30 იანვარი 2019 - 23:00

ამერიკის ზოგიერთ შტატში ანომალიური ყინვაა. რატომ?

ჩიკაგო

ჩიკაგო, აშშ

ფოტო: shutterstock.com

ამერიკის შეერთებული შტატების შუა დასავლეთის (Midwest) რეგიონებს პოლარული გრიგალი დაატყდა თავს. არ მუშაობს სკოლები და ფოსტა, ათასი ავია- და სარკინიგზო რეისი გადაიდო. ძლიერ ყინვას აშშ-ის რამდენიმე შტატში ამ დროისთვის, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა. „პოლარული გრიგალის“ შედეგების ამსახველ ფოტომასალას მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოები აქვეყნებენ.

აშშ-ის ზოგიერთ რეგიონში ახლა უფრო ცივა, ვიდრე ჩრდილოეთ პოლუსზე

დიდი ტბების რეგიონში ტემპერატურა მინუს 30 გრადუსამდე დაეცა, ცივი ქარის ამოვარდნის დროს კი შეიძლება მინუს 45 გრადუსამდე შემცირდეს.

შედარებისთვის, ჩრდილოეთ პოლუსზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ზამთარში მინუს 40 გრადუსია, ბოლო  დღეებში კი ვებგვერდის yr.no მონაცემებით, ის მინუს 33 გრადუსამდე მერყეობს.

აშშ-ის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ტემპერატურის ვარდნა მინუს 53 გრადუსამდე. The Washington Post-ის ცნობით, ამ კვირაში ტემპერატურასთან დაკავშირებული ათობით რეკორდი მოიხსნება. მაგალითად, ჩიკაგოში ამ ნიშნულზე ჰაერის ტემპერატურა ბოლოს 1985 წელს იყო.

მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ, ტრანსპორტის მუშაობა გართულებულია

ამინდის პროგნოზებში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ასეთი დაბალი ტემპერატურის პირობებში გაყინვა შესაძლებელია, თუ ადამიანი ქუჩაში 5 წუთის განმავლობაში გაჩერდება. მინესოტაში, აიოვაში, ილინოისსა და რამდენიმე სხვა შტატში ანომალიური ყინვების დროს მუშაობა შეწყვიტეს სკოლებმა და ადმინისტრაციულმა დაწესებულებებმა. ჩიკაგოს მერმა რამ ემანუელმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ადგილებს დროებით „გასათბობ ცენტრებად“ გამოიყენებენ.

ავიაკომპანიები ყოველდღე ცვლიან რეისებს ამ რეგიონის ქალაქებისკენ. USA Today-ის ინფორმაციით, მხოლოდ ჩიკაგოს ოჰარას აეროპორტში 29 იანვარს ათასამდე ფრენა გადადეს. ჩიკაგოში მუშები რელსებს წვად ნივთიერებებს ასხამენ და ცეცხლს უკიდებენ, რომ მატარებლებმა სწრაფად შეძლონ გადაადგილება. ხუთ შტატში, სადაც განსაკუთრებული სიცივეა, ფოსტის მუშაობა ნაწილობრივ შეჩერებულია.

ანომალიური ყინვების მიზეზი პოლარული გრიგალია

ამერიკული მედია განმარტავს, რომ ეს ატმოსფერული მოვლენა ზამთრის პოლუსებისთვისაა დამახასიათებელი: არქტიკასა და ანტარქტიდაზე ასეთი გრიგალი მუდმივად არის. 

ანტარქტიდა ყველაზე ცივი ადგილია პლანეტაზე. მის თავზე ტემპერატურა ხშირად -80 გრადუსამდეც ეცემა. ამავე დროს ეს ყველაზე ქარიანი ადგილია დედამიწაზე. ეს პირობები ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფერულ მოვლენას - კონტინენტის თავზე საათის ისრის მიმართულების უძლიერესი ქარები წარმოიქმნება ხოლმე და აყალიბებს უზარმაზარ მოძრავ წრეს, რომელსაც ანტარქტიკის პოლარული გრიგალი ჰქვია.

ზოგჯერ ქარს ცივი ჰაერი პოლარული რაიონებიდან გააქვს. ერთ-ერთი ვერსიით, პოლარული გრიგალის ჩრდილოეთ პოლუსიდან კონტინენტის ცენტრისკენ გადანაცვლება შეიძლება თავად პოლუსზე ჰაერის დათბობამ განაპირობა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს მოვლენები გლობალური დათბობის არარსებობას ადასტურებს. „რა მოუვიდა ამ გლობალურ დათბობას? მალე დაგვუბრუნდი, გვაკლიხარ“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერზე“.

Vox-ი აღნიშნავს, რომ ანომალიური სიცივის მიუხედავად, 2018 წელი ისტორიაში ყველა თბილი წელი იყო, კლიმატის ცვლილება კი ამინდის ცვლილებას გულისხმობს.

სხვა თემები