ჰოლივუდში ისინი ცხოვრობენ, როგორც “ებრაელები გერმანიაში”. დასავლეთში კაცების დევნის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო?
ფოტო: shutterstock.com
9 იანვარს, ფრანგულ გაზეთ Le Monde-ში კოლექტიური ღია წერილი გამოქვეყნდა. ავტორები გმობენ სექსუალური შევიწროების და ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ მოძრაობა #MeToo-ს. წერილს ხელს აწერს 100 ქალი, მათ შორის მსახიობი კატრინ დენევი და მწერალი კატრინ მილე. მანამდე, 1 იანვარს ამერიკულ The New Yorker-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ჰარვი ვაინშტეინის სკანდალის შემდეგ, ჰოლივუდში კაცები ცხოვრობენ, როგორც “ებრაელები გერმანიაში”.
Le Monde-ის წერილში რა წერია?
წერილის ავტორებს მიაჩნიათ, რომ აშშ-ში ბოლო თვეების განმავლობაში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ლახავს და ადამიანებს სექსუალობის უფლებას ართმევს. ტექსტში ხაზგასმულია, რომ გაუპატიურება - დანაშაულია და “ვაინშტეინის საქმის” წყალობით საზოგადოებაში, ბოლოს და ბოლოს, დაიწყო ღიად ლაპარაკი ზოგიერთი კაცის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ქალების მიმართ სექსუალურ ძალადობაზე, განსაკუთრებით სამუშაო ადგილებზე. მაგრამ წერილის ავტორების აზრით, ქალების მიერ მოპოვებულმა თავისუფლებამ საპირისპირო შედეგი გამოიღო: მოძრაობა #MeToo კაცების დევნის კამპანიად გადაიქცა და ამ “ნაჩქარევ მართლმსაჯულებას” უკვე ჰყავს რამდენიმე მსხვერპლი, რომლებიც შესაძლოა შეცდნენ, მაგრამ ისინი ისე გაუთანაბრეს მოძალადეებს, რომ თავის გამართლების საშუალებაც არ მისცეს.
“შედეგად, კაცები იძულებულნი არიან გაიხსენონ მრავალი წლის წინანდელი ამბები და საჯაროდ იხადონ ბოდიშები “თვითმარქვია პროკურორების” ზეწოლის გამო, რაც ქმნის ტოტალიტარული საზოგადოების ატმოსფეროს და აწესებს ცენზურას”.
წერილის ავტორების აზრით, ის, რაც ახლა ხდება, ემუქრება სექსუალურ თავისუფლებას, რომელიც შეუძლებელია გამაღიზიანებელი ჩარევის გარეშე - და “შევიწროების” უფლება არა-ს თქმის უფლების სიმეტრიული უნდა იყოს; ქალი არ უნდა გრძნობდეს თავს ტრავმირებულად იმის გამო, რომ ვიღაც მას მეტროში შეეხო; ის, რაც ქალის სხეულთან დაკავშირებით ხდება, აუცილებლად არ ლახავს მის ღირსებას და როგორი მძიმე გამოცდილებაც არ უნდა ჰქოდეს, არ არის სავალდებულო ის მსხვერპლი იყოს. წერილის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ემიჯნებიან ამ “კაცების მოძულე ფემინისტურ ტალღას”.
წერილი ვინ დაწერა და რა რეაქცია მოჰყვა მას?
ავტორების ჯგუფმა. ესენი არიან: ფსიქოანალიტიკოსი სარა კლიშე, არტ-კრიტიკოსი და ავტობიოგრაფიული რომანის “კატრინ მ.-ს სექსუალური ცხოვრება” ავტორი კატრინ მილე, მსახიობი და მწერალი კატრინ რობ-გრიიე, ჟურნალისტი და წიგნის “კაცის დომინირება არ არსებობს” ავტორი პეგი სასტრი, პუბლიცისტი აბნუს შალმანი, რომელიც იბრძვის ქალების უფლებისთვის არ ატარონ ჰიჯაბი, ის ასევე აკრიტიკებს თანამედროვე ფემინიზმს მისი პარანოიდალურობის, მორალისტობის, ვიქტიმიზაციის, სეპარატიზმისა და ისტერიულობისათვის და მას სტალინიზმს ადარებს; მსახიობი და მომღერალი, რეჟისორ რაინერ ფასბინდერის ყოფილი ცოლი ინგრიდ კავენი; საფრანგეთის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური საბჭოს ხელმძღვანელი სოფი დე მენტონი, მწერალთა ფრანგული ასოციაციის პრეზიდენტი მარი სელიე, მსახიობი კატრინ დენევი და საფრანგეთის საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების სხვა ცნობილი წარმომადგენლები.
ჯერ კიდევ 17 ოქტომბერს, როდესაც ჰარვი ვაინშტეინზე პირველი საგამოძიებო სტატიები გამოქვეყნდა, The Huffington Post-თან ინტერვიუში დენევმა კაცების მიმართ ბრალდებების ტალღას ქალებისთვის “დამამცირებელი” უწოდა. მსახიობმა თქვა, რომ ზოგადად სექსუალურ შევიწროებაზე და ძალადობაზე საჯარო ლაპარაკი მისთვის მიუღებელია: “ნუთუ საინტერესოა ამაზე ამ ფორმით ლაპარაკი? ამით პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს?”, - იკითხა მან.
წერილის ავტორების პოზიცია გააკრიტიკა ფრანგმა აქტივისტმა და პოლიტიკოსმა, კომპანია Egalis-ის დამფუძნებელმა კაროლინ დე ჰაასმა, რომელიც თავის პროფესიულ წრეში გენდერულ საკითხებზე მუშაობს. ჰაასის პასუხს ხელი ოცდაათმა ქალმა მოაწერა. მისი თქმით, წერილის ავტორებს ერთმანეთში ერევათ ფლირტი, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და სიამოვნებაზეა დაფუძნებული და ძალადობა; მსგავსი სულისკვეთების წერილი გამოაქვეყნა ბრიტანულ The Guardian-ში ავსტრალიელმა მწერალმა და სცენარისტმა ვან ბადჰამმა, რომლის თქმითაც, მოძრაობა #MeToo არა კუდიანებზე ნადირობა, არამედ სწორედ სექსუალური თავისუფლებისთვის ბრძოლაა, რადგან მისი მთავარი პრინციპია - საკუთარი სხეულის განკარგვა სხვისი იძულების გარეშე.
The New Yorker-ში რა სტატია გამოქვეყნდა?
2018 წლის 1 იანვარს ჟურნალმა გამოაქვეყნა დანა გუდიარის სტატია იმის შესახებ, თუ როგორ აისახა ჰარვი ვაინშტეინის საქმის შედეგები ჰოლივუდზე. მასალის თანახმად, სექსუალური უპირატესობის კულტურა ჰოლივუდში ათწლეულების განმავლობაში დომინირებდა, ახლა კი სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. დღეს თითქმის ყველა ჰოლივუდელ კაცს ეშინია იმის, რომ რაღაცას დააბრალებენ, ხოლო ქალი აქტივისტები ამ ფონზე კინოინდუსტრიაში რეალური გენდერული თანასწორობის მიღწევას ცდილობენ.
“დადანაშაულებული კაცების ფოტოებს ხსნიან საპატიო ადამიანების კედლებიდან; მათ სახელებს შლიან იმ შენობებიდან, რომელთა აშენებაც დააფინანსეს; მათ როლებს სხვა მსახიობებს ათამაშებენ; ონლაინ-კატალოგებს შლიან; ფილმების პროექტებს აუქმებენ. ერთ-ერთი კერძო დეტექტივის თქმით, რომელიც სექს-დანაშაულებებს იძიებს: “დღეს ასეთ ადამიანთან ასოცირება უკიდურესად მომწამვლელია - ერთ ტალღას მოსდევს მეორე და მათ საბჭოთა სტილში შლიან მეხსიერებიდან".
ყველა ჰოლივუდელი კაცი შეშფოთებულია, რომელსაც სტატიის ავტორი ელაპარაკა. მათ არ იციან, ხვალ რაში დაადანაშაულებენ; არ იციან როგორ მოექცნენ თავიანთ ასისტენტებს, რომელთა უმრავლესობა ახალგაზრდა ქალია; ერთ-ერთის თქმით, მას ცხოვრებაში მსგავსი არაფერი გაუკეთებია, რაც ვაინშტეინზე და სხვებზე ითქვა, მაგრამ სრულყოფილი არ არის. ჰოლივუდში “კაცები ცხოვრობენ, როგორც ებრაელები” გერმანიაში”, - თქვა მან.


