14 აგვისტო 2018 - 23:53

რატომ ჩაინგრა ხიდი გენუაში. ვერსია

მორანდის ხიდი

მორანდის ხიდი

ფოტო: ilgiornale.it

14 აგვისტოს, დღისით, იტალიის საპორტო ქალაქ გენუაში, მორანდის ხიდის ერთ-ერთი საავტომობილო სექცია ჩაინგრა. მასზე გადიოდა ფასიანი გზის მონაკვეთი A10, რომელიც გენუას ქალაქ ვენტიმილიასთან აკავშირებს. 45 მეტრის სიმაღლის ხიდი აშენებულია მდინარე პოლჩევერაზე. ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:00 საათზე ერთ-ერთი მონაკვეთი, რომლის სიგრძეც სხვადასხვა მონაცემებით, 80-დან 200 მეტრამდე იყო, ჩაინგრა. ნანგრევების ნაწილი მდინარეში ჩაცვივდა, ნაწილი კი - შენობების სახურავებს დაეცა.

დაიღუპა 30-ზე მეტი ადამიანი



ამის შესახებ იტალიის ვიცეპრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა. გაზეთმა La Repubblica-მ კი დაწერა, რომ სულ ცოტა 35 ადამიანია დაღუპული. მათ შორის არიან არამხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც შემთხვევის დროს ხიდზე იყვნენ, არამედ ისინიც, ვინც ნანგრევების ქვეშ მოყვა. ამავე გამოცემის ცნობით, 14 ადამიანი დაშავდა; ოფიციალურად დაშავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ხიდს არემონტებდნენ



მორანდის ხიდი, რომელსაც სახელი ინჟინერ-კონსტრუქტორის, რიკარდო მორანდის საპატივცემულოდ დაარქვეს, თითქმის 1200 მეტრის სიგრძისაა. ის 1967 წელს გახსნეს. 2016 წელს მისი რემონტი დაიწყო. კომპანია Autostrade per lʼItalia-ს ცნობით, რომელიც A10-ის მონაკვეთის ოპერატორია, ჩანგრევის დროს ხიდის საყრდენი ბოძების გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კონსტრუქციის მდგრადობა სისტემატურად მოწმდებოდა. გამოცემა Il Sole 24 Ore წერს, რომ 2018 წლის აპრილში Autostrade per lʼItalia-მ მორანდის ხიდის რეკონსტრუქციაზე ახალი კონკურსი გამოცხადა. კონტრაქტის ღირებულება 20 მილიონ ევროზე მეტი იყო. გამარჯვებული სექტემბერში უნდა გამოევლინათ.

ხიდის საყრდენ ბოძს მეხი დაეცა

გამოცემა Il Giornale-ს მონაცემებით, ხიდის ერთ-ერთი საყრდენი ბოძი ჭექა-ქუხილის დროს დაზიანდა, რაც გენუაში 14 აგვიტოს იყო. La Repubblica თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთ ბოძს მეხი დაეცა, რის შემდეგაც ხიდის ნგრევა დაიწყო. ქალაქის ერთ-ერთი მცხოვრების თქმით კი ხიდი მანამდეც ამორტიზებული იყო - მასზე გავლის დროს ვიბრაცია იგრძნობოდა.

ხიდის ჩანგრევის შემდეგ გენუაში მოძრაობა ნაწილობრივ გადაიკეტა, რამაც საცობები წარმოქმნა. კერძოდ, დაიხურა გზის მონაკვეთები A10 და A7, რომელიც გენუას მილანთან აკავშირებს. გარდა ამისა, იტალიურმა სარკინიგზო ხაზებმა ქალაქში მოძრაობა დროებით შეწყვიტა. კატასტროფის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ხიდის სხვა სექციების ჩამოშლის საფრთხის გამო ახლოს მდებარე სახლებიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა, - წერს La Repubblica.

სხვა თემები