12 იანვარი 2020 - 17:30

ჰარის და მეგანის უარი სამეფო პრივილეგიებზე. ვინ ვისზეა გაბრაზებული ბრიტანეთის სამეფო ოჯახში?

მეგან მარკლი

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

ფოტო: Shutterstock.com

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის შვილიშვილმა, პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, მეგან მარკლმა სამეფო ოჯახის წევრობასა და მასთან დაკავშირებულ პრივილეგიებზე უარი თქვეს. მათ სურთ, ორ კონტინენტზე (დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში) იცხოვრონ და ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვონ. ბრიტანეთის დედოფლის ხარჯები საბიუჯეტო სახსრებიდან, ასევე თავად მონარქის სხვა აქტივებიდან იფარება. ჰარის მამის, უელსის პრინცისა და მისი ოჯახის ხარჯებს ბიუჯეტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ფარავს, თუ საქმე ეხება სახელმწიფო ვალდებულებების შესრულებას. პირადი საჭიროებისთვის ისინი იყენებენ კორნუოლის საჰერცოგოდან მიღებულ შემოსავლებს, რომელშიც თითქმის 55 ათასი ჰექტარი მიწა შედის.

რით ახსნეს სასექსის ჰერცოგმა და მისმა მეუღლემ თავიანთი გადაწყვეტილება?

„ეს გეოგრაფიული ბალანსი საშუალებას მოგვცემს, ჩვენი შვილი სამეფო ტრადიციისადმი პატივისცემით აღვზარდოთ. ეს ჩვენს ოჯახს შეაძლებინებს, რომ მომდევნო ეტაპზე გადავიდეთ, რაც ახალი საქველმოქმედო ორგანიზაციის დაარსებასაც გულისხმობს,“ - წერენ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ინსტაგრამზე. კონკრეტულად სად გადავა წყვილი საცხოვრებლად და რა სახის ორგანიზაციას დაარსებს, ჯერჯერობით უცნობია. გამოითქვა ვარაუდი, რომ საუბარია კანადაში ცხოვრებასა და ქალთა შესაძლებლობების გაფართოებისადმი მიძღვნილი საზოგადოების შექმნაზე. 

ჰარიმ და მეგანმა თქვეს, რომ ისინი მონარქიის „ინსტიტუტის შიგნით ახალი პროგრესული როლის“ მორგებას აპირებენ. გარდა ამისა, ცოლ-ქმარმა აღნიშნა, რომ განაგრძობენ ელისაბედ მეორის „სრულ მხარდაჭერას“ და თავიანთი ვალდებულებების შესრულებას დედოფლის, ქვეყნისა და იმ ორგანიზაციების წინაშე, რომლებსაც თავად პატრონობენ. 

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ასევე განაცხადეს, რომ მასმედიისადმი მათი დამოკიდებულება იცვლება. 2020 წლის გაზაფხულიდან ისინი „სამეფო ჟურნალისტებთან“ აღარ ითანამშრომლებენ, რომლებსაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციაზე წვდომის ექსკლუზიური უფლება აქვთ. მაგალითად, ამ კატეგორიის მასმედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ მაღალი რანგის ღონისძიებებს დაესწრონ და სამეფო ოჯახის წევრთა ფოტოები პირველებმა გამოაქვეყნონ. ამ ჯგუფში შედის 7 ბრიტანული მედიასაშუალება (The Daily Express-ი, The Daily Mail-ი, The Daily Mirror-ი, The Evening Standard-ი, The Telegraph-ი, The Times-ი, The Sun-ი) და მათგან ოთხი ტაბლოიდია.

რატომ ერჩის პრინცი ჰარი ტაბლოიდებს?

ჰარის და მეგანს მიაჩნიათ, რომ ეს გამოცემები ხშირად ამახინჯებენ სიმართლეს, ამიტომ სხვა ჟურნალისტებთან უფრო ხშირი ურთოერთობა სურთ. წყვილი მათი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას თავიანთი ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გეგმავს.

მსახიობმა მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ (ის დიდი ბრიტანეთის ტახტის რიგში მეექვსე ადგილს იკავებს) ერთმანეთი 2016 წელს გაიცნეს. ჯერ კიდევ ნოემბერში დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა ჟურნალისტები თავის შეყვარებულზე თავდასხმაში დაადანაშაულა. ის მასმედიიის წარმომადგენელთა მხრიდან მეგანის ნათესავებისა და ნაცნობების მიმართ თვალთვალზეც საუბრობდა. 

2017 წლის ნოემბერში მეგანმა და ჰარიმ თავიანთი ნიშნობის შესახებ განაცხადეს. იქამდე ცოტა ხნით ადრე კი მეგანმა ჟურნალ Vanity Fair-ის გარეკანისთვის იპოზიორა. გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღიარა, რომ პრესის ყურადღების გამო ჰარისთან ურთიერთობა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. 

2018 წლის მაისში წყვილი დაქორწინდა, რის შემდეგაც მათ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტული მიიღეს. ოქტომბერში მეგანმა და ჰარიმ თქვეს, რომ პირველ შვილს ელოდნენ. ფეხმძიმობის დროს ბრიტანულმა ტაბლოიდებმა სასექსის ჰერცოგინიასადმი კრიტიკის მორიგი ტალღა ააგორეს. ისინი წერდნენ, რომ მეგანი თავის მუცელზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა. 2019 წლის მაისში დაიბადა წყვილის პირველი შვილი არჩი. მალევე განცხადება გავრცელდა, რომ ბიჭი პრინცის ტიტულის მატარებელი არ იქნებოდა. 

2019 წელს სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ დატოვეს კენსინგტონის სასახლე, რომელსაც პრინც უილიამსა და მის მეუღლე ქეით მიდლტონთან ერთად იზიარებდნენ. ამან ძმებს შორის დაპირისპირების შესახებ მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ეს ჭორი კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც ჰარიმ და მეგანმა დატოვეს საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონთან ერთად მართავდნენ და საკუთარი დააარსეს. 

ჰარისა და მეგანის გადასვლის შემდეგ პრესა წერდა, რომ წყვილმა თავისი ახალი რეზიდენციის გასარემონტებლად, ბიუჯეტიდან  2,4 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა. მოგვიანებით კი, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ჟურნალისტებმა ფარისევლობაში დაადანაშაულეს. პრესა წერდა, რომ წყვილს ბუნებრივი რესურსების დამცველის იმიჯი აქვს მორგებული მაშინ, როდესაც სამგზავროდ კერძო თვითვმფრინავი გამოიყენა.  

2019 წლის შემოდგომაზე ჰარიმ და მეგანმა ბრიტანულ ტაბლოიდებს - The Sun-ს, Daily Mirror-სა და Mail on Sunday-ს უჩივლეს. წყვილი ყვითელ გამოცემებს მათ პირად ცხოვრებაში ჩარევასა და ცილისწამების ტირაჟირებაში ადანაშაულებდა. სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ  ბრიტანული ტელეარხის - ITV-ის დოკუმენტურ ფილმში მიიღეს მონაწილეობა. აქ ჰარიმ უფროს ძმასთან უთანხმოება დაადასტურა და პრესის ზეწოლისგან ცოლის დაცვის მცდელობებზეც ილაპარაკა. 

2019 წლის ნოემბერში კი ჰარიმ და მეგანმა განაცხადეს, რომ საშობაო არდადეგებს სამეფო ოჯახისგან განცალკევებით გაატარებდნენ. ისინი 6 კვირით კანადის კუნძულ ვანკუვერზე გაემგზავრნენ.

რას ფიქრობს წყვილის გადაწყვეტილებაზე სამეფო ოჯახი? 

ბრიტანელი მონარქების ოფიციალურმა რეზიდენციამ, ბუკინგემის სასახლემ ჰარისა და მეგანის განცხადებას ლაკონიური პასუხი გასცა. „სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიასთან მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა. ჩვენ გვესმის მათი სურვილი, რომ განსხვავებული მიდგომა იქნეს შემუშავებული, მაგრამ აქ არის რთული საკითხები, რომელთა გადაწყვეტასაც დრო sჭირდება“, - ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში, რომელიც BBC-მ გაავრცელა. 

დასავლური  მასობრივი საინფორმაციო საშუალებები წყაროს დასახელების გარეშე აცხადებენ, რომ სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას თავიანთი გადაწყვეტილება სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან არ განუხილავთ, მათ შორის - არც დედოფალთან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამეფო ოჯახი წყვილის გადაწყვეტილებით „იმედგაცრუებული“ და „გულნატკენია“.

ექსპერტები რას ამბობენ? 

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მის წევრებს ადრეც დაუტოვებიათ. მაგალითად, 1936 წელს მეფე ედუარდ მერვემ ტახტზე უარი თქვა, რათა ორჯერ განქორწინებულ ამერიკელ უოლის სიმფსონზე დაქორწინებულიყო. 1996 წელს კი პრინც ჰარის დედამ, პრინცესა დიანამ სამეფო ტიტული მას შემდეგ დაკარგა, რაც პრინც ჩარლზს გაშორდა. თუმცა როგორც The New York Times-ი იუწყება, ჰარისა და მეგანის სიტუაცია უპრეცედენტოა. აქამდე ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრებიდან ასეთი სურვილი არავის გამოუთქვამს ისე, რომ, ფაქტობრივად, მის ნაწილად დარჩენილიყო და დიდი ბრიტანეთიდან შორს დიდხანს ეცხოვრა.

BBC-ს სამეფო კორესპონდენტმა ჯონი დაიმონდმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ჰარისა და მეგანის საქციელი სამეფო ოჯახში განხეთქილების არსებობაზე მიუთითებს. მან ასევე დასვა კითხვა, თუ რით აპირებენ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია თავის რჩენას. „სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრებს დასაქმებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ისინი საკუთარ ბრენდს შექმნიან და ამან შეიძლება ინტერესთა კონფლიქტი წარმოქმნას“, - განაცხადა დაიმონდმა.  

ბუკინგემის სასახლის ყოფილმა პრესსპიკერმა დიკი არბიტერმა დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ ჰარისა და მეგანის დაცვის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას დაცვა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ იქვე სვამს კითხვას, თუ ვინ გადაიხდის ამ მომსახურების საფასურს? დიკი არბიტერი ასევე დასძენს, რომ ჰარისა და მეგანის ხშირმა მოგზაურობამ ჩრდილოეთ ამერიკასა და დიდ ბრიტანეთს შორის, შესაძლოა, გარემოსთვის მიყენებული ზარალის გამო კრიტიკა გამოიწვიოს. 

მწერალმა და ისტორიკოსმა ქეით უილიამსმა ბრიტანელ მონარქებზე რამდენიმე წიგნი გამოსცა. მას მიაჩნია, რომ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია სამეფო ოჯახიდან წასვლისა და სხვა კონტინენტზე გადასახლების შემდეგაც კი  ვერ შეძლებენ ჩვეულებრივი ადამიანებივით ცხოვრებას. წყვილი მთელ მსოფლიოშია ცნობილი და სამეფო ტიტულზე უარის თქმა მათდამი ყურადღებას კიდევ უფრო გაზრდის.

რას წერენ მეგანისა და ჰარის გადაწყვეტილებაზე ინტერნეტში? 

წყვილის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნეულმა ინფორმაციამ მილიონ-ნახევარი მოწონება დაიმსახურა. ამასთან, მეგანისა და ჰარის გადაწყვეტილებას კომენტარებში უფრო ხშირად აკრიტიკებდნენ, მათ დიდი ბრიტანეთისადმი ინფანტილურ და უპატივცემულო დამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ. ზოგიერთმა მომახმარებელმა წყვილს მოუწოდა, მათზე დახარჯული თანხა გადასახადების გადამხდელებს დაუბრუნონ. 

სოციალური ქსელის ბევრი მომხმარებელი მიიჩნევს, რომ სამეფო სტატუსზე უარის თქმის ინიციატორი მეგან მარკლი იყო. სასექსის ჰერცოგინიას თაყვანისმცემლები მის საქციელს იმით ხსნიან, რომ ის ბრიტანული ტაბლოიდების სამიზნე გახდა. კრიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ მეგანმა აიძულა პრინცი ჰარი, ოჯახს განდგომოდა. თუმცა ორივე კატეგორიის წარმომადგენლები უკვე აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებში ჰეშტეგს #Megxit („Brexit“-ის ანალოგი). ტაბლოიდურმა გამოცემამ The Sun-მა კი ის თავის გარეკანზე გამოიტანა.

მეგანისა და ჰარის განცხადება, რომ ისინი ფინანსურ დამოუკიდებლობას მოიპოვებენ, ხუმრობის საგანი გახდა. ზოგიერთმა მომხმარებელმა ივარაუდა, რომ მეგანი ითამაშებს სერიალ „გვირგვინში“, რომელიც ელისაბედ მეორეს ეძღვნება. სხვები კი ელოდებიან, რომ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია Youtube-ზე საკუთარ არხს შექმნიან. ამერიკულმა სატირულმა ტელეგადაცემაThe Daily Show-მ გამოაცხადა ვაკანსია, რომლის მოთხოვნაც არის სამეფო ოჯახის წევრობის, სულ ცოტა, ორწლიანი გამოცდილება.   

ყველაზე მშვიდობისმოყვარე მომხმარებლები კი წყენის დავიწყების მოუწოდენდნენ და კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეით მიდლტონს დაბადების დღეს ულოცავდნენ. 9 იანვარს ის 38 წლის გახდა.

სხვა თემები