24 იანვარი 2018 - 20:42

მავნეა თუ არა პორნოგრაფია?

ფოტო: shutterstock.com

BBC Future-მა გამოაქვეყნა მოკლე მიმოხილვა იმის შესახებ, თუ რა დასკვნამდე მივიდნენ ამ ეტაპზე მეცნიერები, რომლებიც ადამიანების ცხოვრებაზე პორნოგრაფიის გავლენას სწავლობენ. იმ ფონზე, როდესაც ინტერნეტის წყალობით, პორნოგრაფიის მოხმარება საყოველთაო და მასშტაბური გახდა, მასალაში არის პასუხები ისეთ კითხვებზე, როგორიცაა, მაგალითად: ახდენს თუ არა გავლენას პორნოს ყურება ადამიანის ჯანმრთელობაზე და დაკავშირებულნი არიან თუ არა მისი მომხმარებლები სექსუალურ ძალადობასთან?

სექსუალური ძალადობა

მთავარი კითხვა პორნოგრაფიაზე ისმება ყოველთვის, როდესაც აღმოაჩენენ, რომ სერიოზულ დანაშაულში ბრალდებული პორნოს მომხმარებელია. შეიძლება თუ არა ამ მიდრეკილებამ ადამიანს გაუპატიურებისკენ უბიძგოს ან ამ ადამიანის თვალში სექსუალური ძალადობა ნორმად აქციოს?

1970-იან წლებში, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის პროფესორი ბერლ კუჩინსკი შეეცადა იმის გარკვევას, თუ როგორ აისახა პორნოგრაფიის ლეგალიზება დანიაში, შვედეთსა და გერმანიაში (რაც 1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში მოხდა) სექსუალური დანაშაულების რაოდენობაზე. კუჩინსკიმ კავშირი დანაშაულების ზრდასთან ვერ იპოვა, მეტიც, კვლევის პერიოდში სექსუალური დანაშაულების ზოგიერთი ტიპი, მაგალითად, გაუპატიურების და არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის და მათი შევიწროების ფაქტები საგრძნობლად შემცირდა.

1995 წელს, 24 კვლევის მეტაანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, რომელშიც 4000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, შეეცადნენ კორელაციური კავშირის დადგენას პორნოს მოხმარებასა და ადამიანების შეხედულებებს შორის გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაზე. არაექსპერიმენტულ კვლევებში, რომლებშიც ეყრდნობოდნენ კვლევის მონაწილეების ინფორმაციას საკუთარ თავზე, ასეთი კორელაცია არ გამოვლინდა.

ბოლო წლებში აღნიშნავენ, რომ პორნოგრაფია გახდა ზედმეტად აგრესიული. თუ ზოგიერთების აზრით, 1990-იანი წლების პორნო, ეს იყო უფრო “ლოგინში სიყვარულის” დემონსტრირება, 2010 წელს, 300 პორნოსცენის გაანალიზებისას მკვლევრებმა აღმოჩინეს, რომ ამ სცენების 88% ფიზიკური აგრესიის აქტებს მოიცავს. აგრესიის წყარო არიან კაცები, ხოლო ქალები ამ ტიპის ქცევას პასუხობენ ან აშკარა სიამოვნებით, ან ნეიტრალურად.

2009 წელს კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა, რომლის თანახმად, პორნოგრაფიის მოხმარებას და ძალადობას შორის კავშირი კვლავ არ გამოვლინდა. ამ კვლევის ავტორებმა განაცხადეს, რომ თემა მედიის და პოლიტიკოსების გაზვიადებულია.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ კაცები, რომელთა სექსუალური ქცევა ისედაც აგრესიულია და ამასთან ხშირად უყურებენ სექსუალური აგრესიის შემცველ ფილმებს, ისინი დიდი ალბათობით მოიქცევიან კიდეც აგრესიულად, მაგრამ სექსუალური ძალადობის მიზეზი პორნოგრაფია არ არის, ისევე როგორც ალკოჰოლი: მისი მიღება თავისთავად სახიფათო არ არის, მაგრამ სახიფათო ხდება მათთვის, ვისაც რისკის სხვა ფაქტორები ამძიმებს.

ტვინი და სხეული

2014 წლის კვლევის თანახმად, პორნოგრაფიული ფილმების ყურებამ შეიძლება თავის ტვინის იმ ნაწილის შემცირება გამოიწვიოს, რომელიც სიამოვნების გრძნობაზეა პასუხისმგებელი.

ბერლინის მაქს პლანკის ინსტიტუტის მეცნიერებმა შეისწავლეს 600-ზე მეტი კაცის ტვინი. მათ ჯერ პორნოგამოსახულებებს აჩვენებდნენ, შემდეგ კი ეკითხებოდნენ პორნოჩვევების შესახებ. აღმოჩნდა, რომ ტვინის ზოლიანი სხეული სტრიატუმი უფრო პატარა ჰქონდათ მათ, ვინც პორნოფილმებს დიდი რაოდენობით უყურებდა. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ასეთ ადამიანებს აღგზნებისათვის უფრო “უხეში” ვიდეომასალა სჭირდებოდათ. მაგრამ მკვლევრებმა მკაფიოდ მაინც ვერ დაადგინეს: მათ, ვისაც სტრიატუმი უფრო პატარა ჰქონდა, პორნოს ყურებისკენ იყვნენ მიდრეკილნი თუ ამ მიდრეკილებამ განსაზღვრა სტრიატუმის ზომა. მიუხედავად ამისა, მეცნიერები ბოლო ვერსიას მიემხრნენ.

პორნოფილმების ყურება ხშირად მიაჩნიათ კაცებში ერექციული დისფუნქციის მიზეზად, მაგრამ კვლევები, რომლებიც ამას დაადასტურებდა, არ არსებობს. მაგალითად, ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის და მონრეალში კონკორდიის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, პორნოს ნახვა პირიქით ხელს უწყობს სექსუალურ აღგზნებას.

ურთიერთობები

არსებობს მოსაზრება, რომ პორნოგრაფია წყვილების ურთიერთობებზე ცუდად მოქმედებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის ურთიერთობაზე. მაგრამ ამ საკითხზე კვლევები რატომღაც უფროსებს ეხებათ და მათი შედეგები წინააღმდეგობრივია.

მკვლევარი დუგლას კერნიკი 1989 წელს ამტკიცებდა, რომ პორნოს ყურება კაცებს პარტნიორი ქალების მიმართ ინტერესს აკარგვინებს. მეცნიერები ამბობენ, რომ კერნიკის ამ კვლევამ ფსიქოლოგების მომდევნო ნაშრომებზე სერიოზული გავლენა მოახდინა, თუმცა 2016 წელს მსგავსმა კვლევამ საპირისპირო შედეგი აჩვენა. ამასთან ახალ კვლევაში 10-ჯერ მეტი ადამიანი მონაწილეობდა - 150 ჰეტეროსექსუალი ქალი და 400 ჰეტეროსექსუალი კაცი. თუმცა თავად კვლევის ავტორი რონდა ბალზარინი აღნიშნავს, რომ სხვაობა კერნიკის კვლევასთან შესაძლოა განსაზღვრა იმან, რომ 1989 წელს პორნოპროდუქციის მოცულობა და შინაარსი აბსოლუტურად განსხვავებული იყო.

2017 წლის გაზაფულზე კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ თუ ადამიანმა პორნოფილმების ყურება დაიწყო, დიდი ალბათობით ის პარტნიორს დაშორდება. მეცნიერებმა 2006 და 2014 წლებს შორის ამერიკული სოციოლოგიური გამოკითხვებით მიღებული მონაცემები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ განქორწინების ალბათობა ორჯერ იზრდება ამერიკელებში, რომლებიც ამ ტიპის ფილმების ყურებას იწყებენ. თუმცა არ არის დადასტურებული, განქორწინება პორნოგრაფიამ გამოიწვია, თუ ოჯახში ცუდი ურთიერთობების გამო გახდა ადამიანი პორნოს მომხმარებელი.

სქესობრივი ცხოვრება

ხშირია მოსაზრება, რომ პორნოგრაფია პარტნიორების სქესობრივ ცხოვრებას ანგრევს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, კაცები, რომლებიც პორნოფილმებს უყურებენ თავიანთი სქესობრივი ცხოვრებით ნაკლებად კმაყოფილები არიან. მაგრამ ქალების შემთხვევაში პირიქითაა.

მკვლევრების აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ ქალები პორნოს ხშირად პარტნიორთან ერთად უყურებენ, ხოლო კაცები უპირატესობას ანიჭებენ სექსზე ვიდეოების მარტო ყურებას. კიდევ ერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ პარტნიორთან ერთად პორნოგრაფიის ყურებით ადამიანები უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ, მათ შორის სექსუალურს, ვიდრე მაშინ, როცა ასეთ ვიდეოებს მარტო უყურებენ.

სენი

ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია პორნოგრაფიის მიმართ არის ის, რომ მისი ყურება ავადმყოფურ დამოკიდებულებას იწვევს. კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევაში პორნოზე დამოკიდებულება შედარებულია ნარკოტიკულ დამოკიდებულებასთან - ორივე ტვინის ერთნაირ სტიმულირებას იწვევს. ამ კვლევის მონაწილეებს, ჰეტეროსექსუალ კაცებს, რომელთა ნახევრის სექსუალური ქცევა აკვიატებული ხასიათის იყო, სთხოვეს სექსუალური და არასექსუალური ვიდეორგოლების შეფასება, პარალელურად მეცნიერები მათი ტვინის სკანირებას ახდენდნენ. აღმოჩნდა, რომ აკვიატებული სექსუალური ქცევის მქონე პაციენტებს უაქტიურდებოდათ ტვინის სწორედ ის სამი ნაწილი, რომელიც უაქტიურდებოდათ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს ნარკოტიკული გამაღიზიანებლის დანახვისას. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ეს მოსწონთ. სხვაობა “მინდას” და “მომწონს” შორის სრულად შეესაბამება ნარკოდამოკიდებულებაში სტიმულების და მოტივაციების თეორიას: როდესაც ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანი ცდილობს მის მიღებას, ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ მას ეს მოსწონს.

თუმცა, საბოლოოდ, მეცნიერები მაინც ვერ ამტკიცებენ იმას, რომ პრონოგრაფია დამოკიდებულებას აჩენს. ბრიტანეთის ჯანდაცვის სახელმწიფო სისტემაში სექსზე დამოკიდებულება შედარებულია ნარკოდამოკიდებულებასთან და აღნიშნულია, რომ დაავადება შეიძლება მოიცავდეს პორნოს უკონტროლო ყურების ჩვევას. მართალია პორნოგრაფია შეიძლება იყოს სექსზე დამოკიდებულების ნაწილი, მაგრამ ჯერ კიდევ დასამტკიცებელია, შეიძლება თუ არა პორნო იყოს ასეთი დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზი.

სექსუალური ქცევა

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, პორნოგრაფია ადამიანს ახალი გამოცდილებისადმი უფრო გახსნილს და სექსუალურ ურთიერთობებში თვითდაჯერებულს ხდის, ზოგჯერ ზედმეტად თვითდაჯერებულსაც.

პორნოფილმების ყურება ადამიანების სექსუალურ ქცევაზეც მოქმედებს. მაგალითად, იმის გამო რომ ასეთ ვიდეოებში პრეზერვატივებს არ იყენებენ, პორნოგრაფიის მომხმარებლების ნაწილი იმავეს აკეთებს. პორნოინდუსტრიაში პრეზერვატივების გამოყენება მიღებული არ არის, ამის ნაცვლად მსახიობებს მუდმივად იკვლევენ ვენერიულ დაავადებებზე.

2016 წელს, კალიფორნიის შტატმა უარი თქვა დაევალდებულებინა პორნომსახიობები სექსის ყველა სცენაში გამოეყენებინათ პრეზერვატივები, მიუხედავად იმისა, რომ წინადადების ინიციატორები ამტკიცებდნენ, რომ ეს ზომა შეამცირებდა მსახიობებს შორის ვენერიულ დაავადებებს. წინადადების მოწინააღმდეგეები კი აცხადებდნენ, რომ პორნო ინდუსტრია უბრალოდ ადგილს შეიცვლიდა და კალიფორნიიდან სხვა ადგილას გადავიდოდა.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, პორნოგრაფია 7-ჯერ ზრდის შემთხვევითი სექსუალური კავშირების ალბათობას, თუმცა ეს უფრო ისეთ ადამიანებს ეხება, რომლებიც თავისი სექსუალური ცხოვრებით დაკმაყოფილებულები არ არიან.

2002-2004 წლების მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ მათ, ვინც პორნოს ხშირად უყურებდნენ, უფრო მეტი სექსუალური პარტნიორი, მეტი სასიყვარულო ურთიერთობა და რომანი ჰქონდათ. ამასთან, ასეთი ადამიანები უფრო მზად იყვნენ სექსისთვის ფული გადაეხადათ. მაგრამ ისევე როგორც ბევრ სხვა კვლევაში, აქაც გაუკრვეველია - პორნოგრაფია გახდა ასეთი ქცევის მიზეზი, თუ მანამდე არსებულმა ფაქტორებმა უბიძგა ასეთ ადამიანებს პორნოგრაფიის მოხმარებისკენ.

ქალების მიმართ დამოკიდებულება

კიდევ ერთი პრეტენზიის თანახმად, პორნოგრაფია სექსისტურ განწყობებს აღვივებს და არარეალისტურ სექსუალურ მოლოდინებს აჩენს. კვლევების შედეგები წინააღმდეგობრივია, მაგრამ ერთ-ერთ ნაშრომში მეცნიერებმა საკითხის უფრო ღრმად შესწავლა სცადეს.

კოპენჰაგენის და კალიფორნიის უნივერსიტეტების მკვლევრებმა 200 ზრდასრული ადამიანი გამოჰკითხეს იმის თაობაზე, იყვნენ თუ არა ისინი პორნოს მომხმარებლები და შეაფასეს მათი კომუნიკაბელურობის ხარისხი და მოლაპარაკებებისადმი მიდრეკილება (ხასიათის ხუთი თვისებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად მზადაა ადამიანი დაეხმაროს სხვას, იმსახურებს ნდობას და კომუნიკაბელურია).

კვლევის მონაწილეებმა ლაბორატორიაში უყურეს პორნოს, რის შემდეგაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პორნოგრაფიის “დოზის” გაზრდა იწვევდა ნეგატიური დამოკიდებულების ზრდას ქალების მიმართ. მაგრამ ეს იმ კაცების შემთხვევაში, რომლებსაც მოლაპარაკების და კომპრომისის პოვნის უნარები ნაკლებად გააჩნდათ.

მოკლედ

პორნოგრაფიის მოხმარებას და პორნოფილმების ყურებას უამრავ პრობლემას უკავშირებენ, როგორც ცალკეული ადამიანებისათვის, ასევე ზოგადად საზოგადოებისთვისაც. მაგრამ თითოეული ისეთი კვლევის პარალელურად, რომელშიც პორნოგრაფიის მავნა გავლენაა აღმოჩენილი, არსებობს კვლევა, რომელიც წინას შედეგებს უარყოფს. ხშირად შედეგები წინააღმდეგობრივია, ხოლო კვლევის მეთოდების და მოცულობის შერჩევას თავისი შეზღუდვები ახლავს.

გახდება თუ არა სარისკო მომავალში უფრო მეტად ინტერაქტიული და იმერსიული პორნოპროდუქციის არსებობა, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ კვლევებში იმის გარკვევა, თუ რა არის მიზეზი და რა - შედეგი, ხშირად შეუძლებელია.

იზიდავს თუ არა პორნოგრაფია სწორედ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც სექსუალურ ურთიერთობებში აგრესია ისედაც დამახასიათებელია; მათ, ვინც ქორწინებით უკმაყოფილოა ან ვისთვისაც სექსი აკვიატებულ იდეად იქცა? თუ პირიქით, სწორედ პორნოგრაფიაა ყველა ამ პრობლემის მიზეზი? 

ეს შესწავლისთვის ძალიან რთული სფეროა და ვიდრე უტყუარი მტკიცებულებები არ არსებობს, მხოლოდ ერთი რამის ვარაუდი შეიძლება: იმის ალბათობა, რომ პორნოგრაფია ნეგატიურად მოქმედებს ადამიანზე, დიდწილად დამოკიდებულია თავად იმ ადამიანის თვისებებზე, რომელიც ამ ტიპის პროდუქტს მოიხმარს.

სხვა თემები