საინფორმაციო ომი დასავლეთში. როგორ ქმნიან ევროპის რადიკალური პარტიები საკუთარ მედიასაშუალებებს
ფოტო: shutterstock.com
ევროპაში რადიკალური შეხედულებების პოლიტიკური ჯგუფები (როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე სპექტრიდან) საკუთარ მედიასაშუალებებს ქმნიან. მათი აუდიტორია სულ უფრო იზრდება სოცქსელებშიც. ალტერნატიული რესურსების შემქმნელებს მიაჩნიათ, რომ მეინსტრიმული გამოცემები მათ საგანგებოდ უგულებელყოფენ, ამიტომ სოციალურ ქსელებს თავიანთი იდეების პოპულარიზაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან პლატფორმად აღიქვამენ. თუ ამერიკის ულტრაკონსერვატორები მხარს უჭერენ თეთრი რასის უპირატესობის იდეას, ევროპაში ულტრამემარჯვენეები 2015-16 წლის მიგრაციული კრიზისის შემდეგ გააქტიურდნენ. მათი მთავარი იდეა ის არის, რომ “დემოგრაფია დემოკრატიას დაღუპავს” და ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების ნაკადი ევროპის კულტურულ და პოლიტიკურ იდენტობას წაშლის.
ალტერნატიული მედიასაშუალებები
BBC-ის ინფორმაციით, გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) ჟურნალისტების საკუთარი ჯგუფის, სრულყოფილი ნიუსრუმის შექმნა გადაწყვიტა. მიზანი - ისეთი ახალი ამებების შექმნაა, რომელიც მათ მოსაზრებებს “სწორად წარმოაჩენს”. პარტიის ხელმძღვანელის ალის ვაიდელის თქმით, ეს იქნება ინოვაცია და ერთგვარი ალტერნატივა არსებული მედიარესურსისა, რომელიც AfD-ს არაფრად აგდებს და მასზე ყალბ ცნობებს ავრცელებს. ამისთვის პარტია გეგმავს 20 ვაკანსიის შექმნას ჟურნალისტების, პიარის და SMM-ის სპეციალისტებისათვის. ისინი AfD-ს ახალ ამბებს 24-საათიან რეჟიმში გააშუქებენ. სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, გერმანელ ულტრამემარჯვენეებს, რომლებმაც ხმების 13% მოიპოვეს, ამერიკული კომანია Harris Media ეხმარებოდა. ამ კომპანიის პიარის სეციალისტები მანამდე გერმანელების თანამოაზრე ბრიტანელებთან და დონალდ ტრამპის კამპანიასთან მუშაობდნენ.
საფრანგეთში “ნაციონალურ ფრონტს” პრესასთან დაპირისპირების დიდი ტრადიცია აქვს. მაგრამ მარინ ლე პენი საკუთარი საინფორმაციო საშუალების შექმნას ჟურნალისტებთან პირდაპირ კონტაქტს ამჯობინებს. მას ურჩევნია პირადად შეხვდეს პრესის წარმომადგენლებს და აუხსნას მათ პარტიის პოლიტიკა.
ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ნაციონალისტურმა პარტიამ, უნგრულმა “იობიკმა” საკუთარი პატარა “მედიაიმპერია” შექმნა, რომელიც შედგება ონლაინ-გამოცემა Alfahír.hu-ს და ონლაინ-ტელევიზია N1TV-სგან. პოპულარულ ვებსერიებს შორისაა - რაინდების ფორმაში ჩაცმული ტელევიზიის თანამშრომლების ქუჩის გამოკითხვები. ისინი ბუდაპეშტის ქუჩებში მოქალაქეებს მიგრაციის და სირიის კონფლიქტის შესახებ ეკითხებიან ანუ იმ თემების შესახებ, რომელიც ყველაზე აქტუალურია ულტრამემარჯვენეების დღის წესრგში. უნგრელი ანალიტიკოსების თქმით, ამ ტელევიზიის რამდენემე სახე არხზე სამუშაოდ მმართველი პარტია “ფიდესიდან” გადავიდა. "ფიდესის" რიტორიკა ხშირად ემთხვევა ულტრაკონსერვატორი ნაციონალისტების პოზიციებს.
მეინსტრიმულ მედიასთან არის დაპირისპირებული ამერიკის მოქმედი პრეზიდენტიც. დონალდ ტრამპი, რომლის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი მიგრაციასთან ბრძოლაა, ამბობს, რომ CNN-ი, The New York Times-ი და Washington Post-ი Fake News-ს (ყალბ ცნობებს) ავრცელებენ, მას მემარჯვენე-კონსევატიული Fox News-ი და Breitbart-ი უყვარს.
მეინსტრიმული მედიის მხრიდან ჩაგვრაზე არამხოლოდ ულტრამემარჯვენე, არამედ მემარცხენე სპექტრის პოლიტიკოსებიც ჩივიან. საინტერესოა ბრიტანეთის მაგალითი. მას შემდეგ რაც ლეიბორისტული პარტიის სათავეში ჯერემი კორბინი მივიდა, გაჩნდა ისეთი ინტერნეტ საინფორმაციო რესურსები, როგორებიცაა Novara Media, Canary და Evolve Politics-ი.
სოციალური ქსელები
ევროპელი ულტრა-მემარჯვენეების მთავარი სივრცეა ინტერნეტ-ფორუმები, რომლებიც ახალგაზრდა, აქტიურ ადამიანებს იზიდავს. ასეთი ონლაინ-თემების გამომწერთა რიცხვი სულ უფრო იზრდება.
საფრანგეთში პოპულარულია გვერდი Génération Identitaire, გერმანიაში და ავსტრიაში Identitäre Bewegung-ი. საერთო გერმანულ IB-ს ფეისბუკის გვერდს 2015 წლის აგვისტოში 18 ათასი ადამიანი იწონებდა, ახლა იწონებს - 68 ათასზე მეტი; ფრანგულ GI-ს ფეისბუკში დღეს 124 ათასი მომწონებელი ჰყავს, 2015 წელს ჰყავდა - 60 ათასი.
მკვეთრად იზრდება სოციალურ ქსელში ევროპელ მემარჯვენეთა პარტიული გვერდების გამომწერთა რიცხვიც. მაგალითად, თუ AfD-ს ("ალტერნატივა გერმანიისთვის") 2015 წლის ზაფხულში 130 ათასი გამომწერი ჰყავდა, ახლა - 400 ათასი ჰყავს. 2015 წლის ბოლოს საფრანგეთის “ნაციონალური ფრონტის” გვერდს 279 ათასი ადამიანი იწონებდა, ახლა - 435 ათასი იწონებს.
ბრიტანულ Novara Media-ს ფეისბუკში 43 ათასი გამომწერი ჰყავს, The Canary-ს - 157 ათასი, EvolvePolitics-ს - 134 ათასი.
კიდევ უფრო შთამბეჭდავი შედეგები აქვს ფეისბუკზე ბრიტანულ მოძრაობა Britain First-ს, რომელიც ნაწილობრივ მოქმედებს როგორც საინფორმაციო საშუალება. 2015 წლის ივლისში მას 80 ათასი ფოლოუერი ჰყავდა, ახლა - 1.8 მილიონი ჰყავს.
ევროკავშირი vs რუსეთი
ახალი ამბების დღის წერიგისთვის იბრძვის რუსეთიც. 2017 წლის ბოლოს მოსკოვმა 23 ამერიკული მედიარესურსი "უცხოურ აგენტად" დაარეგისტრირა, მას შემდეგ, რაც აშშ-მ რუსულ Russia Today-ს ასევე "უცხოური აგენტის" სტატუსი მიანიჭა.
ამასთან, ევროკავშირი უკვე რამდენიმე წელია არაერთ რუსულ მედიასაშუალებას დეზინფორმაციის სერიოზულ წყაროდ მიიჩნევს. ევროპარლამენტმა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო ფიქრი რუსულენოვანი მედიარესურსის შექმნაზე. ორწელიწადნახევრის მუშაობის შემდეგ გადაწყდა, რომ ჯგუფ East StratCom Task-ს, 2018 წლიდან ევროკავშირი თავისი ბიუჯეტიდან წელიწადში 1,1 მილიონი ევროთი დააფინანსებს.
ჯგუფი აცხადებს რომ მისი საქმე არ არის რუსეთის მიმართ კონტრპროპაგანდა. თუმცა ის კვირაში ერთხელ აქვეყნებს “დეზინფორმაციის მიმოხილვას”, რომელშიც ასახულია რუსულ მედიარესურსებში დამახინჯებული ფაქტები. უახლოეს მომავალში ჯგუფი ამ მიმართულებით უფრო აქტიურ მუშაობას გეგმავს, ასევე ევროპელი მოქალაქეების ინფორმირებას იმის თაობაზე, თუ როგორ ხვდება კრემლის მედიის მიერ დამახინჯებული ისტორიები დამოუკიდებელ დასავლურ გამოცემებში.


