22 აპრილი 2019 - 14:56

რა რელიგიური კონფლიქტებია ბუდისტურ შრი-ლანკაზე და რატომ არის იქ ამდენი კათოლიკური ტაძარი?

ბუდისტი ბერები

შრი-ლანკა, ბუდისტი ბერები

ფოტო: shutterstock.com

8 კოორდინირებულ აფეთქებას, რომლებიც შრი-ლანკის ტაძრებსა და სასტუმროებში მოხდა, 290-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 500-ზე მეტი კი დაშავდა. ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა მუსლიმებზე თავდასხმიდან 1 წლის შემდეგ, რაშიც ადგილობრივ რადიკალებს ადანაშაულებდნენ.

რატომ არის შრი-ლანკაზე ამდენი კათოლიკური ტაძარი? ქვეყანაში ბევრი ქრისტიანი ცხოვრობს?

დღეისათვის ამ ბუდისტურ ქვეყანაში 2 მილიონზე მეტი კათოლიკე ცხოვრობს, რაც მთლიანი მოსახლეობის 7%-ია. კუნძულზე ათობით კათოლიკური ტაძარია, რაც პორტუგალიელების მემკვიდრეობაა, რომლებიც კუნძულზე პირველად 1505 წელს გამოჩდნენ. მათ თავდაპირველად ადგილობრივი მცხოვრებლების, სინგალების მეფისგან აიღეს ნებართვა და კოლომბოს რაიონში სავაჭრო ხიდი და ტაძარი ააგეს. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კი ევროპელებმა კუნძულის დასავლეთი და ჩრდილოეთი მხარე სრულად დაიპყრეს.

შრი-ლანკა ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების აუზში პორტუგალიის სავაჭრო იმპერიის ერთ-ერთ ძირითად ცენტრად იქცა. კათოლიკე მისიონერებმა კათოლიციზმი მთელ სანაპიროზე გაავრცელეს, ყველა მსხვილ პორტუგალიურ დასახლებაში კი ტაძარი აშენდა.

მე-17 საუკუნეში, პორტუგალიისა და ნიდერლანდების სამეფოს საომარი დაპირისპირების შემდეგ, შრი-ლანკა ჰოლანდიელების კონტროლის ქვეშ მოექცა. მათ კუნძულზე პროტესტანტიზმი გაავრცელეს. დღეისათვის შრი-ლანკაზე 200 000-ზე მეტი პროტესტანტი მოსახლეა.

ვის შეეძლო ამ ტერორისტული აქტების მოწყობა?

მიუხედავად იმისა, რომ თავდახმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, ხელისუფლება მომხდარში რელიგიურ ექსტრემისტებს ადანაშაულებს. თუმცა რომელ რელიგიაზეა საუბარი, არ კონკრეტდება. ადგილობრივ მოსახლეობაში დომინირებს აზრი, რომ თავდასხმის ორგანიზატორები რადიკალური ისლამის წარმომადგენლები არიან. თუ ეს დადასტურდა, ამან, შესაძლოა, კუნძულზე უკვე არსებული რელიგიური კონფლიქტი ახალ ეტაპზე გადაიყვანოს. 

რა რელიგიური კონფლიქტებია ეს და ვინ მონაწილეობს მასში?

ქრისტიანების გარდა ქვეყანაში კიდევ ორი მსხვილი რელიგიური უმცირესობაა. ესენი არიან ინდუისტი ტამილები, რომლებიც მოსახლეობის დაახლოებით 12%-ა და მუსლიმები, რომლებიც ადგილობრივ მცხოვრებთა 10%-ს შეადგენენ. ყველა მათგანს რთული ურთიერთობა აქვს როგორც ბუდისტურ უმრავლესობასთან (სინგალები), ასევე ერთმანეთთან.

მე-20 საუკუნის ბოლოს ინდუისტმა-ტამილებმა შექმნეს საბრძოლო ორგანიზაცია „ტამილ-ილამის გათავისუფლების ვეფხვები“, რომელიც დამოუკიდებლობისთვის ომს 26 წლის განმავლობაში აწარმოებდა. „ვეფხვებმა“ შექმნეს თავისი არმია, ფლოტი და სამხედრო-საჰაერო ძალებიც კი. ისინი აწყობდნენ ტერორისტული აქტებს როგორც შრი-ლანკაზე, ასევე ინდოეთში.

2009 წელს სახელისუფლებო ჯარებმა კუნძულის აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით მდებარე რაიონები ინდუისტი რადიკალებისგან გაათავისუფლეს. სწორედ ამ დროიდან, ტამილების ორგანიზაციული მოძრაობის შეჩერებასთან ერთად, ტერორისტული აქტებიც შეწყდა. 

ტამილებზე გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში გაჩნდა რადიკალური ბუდიზმის მიმდევართა მოძრაობა, რომელმაც კუნძულის სხვა უმცირესობებისგან გათავისუფლება დაისახა მიზნად. 2012 წელს ერთმა ბუდისტმა ბერმა გალაგოდა გნანასარამ შექმნა ორგანიზაცია „ბუდისტური ძალების არმია“ (Bodu Bala Sena), რომელმაც მიზნად დაისახა „ბუდიზმის უცხოური ინტერვენციისგან დაცვა“, რაც რელიგიური პლურალიზმის აკრძალვით უნდა გამოხატულიყო. ეს ექსტრემისტული დაჯგუფება ბუდისტურ სწავლებაზეა დაფუძნებული და მისი წევრები ამტკიცებენ, რომ სინგალები „ლომის რასას“ წარმოადგენენ. რადიკალი ბუდისტების მოწოდებაა, შრი-ლანკა „ბუდისტური სწავლების დაცვის ციხესიმაგრე“ გახდეს. მე-19 საუკუნის ბოლოდან ამ იდეით ამართლებენ კუნძულზე ყველა რელიგიურ და პოლიტიკურ ძალადობას.

შრი-ლანკელი ადგილობრივი რადიკალების ერთადერთი მოკავშირეები მიანმარელი ბუდისტები არიან, რომელთაც დიდი ხანია როჰრინჯის პროვინციაში მუსლიმებთან სერიოზული კონფლიქტი აქვთ.

შრი-ლანკაზე სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2014 წელს კუნძულს მიანმარელი ბუდისტი ბერი აშინ ვირატუ ეწვია. ამ უკანასკნელმა საკუთარ გამოსვლაში მიანმარისა და შრი-ლანკის „ანტიისლამური პაქტის“ შექმნის აუცილებლობაზე ილაპარაკა. ამან ადგილობრივ ბუდისტებსა და მუსლიმებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა.

2018 წლის მარტში კონფლიქტი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. „ბუდისტური ძალების არმიის“ მომხრეები მეჩეთებსა და მუსლიმურ რესტორნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ესხმოდნენ თავს. თავად ადგილობრივი რადიკალები ამ თავდასხმებში მონაწილეობას უარყოფდნენ. მაშინ ექსპერტები შიშობდნენ, რომ „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც თავს ყველა მუსლიმის დამცელად მიიჩნევს, საპასუხო ტერორისტულ აქტებს მოაწყობდა. აქვე აღსანიშნავია, რომ რადიკალური ბუდისტური ორგანიზაციის წევრები თავს ესხმოდნენ ქრისტიანებს და ქრისტიანულ ტაძრებსაც წვავდნენ. ხელისუფლება პერიოდულად აპატიმრებდა ამ თავდასხმების მონაწილე რადიკალებს. თუმცა ჩინოსნები იმავდროულად თავადაც ამბობდნენ, რომ „ბუდიზმს დაცვა სჭირდება“ და „ბუდისტური ძალების არმიის“ მხარდაჭერით სარგებლობდნენ.

ჰყავს თუ არა „ისლამურ სახელმწიფოს“ მომხრეები შრი-ლანკაზე?

2019 წლის დასაწყისში შრი-ლანკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კუნძულზე „ისლამური სახელმწიფოს“ ცნობილი ბანაკი გაანადგურეს. მანამდე არსებობდა ინფორმაცია, რომ „ელიტური მუსლიმური ოჯახების“ ათობით წარმომადგენელი სირიასა და ერაყში იბრძოდა. რეგიონში შექმნილია „ისლამური სახელმწიფოს“ ავტონომიური ჯგუფი, რომელიც ინდოელ და მიანმარელ ექსტრემისტებს აერთიანებს. შრი-ლანკაზე არის ასევე ადგილობრივი ორგანიზაცია National Thowheeth Jama’ath, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირს უარყოფს. აფეთქებების დაწყებამდე შრი-ლანკის ხელისუფლებას სწორედ ამ დაჯგუფების გააქტიურების შესახებ აფრთხილებდნენ.

სხვა თემები