10 ივნისი 2018 - 17:00

რას შეცვლის ტრამპის და კიმის მოლაპარაკებები სინგაპურში?

ფოტო: shutterstock.com

12 ივნისს, სინგაპურში სასტუმროში Capella აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს შეხვდებიან. შეხვედრა, რომელიც უპრეცედენტოა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წარმოუდგენელი იყო: ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს დასცინოდნენ და ბირთვული თავდასხმებით ემუქრებოდნენ. სინგაპურის შეხვედრა ისტორიულია იმიტომაც, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი პირველად შეხვდება კიმების დინასტიის წარმომადგენელს, თანაც იმ დროს, როდესაც ფორმალურად ფხენიანს და ვაშინგტონს შორის საომარი მდგომარეობაა.

ორი კვირის წინ ტრამპმა შეხვედრა გააუქმა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა

ტრამპის და კიმის შეხვედრის შესახებ პირველად ოფიციალურად მარტში ითქვა, თუმცა ამის შემდეგ მხარეებმა ერთმანეთის კრიტიკა არ შეწყვიტეს. 24 მარტს ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან დაუფარავი მტრული დამოკიდებულების გამო სამიტს აუქმებს, მაგრამ მას შემდეგ რაც ფხენიანმა დიალოგის სურვილი კვლავ გამოთქვა, აშშ-ის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება შეცვალა. მოგვიანებით, ტრამპის იურისტმა და ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა რუდოლფ ჯულიანიმ პრეზიდენტის ქცევა იმით ახსნა, რომ ვაშინგტონმა ყველას აგრძნობინა რომ ის ძალის პოზიციიდან ლაპარაკობს. ჯულიანის თქმით, მხოლოდ სამიტის ჩაშლის შიშით დათანხმდა კიმ ჩენ ინი ბირთვული პროგრამის გაუქმებაზე მოლაპარაკებებს, ამასთან ის „მუხლებზე დაჩოქილი ითხოვდა“ შეხვედრის ჩატარებას.

სინგაპური - ასეთი შეხვედრისთვის იდეალური ადგილი

სამიტის ჩატარების ადგილის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი იყო. შეხვედრის გამართვა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, თუნდაც ნეიტრალურში, როგორიცაა შვედეთი ან შვეიცარია, საპროტესტო აქციების საფრთხეს ქმნიდა, ხოლო აზიის ქვეყნები, მაგალითად პეკინი და ულან-ბატორი, უსაფრთხოების რისკების გამო გამოირიცხა.

სინგაპური, რომელიც აშშ-ის მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, მხარს უჭერს მის სამხედრო ყოფნას რეგიონში და იმავდროულად ჩრდილოეთ კორეასთანაც ნორმალური კავშირები აქვს, ფაქტობრივად იდეალური, ყველასთვის მისაღები ვარიანტი აღმოჩნდა. სინგაპურს და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობა ჯერ კიდევ 1975 წელს დამყარდა, ხოლო აქტიური ვაჭრობა 2017 წლამდე გრძელდებოდა და მხოლოდ გაეროს ზეწოლით შეწყდა. გარდა ამისა, სინგაპურს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალპროფესიული და ძლიერი სპეცსამსახური აქვს.

კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი სინგაპურში ჩაფრინდნენ

კიმ ჩენ ინი სინგაპურში პრეზიდენტის თვითმფრინავით ჩაფრინდა. მაგრამ მანამდე გაურკვეველი იყო ისიც, თუ რა ტრანსპორტს გამოიყენებდა ჩრდილოკორეელი ლიდერი შორეულ ქვეყანაში გასამგზავრებლად. კიმ ჩენ ინი მამამისის მსგავსად ბრონირებული მატარებლით მგზავრობას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ამჯერად მას თვითმფრინავის გამოყენება მოუწია. პრესა წერდა, რომ კიმის თვითმფრინავს ჩინური გამანადგურებლები დაიცავდა, რითაც პეკინი აშშ-ის პირისპირ მყოფ ჩრდილოკორეელ ლიდერს თავის მხარდაჭერას დაუდასტურებდა.

თვითმფრინავის ტრაპთან კიმს სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრი ვივიან ბალაკრიშნანი დახვდა. ამის შემდეგ ის სასტუმრო St. Regis-სკენ გაემართა. მის ესკორტს აცილებდა 20 მოტოციკლისტი და ამდენივე ავტომობილი დიპლომატებით და პოლიციით. მანამდე სასტუმროსთან ავტობუსმა სავარაუდოდ, კიმ ჩენ ინის პირადი დაცვის წევრები მიიყვანა. დღესვე ის სინგაპურის პრემიერმინისტრ ლი სიან ლუნს შეხვდა. ამასობაში სინგაპურში დონალდ ტრამპიც ჩავიდა.

ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის სასტუმროს ხარჯებს, სავარაუდოდ, სინგაპური დაფარავს

ადგილობრივი პრესის ცნობით, სასტუმრო St Regis-ში საპრეზიდენტო ნომერში ერთი ღამის გატარება დაახლოებით 7500 დოლარი ღირს. ჯერ კიდევ გაურკვეველია ვინ გადაიხდის ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის სასტუმროს ხარჯებს: ფხენიანი ამბობს რომ ამას არ გააკეთებს, რადგან ფული არ აქვს. აშშ-მაც უარყო გავრცელებული ჭორი, თითქოს მზადაა ამ ხარჯის დაფინანსებისათვის. ამიტომ სავარაუდოდ, ჩრდილოკორეელების სასტუმროს ხარჯების გადახდა სინგაპურს მოუწევს.

რა საკითხები შედის მოლაპარაკებების დღის წესრიგში?

კიმ ჩენ ინის და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებები 12 ივნისს გაიმართება. სამიტის მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვულ იარაღზე უარის თქმაა. სამიტის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დაადასტურა, რომ ვაშინგტონისთვის ერთადერთი მისაღები შედეგი კორეის ნახევარკუნძულზე სრული, შეუქცევადი და მონიტორინგს დაქვემდებარებული ბირთვული განიარაღებაა. ამისთვის კიმ ჩენ ინიც მზადაა, თუმცა მხარეები ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან განიარაღების პროცესის მიმდინარეობაზე.

ტრამპი და კიმი ილაპარაკებენ ასევე თანმდევ თემებზე, როგორიცაა ჩრდილოკორეული რეჟიმის შენარჩუნება, ასევე აშშ-ის შესაძლო ინვესტიციები ჩრდილოეთ კორეის ტურისტულ სექტორში. გარდა ამისა, ქვეყნების ლიდერები განიხილავენ იაპონიის მოქალაქეების ბედს, რომლებსაც კიმ ირ სენის მმართველობის ბოლო პერიოდში მასობრივად იტაცებდნენ ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურები და შესაძლოა, ხელმოსაწერად მომზადდეს სამშვიდობო შეთანხმება.

მთლიანობაში, საკითხების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ახლაც გაურკვეველია, რამდენ ხანს გაგრძელდება შეხვედრა. CNN-ის ცნობით, ამერიკელ ჩინოსნებს მოლაპარაკებების მეორე დღისთვის სარეზერვო გეგმა აქვთ.

შეხვედრის შემდეგ რა იქნება?

თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ტრამპის და კიმის შეხვედრები შეიძლება გაგრძელდეს: აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ ყველა არსებული პრობლემის მოგვარებას „მეტი დრო სჭირდება“. ტრამპმა ასევე თქვა, რომ თუ სინგაპურის შეხვედრა პოზიტიურად დასრულდება კიმ ჩენ ინს თეთრ სახლში მიიწვევს; მაგრამ საპირისპირო შედეგის შემთხვევაში ფხენიანის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს.

სხვა თემები