04 ივლისი 2019 - 22:15

ვაშინგტონში მასშტაბური სამხედრო აღლუმი ტარდება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

სამხედრო აღლუმი ვაშინგტონში

თეთრი სახლი, ვაშინგტონი, აშშ

ფოტო: shutterstock.com

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს 4 ივლისს ვაშინგტონში სრულმასშტაბიანი სამხედრო აღლუმი ჩატარდება საბრძოლო ტექნიკის და ავიაციის მონაწილეობით და „ისტორიაში ყველაზე დიდი ფოიერვერკით“. აღლუმი სახელწოდებით „სალამი ამერიკას“ დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დააანონსა. ვაშინგტონში სამხედრო აღლუმის ნახვას 5 ივლისს ღამით, თბილისის დროით 2:30 საათზე ამ ბმულზე შეძლებთ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

მთავარი ეროვნული ზეიმის ასეთი მასშტაბური აღნიშვნა და მასში პრეზიდენტის მონაწილეობა აშშ-ისთვის უჩვეულოა. ჩვეულებრივ, ვაშინგტონში ცერემონია შემოიფარგლება ხოლმე სამხედროების მარშით სამხედრო ტექნიკის გარეშე და ისტორიული აღლუმი-კარნავალით, რომლის მონაწილეებსაც იმ ჯარისკაცების ფორმები აცვიათ, რომლებიც მე-18 საუკუნეში ჩრდილოამერიკული კოლონიების დიდი ბრიტანეთისგან გათავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

ამჯერად, წინასწარი ინფორმაიით, ვაშინგტონის ქუჩებში ჩაივლიან ტანკები M1 „აბრამსი“ - ეს ამერიკის არმიის შეიარაღებაში არსებული მთავარი ტანკია. ტრამპმა პირობა დადო, რომ აღლუმზე გამოჩნდება ასევე ტანკები „შერმანი“, რითაც ექსპერტები და ჟურნალისტები გააკვირვა, რადგან ტექნიკის ეს სახეობა აშშ-ის შეიარაღებაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ არის. ამერიკის დედაქალაქის ცაზე გაიფრენენ საავიაციო ჯგუფის „ცისფერი ანგელოზების“ თვითმფრინავები, ასევე, სავარაუდოდ ბომბდამშენი B-2, გამანადგურებელი F-35 და F-22 და აშშ-ის პრეზიდენტის ვერტმფრენი და თვითმფრინავი.

ღონისძიების მიმდინარეობისას ვაშინგტონის საჰაერო სივრცე დაიხურება, მათ შორის სამოქალაქო თვითმფრინავებისთვისაც. მაყურებლები აღლუმზე დასწრებას უფასოდ შეძლებენ, გარდა VIP-ზონის სტუმრებისა. ტრამპი აცხადებს, რომ ეს იქნება შოუ, რომელიც მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებათ.

ღონისძიება დასრულდება მისი სიტყვით გამოსვლით რესპუბლიკელი პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის მემორიალთან. ლინკოლნის დროს მონობასთან მებრძოლებმა აშშ-ის სამოქალაქო ომში გაიმარჯვეს. ამ ადგილას 1963 წელს თავისი ლეგენდარული სიტყვა წარმოთქვა მარტინ ლუთერ კინგმა - მე-20 საუკუნის მთავარმა მებრძოლმა შავკანიანთა უფლებებისათვის.

მასშტაბურ სამხედრო აღლუმს აშშ პირველად აწყობს?

არა. სრულმასშტაბიან სამხედრო აღლუმებს აშშ-ში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან პირველი ათწლეულების განმავლობაში ატარებდნენ, მაგრამ მოგვიანებით ისინი იშვიათობად იქცა. ჩვეულებრივ, ამ აღლუმებს უძღვნიდნენ არა ისტორიულ თარიღს, არამედ თანამედროვე მოვლენებს, მაგალითად სამოქალაქო, ასევე პირველი და მეორე მსოფლიო ომების დასრულებას. აღლუმებს ატარებდნენ დუაიტ ეიზენჰაუერის ინაუგურაციის დღეებში, რომელიც ჯერ მეორე მსოფლიო ომის სამხედრო მეთაური იყო, 1952 წელს კი ჯონ კენედის შემდეგ პრეზიდენტად აირჩიეს. ბოლო მასშტაბური აღლუმი 1991 წლის ივნისში ჩატარდა და სპარსეთის ყურეში სადამ ჰუსეინის რეჟიმზე გამარჯვებას მიეძღვნა. მასში აშშ-ის იმდროინდელი პრეზიდენტი უფროსი ჯორჯ ბუში მონაწილეობდა.

როგორც The Economist-ი ამტკიცებს, ტრამპს აღლუმის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 2017 წლის 14 ივლისს ბასტილიის აღების დღეს პარიზს სტუმრობდა. ფრანგული შოუთი მოხიბლულმა მან თქვა: „ჩვენ მათ უნდა ვაჯობოთ“. 2018 წელს ამერიკის პრეზიდენტს სურდა აღლუმი ვეტერანების დღისთვის მიეძღვნათ, რომელსაც 11 ნოემბერს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების წლისთავზე აღნიშნავენ. მაშინ აღლუმი გადადეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ მისი ღირებულება 90 მილიონ დოლარს გადააჭარბებდა.  

2019 წლის 4 ივლისის აღლუმის ხარჯების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. ტრამპი ამტკიცებს, რომ ის „ძალიან დიდი არ არის“, მაგრამ CNN და სხვა ამერიკული მედია, რომლებიც ტრამპს აკრიტიკებენ, ამტკიცებენ, რომ ლაპარაკია მილიონობით დოლარზე. BBC-ის ცნობით, ქალაქის ჩინოსნები წუხან, რომ სამხედრო ტექნიკა გზის საფარს დააზიანებს, ზოგიერთი ექსპერტი კი ვარაუდობს, რომ მდინარე პოტომაკის ხიდს საფრთხე ემუქრება.

ტრამპს აღლუმის სიძვირის გამო აკრიტიკებენ?

ყველაზე მეტად ტრამპს თავად აღლუმის მოწყობის ფაქტის გამო აკრიტიკებენ, რაც მისი მოწინააღმდეგეების აზრით, საფრანგეთის რევოლუციის წლისთავის ზეიმზე მეტად, მოსკოვის და ფხენიანის აღლუმებს ჰგავს და ღონისძიების „ავტორიტარულ სტილზე“ მიუთითებენ.

The New York Times-ის კოლუმნისტი მაიკლ კოტლი ამტკიცებს, რომ ტრამპი არაფრად აგდებს უძველეს ტრადიციას, რომლითაც დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ყოველთვის პარტიული ბრძოლის და ზოგადად, პოლიტიკის მიღმა იყო. ბევრი უკმაყოფილოა იმით, რომ პრეზიდენტი იმავე ადგილზე გამოვა სიტყვით, სადაც მარტინ ლუთერ კინგი გამოდიოდა. აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს დიდი ხანია რასისტული მოძრაობების მიმართ სიმპათიებში სდებენ ბრალს. 

კონსერვატორი ჟურნალისტები ტრამპს იცავენ და წერენ, რომ მემარცხენე რადიკალებმა შუღლის ჩამოგდების ახალ მიზეზს მიაგნეს, მაშინ როდესაც ეს ღონისძიება ყველა ამერიკელს უნდ ეამაყებოდეს.

გამოცემა Politicо-ს 2011 წლის კვლევა მოჰყავს, რომლის ავტორებიც ასკვნიან, რომ მე-20 საუკუნის განმავლობაში 4 ივლისის ნებისმიერი ღონისძიება რესპუბლიკური პარტიის პოპულარობის ზრდას უწყობდა ხელს, რადგან მასზე იმავე პატრიოტულ რიტორიკას და სიმბოლიკას იყენებდნენ, რომელსაც ტრადიციულად, სწორედ რესპუბლიკელები მიმართავენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც ტრამპია. თუმცა აღსანიშნავია, რომ არც ერაყში რეჟიმის დამარცხებას და არც ამ ფაქტისადმი მიძღვნილ პომპეზურ ღონისძიებებს უფროსი ბუშისთვის 1992 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება არ მოუტანია.

ტრამპი აშშ-ის ყველაზე აგრესიული პრეზიდენტია?

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი მილიტარისტულ რიტორიკას ხშირად მიმართავს, ის ისეთივე მშვიდობისმოყვარე პრეზიდენტად რჩება, როგორიც იყო მისი წინამორბედი ბარაკ ობამა, რომელსაც ის რეგულარულად აკრიტიკებს სისუსტისთვის. არცერთ მათგანს მმართველობის პირველ წლებში მასშტაბური სამხედრო ოპერაციები არ ჩაუტარებია. ისინი შემოიფარგლნენ საჰაერო იერიშების მიტანით აშშ-ის მოწინააღმდეგეებზე - ლიბიასა და სირიაში. 2017 წლის სექტემბერში ტრამპი ჩრდილოეთ კორეას განადგურებით ემუქრებოდა, ახლა კი რეგულარულად ხვდება მის ლიდერ კიმ ჩენ ინს და მას „განსაკუთრებულ ადამიანს“ უწოდებს. ახლახან, აშშ-ირანს შორის ომის სერიოზული საფრთხე შეიქმნა, მაგრამ ბოლო მომენტში ტრამპმა ირანულ ობიექტებზე თავდასხმა გადაიფიქრა.

ტრამპის და ობამას რამდენიმე წინამორბედმა ომი პრეზიდენტობის პირველივე წლებში გააჩაღა. 2000 წლის ბოლოს არჩეული უმცროსი ჯორჯ ბუშის ბრძანებით, ამერიკული ჯარი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ავღანეთში შეიჭრა. 1993 წელს პრეზიდენტად არჩეულმა ბილ კლინტონმა მმართველობის მეორე წელს ჰაიტიზე დიქტატორული რეჟიმის დამხობის ბრძანება გასცა. უფროსი ჯორჯ ბუში ებრძოდა ერაყს, რონალდ რეიგანი კი არჩევიდან მალევე, გრენდაზე ამერიკელების ინტერვენციას დათანხმდა.

სხვა თემები