09 მარტი 2018 - 20:41

დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა უპრეცედენტო მოვლენაა? დიახ

ფოტო: shutterstock.com

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დასთანხმდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის წინადადებას შეხვედრაზე. დღემდე ლიდერები ერთმანეთს მხოლოდ ადანაშაულებდნენ და ემუქრებოდნენ. შეხვედრა შეიძლება მაისშიც გაიმართოს. მაგრამ ამ შემთხვევაში მომზადებისთვის ცოტა დრო რჩება. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, სად იქნება შეხვედრა და კონკრეტულად რა საკითხებს განიხილავენ მხარეები.

ეს ისტორიული მოვლენაა?

დიახ, ეს უპრეცედენტო მოვლენა იქნება. აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის პირველი პირები პირისპირ ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. BBC წერს, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები ჩრდილოკორეელ ლიდერებს ხვდებოდნენ, თუმცა მხოლოდ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ. ამერიკელი ექსპერტები ამ მოვლენას პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის მაო ძედუნთან შეხვედრას ადარებენ.

აშშ-ის პრეზიდენტები ჩრდილოკორეელ ლიდერებს რატომ არ ხვდებოდნენ?

თეორიულად მსგავსი შეხვედრები შესაძლებელი იყო. ჩრდილოეთ კორეა 20 წელია ცდილობს ამერიკის პრეზიდენტთან სამიტზე თანხმობას. ამერიკელი ექსპერტების თქმით, ეს ფხენიანის საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა. მაგრამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ის არის, რომ ოფიციალურად ეს ქვეყნები დღემდე ომის მდგომარეობაში არიან: 1953 წელს ცეცხლის შეწყვეტაზე მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება ხელმოწერილი არ არის.

ბილ კლინტონი

პრეზიდენტი ბილ კლინტონი არ ხვდებოდა კიმ ჩენ ინის მამას, კიმ ჩენ ირს, მაგრამ თავისი პრეზიდენტობის ბოლოს, დიპლომატიური წარმატების მიღწევის იმედით, მან 2000 წელს ფხენიანში თავისი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი გაგზავნა. ოლბრაიტის მოლაპარაკებები ფხენიანში ორ დღეს გაგრძელდა. როგორც 2017 წელს ოლბრაიტმა The New York Times-ში დაწერა, ფუნდამენტური პრობლემა ის არის, რომ ჩრდილოეთ კორეა აუცილებლად მიიჩნევს ბირთვული იარაღის ქონას, რათა გადარჩეს.

უმცროსი ჯორჯ ბუში

უმცროსი ბუშის პოლიტიკა ფხენიანის მიმართ მკაცრი იყო. 2002 წელს მან ჩრდილოეთ კორეას "ბოროტების ღერძის" ნაწილიც უწოდა. 2006 წელს ფხენიანმა პირველად გამოსცადა ბირთვული შეიარაღება. ერთი წლის შემდეგ პრეზიდენტმა ბუშმა კიმ ჩენ ინს წერილი პირადად მისწერა, რომელშიც ფხენიანს ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ ურთიერთობების სრული ნორმალიზება შესთავაზა.

ბარაკ ობამა

პრეზიდენტი ობამა მზად იყო ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებისათვის, მაგრამ დარწმუნებული არ იყო, რომ ფხენიანი უარს იტყოდა თავის ბირთვულ პროგრამაზე. ამასთან, ობამა აღშფოთებული იყო ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკით, რადგან ის დასავლეთისგან დათმობების სანაცვლოდ საერთაშორისო პროვოკაციებს აწყობდა.

დონალდ ტრამპი

თუ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს შეხვდებიან, რა საკითხიც არ უნდა განიხილონ, ან როგორი პირობებიც არ უნდა წამოაყენონ მხარეებმა, ექსპერტების აზრით, ეს ყველა შემთხვევაში წარმატება იქნება.

ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრის შესახებ კიდევ რა არის ცნობილი? რაზე უნდა ილაპარაკონ?

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ისინი ერთმანეთს მაისში შეხვდებიან, მაგრამ დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ლიდერების შეხვედრის ადგილი ფხანმუნჯომი იქნება. ეს არის დემილიტარიზებული ზონა ორ კორეას შორის. კიდევ ერთი ვერსიით, შეხვედრა სავარაუდოდ "ნეიტრალურ ტერიტორიაზე", მაგალითად ჩინეთში ან სხვა ქვეყანაში გაიმართება.

უკანასკნელად აშშ-ს და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებები ფხენიანის ბირთვულ პროგრამაზე 2012 წელს გაიმართა. კიმ ჩენ ინი თავისი მმართველობის განმავლობაში ჯერ არცერთ უცხოელ ლიდერს არ შეხვედრია, მაგრამ აპრილში ის ფხანმუნჯომში სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჩე ინს უნდა შეხვდეს.

რაც შეეხება, ტრამპთან მოლაპარაკების თემას, ჩრდილოკორეელი ლიდერი ამბობს, რომ მხარს უჭერს მთელ კორეის ნახევარკუნძულზე არაბირთვული ზონის შექმნას, მაგრამ უარს ამბობს პირობა დადოს, რომ ფხენიანი ბირთვულ იარაღზე უარს იტყვის. აშშ კი ფხენიანს ბირთვული პროგრამის გაუქმებას მოსთხოვს. სამხრეთ კორეა ამბობს, რომ ეს საკითხი მისთვისაც პრიორიტეტულია. 

შეიძლება სხვა საკითხებიც განიხილონ. მაგალითად, ვაშინგტონს სურს, რომ ფხენიანმა ჩრდილოეთ კორეის მიერ დაპატიმრებულ ამერიკის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მისცეს; ჩრდილოეთ კორეას უნდა, რომ ოფიციალურად აღიარონ ბურთვულ სახელმწიფოდ და აშშ-მა ხელი მოაწეროს მასთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებას; ფხენიანს სურს ასევე სანქციების რეჟიმის გაუქმება. ანალიტიკოსების თქმით, სანქციების რეგულარულმა გამკაცრებამ ამ წლის ოქტომბერში ჩრდილოეთ კორეა შეიძლება უცხოური ვალუტის გარეშე დატოვოს.

სხვა თემები