08 სექტემბერი 2018 - 14:00

მსოფლიო სირიაში გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. რატომ არის ოპერაცია იდლიბში მნიშვნელოვანი?

იდლიბი, სირია

იდლიბი, სირია

ფოტო: shutterstock.com

7 სექტემბერს თეირანში სირიის საკითხზე რუსეთის, თურქეთისა და ირანის სამმხრივი სამიტი გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, სამი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის დროს კოორდინირებულად იმოქმედებენ. შეთანხმების სხვა დეტალები უცნობია, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ იდლიბის დაბომბვას არ ემხრობა. თურქეთის პოზიცია სამხრივი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

რა ხდება?

სირიის სამთავრობო არმია იდლიბის პროვინციაზე შეტევისთვის ემზადება. ოპერაცია შეიძლება უახლოეს დღეებში დაიწყოს. თუ ის წარმატებული იქნება, ბაშარ ასადის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება ქვეყნის თითქმის მთელი ტერიტორია, გარდა იმ რაიონებისა, სადაც ამერიკელები არიან. ექსპერტები ამბობენ, რომ იდლიბში გამარჯვება სირიის რეჟიმს დასავლურ კოალიციასთან უშაულო დაპირისპირების ზღვართან მიიყვანს.

იდლიბი სირიის ჩრდილოეთით მდებარეობს. ქვეყნის ამ ნაწილში ის ბოლო ტერიტორიაა, რომელზეც დეესკალაციის იმ ოთხი ზონიდან, რომელზეც შარშან ასტანის ფორმატში რუსეთი, თურქეთი და ირანი შეთანხმდნენ, დამასკოს კონტროლი ჯერ არ აღუდგენია. ეს ბრძოლა, უფრო ზუსტად კი ბრძოლის დასრულების შემდეგ ძალთა განლაგება, გარდაუვლად გადაიქცევა გარდამტეხ მომენტად სიირის კონფლიქტისა და ყველა იმ ძალისთვის, ვინც მის დარეგულირებაში მონაწილეობს.   

ექსპერტების თქმით, თუ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი იდლიბს დაიბრუნებს, მისი კონტროლი ფაქტობრივად მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე აღდგება, გარდა იმ რაიონებისა, რომლებსაც ამერიკელები მფარველობენ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში, და სირიის უდაბნოს ნაწილზე (ასევე აღმოსავლეთით), სადაც ჯერ კიდევ რჩებიან „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება არ აპირებს გაჩერებას, ვიდრე სირიის მთელ ტერიტორიაზე ასადის კონტროლს არ აღადგენს, კონფლიქტი შეიძლება ვაშინგტონს და დამასკოს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

რით არის იდლიბი მნიშვნელოვანი?

იდლიბის პროვინცია თურქეთის საზღვართან მდებარეობს. მასზე გადის ყველაზე მოკლე გზა ლატაკიიდან ალეპოსკენ, ასევე საერთშორისო გზატკეცილი М5, რომელიც თურქეთს იორდანიასთან (ალეპოს და დამასკოს გზით) აკავშირებს.

იდლიბის დეესკალაციის ზონა პროვინციის ადმინისტრაციულ საზღვრებს სცდება და მოიცავს პროვინციების ჰამის, ლატაკიის და ალეპოს ცალკეულ რაიონებს. ის უშუალოდ ეკვრის რაიონებს, რომლებზეც თურქეთმა ორი სამხედრო ოპერაციის დროს კონტროლი დაამყარა.

იდლიბში კონცენტრირებულია ტერორისტული დაჯგუფების „ჰაიატ ტაჰრირ აშ-შამის“ (უფრო ცნობილია სახელით „ჯებჰატ ან-ნუსრა“) მთავარი ძალები. როგორც არაერთი მედია საშუალება ამტკიცებს, ისინი ქალაქ იდლიბის ჩათვლით, პროვინციის დაახლოებით 60%-ს აკონტროლებენ. სხვადასხვა შეფასებით, ამ რაზმებში 50-60 ათასი ადმიანია. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისინი შეიძლება ერთმანეთს მტრობდნენ.

იდლიბში მოქმედებენ ასევე სირიის შეიარაღებული ოპოზიციის რაზმები, რომლებიც აგვისტოს დასაწყისში განმანთავისუფლებელი ნაციონალური ​ფრონტის ფარგლებში გაერთიანდნენ. ​​​​​მათი რიცხოვნება დაახლოებით 85-100 ათასი ადამიანია. დაჯგუფებების ნაწილი დიდწილად თურქეთის ზეწოლით გაერთიანდა, რომელიც ფიქრობს, რომ მომავალში შესაძლებელი გახდება ამ რაზმების ინტეგრირება სირიის ნაციონალურ არმიაში, რომელიც შეიქმნება თურქეთის მფარველობით როგორც სირიის სამთავრობო ძალების ალტერნატივა.

თურქეთს რა უნდა?

ანკარა ეთანხმება მოსკოვს, რომ „ან-ნუსრას“ მებრძოლების განადგურება აუცილებელია, მაგრამ თურქებისთვის მნიშვნელობა აქვს ორ პრინციპულ საკითხს. პირველია, ოპერაციის ტერიტორიის შეზღუდვა, რომ თურქეთს დევნილების ახალი ტალღა არ მიაწყდეს. თურქეთის მედია დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს შეიძლება იყოს 250 ათასი ადამიანი. ჰუმანიტარული ორგანიზაციები კი მილიონსაც არ გამოირცხავენ. გაერო აღნიშნავს, რომ იდლიბის მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც დაახლოებით სამი მილიონი ადამიანია, ქალები და ბავშვები არიან.

თურქების მეორე პირობაა შეიარაღებული ოპოზიციის ხელშეუხებლობა. თურქეთს იმედი ჰქონდა, რომ იდლიბი მისი კონტროლის ქვეშ დარჩებოდა და ამგვარად განამტკიცებდა თავის გავლენის ზონას სირიის ჩრდილოეთში. მაგრამ ეს დამასკოს პოზიციას ეწინააღმდეგება. ჯერ კიდევ ივლისში, ასადმა მიანიშნა, რომ ის არ გაჩერდება, ვიდრე სირიის ყველა რაიონზე კონტროლს არ აღადგენს, იდლიბი კი - მისი მომდევნო მიზანია. ბოლო თვის განმავლობაში იდლიბში ტერორისტების საბოლოო განადგურების აუცილებლობაზე ილაპარაკა სირიის თითქმის ყველა მაღალჩინოსანმა.

რუსეთს რა უნდა?

რუსეთისთვის იდეალური იქნებოდა თუ იდლიბის ოპოზიციური რაზმები დამასკოსთან მორიგდებოდნენ, როგორც ეს სირიის სამხრეთში მოხდა. მართალია, ოპოზიცია აღნიშნავს, რომ სამხრეთში ის რუს სამხედროებთან შეთანხმდა და არა „ასადის რეჟიმთან“, მაგრამ ყველა შემთხვევაში მას უწევს ურთიერთქმედება სამთავრობო სტრუქტურებთან, მათ შორის ერთობლივი ოპერაციების ჩატარება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ეს კავშირი მყიფეა, მაგრამ რუსეთს ის აწყობდა, რადგან საშუალება მისცა ეთქვა, რომ სირიის სამხრეთი ტერორისტებისგან გაწმინდა. სხვა საკითხია, როგორ იმოქმედებენ ოპოზიციის „შემორიგებული“ რაზმები მომავალში.

იდლიბში ძალთა სხვა განლაგებაა. რამდენიმე წლის განმავლობაში იქ ჩაჰყავდათ ყველაზე შეურიგებელი ოპოზიციონერები სირიის მთელი ტერიტორიიდან, და ბევრ მათგანს უკან დასახევი გზა არ აქვს. მიუხედავად ამისა, რუსეთმა ანკარას დრო მისცა იმისთვის, რომ დაასრულოს მორიგებაზე წამსვლელი და შეურიგებელი ოპოზიციონერების „გადარჩევის“ პროცესი, რაც აშკარად ჭიანურდება.

ივლისის ბოლოს რუსეთმა განაცხადა, რომ ის უსასრულოდ ვერ დაიცდის. იმავდროულად, რუს დიპლომატებს ესმით, რომ თურქეთისთვის იოლი არ არის სირიელი ოპოზიციონერების დარწმუნება, რომლებიც ფორმალურად ახლა „ერთიან ფრონტს“ წარმოადგენენ, მაგრამ დაჯგუფებების პოზიციები განსხვავებულია და საკუთარ მომავალში არცერთი მყარად არ არის დარწმუნებული.

საეჭვოა რომ დამასკოში ვინმე შეეგუება იდლიბში ოპოზიციონერების ძლიერი შეიარაღებული დაჯგუფების არსებობას, რადგან ეს სირიის მომავლის შესახებ მოლაპარაკებებზე გავლენას მოახდენს.

ამიტომ ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოვა ოპოზიცია იდლიბის ბრძოლიდან. ერთი მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ იდლიბის ოპერაცია ძალიან მასშტაბური იქნება, ანკარა სამეულს (რუსეთი, თურქეთი, ირანი) დატოვებს. მეორე მხრივ, აშშ-სთან თურქეთის ურთიერთობების გამწვავების ფონზე ერდოღანს რუსეთთან დაპირისპირება არ აწყობს.

თეირანის სამიტის მიმართ რა მოლოდინი იყო?

ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე მოკლაპარაკებებმა აჩვენა, რომ მხარეები კომპრომისს ეძებდნენ. იდეალურ შემთხვევაში მათ საბოლოო გადაწყვეტილება 7 სექტემბრის სამიტზე უნდა მიეღოთ. თუ ეს არ მოხდებოდა, მხარეები სახის შენარჩუნებას შეეცდებოდნენ. შემთხვევითი არ არის, რომ სულ უფრო მეტი ცნობა ვრცელდება ამ რაიონში ტერორისტების პროვოკაციებზე, რომელთაგან ნაწილი სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ სხვები - სადავოა.

იდლიბზე შეტევა გარდაუვალია?

გადამწყვეტი დაპირისპირების მოლოდინში, რუსეთმა განაცხადა, რომ იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებით პროვოკაციები მზადდება. მოსკოვის მტკიცებით, საქმეში გარეულია ცნობილი ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტები“, რომელიც რუსეთმა არაერთხელ დაადანაშაულა ქიმიური თავდასხმების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში. რუსი სამხედროების თქმით, ორგანიზაციის პროვოკაციების უკან ბრიტანეთის დაზვერვა დგას.

„თეთრი ჩაფხუტები“ ბრალდებას უარყოფენ და თავის მხრივ აცხადებენ, რომ ქიმიურ თავდასხმას ბაშარ ასადი ამზადებს. სირიაში ეს პირველი შემთხვევა არ არის. ამ ქვეყანაში კონფლიქტის დაწყებიდან წლების განმავლობაში არაერთი ცნობა გავრცელდა ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, მაგრამ ნაწილის ნამდვილობა ვერ დადასტურდა, ისევე როგორც ის, თუ ვინ იყო თავდასხმის ინიციატორი. საერთაშორისო ექსპერტების ანგარიშებში ლაპარაკია ბრალდებებზე, როგორც სირიის რეჟიმის, ასევე ოპოზიციის მიმართ. მაგრამ არსებობს ორი ყველაზე ხმაურიანი ისტორია ერთი წლის ინტერვალით, როდესაც დამასკოს ქიმიური იარაღის გამოყენებაში დადანაშაულებას მოჰყვა სირიაზე აშშ-ის დარტყმები (2017) და აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ერთობლივი შეტევა (2018). ამასთან ავიადარტყმები განხორციელდა საერთშორისო ექსპერტების დასკვნამდე, ოპოზიციის მხრიდან სირიის რეჟიმის მიმართ ბრალდებების საფუძველზე.

ამ შემთხვევაში დასავლური კოალიციაც აცხადებს, რომ ინფორმაციას ქიმიური თავდასხმის შესახებ აუცილებლად უპასუხებს დარტყმით. რუსეთის ფედერაცია ამტკიცებს, რომ აშშ ამისთვის ემზადება, რასაც პენტაგონში უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ბრძანების შემთქვევაში იმოქმედებენ.

სხვა საკითხია, რამდენად შეცვლის ეს სიტუაციას, - ამბობენ ექსპერტები, რადგან წინა ორი დარტყმა არანაირად ასახულა სირიაში ძალთა თანაფარდობაზე. სირიის ოპოზიცია ფიქრობს, რომ ბაშარ ასადი სარგებლობს ამ დაუსჯელობით და ქიმიურ თავდასხმებს ახორციელებს რომ მოლაპარაკებებში უპირატესობა მოიპოვოს მათზე, ვინც დათმობებზე არ მიდის.

დასავლეთი რას ელის?

არსებობს ვერსია, რომ საზოგადოებრივი აზრის დარწმუნება იმაში, რომ ბაშარ ასადი ქიმიურ თავდასხმებში დამნაშავეა, რეჟიმზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტებს აჩენს იმ შემთხვევისთვის თუ აშშ და მისი მოკავშირეები მის დამხობას გადაწყვეტენ. ჯერჯერობით მათ მაინც აქვთ იმედი რომ ჟენევის ფორმატში პროცესი პოლიტიკურად დარეგულირდება. თუმცა ასტანის პროცესისგან განსხვავებით ის რამდენიმე წელია მკვდარი წერტილიდან არ იძვრის. იდლიბში შესაძლო გამარჯვებით სირიის რეჟიმი ჟენევის მოლაპარაკებებს კიდევ უფრო უგულებელყოფს და დასავლურ კოალიციასთან უშუალო დაპირისპირების ზღვართან აღმოჩნდება.

ქიმიურ თავდასხმებში დადანაშაულება, იმ შემთხვევაშიც თუ ის რუსეთის ვეტოს გამო არ გამყარდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით, შეიძლება სირიაში უსაფრთხოების და უპილოტო ზონების შექმნის საფუძვლად იქცეს, როგორც ეს გაკეთდა ერაყში, სადაც ერაყის ქურთისტანი 12 წლის განმავლობაში არსებობდა ბაღდადისგან ავტონომიურად, ვიდრე სადამ ჰუსეინი არ დაამხეს. მსგავსი რამ შეიძლება გაკეთდეს სირიის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც სირიის დემოკრატიული ძალები აკონტროლებენ და რომელიც დიდწილად ქურთებისგან შედგება. ამას სერიოზულად უშლის ხელს დიალოგი, რომელიც ბოლო დროს ქურთებს და დამასკოს შორის გააქტიურდა, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შორსაა უსაფრთხოებისა და პოლიტიკური მომავლის საკითხების განხილვისაგან. თუმცა დიალოგი მაინც შესაძლებელია, თუ ქურთები იგრძნობენ, რომ ვაშინგტონი სირიიდან წასვლისთვის მზადაა და ისინი შეიძლება მარტო დარჩნენ. ეს შიშები ამ წლის გაზაფხულზე არსებობდა, როდესაც ტრამპი აცხადებდა, რომ სირიიდან ჯარებს გაიყვანდა.    

მას შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და აშშ სირიაში უფრო გააქტიურდა, რაც აისახა კიდეც ორ საკადრო გადწყვეტილებაში, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-ის ყოფილი ელჩი ერაყში და თურქეთში ჯეიმს ჯეფრი სირიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად, ხოლო ირანის, ერაყის და სირიის დეპარტამენტის უფროსი დირექტორი ჯოელ რეიბერნი - სირიაში სპეციალურ ელჩად დანიშნეს. ორივემ განაცხადა, რომ აშშ უნდა დარჩეს სირიაში სულ ცოტა იმ დრომდე, ვიდრე კონფლიქტი პოლიტიკურად არ დარეგულირდება.

გასულ კვირაში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ სირიის მომავალში ბაშარ ასადის ადგილი არ არის და სამი პირობა დაასახელა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც აშშ ჯარების გაყვანას დაიწყებს. ესენია, „ისლამური სახელმწიფოს“ განადაგურება, ადგილობრივი შეიარაღებული ფორმირებების გაწრთვნა და გაეროს ეგიდით სირიაში პოლიტიკური პროცესის დარეგულირება.

სირიის არჩევნები, თუ ის დაგეგმილ ვადებში ჩატარდა, 2021 წელს არის დანიშნული. თუ ყველაფერი წარიმართა ისე, როგორ დღეს არის, კენჭისყრას სირიის დღევანდელი რეჟიმი გააკონტროლებს. დასავლეთს სიტუაციის შესაცვლელად ცოტა რესურსი დარჩა.

სხვა თემები