10 მაისი 2019 - 16:26

რატომ გამწვავდა კონფლიქტი აშშ-ს და ირანს შორის?

ფოტო: Shutterstock.com

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო იძაბება. ექსპერტები რეგიონში შექმნილ სიტუაციას სახიფათოდ მიიჩნევენ. ირანმა ბირთვული შეთანხმების 2 პუნქტის შესრულება შეაჩერა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით იმუქრება. აშშ-მა კი რეგიონში თავისი ავიაგადამზიდი გაგზავნა. ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ გაუარესდა, რაც ვაშიგტონმა თეირანთან დადებული ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე განაცხადა. რატომ გამწვავდა კონფლიქტი? რას გამოიწვევს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა და შეიძლება თუ არა, ეს დაპირისპირება ომში გადაიზარდოს?

რამ გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია?

2018 წლის მაისში, ევროპელი პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, აშშ-მა ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმება ცალმხრივად დატოვა. ნოემბერში კი ვაშინგტონმა თეირანს სანქციები აღუდგინა და მოკავშირე სახელწმიფოებისგან მოითხოვა, ირანისგან ნავთობის შეძენა შეეწყვიტათ. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ შესაბამის კომპანიებს სანქციების დაწესებით დაემუქრა, თუმცა 8 ქვეყნისთვის გამონაკლისი მაინც დაუშვა. ინდოეთს, ჩინეთს, ტაივანს, თურქეთს, სამხრეთ კორეას, იაპონიას, საბერძნეთსა და თურქეთს ვაშინგტონმა თეირანისგან ნავთობის ყიდვის ნება დართო, მაგრამ მხოლოდ 180 დღის ვადით. ეგრეტ წოდებული საშეღავათო პერიოდი კი 2019 წლის 2 მაისს დასრულდა. იქამდე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ აშშ და მისი მოკავშირეები მზად არიან „მხარი დაუჭირონ და გააძლიერონ ეკონომიკური ზეწოლა“ ირანზე.

ამ შეზღუდვამ ირანის ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. ამასთანავე, ვაშინგტონმა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“, რომელიც ირანის არმიის ელიტური ქვედანაყოფია, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების ჩამონათვალში შეიყვანა. ამის საპასუხოდ, თეირანმა მთელი რიგი შემტევი და ხისტი განცხადებები გააკეთა. ქვეყნის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი იმუქრებოდა, რომ ჩაკეტავდა ჰორმუზის სრუტეს, რომლის გავლითაც ხვდება ნავთობი საერთაშორისო ბაზარზე. ქვეყნის მეთაურის ამ განცხადებას მხარი დაუჭირა ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ. „თუ ირანული ნავთობის ექსპორტი დაიბლოკება, მაშინ რეგიონის ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს მის ექსპორტირებას“, - აღნიშნა ირანის სულიერმა ლიდერმა თავის განცხადებაში.

რა მოხდება, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს ჩაკეტავს?

ჰორმუზის სრუტით სპარსეთის ყურე ომანის ყურეს უკავშირდება, შემდეგ- არაბეთის ზღვას და ბოლოს - ინდოეთის ოკეანეს. ბაჰრეინს, ყატარსა და ქუვეითს ნავთობის ექსპორტი მხოლოდ ამ სრუტის გავლით შეუძლიათ, რადგანაც ზღვაზე სხვა გასასვლელი არ აქვთ. აქ გადის საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ერაყის ტანკერებიც. სწორედ ჰორმუზის სრუტის გავლით ხდება მსოფლიოში ექსპორტირებული ნედლი ნავთობის საერთო რაოდენობის 30%-ის ტრანსპორტირება. მისი ძირითადი ნაწილი მიეწოდება ჩინეთს, იაპონიას, ინდოეთს, სამხრეთ კორეასა და სინგაპურს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ირანს საკმაოდ ადვილად შეუძლია თავისი მუქარის შესრულება. ზოგიერთ ადგილზე სრუტის სიგანე 40 კილომეტრსაც კი არ აღწევს. თუ ამას გამოვაკლებთ მოსაზღვრე ქვეყნების ტერიტორიულ წყლებს, დარჩება ორი ვიწრო სატრნასპორტო დერეფანი. თითოული მათგანის სიგანე 3 კილომეტრს არ აღემატება. თუ ამ ადგილებში ირანი რამდენიმე საზღვაო ნაღმს ჩადებს, ფაქტობრივად, სრუტეში მოძრაობის პარალიზებას შეძლებს. თუმცა მოვლენების განვითარების ეს სცენარი ნაკლებმოსალოდნელია, რადგან ამ შემთხვევაში თეირანი თავის წინააღმდეგ განაწყობს არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ რეგიონის სხვა ნავთობმომპოვებელ ქვეყნებსაც. ამან კი, შესაძლოა, სპარსეთის ყურეში ომი გამოიწვიოს.

დარჩა თუ არა თეირანს რამე კოზირი?

დიახ, ბირთვული შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ 2015 წელს განაცხადა, ევროპელი პარტნიორები და ირანი შეთანხმების შესრულებას ვაშინგტონის ცალმხრივი სანქციების გვერდის ავლით განაგრძობენ. თუმცა მაისის დასაწყისში ირანმა შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილის შესრულება შეაჩერა. შესაბამისი წერილი პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ თავისი პარტნიორების - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და ჩინეთის სახელზე დაწერა. მიმართვის მიხედვით, თეირანი არ შეასრულებს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების იმ ნაწილს, რომელიც შეეხება მძიმე წყლებისა და გამდიდრებული ურანის მოხმარებას, რაც ბირთვული რეაქტორებისთვის გამოიყენება. თუ 60 დღის განმავლობაში ეს ქვეყნები არ შეასრულებენ თავიანთ დაპირებას, რომელიც ირანის ნავთობისა და საბანკო სექტორის აშშ-ის საქციებისგან დაცვას გულისხმობს, თეირანი კიდევ ორ მოთხოვნაზე იტყვის უარს.

ბირთვული შეთანხმება მარცხისთვის არის განწირული?

ეს დამოკიდებულია ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების რექაციაზე, რომელიც მათ ირანის ულტიმატუმის საპასუხოდ ექნებათ. სავსებით მოსალოდნელია, რომ ეს წერილი შეფასდება, როგორც შანტაჟის მცდელობა და ისინი თეირანის მოთხოვნას უარით უპასუხებენ. ამ შემთხვევაში ბირთვული შეთანხმება დასრულდება. თუმცა ქსპერტები აღნიშნავენ, რომ ირანს არ უნდა აწყობდეს თავის ევროპელ პარტნიორებზე ასეთი უხეში ზეწოლა, რადგან ამას საწინააღმდეგო ეფექტის გამოწვევა შეუძლია.

როგორია აშშ-ის სტრატეგია რეგიონში?

ამ მომენტისთვის აშშ სპარსეთის ყურეში თავისი სამხედრო ძალების გაზრდას ცდილობს. ვაშინგტონმა რეგიონში უკვე გაგზავნა ავიაგადამზიდი Abraham Lincoln-ი და B-52-ის ტაქტიკური ბომბდამშენი შემადგენლობა. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის, აშშ-ისა და მისი პარტნიორების ინტერესების ხელყოფის ნებისმიერ მცდელობას ახლო აღმოსავლეთში „უკომპრომისო პასუხი“ გასცეს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი „ირანის რეჟიმთან ომისკენ არ ისწრაფვის,“ თუმცა მზად არის, ჰქონდეს რეაქცია ნებისმიერ თავდასხმაზე - იქნება ეს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ თუ ირანის რეგულარული არმიის მხრიდან.

თეირანის გეგმების შესახებ ცნობილია?

დიახ, თუმცა ყველა ინფორმაციის წყარო ამერიკული სპეცსამსახურებია. წარსულში კი მათი მონაცემები ყოველთვის არ მართლდებოდა. დაზვერვის ცნობით, ირანი ემზადება თავს დაესხას აშშ-ის სამხედრო ძალებს სირიასა და ერაყში. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ირანი ახლო მანზილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტებს გადაიტანს ხომალდებზე, რომლებიც სპარსეთის ყურეში იმყოფებიან.

რას ელოდებიან ამერიკელები თავისი მოკავშირეებისგან?

ლოიალურობასა და მხარდაჭერას. ეს ცხადი გახდა მაშინ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბაღდადში მოულოდნელი ვიზიტი გამართა. ერაყის მთავრობა ძირითადად შიიტებისგან არის დაკომპლექტებული და ეს, პირველ რიგში, ამერიკელების დამსახურებაა. ამ ფონზე პომპეომ ბაღდადისგან კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში მხარდაჭერა მოითხოვა, მიუხედავად იმისა, რომ ერაყის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რელიგიური ნიშნით ირანელ ძმებს თანაუგრძნობს. სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები, მაგალითად, სუნიტური საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, ტრადიციულად აშშ-ს უჭერენ მხარს. გარდა ამისა, მათ ირანთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვთ.

მოსალოდნელია თუ არა შეიარაღებული კონფლიქტი?

ჯერ არა, რა თქმა უნდა, თუ ირანი დაუფიქრებელ ნაბიჯებს არ გადადგამს. როგორც წესი, ამერიკელები ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას მხოლოდ მაშინ იწყებენ, როდესაც თავიანთი სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაში ჰყავთ. მაგრამ თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეს დაბლოკავს ან ამერიკელ სამხედრო ძალებზე იერიშს მიიტანს, მაშინ ვაშინგტონს სწრაფი რეაქცია ექნება.

ასეა თუ ისე, აშშ არ არის დაინტერესებული ფართომასშტაბიანი ომით. დონალდ ტრამპმა თავისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პირობა დადო, რომ არ ჩაერევა საზღვარგარეთ მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტებში ისე სწრაფად, როგორც ამას მისი წინამორბედები აკეთებდნენ. ამიტომ, ექსპერტების შეფასებით, სპარსეთის ყურეში ახალ ომზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

სხვა თემები