ვინ არიან სპარსეთის ყურის კონფლიქტის მონაწილეები და რა ინტერესები აქვთ მათ?

სოჰარი, ომანის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი
ფოტო: shutterstock.com
ამერიკის შეერთებულ შტატებს და ირანს შორის მორიგი დაპირისპირება ომანის ყურეში ნავთობმზიდთან დაკავშირებულ ინციდენტს მოჰყვა. დაახლოებით ერთი კვირის წინ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის საერთაშორისო წყლებში ორ ტანკერს თავს დაესხნენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეს ქმედება „მთელ მსოფლიოში მშვიდობის აშკარა საფრთხედ“ შეაფასა. მაიკ პომპეომ საჯაროდ თქვა, რომ დამნაშავედ ირანს მიიჩნევს. დაპირისპირებას ვაშინგტონის მხრიდან თეირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი ტალღა მოჰყვა. რა მოხდა რეალურად და რა ინტერესები აქვთ კონფლიქტში მონაწილე სახელმწიფოებს?
ირანი და ამერიკის შეერთებული შტატები
ირანი ამ დროისთვის ერთდოულად რამდენიმე კონფლიქტშია ჩართული, მათ შორის აშშ-თან. აპრილში ვასინგტონმა სპარსეთის ყურეში გაგზავნა ავიამზიდი USS Abraham Lincoln-ი. ზოგიერთები იმასაც ამბობდნენ, რომ ეს ოპერაცია დიდი ხნის წინ იგეგმებოდა და თეთრმა სახლმა კარგად შემუშავებული სტრატეგია, როგორც წესი, პოლიტიკური ჟესტებისთვის გამოიყენა. მაიკ პომპეომ ეს ნაბიჯი „ირანის აქტიურობის ესკალაციად“ შეაფასა.
თავის მხრივ, თეირანი ამ მოქმედებებში საფრთხეს გრძნობს. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ აშშ-მა რეგიონში დამატებით კიდევ ერთი ხომალდი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „Patriot”-ი გაგზავნა. მას შემდეგ, რაც აშშ-მა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება ირანთან ცალმხრივად დატოვა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციებიც აამოქმედა.
ირანი და საუდის არაბეთი
ირანს უკვე დიდი ხანია საუდის არაბეთთანაც კონფლიქტი აქვს. ორივე ქვეყანას რეგიონში ლიდერობა სურს. მათ განსხვავებული ინტერესები აქვთ სირიაში. თეირანი ასადის რეჟიმს უჭერს მხარს, ერ-რიადი კი ოპოზიციურ ძალებს ემხრობა. ანალოგიური სიტუაციაა იემენში, სადაც ირანი ამბოხებულ ხუსიტებს უჭერს მხარს, საუდის არაბეთი კი - რეგულარულ არმიას. ირანი და საუდის არაბეთი ისრაელთან მიმართებითაც განსხვავებულ პოლიტიკას ატარებენ.
ახლო აღმოსავლეთის ექსპერტთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ ომანის ყურეში ტანკერებზე თავდასხმების უკან ირანი დგას, რომელიც ამით აშშ-ს აჩვენებს, რომ მას სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში ნავთობით ვაჭრობისთვის ხელის შეშლა შეუძლია.
თუ ირანი ნამდვილად არის პასუხისმგებელი ამ თავდასხმებზე, მაშინ მისი გზავნილი აშკარაა: მსგავსი თავდასხმები ნავთობის გლობალურ ინდუსტრიაზე ძალიან იმოქმედებს. თუმცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის განცხადებით, მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა. ექსპერტთა მეორე ნაწილი თვლის, რომ ირანი არ არის დაინტერესებული აშშ-თან შეიარაღებულ კონფლიქტში, რადგან საომარი მდგომარეობით ის ბევრად სუსტია.
ამერიკის შეერთებული შტატები
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ ატომურმა შეთანხმებამ ირანთან სასურველი შედეგი გამოიღო. 2018 წლის მაისში მან ამ დოკუმენტს „კატასტროფული“ უწოდა. ტრამპმა ირანის ხელისუფლებას შეთანხმების დარღვევაში არაერთხელ დასდო ბრალი. აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, ბირთვული იარაღის მიღების შემთხვევაში, ირანი რეგიონში უფრო აგრესიულად იმოქმედებს. ამავე მოსაზრებას იზიარებენ რეგიონში აშშ-ის მოკავშირეები - საუდის არაბეთი და ისრაელი. მათ ვაშინგტონთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვთ. თავის მხრივ, აშშ ნავთობის უსაფრთხო ტრანსპორტირებით არის დაინტერესებული.
ომანის ყურე ერთგვარი ნემსის ყუნწია. სწორედ ამ გზას გადის ყველა გემი, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე ნავთობით იტვირთება. აშშ-ს სწორედ ამ მარშრუტის უსაფრთხოების დაცვა სურს. თუმცა ამავდროულად ომანის ყურეში სიტუაციის ესკალაცია არც ტრამპს აწყობს. ეს იაპონიის პრემიერმინისტრმა სინძო აბემ თეირანში ოფიციალური ვიზიტის დროს დაადასტურა.
საუდის არაბეთი
საუდის არაბეთი ირანის ექსპანსიის საფრთხით ძალიან შეწუხებულია. ამ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის მიზეზი მხოლოდ კონფესიებს შორის უთანხმოება არ არის. საქმე ეხება ახლო და შუა აღმოსავლეთში ლიდერობას. ერ-რიადში აკვირდებიან, თუ როგორ აფართოებს ირანი თავის სამხედრო გავლენას სირიასა და იემენში, ერაყში კი საამისოდ დიპლომატიურ მეთოდებს იყენებს.
თეირანის გავლენის ზრდის შესაჩერებლად საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ მუჰამედ ბინ სალმანმა ოთხი წლის წინ საერთაშორისო კოალიცია შექმნა. ეს გაერთიანება იემენში ებრძვის ამბოხებულ ხუსიტებს, რომლებიც ირანის მხარდაჭერით სარგებლობენ. თუმცა მას შემდეგ, რაც სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტი ჯამალ ჰაშაღი მოკლეს, ერ-რიადის ისედაც არასახარბიელო რეპუტაცია კიდევ უფრო შეილახა. სწორედ ამიტომ საუდის არაბეთი დაინტერესებულია, რომ რეგიონში კონფლიქტი არ გამწვავდეს.
ისრაელი
ისრაელს უკვე წლებია ირანთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. თეირანმა სირიაში არსებული საომარი მდგომარეობა გამოიყენა იმისათვის, რომ იქ კარგად დამკვიდრებულიყო. ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანის რადიკალური მოძრაობა „ჰეზბოლას“ წევრებმა ისრაელის მიერ ოკუპირებულ გოლანის მაღლობამდე უკვე მიაღწიეს. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეომრები ისარელის საზღვრიდან დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით დგანან.
თავის მხრივ, ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში არსებულ ირანის სამიზნეებზე იერიში არაერთხელ მიიტანეს. ისრაელის მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა აიელეტ შაკედმა 2018 წლის აპრილში Frankfurter Allgemeine Zeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანმა სირიაში ისრაელის საწინააღმდეგო ახალი ფრონტი გახსნა და ამით შექმნა ერთგვარი პლატცდარმი ისრაელის დასაპყრობად. თუმცა იქვე დასძინა, რომ სირიაში ირანის მიერ კონტროლის დამყარების მცდელობის ყურებას ისრაელი გულხელდაკრეფილი სულაც არ აპირებს.
დღესდღეობით საუდის არაბეთი და ისრაელი ერთობლივად მოქმედებენ თეირანის წინააღმდეგ. თელ-ავივი მიესალმა ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლას, რაც მას დიდი ხანი აწუხებდა. თუმცა ისრაელში შიშობენ, რომ ატომური პროგრამის დამუშავებას ირანი საიდუმლოდ გააგრძელებს.
რა იწინასწარმეტყველა აიათოლა ხამენეიმ?
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ მაისში თავის ვებგვერდზე გამოქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა ისრაელის დაცემას მოესწრება. ასეთი მუქარის პირობებში ისრაელი იმედოვნებს, რომ აშშ ირანზე სამხედრო ზეწოლას გააძლიერებს.
ამავდროულად, ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანთან კონფლიქტის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს. ისრაელის ნაციონალური სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტთა შეფასებით, ნეთანიაჰუ ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. მას სურს წარმოაჩინოს საკუთარი თავი ერთადერთ პოლიტიკოსად, რომელსაც ირანისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.
არსებობს თუ არა შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხე?
ევროპელი ექსპერტების შეფასებით, აშშ-სა და ირანს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების საფრთხე არც ისე დიდია. ამით არცერთი მხარე დაინტერესებული არ არის, თუმცა კონფლიქტის შემთხვევითი ესკალაცია გამორიცხული არ არის.