ამერიკის პრეზიდენტი, რომლის დროსაც საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა. ისტორია
უფროსი ჯორჯ ბუში
ფოტო: shutterstock.com
მეორე მსოფლიო ომის გმირი
უფროსი ჯორჯ ბუში აშშ-ის ბოლო პრეზიდენტი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა. ჯარში წასვლა მან 1941 წლის დეკემბერში გადაწყვიტა და საზღვაო მფრინავი გახდა - მას შემდეგ რაც იაპონურმა ავიაციამ პერლ-ჰარბორში ამერიკული ბაზა გაანადგურა. 1943-1945 წლებში ბუში წყნარი ოკენის კუნძულებზე, ფილიპინებზე რამდენიმე ასეულ ბრძოლაში მონაწილეობდა; იაპონიაში მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, თუმცა მან კატაპულტირება მოასწრო, რამდენიმე საათი წყლის ზედაპირზე გაატარა და წყალქვეშა ნავის მეზღვაურებმა გადაარჩინეს. 1945 წლის სექტემბერში იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ ბუშმა არმია ოთხი საბრძოლო მედლით დატოვა.
რონალდ რეიგანის მთავრობის ვიცეპრეზიდენტი
ომის შემდეგ ჯორჯ ბუშს იდეალური კარიერა ჰქონდა: 1960-იან წლებში ნავთობის მოპოვების წყალობით ის მილიონერი გახდა; იყო სენატორი, აშშ-ის წარმომადგენელი გაეროში, შემდეგ კი ჩინეთში; 1976 წელს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი გახდა და 1980 წელს პრეზიდენტად კენჭისყრა გადაწყვიტა. რესპუბლიკელების პრაიმერიზში რონალდ რეიგანთან დამარცხდა, რომელმაც მას ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა შესთავაზა. მთლიანობაში, ბუში რეიგანის ჩრდილში ყოფნას ცდილობდა - 1984 წელს მან ვიცეპრეზიდენტად იყარა კენჭი, ხოლო 1988 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთო და ამჯერად გაიმარჯვა.
ადამიანი, რომელმაც ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“ დაიწყო
1990 წლის აგვისტოში ერაყის არმია კუვეიტის ტერიტორიაზე შეიჭრა და ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა, რის პასუხადაც დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, რომელსაც „უდაბნოს ქარიშხალი“ უწოდეს. მხოლოდ აშშ-დან მასში 450 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობდა, რომლებსაც შეუერთდნენ კიდევ სამი ათეული ქვეყნის კონტიგენტები; პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სსრკ მხარს უჭერდა ამერიკული არმიის ქმედებებს. ოპერაცია 1991 წლის 24 იანვარს დაიწყო. ოთხ დღეში კოალიციამ სრულად გაათავისუფლა კუვეიტი და ერაყის ტერიტორიის დაახლოებით 15% დაიკავა. ეს ომი ბუშის პრეზიდენტობისას აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ საგარეოპოლიტიკურ წარმატებად იქცა, ამერიკული გავლენა რეგიონში მას შემდეგ ძლიერდებოდა და მნიშვნელოვნად შეასუსტა მსოფლიოში იმ წლების ერთ-ერთი მთავარი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის პოზიციები.
მაგრამ საგარეოპოლიტიკური წარმატებები ვერ დაეხმარა ბუშს მეორე ვადით არჩევაში. მის დროს ბიუჯეტის დეფიციტი სამჯერ გაიზრდა, უმუშევრობა - თითქმის ორჯერ. აშშ-ის ახალ პრეზიდენტად ბილ კლინტონი აირჩიეს, რომელიც ამომრჩევლებს ეკონომიკაზე ზრუნვას ჰპირდებოდა.
პრეზიდენტი, რომლის დროსაც საბჭოთა კავშირი დაიშალა
ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას ეს არ სურდა, რადგან შედეგები ძალიან არაპროგნოზირებადი იყო. 1989 წელს ბუშმა და სსრკ-ს პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა მალტაზე სამიტი გამართეს, რომლის დროსაც შეთანხმდნენ, რომ სსრკ არ ჩაერეოდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკაში, რომლებიც სოციალისტურ ბლოკს ერთი მეორის მიყოლებით ტოვებდნენ.
1991 წლის 1 აგვისტოს ბუში სიტყვით გამოვიდა კიევში (მედიაში ამ გამოსვლას Chicken Kiev-ი უწოდეს), რომელშიც უკრაინა და ჯერ კიდევ არსებული სსრკ-ს სხვა რესპუბლიკები „სუიციდური ნაციონალიზმის“ წინააღმდეგ გააფრთხილა. ამ დღიდან სულ რაღაც სამ კვირაში, 1991 წლის 19 გვისტოს ბუში მოსკოვში რეკავდა და არკვევდა სად გაქრა პრეზიდენტი გორბაჩოვი. 1991 წლის დეკემბერში ამერიკელმა პრეზიდენტმა ერთ-ერთმა პირველმა შეიტყო ბელოვეჟის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ, რომლის შემდეგაც საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა.
1992 წლის მაისში ჯორჯ ბუშმა და რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ცივი ომის დასრულების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ახლა ამერიკული მედია ბუშს ფრანკლინ რუზველტის და ჰარი ტრუმენის გვერდით მოიხსენიებს, რომლის დროსაც საბოლოოდ დასრულდა აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი ომი მეოცე საუკუნეში.
პრეზიდენტის მამა
2001-2009 წლებში აშშ-ის პრეზიდენტი იყო უმცროსი ჯორჯ ბუში. მისი მმართველობის დროს ქვეყანაში მოხდა 11 სექტემბრის ტერაქტები, სიკვდილით დასაჯეს სადამ ჰუსეინი, მკვეთრად გაფუჭდა ურთიერთობები რუსეთთან. მიუხედავად იმისა, რომ ახალი პრეზიდენტის მამა ამ თემატიკაში აქტიურად იყო ჩართული, მსოფლიოს არცერთ მედიასაშუალებას არ გაუკიცხავს ის შვილის საქმეებში ჩარევისათვის. „არსებობდა ვარაუდი, რომ ის [უფროსი ბუში] ენთუზიაზმის გარეშე ეპყრობოდა თავისი შვილის ადმინისტრაციის მემარჯვენე პოლიტიკას, მაგრამ რჩებოდა ფრთხილი და არავინ იცოდა ზუსტად რას გრძნობდა, გარდა ოჯახური სიამაყისა“, - წერდა ბრიტანული გაზეთი The Guardian.
2004 წლის ივნისში მან 90 წლის იუბილე პარაშუტით გადმოხტომით აღნიშნა - ამერიკის 41-ე პრეზიდენტს პარკინსონის დაავადება უვითარდებოდა, ამიტომ პარაშუტით გადმოხტომისას მას საზღვაო ქვეითი დაეხმარა.
ლიდერი, რომელმაც აშშ-ის აყვავების ათწლეულებს დაუდო სათავე
2018 წლის 30 ნოემბერს ჯორჯ ბუში ჰიუსტონში, საკუთარ სახლში 94 წლისა გარდაიცვალა.
„ამ ადამიანთან ბევრი მოგონება მაკავშირებს. უდიდესი გარდაქმნების პერიოდში ჩვენ ერთად ვმუშაობდით. ეს იყო დრამატული დრო, რომელმაც ყველასგან უზარმაზარი პასუხისმგებლობა მოითხოვა. შედეგად ცივი ომი და გამალებული ბირთვული შეიარაღება შეწყდა“, - თქვა 1 დეკემბერს სსრკ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა.
„როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიული რევოლუციები აღმოცენდა, სწორედ მისმა მტკიცე დიპლომატიურმა ხელმა აქცია რეალობად ის, რისაც არავის არასდროს სჯეროდა - ცივი ომი ერთი გასროლის გარეშე დასრულდა“, - ნათქვამია ბარაკ ოაბამას განცხადებაში.
დონალდ ტრამპმა მას „უდრტვინველი ლიდერი“ უწოდა, რომელმაც „აყვავების ათწლეულებს“ დაუდო სათავე.
„ის არასდროს წყვეტდა ქვეყნის მსახურებას. მე ამას ახლოდან ვაკვირდებოდი, ვმუშაობდი რა მასთან ერთად აზიაში ცუნამის შედეგების აღმოფხვრასა და აქ, ქარიშხალი „კატრინას“ შემდეგ... მადლიერი ვარ პრეზიდენტ ბუშთან გატარებული თითოეული წუთის და ჩვენს მეგობრობას ყოველთვის მივიჩნევ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს საჩუქრად“, - განაცხადა ბილ კლინტონმა, რომელმაც ბუში პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა.
წყარო: Meduza


