როგორ და რატომ კრძალავენ დასავლეთის ქვეყნები Huawei-ს?

ფოტო: Shutterstock.com
Huawei არის კორპორცია, რომელსაც 5G ქსელის გავრცელება მთელ მსოფლიოში შეეძლო, მაგრამ მისმა ჩინურმა წარმომავლობამ საქმე სხვაგვარად წარმართა. გასულ კვირას აშშ-ის ხელისუფლებამ ჩინურ კორპორაციას ამერიკელი მიმწოდებლებისგან ვაშინგტონის თანხმობის გარეშე მეხუთე თაობის ინტერნეტის აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების შეძენა აუკრძალა. ცნობილი გახდა, რომ Google-მა Huawei-სთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, ამიტომ ჩინური კორპორაციის სმარტფონების მფლობელებს შესაძლოა Android-ის განახლებაზე წვდომა შეეზღუდოთ. ამ ეტაპზე აშშ Huawei-ს წინააღმდეგ აგრესიულ კამპანიას აწარმოებს, თუმცა ეს ყველაფერი ავსტრალიის გაფრთხილების შემდეგ დაიწყო. მწვანე კონტინენტზე 5G ქსელზე კიბერთავდასხმის ალბათობა შეისწავლეს და გაირკვა, რომ თუ ეს მოხდა, შედეგი კატასტროფული იქნება. სააგენტო Reuters-ი შეეცადა იმის გარკვევას, თუ რატომ და როგორ ზრდიან ზეწოლას ჩინურ კორპორაციაზე დასავლეთის ქვეყნები.
რას მოჰყვა Huawei-ს საწინააღმდეგო კამპანია?
5G ქსელის დანერგვისა და განვითარების შესაძლებლობებმა. დასავლეთის ქვეყნები Huawei-სთან მიმართებით თავიანთ ეჭვებს უკვე დიდი ხანია გამოთქვამენ. 2010 წელს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ შექმნა ლაბორატორია, სადაც შეისწავლიან Huawei-ის იმ მოწყობილობებს, რომლებიც ქვეყანაში გამოიყენება. 2012 წელს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა თავის ანგარიშში ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანიები ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად დაასახელა. თუმცა Huawei-ის წინააღმდეგ აქტიური ზომები დასავლეთის ქვეყნებს გასულ წლამდე არ მიუღიათ. Reuters-ის ინფორმაციით, ზეწოლა მეხუთე თაობის ქსელების პირველმა გამოჩენამ გამოიწვია, რადგან დასავლეთის ქვეყნებმა სწორედ ამ დროს გაიაზრეს, რომ ეს შეიძლება მთელ მსოფლიოში გავრცელდეს.
Huawei მთელი მსოფლიოს მასშტაბით სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებისა და აღჭურვილობების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია (მას მოჰყვებიან Nokia და Ericsson-ი). ამიტომ ჩინურ კორპორაციას ჰქონდა ამბიცია, მეხუთე თაობის მობილური კავშირის შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიეღო. 5G ქსელებით ინფორმაცია დაახლოებით 100-ჯერ უფრო სწრაფად გადაიცემა, ვიდრე 4G-ის შემთხვევაში. გარდა ამისა, გადაცემის დროს შეფერხება იქნება მინიმალური, მოწყობილობებს კი ინფორმაციის პირდაპირი კავშირით გაცვლა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ გაიზრდება ერთმანეთთან დაკავშირებული მოწყობილობების რაოდენობა, ეს შეეხება როგორც ეგრეთ წოდებულ ჭკვიანი მაცივრებს, ასევე უპილოტო ავტომობილებს. „იქნება არა უბრალოდ ბევრი ადამიანი დიდი რაოდენობის მოწყობილობით, არამედ მაქანები დაელაპარაკებიან მანაქანებს“, - განმარტა ავსტრალიის რადიოტექნიკური დაცვის სამართველოს უფროსმა მაიკ ბერჯესმა 2019 წლის მარტში. ასე რომ, 5G ქსელი გააჩენს უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ მასში ჰაკერებმა შეაღწიონ. კიბერთავდასხმის შედეგები კი ბევრად უარესი იქნება, თუ ქსელისთვის აღჭურვილობა სწორედ მოწინააღმდეგე მხარემ დააყენა.
ვინ არის Huawei-ს დამაარსებელი და რატომ იწვევს ეჭვებს ჩინური კორპორაცია?
Huawei Technologies 1987 წელს დაარსდა. მისი შემქნელია ჟენ ჩჟენფეი - სამხედრო ინჟინერი და ჩინეთის არმიის ყოფილი ოფიცერი. აშშ-ის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ კომპანია ჩინეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და „ინფორმაციის შეცვლა და მოპარვა“ შეუძლია. ბრიტანული ოპერატორი Vodafone კი ამტკიცებს, რომ Huawei თავის მოწყობილობებში პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზებს განგებ ტოვებს, რათა შემდეგ სასურველი ინფორმაციის მიღება მარტივად შეძლოს. ჩინურ კორპორციაში კი აცხადებენ, რომ ინფორმაციის არასანქცირებული შეგროვებით არასდროს ყოფილან დაკავებულები და არც ჩინეთის ხელისუფლებისგან მიუღიათ მსგავსი თხოვნა. ოფიციალური ვაშინგტონის აზრით, ეს დღემდე რომც არ მომხდარიყო, მომავალში ამის ალბათობა ძალიან მაღალია. ამის მიზეზად კი აშშ-ში მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ჩინეთმა ბოლო წლებში მიიღო რამდენიმე კანონი, რომელთა მეშვეობითაც ოფიციალურ პეკინს თავისი მოქალაქეების და კომპანიების სახელმწიფო ჯაშუშობაში ჩართვა შეუძლია.
აშშ-ის ხელისუფლებას, რომელიც Huawei-ს ძალიან თამამ ბრალდებებს უყენებს, თავისი ეჭვების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები დღემდე საჯაროდ არ წარუდგენია. 2019 წლის თებერვალში აშშ-ის ელჩმა ევროკავშირში გორდონ სონდლენდმა Reuters-ს განუცხადა, რომ მტკიცებულებები არსებობს, მაგრამ ისინი გასაიდუმლოებულია. მისი სიტყვებით, ეჭვიც კი არ არსებობს, რომ Huawei-ს „სისტემაში შეღწევის შესაძლებლობა აქვს“ და ეს შეიძლება ოფიციალური პეკინის დაკვეთით გაკეთდეს.
რას დააზიანებს 5G ქსელზე კიბერთავდასხმა?
ავსტრალიაში 2018 წლის თებერვალში ჩატარდა კვლევა, რათა 5G ქსელში უკანონოდ შეღწევის შემთხვევაში მოსალოდნელი ზიანი შეესწავლათ. აღმოჩნდა, რომ დანაკარგი ძალიან დიდი იქნება. 2018 წლის თებერვალში ვაშინგტონში ჩაფრინდა მალკოლმ ტერნბული, რომელიც მაშინ ავსტრალიის პრემიერმინისტრი იყო. ის აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებს შეხვდა. ავსტრალიის მაშინდელმა პრემიერმინისტრმა აშშ-ის ხელისუფლება Huawei-სთან თანამშრომლობის რისკების შესახებ გააფრთხილა. Reuters-ის წყაროს ცნობით, ამერიკელებმა ტერნბულის სიტყვები ყურადღებით მოისმინეს, მაგრამ Huawei-ს საწინააღმდეგო შეზღუდვების უმალ ამოქმედება საჭიროდ არ მიიჩნიეს.
ავსტრალიამ სხვა პარტნიორებიც გააფრთხილა და თავად მოქმედება დაიწყო. ტერნბულის აშშ-ში ვიზიტის შემდეგ ავსტრალიის ყველაზე საიდუმლო სპეცსამსახურის - რადიოტექნიკური დაცვის სამმართველოს ჰაკერებს 5G ქსელის მოწყობილობებში შეღწევა და შემოწმება დაევალათ, რათა კიბერთავდასხმის შემთხვევაში შესაძლო ზიანის მასშტაბი გაერკვიათ. გაირკვა, რომ მეხუთე თაობის ქსელში შეღწევის შემთხვევაში შესაძლებელია წვდომა ყველა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ მონაცემზე, ელექტროსადგურებიდან დაწყებული წყალმომარაგებით დასრულებული. 2018 წლის აგვისტოში ავსტრალიამ Huawei-სა და სხვა კომპანიებს, რომლებიც უსაფრთხოების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდნენ, 5G ქსელისთვის საჭირო მოწყობილობების დაყენება აუკრძალა.
2018 წლის აგვისტოსთვის Huawei-ს საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმა აშშ-შიც დაიწყეს. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უწყებებსა და მათ დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებს Huawei-სა და მეორე ჩინური მწარმოებლის ZTE-ს მოწყობილობების გამოყენება აეკრძალათ. 2018 წლის ნოემბერში ავსტრალიასა და აშშ-ს ახალმა ზელანდიამაც მიბაძა. მიიღო რა Huawei-სგან პირველი მოთხოვნა 5G ქსელისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენის შესახებ, ახალი ზელანდიის მთავრობამ უსაფრთხოების დაცვის მომიზეზებით ამ წინადადებაზე უარი თქვა.
რას ფიქრობენ ევროპის ქვეყნები?
აშშ-ისგან განსხვავებით, ევროპის ქვეყნები Huawei-ს აკრძალვას არ ჩქარობენ. ბრიტანეთის ხელისუფლებამ ჩინური კორპორაციის აღჭურვილობა შეამოწმა და დაასკვნა, რომ პროგრამულ უზრუნველყოფაში ხარვეზები ნამდვილად არის და ეს შეიძლება ქსელში უკანონოდ შეღწევის მიზეზი გახდეს. ასეა თუ ისე, The Telegraph-მა თავის წყაროზე დაყრდნობით აპრილში გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ Huawei-ს ქვეყანაში 5G ქსელისთვის საჭირო მეორეხარისხოვანი აღჭურვილობის განთავსების უფლება მისცა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ ამან, შესაძლოა, დიდ ბრიტანეთთან ინფორმაციის გაცვლის პროცესი გარკვეულწილად შეზღუდოს. ტერეზა მეიმ Huawei-სთან თანამშრომლობით ინფორმაციის გაცემაში თავდაცვის მინისტრი გევინ უილიამსონი დაადანაშაულა და მაისის დასაწყისში თანამდებობიდან გაათავისუფლა.
Reuters-ის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნები Huawei-სთან მიმართებით ნაკლებ რადიკალურები არიან. ეს გამოწვეულია, პირველ რიგში, ადგილობრივ ბაზრებზე ჩინური კორპორაციის მაღალი წილით და მეორე მხრივ, ჩინეთთან ეკონომიკური კავშირებით. მაგალითად, გერმანიამ განაცხადა, რომ Huawei-ს 5G ქსელის შექმნაში მონაწილეობაში ხელს არ შეუშლის, თუმცა აღჭურვილობის მიმწოდებელთა შერჩევის კრიტერიუმებს გაამკაცრებს. ლიტვის სახელმწიფო სტრუქტურებშიც არ სურთ, ჩინური კორპორაციის საქმიანობის შეზღუდვა პროდუქციის დაბალი ფასებისა და ჩინეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების გამო. საბოლოოდ ლიტვის ხელისუფლება ეძებს მეთოდს „აკრძალოს Huawei აკრძალვის გარეშე“ - აცხადებს Reuters-ის წყარო.