცემები სამიზნის შესახებ, რის შემდეგაც რაკეტას უშვებენ. თავდაპირველად ის მიფრინავს საკუთარი ძრავების დახმარებით და საჭეების დახმარებით ეძლევა საწყისი ტრაექტორია. პროგრამით განსაზღვრულ მაქსიმალურ სიმაღლეზე ასვლის შემდეგ, რაკეტას ეხსნება თავის ნაწილი საბრძოლო ბლოკით (რაკეტის მიხედვით ეს შეიძლება იყოს ბირთვული ან ჩვეულებრივი). თავის ნაწილი ინერციით რაღაც დროის განმავლობაში განაგრძობს ფრენას და იმავდროულად ორიენტირს იღებს სამიზნეზე, შემდეგ კი მიზიდულობის ძალით იწყებს ვარდნას. თანამედროვე რაკეტების საბრძოლო ნაწილებს ვარდნის დაწყებისას ბიძგს აძლევს თავისივე ძრავი.

რა მანძილზე შეუძლია ფრენა ბალისტიკურ რაკეტას?

დღეს რამდენიმე ტიპის ბალისტიკური რაკეტა არსებობს. პირობითად, მათ მოქმედების სიშორის მიხედვით ყოფენ. ესენია, ტაქტიკური (მოქმედების მანძილი 400 კილომეტრამდე), ახლო სიშორის (500-დან 1000 კილომეტრამდე), საშუალო სიშორის (1000-დან 5,5 ათას კილომეტრამდე) და კონტინენტთაშორისი (5,5 ათას კილომეტრზე მეტი). ამ რაკეტებში სხვადასხვა სიმძლავრის და კონსტრუქციის ძრავებს იყენებენ, მათი საფეხურების რიცხვი და წარმოების ფასი განსხვავებულია.

ახლო და საშუალო სიშორის რაკეტები აკრძალულია აშშ-ის და რუსეთის ერთობლივი შეთანხმებით, რომელიც 1988 წელს ამოქმედდა. ხელშეკრულება გაფორმდა იმისთვის, რომ მხარეებმა ვერ შეძლონ რაკეტების განთავსება ერთმანეთის ტერიტორიასთან და ბაზებთან ახლოს, რითაც სარაკეტო დარტყმის მიყენების დროს რამდენიმე წუთით ამცირებენ. სხვა ქვეყნებზე ასეთი შეთანხმება არ ვრცელდება.

ესე იგი ჩრდილოეთ კორეა ბირთვული კლუბის წევრია?

დიახ, თანაც დიდი ხანია; სულ ცოტა, 2004 წლიდან, როდესაც ფხენიანმა ოფიციალურად განაცხადა ბირთვული იარაღის პირველი გამოცდის შესახებ. 

"ბირთვულ კლუბს" პირობითად უწოდებენ ქვეყნებს, რომლებმაც შეძლეს ბირთვული იარაღის შემუშავება, შექმნა და გამოცდა. ოფიციალურად "ბირთვული კლუბის" წევრები დღეს არიან, აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, პაკისტანი, ინდოეთი და ჩრდილოეთ კორეა. კლუბში ყოფნა შეუძლია ისრაელსაც; ამ ქვეყნის ხელისუფლებას დღემდე არ უარუყვია, რომ ისრაელს ბირთვული იარაღი აქვს. სხვადასხვა დროს, ბირთვული იარაღის შემუშავებაში კიდევ 11 ქვეყანა იყო ეჭვმიტანილი, მათ შორის ეგვიპტე, მექსიკა და შვედეთი.

რაც შეეხება იმას, თუ რას ნიშნავს "სახელმწიფო ბირთვული ძალების" შექმნა, რომლის შესახებაც ბოლო ცდის შემდეგ ფხენიანმა განაცხადა, ამის შესახებ მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში იციან. დიდი ალბათობით, ლაპარაკია ისეთი ტიპის სამხედრო დანაყოფის შექმნაზე, რომლის შეიარაღებაშიც ბირთვული იარაღი იქნება. ასეთი დაჯგუფება საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაშია, რომ ნებისმიერ მომენტში მიაყენოს საპასუხო ბირთვული დარტყმა მოწინააღმდეგეს.

სხვა თემები