დონალდ ტრამპის იმპიჩმენტზე საჯარო მოსმენები დაიწყო. რა ჩვენებები მისცეს მოწმეებმა?

აშშ-ის კონგრესი, ვაშინგტონი
ფოტო: Shutterstock.com
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ ღია მოსმენები დაიწყო. პროცედურა ჯერ კიდევ 24 სექტემბერს ამოქმედდა. მანამდე, ერთი თვის განმავლობაში მოწმეებს დახურულ რეჟიმში კითხავდნენ. ფორმატის შეცვლა გამოიწვია დემოკრატების სურვილმა, რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიეპყროთ იმპიჩმენტის პროცედურისადმი, რომლის მხარდაჭერაც საზოგადოებაში დასტაბილურდა და არ იზრდება. მანამდე მიღებული თითქმის ყველა ჩვენების სტენოგრამა პრესაში გამოქვეყნდა.
ყველაფერი დაიწყო ტრამპის ერთი სატელეფონო საუბრით ზელენსკისთან
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ ამოქმედდა, რაც პრესაში მოხვდა ინფორმაცია თეთრი სახლის უცნობი თანამშრომლის საჩივრის შესახებ, რომელიც დონალდ ტრამპის და უკრაინის ახალი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პირველ პირად სატელეფეონო საუბარს (2019 წლის 25 ივლისს) შეეხებოდა. მალევე გაირკვა, რომ ამ საუბრის დროს ტრამპი დაჟინებით მოითხოვდა ზელენსკისაგან გამოძიების განახლებას ნავთობისა და გაზის კომპანია Burisma-ს წინააღმდეგ, რომელშიც დემოკრატი პოლიტიკოსის და ბარაკ ობამას ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილი მუშაობდა. ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის შესაძლო ოპონენტია.
რუსეთთან გარიგებასა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლასთან დაკავშირებული ბრალდებები, რომლებიც ტრამპს მანამდე წაუყენეს, თითქოს გაცილებით სერიოზული იყო, მაგრამ იმპიჩმენტის პროცედურა დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობამ მხოლოდ ზელენსკისთან საუბრის გამო წამოიწყო. გამოცემა Vox-ი ამის მიზეზად მიიჩნევს იმას, რომ ამ შემთხვევაში ბრალის დამტკიცების ტვირთი გამოძიებას არ აქვს - ყველაფერი სახეზეა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის სტენოგრამა გამოაქვეყნა, როგორც ჩანს იმ მიზნით, რომ სურდა ოპონენტებზე მტკიცედ ემოქმედა.
აღმოჩნდა, რომ საუბარში ბაიდენის გვარი შვიდჯერ არ ისმის, როგორც ამას ამერიკული მედია წერდა, მაგრამ პრეზიდენტი მაინც არ მალავს, რომ ძალიან ელოდება გამოძიებას ყოფილი ვიცეპრეზიდენტის წინააღმდეგ.
ამავე საუბრიდან გაირკვა, რომ ტრამპის მხრიდან გამოძიების კოორდინაცია მის პირად ადვოკატ რუდოლფ ჯულიანის სურდა, ოდნავ მოგვიანებით კი ტრამპის პირადმა წარმომადგენლებმა მოუწყვეს შეხვედრები ჯულიანის ზელენსკის გუნდის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.
წარმომადგენლობით პალატაში მოსმენები 11 ოქტომბერს დაიწყო და პირველი თვე დახურულ კარს მიღმა წარიმართა. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველა ჩვენება გასაჯაროვდა და საზოგადოებამ მათ შესახებ შეიტყო. თეთრმა სახლმა დემოკრატების მიერ კონტროლირებად პალატასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, თუმცა დეპუტატებს ჩვენება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბევრმა ყოფილმა და მოქმედმა თანამშრომელმა მისცა.
ამერიკელი დიპლომატების თქმით, ტრამპის მრჩევლები არაფორმალურად ერეოდნენ უკრაინის საქმეებში
სახელმწიფო დეპარტამენტის ბევრი თანამშრომლის ჩვენებები ადასტურებს იმას, რომ 2019 წლის გაზაფხულიდან ჯულიანი უკრაინის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ამჟღავნებდა. აშშ-ის ელჩმა ბილ ტეილორმა განაცხადა, რომ 2019 წლის ივნისში უკრაინაში ჩასულმა აღმოაჩინა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დიდწილად მოშლილი იყო იმის გამო, რომ მასში რეგულარულად ერეოდნენ ტრამპის არაფორმალური წარმომადგენლები, რომლებსაც ერთი რამ აინტერესებდათ - გამოძიება ბაიდენის ოჯახის წინააღმდეგ.
ტეილორის წინამორბედმა, ელჩმა მარია იოვანოვიჩმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ტრამპმა ის მოხსნა თანამდებობიდან ჯულიანის „უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებების“ საფუძველზე. პრეზიდენტის ადვოკატი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ის არ აძლევდა მათ დიპლომატიური რესურსის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას. იოვანოვიჩის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ფაქტი ფიონა ჰილმაც დაადასტურა, რომელიც თეთრ სახლში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში წამყვანი ექსპერტია. ის ადასტურებს, რომ მას თავად ემუქრებოდნენ, მათ შორის მოკვლითაც.
რამდენიმე დიპლომატის თქმით, ბაიდენების ოჯახის წინააღმდეგ გამოძიებას ჯულიანის გარდა, აქტიურად ლობირებდნენ აშშ-ის წარმომადგენელი ევროკავშირში გორდონ სონდლანდი, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი რიკ პერი და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი. როგორც ჩანს, ყველაზე დრამატული იყო 10 ივლისს თეთრ სახლში შეხვედრა, სადაც ტრამპის პირადი წარმომადგენლები დაჟინებით სთხოვდნენ ზელენსკის წარმომადგენლებს გამოძიების ჩატარებას. არსებული ინფორმაციით, მაშინ უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა მკვეთრად აღკვეთა ეს საუბარი. ჰილის თქმით, ბოლტონი, რომელმაც თანამდებობა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა, ჯულიანის უწოდებდა „ხელის ყუმბარას, რომელიც ყველას ერთად აგვაფეთქებს“. თავად ბოლტონმა კონგრესისთვის ჩვენების მიცემაზე უარი თქვა მანამ, სანამ მას ამის გაკეთებას სასამართლო წესით არ მოსთხოვენ.
არსებობს მტკიცებულებები, რომ ტრამპი უკრაინის დახმარებას ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიებაში ცვლიდა
აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, სთავაზობდა თუ არა ტრამპი ზელენსკის უკრაინის დახმარებას ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების სანაცვლოდ. თუ კი, მაშინ, ტრამპის მოწინააღმდეგეების აზრით, ეს ცხადი დადასტურებაა იმის, რომ იგი პრეზიდენტის საგარეოპოლიტიკურ პრეროგატივებს პირადი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებდა. და ზოგიერთი ჩვენება ამას ადასტურებს.
როგორც ელჩი ტეილორი ამტკიცებს, 18 ივნისის მდგომარეობით (ტრამპის ზელენსკისთან საუბრამდე ერთი კვირით ადრე) უკრაინისთვის 391 მილიონი დოლარის ამერიკული დახმარება გაყინეს. ტეილორმა კონგრესს უამბო, თუ როგორ გადასცა სონდლანდმა მას სატელეფონო საუბარში ტრამპის სიტყვები იმის შესახებ, რომ ზელენსკიმ სასურველია საჯაროდ განაცხადოს კომპანია Burisma-ს წინააღმდეგ, ასევე 2016 წლის ამერიკულ არჩევნებში შესაძლო უკრაინულ ჩარევაზე გამოძიების განახლების შესახებ. ელჩის თქმით, სონდლანდმა აგრძნობინა მას, რომ ყველაფერი, მათ შორის სამხედრო დახმარებაც, ამ განცხადებაზეა დამოკიდებული. კურტ ვოლკერის მიმოწერიდან კი ირკვევა, რომ ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში მხოლოდ ამ გამოძიების დაწყების შემთხვევაში შედგებოდა.
გორდონ სონდლანდი თავიდანვე უარყოფდა იმას, რომ ტრამპი ზელენსკის დახმარებას, რაიმეს სანაცვლოდ სთავაზობდა. მოგვიანებით მან ჩვენება შეცვალა და აღიარა, რომ მსგავსი რამ მართლაც მოხდა.
ტრამპის შვილმა დაასახელა ადამიანი, რომლის საჩივარსაც იმპიჩმენტის დაწყება მოჰყვა
დღემდე დანამდვილებით უცნობია, თუ კონკრეტულად ვინ დაწერა საჩივარი ტრამპის და ზელენსკის 25 ივლისის საუბრის შემდეგ - საჩივარი, რომელსაც შედეგად იმპიჩმენტის პროცედურის ამოქმედება მოჰყვა. თუმცა, პრეზიდენტის შვილმა, უმცროსმა დონალდ ტრამპმა 6 ნოემბერს ტვიტერზე გააზიარა ულტრამემარჯვენე გამოცემა Breitbart-ის სტატია, რომელშიც ინფორმატორად დასახელებულია CIA-ს თანამშრომელი ერიკ სიარამელა, რომელიც დღესაც თეთრ სახლში მუშაობს. ტრამპის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ის დემოკრატების დიდი ხნის მხარდამჭერია და შესაბამისად, ის ხელმძღვანელობდა არა ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებიდან, არამედ პირადი პოლიტიკური სიმპათიებიდან გამომდინარე.
სიამელას შესახებ ადრეც ითქვა, ამასთან, Facebook-მა და YouTube-მა გადაწყვიტეს დაებლოკათ მისი ხსენების შესაძლებლობა: ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პირადი ინფორმაციის გამოქვეყნება მას და მის ოჯახს საფრთხეს უქმნის. Twitter-მა ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. ადვოკატებმა უარი თქვეს დაედასტურებინათ ან უარეყოთ ის, არის თუ არა სიარამელა ინფორმატორი.
ოქტომბრის დასაწყისში ადვოკატმა მარკ ზაიდმა ABC News-ს უამბო, რომ ამ საქმეში კიდევ ერთი ინფორმატორის ინტერესების დამცველია. ეს ადამიანიც დაზვერვის თანამშრომელია, რომელსაც თითქოს ინფორმაცია ტრამპის ბრალდებებთან დაკავშირებით უშაუალო მოწმეებისგან აქვს.
რესპუბლიკელები ჯერჯერობით პრეზიდენტს ემხრობიან. მათ გარეშე ტრამპს ვერ გადააყენებენ
ტრამპის იმპიჩმენტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამ გადაწყვეტილებას აშშ-ის სენატის შემადგენლობის 2/3 დაუჭერს მხარს. წარმომადგენელთა პალატისაგან განსხვავებით, სენატში უმრავლესობა რეპუბლიკურ პარტიას აქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმპიჩმენტის პროცედურის წარმატებით დასრულებისათვის დემოკრატებს რესპუბლიკელების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა სჭირდებათ. ჯერჯერობით ეს რეალისტურ პერსპექტივას არ ჰგავს. პროცედურის დასასწყისში რამდენიმე რესპუბლიკელმა (მათი უმრავლესობა ტრამპის შიდაპარტიული ოპონენტები არიან) იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. მაგრამ ბოლო დროის განმავლობაში პრეზიდენტის გადადგომის მომხრეთა რაოდენობა რესპუბლიკურ წრეებში არ გაზრდილა.
გამოკითხვების თანახმად, ტრამპის იმპიჩმენტს ამერიკელების 50%-ზე ნაკლები უჭერს მხარს. დემოკრატებს იმედი აქვთ, რომ საჯარო მოსმენები მოქალაქეების ყუდადღებას მიიპყრობს და პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების მომხრეთა რიცხვი გაიზრდება.